მთავარი » ქრისტიანობა

მოქვის დასურათებული ოთხთავი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2022 | 444 ნახვა

თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ქართველმა ხალხმა ხელოვნების არაერთი ნიმუში შექმნა. არქიტექტურის, ფერწერის, ჭედურობის, მოხატული წიგნის, ქვაზე კვეთის ძეგლები თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ხელოვნების საგანძურს შეადგენენ. დროთა განმავლობაში ბევრი რამ განადგურდა, მაგრამ დღემდე შემორჩენილმა ძეგლებმა ცხადყო ქართული შემოქმედის მაღალი პროფესიონალიზმი, განსწავლულობა და საშემსრულებლო ტექნიკის მაღალი დონე. სამწუხაროა, რომ ამ ოსტატთა ვინაობა თითქმის არაა ჩვენთვის ცნობილი.

განსაკუთრებული როლი საგანმანათლებლო საქმეში მიეკუთვნება ხელით გადაწერილ წიგნებს. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილ სამწიგნობრო კერებში მიმდინარეობდა ხელნაწერების გადაწერა, მოხატვა, აკინძვა, ჭედურ ყდაში ჩასმა. ყოველი წიგნი თავის მხრივ უნიკალური იყო. დიდი ყურადღება ექცეოდა წიგნის ლამაზად გაფორმებას ორნამენტებითა თუ მინიატურებით. რაც უფრო მდიდარი იყო დამკვეთი მით უფრო მდიდრულად იყო მორთული და შემკული ხელნაწერები.

სამწიგნობრო კერები ბევრი იყო, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ საგანმანათლებლო ცენტრებს ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ. ცნობილია, რომ ქართველი მეფეები დიდ შეწირულობებს უგზავნიდნენ საზღვარგარეთულ ცენტრებს. ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებში ხშირად მითითებულია, თუ სად გადაიწერა ხელნაწერი: ივირონის მონასტერში ათონის მთაზე, ჯვრის მონასტერში – იერუსალიმში, სინის მთაზე, კონსტანტინოპოლში, ანტიოქიის მახლობლად შავ მთაზე და ა.შ. ხელნაწერის ორნამენტული მხატვრობისა, მინიატურული ხელოვნებისა თუ ხელწერის მიხედვით გამოირჩეოდა ცალკეული სკოლები. მაგ. ტაო-კლარჯეთის სამწიგნობრო სკოლაში გადაწერილი მრავალი ხელნაწერია ცნობილი, რომელთა ტრადიციები საუკუნეების მანძილზე განაგრძობდა არსებობას.

IX-XIV საუკუნეების ხელნაწირთა მხატვრული სტილი, ერთის მხრივ, ეროვნულ საწყისებს უკავშირდება, მეორეს მხრივ, ბიზანტიური სკოლის ტრადიციებს. პოლიტიკურმა ურიერთობამ საქართველოსა და ბიზანტიას შორის განაპირობა კულტურული ურთიერთობაც, რაც ქართველ და ბერძინ ოსტატთა მჭიდრო საქმიანობაში გამოიხატა. მაგ. წალენჯიხის ეკლესიის მოსახატავად ბერძენი ოსტატბია ჩამოყვანილი. თამარ მეფემ პონსტანტინოპოლში ბერძენ ოსტატებს დაუკვეთა ძვირფასი ვანის ოთხთავი, რომლის მიბაძვით საქართველოში ლაფსყალდისა და ამჟამად ერევნის მატანდარანში დაცული XIII ს. ოთხთავებია შესრულებული.

თავის მხრივ, სამწიგნობრო კერებს შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა. მაგ. ათონის ივირონის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა აქვს კონსტანტინოპოლთან. ბანაელი სვინგელოზი ზაქარია ათონის მთაზე ნათარგმნ წიგნებს უკვეთავს პონსტანტინოპოლში მოღვაწე ქართველებს.

დროთა განმავლობაში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გარეშე მტრების შემოსევებმა ბევრი ხელნაწირი წიგნი გაანადგურა, მაგრამ რაც გადარჩა, ისიც საკმარისია, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენს სამწიგნობრო ხელოვნებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთებში, კერძოდ, მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, ქართველი ერის შემოქმედებითი ძალა არ დამცხრალა. რომ გადავხედოთ შემორჩენილი ძეგლების ნუსხას, დავინახავთ, რომ ქართველი ხალხის ენთუზიაზმი, სწრაფვა ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების შექმნისაკენ, არ შეჩერებულა. სწორედ ასეთი ნიმუშია 1300 წელს გადაწერილი, მდიდრულად დ სურათებული მოქვის ოოხთავი. პალეოლოგოსთა ხელოვნების ეს ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი გადაწერილია ძველი ქართულით – ნუსხა-ხუცურით ღვთისმშობლის სახელზე აგებულ მოქვის ეკლესიაში.

ქართული მინიატურული მხატვრობა მრავალმა ხელნაწერმა შემოგვინახა. IX საუკუნიდანაა მოღწეული დიდებული ადიშის ოთხთავი: მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით იყო შექმნილა ადრეული ხანის მოსატული ხელნაწერები. მრავალი მინიატურით დასურათებული ხელნაწერებიდან შეიძლეაა დავასახელოთ 1030 წლის სვინაქსარი, XII ს. გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავები. მოქვის ოთხთავი 152 მინიატურითაა დასურათებული. იგი აგრძელებს უკვე XI საუკუნეში ჩამოყალიბებული ოთხთავის მორთულობის პრინციპებს. გარდა შინაარსის სტრუქტურის შესაბამისი ელემენტების არსებობისა, თვით დეკორატიული სისტემა მრავალფეროვანი და მდიდრულია. გელათის, II ჯრუჭისა და მოქვის ოთხთავების ოსტატებმა გარკვეული ჯგუფი შექმნეს სამინიატურო ხელოვნების დარგში, თუმცა განვითარებისა და საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაზრისით, თითოეული მათგანი ინდივიდუალურ შემოქმედებით პრინციპებს ამჟღავნებს.

მოქვის ოთხთავი გადაწერილია დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ამაზე მეტველებს ხელნაწერის ბოლოს დართული ფურცელი, რომელზედაც გამოხატულია ღვთისმშობელი ყრმით და დანიელ ეპისკოპოსი. ღვთისმშობელი მდგომარეა. ქვემოთ მის წინარე მუხლმოდრეკილი დანიელია. წარწერა, რომელიც დანიელ ეპისკოპოსის ზემოთ არის ასომთავრულით შესრულებული, ქარაგმის გახსნით ასე იკითხება: „დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსი“.

დანიელ ეპისკოპოსს მდიდრულად მოხატული ხელნაწერი ღვთისმშობლის სახელზე აშენებული ეკლესიისათვის შეუწირავს. ღვთისმშობლის გამოსახულება ყრმით, ხელგაწვდილი, ე.წ. „ელეუსას“ ტიპია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ლოცავს, იღებს მავედრებელი დანიელის შეწყალების თხოვნას: ჩვილ ყრმას – ქრისტეს ავედრებს დანიელის სამწყსოს, მფარველობას პირდება მას.

მოქვის ოთხთავი ეფრემის მიერაა გადაწერილი. ამაზე მეტყველებს მისივე ანდერძი. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში ხელნაწერის მომხატველადაცაა მიჩნეული.

მოქვის ოთხთავი (ზომით 30 x 23), შეიცავს 328 ფურცელს), დაწერილია კარგად დამუშავებელ ტყავის ფურცლებხე, ლამაზი კალიგრაფიული ნუსხურით, ორ სვეტად. ხელნაწერის დასაწყისში მდიდრულად ორნამენტირებული 10 კამარაა. თავების დასაწყისში ასევე მდიდრულად შემკული თავსართებია. თვით ტექსტში კი დიდი ზომის მრავალი, 500-ზე მეტი ფიგურული ინიციალია, რომლებიც ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისაგან შედგება. ოთხთავის ტექსტი მინიატურებითაა დასურათებული. ქრისტეს ცხოვრების ამსახველი მინიატურები, ისევე, როგორც გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავებში, ჩართულია ტექსტის შინაარსის შესაბამის ადგილებში. ოთხკუთხა ფორმის მინიატურა ხშირად გადაწერილი სვეტის ფარგლებიდან გამოდის, ხოლო საზედაო ასოსთან ერთად ფერადოვან ანსამბლს ქმნის ლამაზად დაწერილი ტექსტის ფონზე.

მოქვის ოთხთავის მოხატულობა განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას მინიატურათა უნიკალური საშემსრულებლო ტექნიკით. გამოსახულებები აქ უშუალოდ დახატულია ოქროზე. ძველი ქართველი ოსტატები ორი სახის ოქროს იყენებენ ხელნაწერის მოხატულობის დროს: ფურცლოვანსა და ფხვიერი ოქროსაგან სპეციალურად დამზადებულ ოქრომელანს. ფურცლოვანი ოქრო გამოიყენებოდა მინიატურებში გამოსახულებების გარშემო ფონის შესავსებად, ხოლო ოქრომელანი საზედაო ასოების შემოსაწერად, ორნამენტულ ნახატობაში ფონის დასაფერავად, უმეტეს შემთხვევაში, სინგურის სარჩულზე. ფურცლოვანი ოქრო ეტრატზე ნივრის ან სპეციალურად დამზადებული წებოვანი შენაერთის საშუალებით მაგრდებრდა. მინიატურისათვის განკუთვნილ არეზე ფურცლოვანი ოქრო მაგრდებოდა გამოსახულებების, ბუნებისა თუ არქიტქტურული პეიზაჟის გარშემოწერილი კონტურების მიღმა. მოქვის ოთხთავში საგნები პირდაპირ ოქროზეა დახატული. ჯერ მინიატურის მთელი არე დაიფარა ფურცლოვანი ოქროთი, ხოლო ზედ საღებავები დაიდო შესაბამის ადგილებში. II ჯრუჭის ოთხთავში, 1030 წელს გადაწერილ სვინაქსარში ტანისამოსის ნახატს, შენობების ნაწილებს ხშირად ფარავს ოქრო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, იგი საღებავზეა დაფერილი და ჩვენამდე კარგადაა მოღწეული. მოქვის ოთხთავის საშემსრულებლო ტექნიკა – ოქროზე საღებავების დადება არ აღმოჩნდა მყარი. საღებავმა როგორც ჩანს, შეიწოვა ოქრო და გამოაშრო. საღებავი ოქროსთან ერთად თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ მხატვრობას აზიანებს.

ოთხთავის შინაარსის დამასურათებელი მინიატურები მოქვის ოთხთავში ქმნიან ერთ მთლიან საილუსტრაციო ციკლს. ეს ციკლი იწყება მათეს სახარების დასაწყისში წარმოდგენილი ქრისტეს გენეალოგიით, ხოლო იოანეს სახარების ბოლოს მთავრდება სულიწმიდის მოფენით და ღვთისმშობლის მიძინებით. თვით ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სცენები ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა ჩართული სახარების ტექსტებში. ძირითადად დასურათებულია მათეს სახარება (აქ 97 მინიატურაა), ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის შემადგენლობა. (ზოგიერთი მინიატურა, მაგ. ჯვარცმის ეპიზოდი ცალკეულ სახარებებში მეორდება). უფრო ადრეული ხანის, გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ თითოეული თავი დამოუკიდებელ საილუსტრაციო ციკლს ქმნის. მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს თავები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იძლევიან სახარების დამასურათებელ სისტემას, თავისთავში. მოქვის ოთხთავის მოხატულობა ეპიზოდების თანმიმდევრული განაწილებით მოგვაგონვბს ეკლესიის სასურათო სისტემას, სადაც ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა მოცემული ძირითადი ეპიზოდები ქრისტეს ცხოვრებიდან. მოქვის ოთხთავი გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავებისაგან განსხვავებით, იძლევა ძირითადად, შინაარსის საკვანძო სიტუაციებს, მაშინ როდესაც ეს ორი უკანასკნელი დაწვრილებით მოგვითხრობს სახარების ამბებს. ზოგჯერ ერთი ამბავი რამდენიმე მინიატურის საშუალებითაა ილუსტრირებული.

მოქვის ოთხთავში 152 მინიატურაა. იგი თავისი მრავალფეროვანი ორნამენტაციით, სამინიატერო ხელოვნებით ეროვნული საგანძურის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

ელენე მაჭავარიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.
წყარო: http://www.orthodoxy.ge/




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი