მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა “გამოსავალი” არ არის…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.11.2012 ერთი კომენტარი | 5,123 ნახვა

ფსიქოლოგის როლი მოსწავლის აღმზრდელობით საქმიანობაში…

პირველი სკოლასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა 11 ნოემბერს საზოგადოებას მე-10-12 კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა გააცნო.

“სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მოსწავლის გარიცხვის სამართლებრივი ნორმა მათი სკოლიდან განთესვის, სეგრეგაციისა და მანიპულირების ინსტრუმენტია. ამიტომ მინისტრი საჯარო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ფსიქოლოგებსა თუ ექსპერტებს მოუწოდებს, ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ორი კვირის ვადაში საკუთარი ხედვა წარმოადგინონ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა მექანიზმები ამოქმედდეს იმისათვის, რომ მოსწავლის დისციპლინური პრობლემები სკოლაშივე მოგვარდეს და არ მოხდეს პრობლემისაგან გაქცევისა და მისი გადავადების ფაქტები.

ვინაიდან რიგ შემთხვევებში სკოლებში დისციპლინის პრობლემა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი ალტერნატივა ამ კუთხით შესაძლოა ფსიქოლოგიური სამსახურების ფორმირება გახდეს,” – აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ თუ ადრე მოსწავლეების გარიცხვის უფლება მხოლოდ მეცხრე კლასიდან ჰქონდათ, ჩვენ გვინდა, ეს რეგულირება მეთორმეტე კლასამდე გავზარდოთ. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლასა და ყოფაქცევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ, სპეციალურად შერჩეული ფსიქოლოგები დაეხმარებიან, რომლებიც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას გააადვილებენ.
მინისტრის თქმით, ეს ინიციატივაა და მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მშობლები, პედაგოგები და ექსპერტები იმსჯელებენ ამ საკითხის ირგვლივ და საკუთარ მოსაზრებებს გაგვაცნობენ.

“ამბიონი” შეეცადა გაერკვია, თუ რას ფიქრობენ ზოგადად ამ თემაზე განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანები, მშობლები და ფსიქოლოგები.

შორენა ბუნტური (173-ე საჯარო სკოლის დირექტორი): “ვემხრობი მინისტრის ინიციატივას. მე, პირადად, არც ერთი მოსწავლე არ გამირიცხავს სკოლიდან, რადგან ეს არ არის მოსწავლეებთან ურთიერთობის სწორი ფორმა. მაგრამ როდესაც მოსწავლეს არ უნდა სწავლა, აქვს დაბალი დონის დისციპლინა, ან უშლის ხელს სასწავლო პროცესს და ტყუილად კარგავს დროს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ მშობელს, ბავშვი დააკავოს იმ საქმით, რაც აინტერესებს, ან გააგრძელებინოს სწავლა პროფესიულ სასწავლებელში, დააკავოს სპორტით, ხელოვნებით და ა.შ. მაგრამ აქ არანაირ გარიცხვასა და ზეწოლას ადგილი არ აქვს, ჩვენ მხოლოდ ვესაუბრებით პედაგოგებთან ერთად, ვაძლევთ რჩევას მშობელსა და ბავშვს და თუ გაითვალისწინებს ამ რჩევას, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
თუმცა არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ბავშვი უმართავია, არ ემორჩილება სკოლის შიდა განაწესს და კრიმინალამდეც კი მიდის საქმე, ალბათ, მეტყვით, რომ ამისთვის არსებობს “პოლიცია” და კი, ბატონო, გეთანხმებით, გადავცეთ მას, მაგრამ სკოლა ამას მაქსიმალურად არიდებს თავს და ვცდილობთ, ბავშვთან საუბრით, მშობლებისა და პედაგოგების დახმარებით გამოვძებნოთ საერთო ენა და მოვაგვაროთ პრობლემები. ასეთ შემთხვევაშიც კი გარიხცვის მომხრე არ ვარ, იმიტომ, რომ მოსწავლე არ მინდა აღმოჩნდეს ქუჩაში. მშობლის განცხადების საფუძველზეც კი არ მქონია შემთხვევა, რომ სანამ მშობელს არ გავსაუბრებივარ: სად მიჰყავს ბავშვი, რა უნდა გააკეთოს, რითი უნდა დაკავდეს? – არ დამიკმაყოფილებია მისი მოთხოვნა”.

– მინისტრის ინიციატივაში ნახსენებია, რომ ბავშვის აღზრდაში მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგებიც. წინა წლებში სკოლებს ჰყავდა თავისი ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობდა ბავშვებთან, თუმცა ეს არც ისე ნაყოფიერი აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ: რა ტიპის ფსიქოლოგიური სამსახურები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ბავშვმა არ იგრძნოს გარიყულად თავი და მიიღოს რეალური კვალიფიციური დახმარება?

გეთანხმებით, იყო შტატები, მაგრამ რამდენად კარგი ფსიქოლოგი გახლდათ და როგორ მუშაობდა ბავშვთან, ამაზე გამიჭირდება საუბარი.
ჩვენ, მაგალითად, ძალიან გაგვიჭირდა მთელ თბილისში ისეთი ფსიქოლოგის პოვნა, რომელიც ამ კუთხით ეფექტურად იმუშავებდა ბავშვებთან.

თუმცა, რა თქმა უნდა, მისაღები და მნიშვნელოვანია ბავშვთან მშობლის, პედაგოგისა და ფსიქოლოგის კომბინირებული მუშაობა. ალბათ, აჯობებს, თუ ეს იქნება სკოლაშივე, რათა ბავშვს არ მოუწიოს სპეციალურად სადღაც სიარული და არ იგრძნოს თავი განსხვავებულად და გარიყულად. მაგრამ ფსიქოლოგი უნდა იყოს ძალიან კარგი სპეციალისტი და ჰქონდეს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, რათა უარესი შედეგი არ მივიღოთ.

ლია გორგაძე (ფიზიკის პედაგოგი): “ვეთანხმები მინისტრის მოსაზრებას, თუმცა ამ კანონმდებლობის პირობებშიც ჩვენ არასდროს გვიფიქრია მოსწავლის გარიცხვა. პირიქით, ვცდილობთ მშობლისა და პედაგოგების ჩართვით შემოვაბრუნოთ ბავშვი სკოლისკენ და ვაჩვენოთ სწორი გზა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობელს სურს, ბავშვს შეუცვალოს გარემო და გადაჰყავს სხვა სკოლაში, ან ცხრა კლასის შემდეგ გამოჰყავს სკოლიდან და სწავლას აგრძელებინებს პროფესიულ სასწავლებელში. ეს ხდება მხოლოდ მშობლისა და ბავშვის ნებასურვილით.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დახმარებას სკოლებში, ძალიან კარგია, მაგრამ ფსიქოლოგი უნდა იყოს კარგი პროფესიონალი, იცოდეს მოსწავლეებთან მიდგომა და ურთიერთობა”.

მაკა ლელაშვილი (მშობელი): “ორი შვილის დედა ვარ. ორივე საჯარო სკოლაში სწავლობს, ჩემს არც ერთ შვილს დისციპლინის კუთხით პრობლემა არ აქვს, თუმცა ხშირად გამიგია, როგორ დარდობენ მშობლები შვილების სიცელქის გამო. ერთ ჩემს მეზობელს ანალოგიური პრობლემა ჰქონდა და ძალიან უნდოდა, ბავშვი ფსიქოლოგთან მიეყვანა. თუმცა სიდუხჭირის გამო ამას ვერ ახერხებდა. თუ მართლაც შეიქმნება სკოლებში უფასო ფსიქოლოგიური მომსახურების სამსახური, რა თქმა უნდა, ყველა მშობელი მოხარული იქნება. გარდა ამისა, მარტო ცუდი ყოფაქცევა ხომ არ არის?! მოზარდის აღზრდა ძალიან სათუთი სფეროა, ხშირად ბავშვები გარდატეხის ასაკს რთულად გადიან. ზოგს ხასიათი მკვეთრად ეცვლება, ზოგი, განსაკუთრებით კი ბიჭები, ქუჩაში ხედავენ თავისუფლებას და მშობლებს უჭირთ მათი დამორჩილება. ამ შემთხვევაშიც ძალიან მისასალმებელია, თუ იქნება ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური დახმარება.
რაც შეეხება სკოლიდან გარიცხვას, ეს ძალიან არაჰუმანურია და მშობელმა, სკოლამ, პედაგოგებმა – ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ბავშვებმა მიიღონ სრულყოფილი საშუალო განათლება”.

“ამბიონი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგ თეა ჯაღიაშვილსაც გაესაუბრა.

-ქალბატონო თეა, რამდენად დადებითად აისახება საშუალო განათლების სისტემაზე განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა?

ეს ინიციატივა, ცხადია, მისასალმებელია, მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ფსიქოლოგები. ეს არის “გამოსავალი” სკოლისათვის, მოსწავლეები რომ თავიდან აირიდოს პრობლემა, რომელსაც მოსწავლე ქმნის სკოლაში, როდესაც ის არ სწავლობს, არღვევს დისციპლინას, არ ემორჩილება სკოლაში ქცევის დადგენილ ნორმებს; თუმცა ეს არაა გამოსავალი მოსწავლისათვის, რომელიც, სკოლიდან გარიცხვის შემდეგ, გაურკვეველია, სად წავა, მისთვის პრობლემა არ გვარდება, არამედ, უბრალოდ, მისამართს იცვლის.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მოსწავლეზე ცენტრირებულ სწავლებაზე, რომ ეს საჭირო და აუცილებელია, რომ თითოეული მოსწავლე ღირებული და მნიშვნელოვანია. ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, ყველაზე პრიორიტეტულად ითვლება სწავლა-აღზრდის პროცესში, მაგრამ, ამავდროულად, ისიც ხშირად მსმენია, რომ მოსწავლეს სკოლიდან რიცხავენ. ცხადია, ეს ორი რამ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

საკითხის დასმა მოსწავლის სკოლიდან წასვლის შესახებ შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ის რესურსი, რომელიც გამოიყენა სკოლამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად; ამ შემთხვევაშიც, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ საქმეს. ეს არ უნდა იყოს ერთი ან ორი ადამიანის გადასაწყვეტი. ამისათვის საჭიროა საკითხის საფუძვლიანად შესწავლა”.

– რა მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს იმისათვის, რომ მოსწავლის დისციპლინური პრობლემები სკოლაშივე მოგვარდეს?

მოსწავლეების პრობლემებს სკოლაში უამრავი ფაქტორი განაპირობებს. ცხადია, “ცუდად მოქცევა” უმიზეზოდ არ ხდება. მას თავისი საფუძველი გააჩნია; მიზეზებს შორის ხშირია პრობლემები ბავშვის ოჯახში, სოციალური, მატერიალური და ფსიქოლოგური ხასიათის პრობლემები, რომლებიც იწვევს ამა თუ იმ ქცევით დარღვევებს. სკოლას ყველა სახის პრობლების მოგვარება, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, მით უფრო, რომ საერთოდ გაუქმდა სკოლის ფსიქოლოგის სტატუსი და შესაბამისად, შეუძლებელია ამ სახის დახმარება გაუწიოს ვინმემ მოსწავლეს.

ბოლო წლებში ზოგიერთ სკოლაში ხორციელდება ინკლუზიური განათლების პროგრამა. ეს, თავისთავად, ჰუმანურია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს ეძლევათ თანატოლებთან ურთიერთობისა და საზოგადოებასთან უკეთ ინტეგრირების საშუალება; მაგრამ, მეორე მხრივ, რატომ არ შეიძლება ინკლუზიურ მოსწავლედ ჩაითვალოს ის მოსწავლეც, რომელიც მუდმივად არღვევს ქცევის წესებს, არ სწავლობს, აქვს ურთიერთობის პრობლემები? განა ასეთი მოსწავლე დახმარებას არ საჭიროებს? …

სკოლისათვის აუცილებელია ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ყოლა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საჯარო სკოლაში. ორი ფსიქოლოგი ვიყავით. მოსწავლეები და მშობლებიც კი ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან. ყველა პრობლემა, ცხადია, ვერ გვარდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა მოსწავლეების სასარგებლოდ და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. სკოლას ჰყავდა ექიმი-პედიატრიც, რომლის შტატი, სამწუხაროდ, დღესდღეობით გაუქმებულია.

მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა გამოსავალი არაა. ეს არ აუმჯობესებს მის მდგომარეობას. დისციპლინარული გადაცდომებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული სასჯელები, რაც სკოლის შიგნით იქნება შემუშავებული და რაზეც იმუშავებენ სკოლის პედაგოგები, ფსიქოლოგები, ადმინისტრაცია. სასჯელი არ უნდა შეიცავდეს მოსწავლისათვის შეურაცხმყოფელ ელემენტებს. ის მიმართული უნდა იყოს მოსწავლის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.

-სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა ფსიქოლოგთან სიარულს ერიდება გარკვეული მიზეზების გამო.
თქვენი აზრით, რა ფორმით უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩარევა მოსწავლის აღმზრდელობით საქმიანობაში?

მოსწავლის აღმზრდელობით საქმინობაში ფსიქოლოგის ჩარევა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის შესახებ მას მიმართავს მშობელი, პედაგოგი, ან თავად მოსწავლე. დღესდღეობით ამის საშუალება საჯარო სკოლებს არ აქვთ, რადგან ფსიქოლოგის შტატი, ფაქტობრივად, გაუქმებულია. მხოლოდ რამოდენიმე საჯარო სკოლას აქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ სკოლა ამ კადრით უზრუნველყოს. ფსიქოლოგის როლი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში. ის ეხმარება მოსწავლესა და პედაგოგებს, ერთად მოაგვარონ არსებული პრობლემები, ეხება ეს სწავლაში ჩამორჩენასა თუ დისციპლინის დარღვევას. ერთ დროს არსებობდა სკოლის ფსიქოლოგის ეთიკური კოდექსიც, რომელშიც მოცემული იყო, თუ რა საქმიანობას, როგორ და რა შემთხვევაში ეწევა სკოლაში ფსიქოლოგი. თუ ასეთი კადრი სკოლაში ისევ იარსებებს, საჭირო გახდება ამ საკითხის გადახედვაც, კოდექსის დახვეწა და გაუმჯობესება.

შეგახსენებთ, რომ მინისტრმა ეს ინიციატიცა 11 ნოემბერს გააცნო საზოგადოებას და მოუწოდა პედაგოგებს, მშობლებს, ექსპერტებს, იმსჯელონ ამ თემაზე და თავიანთი მოსაზრებები სკოლებმა ორი კვირის ვადაში წერილობითი ფორმით წარმოადგინონ განათლების სამინისტროში.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნინო says:

    შორენა ბუნტური რა ნამუსით იძახი რომ შენ არცერთი მოსწავლე არ გყავს გარიცხული სკოლიდან???? გაგახსენო მოსვლისთანავე ორი ბავშვი რომ გააგდე (ისტორიის მასწავლებლის ჩივილის გამო) კიდევ გაგახსენო შენი ცოდვები??? საერთოდ ხმას როგორ იგებ! ზიზგით დავამტავრე სკოლა შენი მოსვლის შემდეგ კიდევ კარგი მე-12 კლასში ვიყავი და მალე დავამთავრე თორემ ჩემი ხელით მიგახრჩობდი დიდხანს რომ მეყურები შენთვის.სწერვა უვიცი გაუნათლებელი ხარ მეტი არაფერიიიიი მიკვირს აქამდე როგორ არ მოგხნეს დაბადრაგალი დამანდატურალი ფუ ფუ ფუ ფუ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი