მთავარი » ქრისტიანობა

მოღვაწეობისადმი ტრფიალი და ქორწინებითი ოჯახი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.07.2018 | 1,697 ნახვა

mama levani დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: “უკვე რამდენიმე წელია მორწმუნეთა ნაწილს შორის არსებობს არასწორი წარმოდგენა, სულიერი მოღვაწეობის შესახებ. ამის მიზეზი ეკლესიის ჯერ კიდევ ახლადწარმომდგარობაა, რითაც ქრისტიანული სწავლების სისავსით მიწოდება არ მოესწრო. ამის თანამდევად, თავად მორწმუნე საზოგადოება ცოდნის მიღებაში პასიურობს. შედეგად თვითწარმოდგენებით იკვებებიან და ამ თვითშეხედულებებით სავალალო მდგომარეობამდე მიდიან. რითაც არა უბრალოდ საკუთარ თავს ვნებენ, არამედ – გარშემომყოფთაც. საქმე ეხება მოღვაწეობის სურვილს როცა ამ სურვილით ანთებულნი სამეურვეოდ კუთვნილ გარშემომყოფთ ტოვებენ. უტიფრად კი არასწორად გააზრებულ, მაცხოვრის სიტყვებს იშველიებენ: „არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს, უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (მათ 10. 29-31).

საუბარს ერთი კერძო შემთხვევით დავიწყებ. ასე 15-16 წლის წინ ვიცნობდი ქორწინებად მოსურნე შეყვარებულ წყვილს. ერთხელ მათ შორის ასეთი დიალოგი წარიმართა: მამაკაცმა ლამაზად დაუხატა ერთობლივი ოჯახური მომავალი, შემდგომი დაგვირგვინებით, რომ ისინი ურთიერთშეთანხმებით განქორწინდებოდნენ და ორთავე მონაზვნურ გზას შეუდგებოდა. ქალს გაუკვირდა და უთხრა, რომ იგი (კაცი) არ იყო მზად ოჯახური თანაცხოვრებისთვის, ამიტომ თავს მას ვერ მიანდობდა. მათი ქორწინება არ შედგა. მკითხველთ თავში უთუოდ ცალკეული პატერიკული თხრობანი გაახსენდებათ, რაზეც გპასუხობთ.

ქორწინება უზენაესი საიდუმლოა, ღმერთმა სამყარო ოჯახის მოდელის სახით შექმნა. ყოველი სულიერი და უსულო ქმნილება მსგავსთა გარკვეული სახის ერთობას ქმნის, მიკრო და მაკრო სამყაროში. თავად შემოქმედი ყოველი სახის ქმნილებას მზრუნველი მამის სახით ევლინება. ალბათ ბევრს აინტერესებს რატომ არ სრულდება მარხვის პერიოდში ქორწინება. მრავალთა მოსაზრებით იგი მეუღლეობრივ სარეცელს უკავშირდება. რაც მცდარია. ამ საკითხის შესახებ პავლე მოციქულით მოყოლებული სჯულის კანონი მარხვის პერიოდს და ცოლქმრულ სარეცელს შორის ურთიერთმიმართებას გამორიცხავს. ამ ქცევას მათ პირად ურთიერთშეთანხმებას მიაკუთვნებს.

ჯვარდაუწერლობის მიზეზი შემდეგშია. ქორწინება შინაარსობრივად საზეიმოა. მარხვა კი სინანული-გლოვის. ქორწინების არდაკნინების გამო იგი მარხვის პერიოდში არ აღსრულდება. შეგახსენებთ რომ მაცხოვრის (ყოვლადუბიწო მარიამის შუამდგომლობით) მიერ აღსრულებული პირველი სასწაული სწორედ ოჯახის კურთხევას ეხება. ეს კი შემთხვევითი როდია! ყოველმა ადამიანმა თავისი არჩევანი წინდაწინვე უნდა განსაზღვროს, ქალწულებით მიუძღვნის ქრისტეს თავის გზას, თუ ღმრთივმიერ კურთხეული ქორწინებით. “ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას” (დაბადება 1.27,28). ამის შემდგომ წესის გადასვლაზე მოციქულებიდან მოყოლებული ეკლესია მკაცრ შენიშვნებს გამოთქვამს. განსაკუთრებით კი ოჯახის რღვევასთან მიმართებაში. ამ საკითხში თვით სასულიერო დასთანაც კი უკომპრომისოა. სრულიად ლოგიკურადაც, რადგან სასულიერო პირი სამწყსოსთვის საქმით სამაგალითო სახეა:  „თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით, რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?”(1ტიმ .3.4,5). ეს თემა დიდ სჯულის კანონში მკაცრი ტონით გრძელდება. მოციქულთა კანონი 5: „ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა გაანებოს მღვდლობას, თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს.“(მე-4 საუკუნემდე ეპისკოპოსნი ცოლოსანნი იყვნენ, კონკრეტულ მიზეზთა გამო ეკლესიამ არჩია რომ მღვდელმთავარი ოჯახური ჯვრისგან თავისუფალი ყოფილიყო.) მეხუთე მსოფლიო კრება: „სამღვდელო კაცთა სჯულიერი, კანონიერი ქორწინება მტკიცე იყოს და არ დაირღვეს. და რომ მღვდლებმა და დიაკვნებმა არ თქვან უარი მეუღლეებთან ჯეროვან თანაცხოვრებაზე… ამ ხარისხში აყვანისთვის ნუ დააბრკოლებს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება. ნურც ხელდასხმის დროს ჩამოერთმევა პირობა, რომ უარს იტყვის მეუღლესთან კანონიერ ერთობაზე, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დაკანონებული და კურთხეული ქორწინება, ვინაიდან სახარების ხმა ღაღადებს: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებენ მათ“. და მოციქული ასწავლის: “ქორწინება წმიდაა და შეუგინებელი“ (ებრ13.4) და „თუ შეკრული ხარ მეუღლესთან, ნუ ეძებ გახსნას“ (1კორ. 7.27)… ამის შემდეგ მღვდელი ან დიაკონი, იპოდიაკონი, რომელიც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაბედავს კანონიერ მეუღლესთან ერთობასა და კავშირზე უარის თქმას, განიკვეთოს. ასევე თუ მღვდელი ან დიაკონი განიშორებს თავის მეუღლეს თავშეკავების მომიზეზებით, დროებით აეკრძალოს მას მღვდლობა და თუ ისევ დარჩება იმავე აზრზე, განიკვეთოს!“(მუხლი13). ღანგრის, კართაგენის, მეექვსე მსოფლიო კრების და ბასილი დიდის კანონები ამ თემას განავრცობენ. სადაც ორთავე სქესის წამომადგენლებს მკაცრად აფრთხილებენ. სულიერ თვითკმაყოფილებას მიცემული მორწმუნენი მიზნის მისაღწევად ყოველ ხერხს მიმართავენ. რითაც მეორე ნახევრის მხრიდან თანხმობის მიღწევას ცდილობენ. დაუდასტურებლობის შემთხვევაში ღია თუ დაფარულ სიძულვილამდე მიდიან. თვით ამ სიძულვილითაც სპეკულირებენ, გარშემომყოფთა შორის კი თავს მოღვაწეობის „უფრო მაღალი“ წესის სურვილით იმართლებენ. თავადვე არაერთი ასეთი შემთხვევა მინახავს, გაუთავებელი დავით, მანიპულირებით, ზიზღის შეთავაზებით დაღლილი მეუღლენი „მოღვაწეთ“ განუტევებენ. ასეთი ქცევის ადამიანები საწოლ ოთახს და ზოგჯერ საცხოვრებელსაც კი ცალკე იქმნიან, ამით აიძულებენ მის გარეშე ყოფნას. ამავდროულად, წარმოუდგენია, რომ მეუღლეობრივ კავშირს აცდენილმა ვნებებს სძლია. თვითკმაყოფილების ბურუსში ეხვევა, ავიწყდება პავლე მოციქულის რჩევა, რომ ხანგრძლივად არ განშორებოდა, რათა სიძვით არ განცდილიყო. არათუ თავად, არამედ მისი მეორე ნახევარიც. სხვისი ცოდვისკენ ბიძგებით, პროვოცირებით კი წყევას განიმზადებს, როგორც ღვთისგან, ასევე -თანამეცხედრესგან. ხიბლით გაბრუებული კი მოულოდნელ დროს მწარე დაცემას განიცდის, საიდანაც წამოდგომა მეტადრე რთულია. ასეთი „კანონიერი გზით“ მათი სარბიელის გარეგნული იერსახის მიუხედავად, მათ ყოფას მოყვანილი კანონები ხისტად განაქიქებენ. ამიტომ კვლავ შევახსენებ პავლე მოციქულის სიტყვებს: „თუ შეკრული ხარ მეუღლესთან, ნუ ეძებ გახსნას“ (1კორ. 7.27).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი