მთავარი » ქრისტიანობა

მორწმუნეთა სოციალური ურთიერთობები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.02.2013 2 კომენტარი | 3,598 ნახვა

როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს რელიგიურად და მსოფლმხედველობით განსხვავებულ ადამიანებთან? რა გვასწავლის წმიდა წერილი? “ამბიონს” წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:

“ეს თემა მეტად აქტუალურია და საკითხის არასწორი გააზრების გამო ურთიერთსაპირისპირო შედეგებს ვღებულობთ. დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი მორწმუნეთა ნაწილი საერთოდ ემიჯნება “გარე” სამყაროს, ნაწილი კი მეტისმეტი “ტოლერანტობით” ითქვიფება და თავის სახეს კარგავს. აქედან მისაღები ფორმა არცერთი არა არის.

როგორია ჯანსაღი პოზიცია, განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებასთან? ქრისტიანის აზროვნების ამოსავალი წმიდა წერილია. ვნახოთ მაცხოვრის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ქრისტეს მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში ასეთი სურათი გვხვდება. მას ურთიერთობა უწევს საზოგადოების სხვადასხვა სახის წარმომადგენლებთან: მეთევზენი, მიწადმოქმედნი, სამხედრო პირნი, ქანანელნი, სამარიტელნი, მეზვერენი, მწიგნობარნი, სჯულისმოძღვარნი, მღვდელმსახურნი, მდიდარნი და გლახაკნი, ა.შ…. ჩამოთვლილთაგან ყველას თავისი განსხვავებული მსოფლმხედველობა გააჩნდათ. მათთან საუბარი პოლემიკაშიც გადასულა. მაგრამ მათთან ურთიერთობას არ უარყოფს. საინტერესოა, რომ მოსეს სჯულის მიხედვით, შემდგომ იუდაური სჯულის (გარდა არასწორი სულისკვეთებისა ებრაელებმა სხვა მრავალი წერილობითი სწავლება შემატეს მოსეს სჯულს და ამით თალმუდამდე მივიდნენ. სულიერი თვალსაზრისით იგი უაზრო პედანტიზმით სავსე, მკვდარი, უნაყოფო აზროვნებაა, რომელიც ღვთის რისხვის ასაცილებლად მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილებას ითხოვს.) თალმუდის მიხედვით, მთელ რიგ საკითხებში წარმართებთან ურთიერთობა აკრძალული იყო.

მაცხოვარი ამის საპირისპიროდ შემდეგ სიტყვებს ამბობს: “არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად” (მათე.9.12,13). ასევე: “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი…” (მათე28.19). მოციქულებმა მოიარეს მთელი მაშინდელი სამყარო, რასაც უბრალოდ ცალსახად წარმართულს ვერ დავარქმევთ. მთელი რიგი ქვეყნები და რეგიონები ფლობდნენ საუკუნეობით ჩამოყალიბებულ რელიგიას, კულტურას და მათიდან წარმოშობილ მსოფლმხედველობას. კომუნიკაციისთვის კი ეს მთელ რიგ პრობლემებს ქმნიდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მოციქულები რაიმე ჩაკეტილ კასტად არ დარჩენილან. მათ მთელი მსოფლიო მოიარეს და აღნიშნული პრობლემების მიუხედავად კავშირში შედიოდნენ რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე მასებთან.

წმ. წერილი საკმაოდ ბევრ ფაქტს მოგვითხრობს კერძო ურთიერთობის შესახებ. ორთავე შემთხვევაში კავშირი დგებოდა მათი (მოციქულების) ადამიანურობის წარმოჩენის შედეგად. მათში საღვთო ცნებები კარგად გააზრებული და შინაგანად გამჯდარი იყო. “შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან” (მათ.22.37,40). ნებისმიერი მოქმედება ამ სიტყვებით იყო განპირობებული. მოვლენები რაც მოციქულთა მოღვაწეობას ახლდა თან: სასწაულმოქმედება, წინასწარცნობა, მკურნალობა, ორატორობა არ იყო მიზეზი მოეპოვებინათ საზოგადოების თუ კერძო პირთა ყურადღება. არცერთ საოცარმქმნელს, მკურნალს, მჩხიბავ–წინასწარმაუწყებელს, ორატორს, ფილოსოფოსს, მოძღვარს არ მოუპოვებია ისეთი ინტერესი, როგორც მოციქულებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ პროფესიით ისინი არცერთ მათგანს არ ფლობდნენ. შედეგი ყოველივე ამისა იყო ბუნებრივი, თავდადებული, არამოჩვენებითი, არავალდებულებითი (კანონის მთხოვნილების გამო), სიყვარული ხალხისადმი. სწორედ ამის საფუძველზე ნახა სამყარომ ინტერესი ქრისტიანობისადმი. მოციქულებს არ დაუყვიათ სამყარო მორწმუნეებად და არამორწმუნეებად. სამწუხაროდ, დღეს ამას ხშირად აქვს ადგილი. ზოგიერთი მორწმუნე ხელმძღვანელობს ცალკეული სწავლებებით ან სამონასტრო კანონებით, რომელ კანონებსაც თავისი წარმოშობის მიზეზი აქვს და ასახავს კერძო, კონკრეტულ შემთხვევას. ყოლად დაუშვებელია მათი განზოგადება, მით უმეტეს სამონასტრო კანონების გამოყენება საზოგადოებაში.

ყოველი მორწმუნე პირადი ქცევით ქრისტეს რწმენის მქადაგებელია. ზოგადად თავიდანვე აღვნიშნოთ, მოსეს სჯული კანონებით იყო გაჯერებული. კანონი ემსახურებოდა სუბიექტური და საზოგადოებრივი საკითხების მოგვარებას. კანონის დაცვა სავალდებულო იყო, რომ კანონით სუბიექტიც და საზოგადოებაც დაცული ყოფილიყო. თუმც მასიურად ამის ჯანსაღად გააზრება არ მოხდა. შედეგი კანონებით ბრმად მანიპულირება იყო. რაზეც იესოს დამოკიდებულება ამგვარია: “შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს” (მარკ.2.27). მაცხოვრის ქადაგება მთლიანად ბუნებით სჯულს ასახავს. მოსეს კანონებამდე კაცობრიობა ბუნებითი სჯულით ხელმძღვანელობდა. იგი განპირობებული იყო ღვთისგან ზეპირმოცემული ცნებებით და სინდისის კარნახით. სინდისის კარნახი სრულად ასახავს, ქრისტეს მიერ წარმოთქმულ ცნებას, ღვთისა და ადამიანის სიყვარულზე. პავლე მოციქული ხაზგასმით შენიშნავს: “კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა” (კორნთ 1. 13. 1–8). ყოვლად გაუმართლებელია პირად კომფორტზე ზრუნვა, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და კავშირის გაწყვეტა დანარჩენ არამორწმუნე სამყაროსთან. ასეთ მორწმუნეს მკაცრად ამხელს ქრისტეს იგავი: ხუთი, სამი და ერთი ტალანტის შესახებ. სადაც ერთის მიმღები არ ამრავლებს და გამოუყენებლად მარხავს საკუთარ თავში. შედეგი სავალალოა. “ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”. (მათე, 25- 14-30). ამრიგად, სიტყვით და საქმით თუ კი გვმართებს ქრისტეს სიტყვის ქადაგება გარე სამყაროსთან, ეს ნიშნავს არამორწმუნეებთან გარდაუვალ ურთიერთობას.”

თუმცა, ხშირია, როდესაც ადამიანები რელიგიურად და მსოფლმხედველობით განსხვავებულ პირთა გავლენის ქვეშ ექცევიან…

მეორე უკიდურესობა ბრმა “ტოლერანტობას” უფრო სავალალო შედეგი მოაქვს, მორწმუნე სუბიექტისთვის და არამორწმუნე ობიექტისთვისაც. ასეთ დროს მორწმუნენი შედეგის დაუფიქრებლად ითქვიფებიან მათში და არათუ მიაქვთ საღვთო სიტყვა არამედ კარგავენ საკუთარ სახეს. სხვა აზრის “პატივისცემის” ფასად კარგავენ თავისას. ასეთი ემანაციის შედეგად იკარგება ინდივიდუალიზმი, პიროვნული თავისუფლება. ფსიქოლოგიაში პირდაპირაა მითითებული: სხვისი აზრის უპირობო გაზიარებით ინდივიდი ობიექტის დაქვემდებარებაში ვარდება. სუბიექტი ნებაყოფლობით განიცდის ობიექტის ზეგავლენას. იკარგება პირადი ნება და სუბიექტი შინაგანი დისკომფორტის ასაცილებლად ცდილობს ობიექტის მაამებლობას. სუბიექტი ობიექტის თვალში კარგავს პატივისცემას და მონურ სახეს ღებულობს. პავლე მოციქული: “აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან” (კორინთ 1. 5.9–11). “დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც” (კორინთ1. 5.1). ამგვარ ქმედებას არც ამქვეყნიური ხედვა იწონებს და არც სულიერი.

დასკვნისთვის კვლავ პავლე მოციქულის სიტყვებს მოვიყვან: “ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. ურჯულოთათვის – ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი. უძლურთათვის – უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი” (კორინთ 1. 9.19–23). ამ სიტყვებით ობიექტის ხვედრის გაზიარებას გვასწავლის და არა ემანაციას. როგორც მაცხოვარმა არა განყენებული მდგომარეობიდან გვასწავლა, არამედ განკაცდა, ჩვენს შორის მოვიდა, განიცადა კაცობრივი უძლურება და დაცემულ ყოფაში გვიტვირთა. მოციქულები ყოველივეს თანაგრძნობიდან გამომდინარე აღასრულებდნენ კურნებას. სიყვარული იწვევდა ყოველივე საჭიროების მოქმედებას ნაკლულებათა შესავსებად. ქრისტიანი სატკივარში უნდა თანაეზიაროს სხვას და არა შეცდომებში. განსხვავებული აზრის მოსმენით არა აღშფოთება–დაპირისპირება გვმართებს, არამედ მისი უძლურების შეწყნარებით მოთმინება. აზრი უნდა მოვისმინოთ და არა თავს მოვიხვიოთ. მაცხოვარმა ჩვენი ბუნება სრულად გაიზიარა, თვინიერ ცოდვისა. სიყვარულით განმსჭვალული ურთიერთობით ინტერესდება უცხოდ მოაზროვნე. არაა აუცილებელი რომ ადამიანებს ყოველთვის რელიგიაზე ვესაუბროთ. მორწმუნეში განხორციელებული ქრისტეს ცნება თავად ქადაგებს ნებისმიერი მოქმედებისას და თავისთავად წარმართავს უსიტყვოდ იმ პროცესს, რასაც პროზელიტიზმი ქვია. “გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის” (იოანე.13.34,35).

“მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად. იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა. წარმართთა მსახური კი – წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი” (რომ.15.7–9).

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • თამუნა says:

    ძალიან კარგი ჟურნალია,საინტერესო და აქტუალური სტატიებით..

  • სერგი says:

    არაა აუცილებელი რომ ადამიანებს ყოველთვის რელიგიაზე ვესაუბროთ. მორწმუნეში განხორციელებული ქრისტეს ცნება თავად ქადაგებს ნებისმიერი მოქმედებისას და თავისთავად წარმართავს უსიტყვოდ იმ პროცესს, რასაც პროზელიტიზმი ქვია. – დიდი სიბძნეა ამ სიტყვებში. დიდება უფალს!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი