მთავარი » ქრისტიანობა

მომხვეჭელობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.03.2013 | 1,793 ნახვა

“მომხვეჭელობა – ესაა გადამეტებული ზრუნვა ქონებისა თუ სიმდიდრის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის.”

წმ. თეოფანე დაყუდებული

“მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ (მათე 6, 19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც, ასევე, შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი – ათასებს.”

პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

მამა მალხაზ ყიფიანი (წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი): “დღეს ადამიანში რომ ქველმოქმედების, მომხვეჭელობამოწყალების გაცემის კულტურა არ არსებობს, ამის მიზეზი მასში დამკვიდრებული მომხვეჭელური სული გახლავთ. ადამიანი უმეტესად მდიდარი პიროვნებისგან ითხოვს გაცემას. ამ დროს კი შეიძლება ღარიბი იყო და დაუნჯების, მომხვეჭელობის სურვილი შენშიც სუფევდეს.

ხშირად ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს მოწყალების გაცემის საშუალება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება სხვას სიტყვიერად ან ფიზიკურად მდიდარზე მეტადაც კი დავეხმაროთ, რადგან ადამიანის სულიერება მატერიალური მდგომარეობით არ განისაზღვრება.

ზოგჯერ ვამბობთ კიდეც, რომ ესა თუ ის ადამიანი ჩვენგან დახმარებას არ იმსახურებს. ეს დამოკიდებულება არასწორია, რადგან უფალს არ განურჩევია ცოდვილნი და მართალნი… მზე და წვიმა თანაბრად მოქმედებს მართალთა და ცოდვილთა ზედა.

არასწორია ფიქრი, რომ მომხვეჭელური თვისებები მხოლოდ მდიდარ ადამიანს გააჩნია. ცხადია, შეძლებულ ადამიანში ეს ვნება უფრო ღრმად დევს და თუ მის სიმდიდრეს 1 თეთრი მოაკლდება, დამწუხრდება კიდეც, მაგრამ ასეთი მიდრეკილებები ღარიბსაც გააჩნია. გავიხსენოთ წმიდა მამათა ერთ-ერთი თხზულება, სადაც ვკითხულობთ, თუ როგორ ნატრობს ღატაკი ადამიანი იმ ვაჭრების მდგომარეობას, რომლებიც სხვადასხვა ძვირფასი საქონლით ვაჭრობენ და ამით სიმდიდრეს იძენენ. ამ შემთხვევაში ღატაკი არ ფიქრობს, რომ მდიდარს ღვთისაგან მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გააჩნია. ღმერთმა მათ სიმდიდრე იმიტომ კი არ ჩააბარა, რომ რაც შეიძლება მეტი დაიუნჯონ, არამედ დროებით მიაბარა და თუ დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენებენ, ღმერთი სიმდიდრეს როგორც აძლევს, ასევე მალევე ჩამოართმევს. ღატაკის ნატვრაში კი არასწორი სულიერი ცხოვრება იკვეთება. ადამიანი თუ არ იზარმაცებს, ღვთისგან მიცემულ ჯვარს ღირსეულად ატარებს.”

რამდენად ადვილია, ადამიანმა გააცნობიეროს, რომ მომხვეჭელობის ცოდვაში იმყოფება?

ყველა ადამიანში არის სინდისის ხმა, მართლმადიდებელთათვის ეს ღვთის ხმა გახლავთ. თუ მას ყურს დავუგდებთ და გულის კარს არ დავიხშობთ, რომელზეც უფალი ყოველ ადამიანს უკაკუნებს და თავისი საქციელის მიხედვით განსჯის, ადამიანი დაფიქრდება და ამ ცოდვისაკენ მიდრეკილებას დაინახავს. მაგრამ დანახვა და სინანული არაა საკმარი, აუცილებელია ამ ცოდვისაგან განშორება საქმითა და კეთილის ქმნით. ვისაც სურს, ცოდვას საკუთარ თავში კარგად ხედავს და აცნობიერებს…

მომხვეჭელობის ცოდვისაგან თავის დასაღწევად აუცილებელია ქველმოქმედება და მოწყალების გაღება. ადამიანმა საკუთარი თავი სიკეთის ქმნაში უნდა აიძულოს. გვახსოვდეს, გაცემაში არის ღვთაებრივი, მიღებაში კი – ადამიანური სიხარული. ამასთან, მოწყალების მიმღები აუცილებლად ლოცულობს მოწყალების გამცემზე. ქართველ ადამიანში დაიკარგა საერთო ეროვნული ინტერესი, დაიკარგა გაცემისა და მოწყალების გაღების კულტურა… ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რასაც გასცემს, ის ღვთისაგან კვლავ აუცილებლად დაუბრუნდება მადლის სახით. ამასთან, გაცემა სხვის დასანახად, ან უფლისაგან ჯილდოს მიღების მოლოდინით კი არ უნდა აღვასრულოთ, არამედ მოყვასის საკეთილდღეოდ. ეს არის ის საუნჯე, რომელიც ამ ქვეყანაში თუ არა, მარადიულ ქვეყანაში აუცილებლად გამოგვადგება. თუ ასე ვიცხოვრებთ, მომხვეჭელობის ცოდვას აუცილებლად განვეშორებით და ღვთის შემწეობასა და წყალობას დავიმსახურებთ.

“როგორც ფეხებზე ბორკილშებმულთ არ ძალუძთ დაუბრკოლებლად სიარული, ასევე ისინიც, ვინც ფულს აგროვებენ, ვერ შეძლებენ ზეცად აღსვლას,” წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი).

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი