მთავარი » ქრისტიანობა

მონაზვნობის მსურველთათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.03.2012 20 კომენტარი | 14,604 ნახვა

“მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს”.

ბერი პაისი ათონელი

იღუმენი დიონისე გვიმრაძეროგორ ჩაეყარა საფუძველი მონასტრულ ცხოვრებას, რატომ მიდიან და რა უნდა გაითვალისწინონ მონასტერში წასვლის მსურველებმა? გვესაუბრება დმანისის სიონის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“მართლმადიდებლურ სამყაროში მონაზვნური და მონასტრული ცხოვრების აღორძინება და გავრცელება ღირსი მამა პახომის, ანტონი დიდის, მაკარი დიდის და ექვთიმე დიდის (III-IV სს.) სახელს უკავშირდება. სწორედ მათ შექმნეს პირველი დიდი მონასტრები.

მესამე საუკუნის ბოლოსთვის მონაზვნურ ცხოვრებას ზოგადცხორებულთა მონასტრის სახე არ ჰქონდა. მანამდე ასკეტი მოღვაწე მამები განმარტოებულად მსახურებდნენ და საკუთარ თავში ვნებების დათრგუნვასა და ღვთის მადლის მოძიებას ცდილობდნენ.

რამდენიმე სიტყვით თვალი პახომი დიდის ცხორებასაც გადავავლოთ. ღირსი მამა წარმართთა ოჯახში დაიბადა, ქრისტიანობასთან შეხება არ ჰქონდა. ბავშვობაშიც კი ნაკერპავი საკვების მიმართ გაღიზიანებასა და უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა. ოჯახის წევრები და წარმართი ქურუმები ღირს მამას თავისიანად არ მიიჩნევდნენ. პახომი დიდი ღმერთმა გამოარჩია. საერო განათლების მიღების შემდეგ სამხედრო სამსახურში დაიწყო მსახურება, სადაც 20 წლის ასაკში პირველად შეხვდა ქრისტიანებს. გაუკვირდა და გაუხარდა, რომ იხილა სათნო ცხოვრებით გამორჩეული ადამიანები. გადაწყვიტა, ქრისტიანი გამხდარიყო და თავიდანვე მონაზვნური გზა აირჩია. 10 წლის განმავლობაში ერთი სულიერი წინამძღოლის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

ბევრი რამ დათრგუნა ღირსმა მამამ საკუთარ თავში, მრავალი ბრძოლა გადაიტანა. ერთ დღესაც გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც აუწყა, დაეტოვებინა ადგილი, სადაც მოღვაწეობდა და მონასტრის მშენებლობა დაეწყო. წინამძღოლის კურთხევით, იგი ამ საქმეს შეუდგა. მისი მოღვაწეობის შედეგად მონასტრების რიცხვმა 7-მდე მიაღწია. უამრავი ადამიანი შეიკრიბა მის გარშემო. ამ საოცარი ადამიანის მიერ დაწყებული საქმე დაახლოებით 7 000-მა ადამიანმა გააგრძელა. კეთილი ანგელოზის გამოცხადებითა და უწყებით მან დაადგინა, როგორი წესით უნდა ეცხოვრათ მონასტრის წევრებს. მართალია, დღევანდელი მონასტერი ზუსტად არ იმეორებს მის მიერ მოცემულ წესებსა და კანონებს, მაგრამ თითოეული მონასტერი ამ სულისკვეთების მატარებელია. სხვა მრავალი წესის შემოღებასთან ერთად, მის სახელს უკავშირდება ასევე მოზავნებისათვის საერო სამოსელისგან განსხვავებული შესამოსელის დადგინება.”

მამა დიონისე, ყველა მონაზონი ღვთის რჩეულია?

მონაზვნობა – ეს გახლავთ დიდი მსახურება ღვთის წინაშე. ადამიანმა თუ თვითონ არ განიცადა ეს მდგომარეობა, მისი არსის გადმოცემა და გაგება რთულია. უფალი ამბობს: “არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ” (იოან.15:16). ეს მიანიშნებს, რომ მონაზვნური ცხოვრება ისევე, როგორც ეკლესიური ცხოვრება ჩვენ კი არ მოვინდომეთ, არამედ ღმერთმა მოგვიწოდა, გამოგვირჩია და იგია წინამძღოლი ამ გზაზე ჩვენთვის. ნუ ვიტყვით, რომ ყველა მონაზონი ღვთისგან რჩეულია, რადგან ღმერთი არავის ნებას არ ეწინააღმდეგება, მან მოგვცა თავისუფალი ნება, მოგვანიჭა გონიერება და არ ერევა ჩვენს არჩევანში. რადგან არ დაგვავიწყდეს რას გვეუბნება უფალი: “რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი” (მათ.22:14).

ადამიანი, რომელიც მონასტერში წასვლას მოინდომებს, მას ღმერთი არ გადაეღობება. შეიძლება გახდეს მონაზონი, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, ზოგიერთი მათგანი ვერ ამართლებს თავის სახელს ისევე, როგორც ბევრი მორწმუნე და ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი.

რა მიზეზით ირჩევენ ადამიანები მონასტრული ცხოვრების გზას?

წმიდა მამები ამ თემას ძალიან ფრთხილად ეკიდებიან და მონასტერში წასვლის მსურველთ აფრთხილებენ, რომ მთავარია მონასტერში წასვლის სურვილი კარგად გამოვიძიოთ.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი მონასტერში წასვლის მსურველებს სამ ნაწილად ყოფს. ერთი ნაწილი ადამიანებისა მონასტერში ერის ცხოვრებაში ჩადენილი დიდი ცოდვების მიზეზით მიდის; მონასტერში წასვლითა და ცოდვებისგან განრიდებით ღვთის სასჯელისგან თავის არიდებას ფიქრობენ. წმიდა მამა ასეთ ადამიანს მრავალგზის დამწვარ საკმეველს ამსგავსებს. ნახშირზე დადებული საკმეველი იწვის, საამო სურნელს აფრქვევს, მაგრამ კვამლად იქცევა და სულ ქრება, კარგავს თავის უნარს. შესაბამისად, ადამიანიც, რომელიც მონასტერში ცოდვებისგან გაქცევის მიზნით მიდის, ღირსეული მონაზონი ვერ გახდება. შესაძლოა მას მონასტერში ცხოვრების გამო ამ ცოდვებთან შეხება აღარ ჰქონდეს, ამიტომ მათ გამო გამოწვეული პირველადი შიშიც გაქრეს, ყველანაირად სიზარმაცეს მიეცეს და საბოლოოდ მიზანიც დაკარგოს. ამიტომ ასეთ მონაზონს ხშირად ტანჯვა-წამებად ექცევა მონაზვნური ცხოვრება და ცდილობს, გაუძლოს იმ წლებს, რაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩენია. ასეთ დროს, მხურვალების შენარჩუნების აუცილებელ პირობად, წმიდა მამა მუდამ გლოვასა და სიკვდილის ხსოვნას ასახელებს, რაც ურთულესი საქმეა.

თუ ამ მაგალითს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, როგორც ერში მცხოვრებ მორწმუნე ადამიანებში, ასევემონაზვნებშიც ბევრი ისეთი მაგალითია, რომელიც ჩვენთვის სანიმუშოდ ვერ გამოდგება. მაგრამ მათი განსჯის უფლება არ გვაქვს. პირიქით, ამ ყოველივესგან გარკვეული გაკვეთილი და სიბრძნე უნდა მივიღოთ.

სამაგიეროს მიღება – ეს არის მონასტერში წასვლის მეორე მიზეზი. ანუ ფიქრობენ, თუ ღმერთს ემსახურებიან, ლოცვაში იქნებიან, ღმერთი მათ ამ სიკეთეს დაუფასებს და სამოთხეში მოხვედრის ღირსნიც გახდებიან. წმიდა მამა ასეთ ადამიანს ერთ უცნაურ შემთხვევას ადარებს: ვირი, რომელიც ხედავს რა გასამრჯელოს, წისქვილის ქვას ატრიალებს და ერთ ადგილს ტკეპნის. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ადამიანი არ უნდა ელოდებოდეს სამაგიეროს და ამის გამო არ უნდა ცხოვრობდეს მონაზვნურად. იგივე ითქმის ერის ადამიანებზეც. ასეთი საქციელიც არ არის უფლისთვის მოსაწონი.

წმიდა მამა მონასტერში წასვლის მესამე მიზეზად ღვთის სიყვარულს ასახელებს. ვისაც ამგვარი სანატრელი ცეცხლი მოუპოვებია, მონასტერში ცხოვრების პერიოდში უფრო მეტად უძლიერდება მოშურნეობა. შესაბამისად, არც ნაყოფი აყოვნებს: სულიერი განვითარება, მადლის მოპოვება და მოუკლებელი სიყვარული.

საბოლოოდ წმიდა იოანე ასეთ რამეს ამბობს: “თუ ამ სამიდან არც ერთი არ იყო მათი განზრახვის მიზეზი, მაშინ ამ უკანასკნელთა სოფლიდან გასვლის მიზეზი უგუნურება ყოფილა.” ამდენად, ძველთაგანვე წმიდა მამები გვაფრთიხლებენ, ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად არ გადავდგათ.

მიუხედავად ამგვარი გაფრთხილებისა, იგივე წმიდა მამა იოანე სინელი მიიჩნევს, რომ შესაძლოა დაუფიქრებლობით გადადგმული ნაბიჯიც კი საბოლოოდ დიდი სიკეთის მომთანი გახდეს. “ნურც მათ ვაძაგებთ, რომლებსაც რაიმე იძულებისა და გაჭირვების გამო დატოვეს სოფელი; რადგან მინახავს მიწაზე შემთხვევით დავარდნილი თესლი, რომელიც აღმოცენდა, გაიხარა და უხვი ნაყოფი გამოიღო; სხვა კი საგანგებოდ დათესეს და უნაყოფო აღმოჩნდა”-ამბობს წმიდა მამა.

თუმცა, ამგვარი შემთხვევები იშვიათი გამონაკლისია. ამიტომ გამართლების პრინციპით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ მონაზვნური ღვაწლის შედგომისას.

დღეს მონასტერში წასვლის სურვილი მიმბაძველობითაც უჩნდებათ…

დიახ, ამგვარი ტენდენცია გარკვეულწილად მართლაც შეიმჩნევა. დღეს მორწმუნე საზოგადოებაში დიდი პატივისცემით ეკიდებიან მონაზვნებს. ხშირად გვსმენია, მონაზონთა ხოტბის შესხმის რეალური თუ გადაჭარბებული მაგალითები, რითაც უნებურად მსმენელში მონაზვნობის ფარულ სურვილს აღვძრავთ. ხშირად ამგვარი სურვილი გაუაზრებლად, საკუთარი რეალური შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე და რაც ყველაზე სამწუხაროა, მზაკვრული პატივმოყვარეობითაა განპირობებული. ამიტომ, საქმე შეიძლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებამდე მივიდეს.

იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ მონაზონი – ეს არის ჯარისკაცი, რომელიც მიდის ძალიან მძვინვარე ომში და მისი მოწინააღმდეგე ძლიერი მტერია. თუკი ჯარისკაცი, ანუ მონაზონი წავა ამ ომში და ძალიან მალე დამარცხდება, მოკვდება, მაშინ ყველა, ვინც მის მაგალითს დაინახავს, მის გზაზე წასვლას აღარ მოინდომებს. ე.ი. მონაზონი არის სახე მიწიერი ანგელოზისა, თუ ის ვერ ასრულებს ამ ანგელოზის მსახურებას და ვერ მიემსგავსება მას, მაშინ არავის გაუჩნდება მონასტერში წასვლის სურვილი. ასევე, ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები ყველასთვის მაგალითს უნდა წარმოვადგენდეთ, რათა ტაძარში სიარულის სურვილი სხვასაც გავუღვივოთ.

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი მონასტერში წასვლა ღვთის მოწოდებაა?

უკვე განვიხილეთ ის მიზეზები, რომელთა გამოც მონასტერში წასვლა მოსაწონი არაა. ჩვენს სურვილთან ერთად თუ ღმერთის მოწოდებაც იქნება, ადამიანი აღარაფერზე იდარდებს და ამ წუთისოფელსაც ადვილად განერიდება. მონასტერში წასული პიროვნება თუ აღმოაჩენს, რომ დროის სვლასთან ერთად, შინაგანად თავისუფლდება და მსუბუქდება, სიხარული და მონდომება უძლიერდება, მაშინ მან მიაგნო ღვთის ნებასა და საკუთარ სამყოფელს. თუ აღნიშნული პროცესი არ მიმდინარეობს, მაშინ ჩვენი ადგილი მონასტერში არაა.

ზოგადად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრობლემებისგან გაქცევის მიზნით ამ გადაწყვეტილების მიღება გამოსავალი არაა. ღმერთმა უნდა აანთოს ჩვენში მონაზვნური ცხოვრებისაკენ სწრაფვის სურვილი. თუკი ადამიანი იმ ჯვრის ტვირთვას შეეცდება, რაც ღმერთს მისთვის არ აქვს განკუთვნილი, მთელ ცხოვრებას ტანჯვად და წამებად იქცევს. ყველამ უნდა გამოვიძიოთ და შემდეგ მადლიერებით ვიტვირთოთ ჩვენთვის განკუთვნილი ჯვარი, რომლის ზიდვასაც შევძლებთ. სამწუხაროდ, მას ხშირად ხელოვნურად თავად ვამძიმებთ იმის ფიქრით, რომ მძიმე ჯვარი გვერგუნა. ამის გამო ვვარდებით გმინვასა და დრტვინვაში, მწუხარებასა და მოწყინებაში.

აღნიშნული საუბრის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: მონაზვნობის მსურველმა სიღრმისეულად უნდა გამოიძიოს გულის წადილის მიზეზი, გაარკვიოს საკუთარი შესაძლებლობები და ღვთის მოწოდება, რათა არ აღმოჩნდეს გამოუვალ მდგომარეობაში. თუმცა წმ. იოანე ზემოთ თქმულ წინაპირობათა გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც კი საბოლოოდ ჩვენი მოღვაწეობისა და მონდომების შედეგად ღვთისაგან მოწყალების მიღების იმედს არ გვიკარგავს და ამბობს: “თუმცა კეთილი მეუფე ყოველი საქმის დასასრულს ელოდება, თუ როგორი იქნება ის”.

იგივეს მიგვანიშნებს ორი ძის შესახებ სახარებისეული იგავიც. მამისაგან ორივეს ერთნაირი მოწოდება ჰქონდათ; ერთმა თავიდან უარი განაცხადა, მაგრამ მაინც წავიდა სამოღვაწეოდ, ხოლო მეორემ თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, მაინც აარიდა თავი შრომას. ამ ორთაგან მხოლოდ პირველი ძე გახდა მამის ნების გამომხატველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისგან მოწოდებაც კი ჩვენი მოღვაწეობის გარეშე არაფერს ნიშნავს. ხოლო თავდაპირველ უდებებას ფარავს ჩვენი ქმედითი მონდომება.

ღმერთმა ყველას მოგვცეს უნარი, გამოვიძოთ, რომელია ჩვენი ჯვარი და მერე ღირსეულად, მადლიერებით და უდრტვინველად გვეტარებინოს იგი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

20 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი