მთავარი » კულტურა

მოქვის სახარების გადარჩენა შესაძლებელია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.11.2011 ერთი კომენტარი | 4,168 ნახვა

მოქვის სახარებაში ასახულია ძველი ქართული ტრადიცია ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყნის შესახებ.

ქართულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოქვის სახარება. იგი 1300 წელს აფხაზეთში, მოქვის მონასტერში დანიელ ეპისკოპოსის დაკვეთით შეიქმნა. სახარება წარმოადგენს მდიდრულად დასურათებულ ხელნაწერს, რომლის მსგავსი არც ისე ბევრია შუა საუკუნეების კულტურის ისტორიაში.

მოქვის სახარებადღეისათვის მოქვის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ხელნაწერში 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა.

იშვიათი მხატვრულ-დეკორაციული თავისებურებების მიხედვით, მოქვის სახარება გამორჩეულ ადგილს იკავებს XII-XIV საუკუნეების არა მხოლოდ ქართული, არამედ ბიზანტიური ხელნაწერი წიგნის გაფორმების ისტორიაში.

მოქვის სახარების მხატვრული შემკობის სტილი იმ ტრადიციის ლოგიკური გაგრძელებაა, რაც გვხვდება გელათისა და ჯრუჭის სახარებებში. შემდგომ, მთელი საუკუნე ნახევრის განმავლობაში ეს სტილი დომინირებს ქართული წიგნის შექმნის ხელოვნებაში.

მოქვის სახარების შესახებ გვესაუბრება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნესტან ბაგაური:

როდის შეიქმნა მოქვის სახარება და ვინ იყვნენ მისი შემქმნელები?

ხელნაწერის ანდერძიდან ვიგებთ მისი შემქმნელის – მხატვარ-კალიგრაფ ეფრემის შესახებ, რომელიც არის სახარების როგორც გადამწერი, ისე მთელი დეკორაციული სისტემის ავტორი.

ეფრემი XIII-XIV საუკუნეების ქართული კალიგრაფიული სკოლის ღირსეული წარმომადგენელია. ნიჭიერი ოსტატი ეყრდნობა ქართული წიგნის ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ძლიერ საფუძველს, თუმცა ამავე დროს ის, ეპოქის შესაბამისად, თავს აღწევს შუა საუკუნეების ხელოვნების პირობითობას, რაც გამოსახულების ემოციურ გააზრებასა და მოძრაობების ბუნებრიობაში გამოიხატება.

XIII-XIV საუკუნეების არც ერთ ბერძნულ თუ ქართულ ხელნაწერში არ ვხვდებით ისეთ მდიდრულ შეთანხმებას ღია, ნათელი ფერებისა ოქროსთან, როგორც ამას მოქვის სახარების მომხატველი აკეთებს. სწორედ ეს ფერადოვნება, ოქროს ფონების ფართო გამოყენება განსაზღვრავს კიდეც ხელნაწერის მინიატიურების უნიკალურობას.

მოქვის სახარებამოქვის სკრიპტორიუმის ქმნილება ერთი კალიგრაფის ხელითაა გადაწერილი. შუა საუკუნეების უხვად ილუსტრირებული ხელნაწერების მინიატიურების შესრულებაზე, როგორც წესი, რამდენიმე მომხატველი მუშაობდა. მოქვის სახარება, სავარაუდოდ, სამი მხატვრის ხელით უნდა იყოს მოხატული, თუმცა ოთხთავის მთავარმა შემოქმედმა – ეფრემმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელნაწერს, როგორც მთლიან ორგანიზმს, ერთიანი სტილისტური შთაბეჭდილება მოეხდინა.

რა გზა განვლო მოქვის სახარებამ დღემდე?

მოქვის ოთხთავი შეიქმნა აფხაზეთში – მოქვის საკათედრო ტაძარში. სახარების გადაწერა წმინდანი მეფის – დემეტრე II-ის დროს უნდა დაწყებულიყო. ხელნაწერის შექმნის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი 1300 წელს დასრულდა.

თუ როდის და რა ვითარებაში მოხვდა მარტვილში აფხაზეთში გადაწერილი ხელნაწერი, სამწუხაროდ, უცნობია. სწორედ იქ მიაკვლიეს მას ნიკოდიმ კონდაკოვმა და დიმიტრი ბაქრაძემ XIX საუკუნის II ნახევარში.

1913 წლის ზაფხულში საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მივლინებით სამეგრელოში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილს ექსპედიციაში თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორ კიუნე, რომელმაც პირველად გადაიღო უნიკალური სახარების ფურცლები.

1921 წელს მოქვის ხელნაწერი სხვა ქართულ განძეულობასთან ერთად საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ გაიტანა და საფრანგეთში ინახებოდა. ქართულ განძს მთელი ორი ათეული წლის განმავლობაში იშვიათი ერთგულებით ედგა დარაჯად ექვთიმე თაყაიშვილი – “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”. სწორედ მისი წყალობით საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური 1945 წელს უკლებლად დაუბრუნდა საქართველოს. ამ საგანძურში გელათის, ბერთის, ვარძიის ოთხთავებთან ერთად იყო მოქვის სახარებაც მოოქროვილი ვერცხლის ყდით. ემიგრაციიდან დაბრუნებული უნიკალური ქმნილება ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

მოქვის სახარებაში უამრავი ულამაზესი მინიატურა და მოჩუქურთმებული საზედაო ასოებია, რას გვეტყვით სახარების გაფორმებაზე?

საზედაო ასოები არსებით როლს ასრულებს მოქვის სახარების ხელნაწერი ფურცლების მხატვრულ გაფორმებაში. ხელნაწერში 530-ზე მეტი მოხატული ასოა, რომელთა გაფორმების თემატიკა უაღრესად მრავალფეროვანია. ინიციალები უფრო ხშირად ფრინველების, ცხოველების ან თევზების გამოსახულებებს წარმოადგენს.

მხატვარ-კალიგრაფი ყოველთვის გამოდის ფურცლის საერთო კომპოზიციის შეგრძნებიდან და კალიგრაფის ხელოვნებისა და ფერმწერის ფაქიზი შეხამების უნარი განაპირობებს თითოეული ფურცლისგან მიღებულ საზეიმო შთაბეჭდილებას.
ინიციალების შესრულების მანერა ფერწერულია. ხშირად ერთ გვერდზე მაღალმხატვრული სტილით 4-6 საზედაო ასოა განაწილებული, თუმცა ამით არ ირღვევა წონასწორობა ტექსტსა და გაფორმებას შორის და არაფერი აკლდება ტექსტის სიცხადეს. ხელნაწერის ინიციალების ინდივიდუალობა გასაოცარია, მხატვრული დეტალები არ შლის ფორმას და მათი მხატვრული მნიშვნელობა არ იკარგება ორნამენტში.

მოქვის სახარების გაფორმებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი უჭირავს მინიატიურებს. ხელნაწერში შემორჩენილია 155 მინიატიურა.

მოქვის სახარებასახარების მინიატიურები შესრულებულია ფურცლოვანი ოქროს ფონზე. ოქროს ფონებზე შესრულებული დახვეწილი სიუჟეტები კონსტანტინოპოლის სკოლის საუკეთესო ნიმუშებს არაფრით ჩამოუვარდება.

მოქვის ოთხთავის გამორჩეული თავისებურებაა ის, რომ მინიატიურები ერთ მხატვრულ მთლიანობაშია გააზრებული, სიუჟეტური ციკლი არ მეორდება სხვადასხვა სახარების გაფორმებისას.

ხელნაწერის ილუსტრაციებში ხაზგასმულია ახალი აღთქმის კავშირი ძველთან, რაც მომხატველს უნიკალური ხერხით აქვს გადაწყვეტილი: მათეს სახარების დასაწყისში ოსტატი ცალკე გვერდზე ათავსებს მინიატიურას `ქრისტეს გენეალოგიით~. მინიატიურაში 42 მამამთავარს შორის ერთადერთი ქალის გამოსახულებაა და ეს არის ღვთისმშობელი. ამ კომპოზიციით მხატვარ-კალიგრაფი ეფრემი ხაზს უსვამს როგორც ღვთისმშობლის მნიშვნელობას ქრისტეს გენეალოგიაში, ისე მის როლს ძველსა და ახალ აღთქმას შორის კავშირში. ფაქტობრივად, ეს მინიატიურა წარმოადგენს შესავალს ტექსტში ჩართული მცირე ზომის მინიატიურებისთვის.

სახარებაში ღვთისმშობლის 4 მინიატიურაა ჩართული. ეს უნიკალური შემთხვევაა, რაც იმით აიხსნება, რომ ხელნაწერი მოქვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისათვის გადაიწერა. ის, რომ ღვთისმშობლის მიძინების სცენა მოქვის ხელნაწერის ბოლო ფურცელზეა შესრულებული, კონკრეტული ისტორიული მომენტითაც უნდა იყოს განპირობებული: მასში ასახულია ძველი ქართული ტრადიცია ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყნის შესახებ.

ხელნაწერის ილუსტრაციებს ლოგიკურად ასრულებს ღვთისმშობლისა და ქტიტორის – დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსის მთელ გვერდზე შესრულებული გამოსახულება. ეპისკოპოსი დანიელი სახარებას სწირავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებულ მოქვის ტაძარს. მსგავსი იკონოგრაფიული სიუჟეტი არ გვხვდება არც ერთ სხვა ძველ ხელნაწერში.

რითაა გამორჩეული და უნიკალური მოქვის სახარება?

1. ხელნაწერს აქვს მინიატიურული გაფორმების ერთიანი სისტემა;

2. ოთხთავში გამოსახულია დამკვეთის – დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსის მინიატიურა. ხელნაწერის დამკვეთის მინიატიურა არც ერთ სხვა ძველ ხელნაწერში არ გვხვდება;

3. მხოლოდ ამ ხელნაწერშია გამოსახული “ქრისტეს გენეალოგიის” ამსახველი მინიატიურა, როგორც კავშირი ძველსა და ახალ აღთქმას შორის;

4. ხელნაწერი გამორჩეულია ღვთისმშობლის გამოსახულებათა სიმრავლით;

5. არც ერთ სხვა ხელნაწერში არ გვხვდება საზედაო ასოების ასეთი მრავალფეროვნება, როგორიც აქ;

6. უნიკალურია ოთხთავის ფერადოვანი გამა – ოქროს ფონთან შეხამებული ღია, ნათელი ფერები;

7. მოქვის სახარების მინიატიურები შესრულებულია უნიკალური ტექნიკით – ოქროს ფონზე.

როგორც ვიცით, მოქვის სახარებას ესაჭიროება რესტავრაცია რა მდგომარეობაშია ის დღეს?

მოქვის სახარება დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანდა, გადაფურცვლისას მინიატიურებიდან საღებავი ცვივა. შემაკავშირებელი მასალა, რომლითაც ოქროს ფურცლები ფონზე იყო დაწებებული, არამდგრადი გამოდგა და ამ ოქროს საფუძველთან ერთად ცვივა მასზე შესრულებული ფერადოვანი ფენაც.

როდის დაზიანდა მოქვის უნიკალური ხელნაწერი, ამის თქმა შეუძლებელია. ის უკვე დაზიანებული სახით ნახეს მარტვილის მონასტერში. ხელნაწერის დაზიანების შესახებ შალვა ამირანაშვილი საფრანგეთიდან დაბრუნებული განძეულობის სიის შედგენისას მიუთითებდა. დღეისათვის ოქროს ფონების ჩამოცვენის გამო დაზიანებულია ხელნაწერის უმნიშვნელოვანესი მინიატიურები: მათე მახარებლის მინიატიურის ფერადოვანი ფენა, რომლის მხოლოდ გრაფიკული მონახაზია შემორჩენილი; “ქრისტეს გენეალოგიის”, “ჩვილედი ღვთისმშობლის” და სხვა ისეთი მინიატიურები, რომლებიც ოთხთავის უნიკალურობას განსაზღვრავს. ხელნაწერის სატიტულო ფურცელი “ვედრების” კომპოზიციით, რომლის არსებობის შესახებ არაერთი მეცნიერის უტყუარი ცნობა არსებობს, დაკარგულია.

მოქვის უნიკალური სახარების გადარჩენა, ოქროს ფონზე შესრულებული უნიკალური მინიატიურების შენარჩუნება და უკვე საკმაოდ დაზიანებული კომპოზიციების აღდგენა შესაძლებელია სწორი დიაგნოსტიკისა და აღდგენის შესაბამისი მეთოდის შერჩევის შემთხვევაში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში მოქვის სახარების გადასარჩენად.

გთხოვთ, დარეკოთ “მაგთის”, “ჯეოსელისა” და “ბილაინის” აბონენტებმა ნომერზე 700 685. ზარის ღირებულებაა 1 ლარი

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი