მთავარი » ქრისტიანობა

მოციქული პეტრე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.06.2017 | 2,744 ნახვა

განკაცებული უფლის მოწაფეთა შორის წმ. პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებული პატივი ხვდათ წილად. მოციქული პეტრე ეკლესია მათ პირველმოციქულებს, ანუ მოციქულთა თავებს უწოდებს. ამათგან პირველს წმინდა წერილი ორი სახელით მოიხსენიებს. მას თავდაპირველად სიმონი ერქვა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტეს დაემოწაფა, პეტრე ეწოდა. ეს სახელი მოწაფეს თავად მოძღვარმა დაარქვა. წმ. წერილის თანახმად, იესო ქრისტემ მას პეტრე მტკიცე რწმენისა და გულმოდგინებისთვის უწოდა, რადგან ეს სახელი ებრაულ ენაზე კეფას, ანუ კლდეს ნიშნავდა.

პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა და იონას ძე, ებრაელთა ერთ-ერთი გამორჩეული ტომის, კერძოდ, სიმონის ტომის შთამომავალი იყო. ის გალილეის ქალაქ ბეთსაიდაში დაიბადა. ღვთის მოშიში და გულმართალი სიმონი, როგორც მეთევზეს შეჰფერის, უბრალო და პატიოსანი შრომით არჩენდა ცოლ-შვილს, მოხუც მამას და სიდედრს.

ძმისგან განსხვავებით ანდრიამ უქორწინებელი ცხოვრება არჩია. ასეთი არჩევანით იგი პირველ მეუდაბნოე მამათა წინამორბედი გახდა. როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელი სამოღვაწეოდ უდაბნოში გავიდა და თავისი ქადაგებით ხალხს სინანულისა და ნათლისღებისკენ მოუწოდა, ანდრიამ მაშინვე მას მიაშურა და დაემოწაფა. სწორედ იორდანის უდაბნოში მოისმინა მან თავისი მოძღვრისგან პირველი მოწმობა ქრისტეს შესახებ. აქვე იხილა მან ნათლისღებისთვის იოანესთან მოსული განკაცებული უფალიც, აქვე მოისმინა თავისი მოძღვრის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, სიტყვები: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოან.1,29). წმინდა ანდრიამ ირწმუნა ამ სიტყვების ჭეშმარიტება და მაშინვე შეუდგა ქრისტეს. მან ასე მიმართა განკაცებულ უფალს: „რაბი, სად ცხოვრობ?“ მაცხოვარმა კი მიუგო: „წამოდით და ნახავთ“.

იოანე მახარებლის თანახმად, ანდრია პირველწოდებული სხვებთან ერთად წავიდა და ნახა, სადაც უფალი ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა დაახლოებით ათი საათი.“ (იოან.1,38-39). მეორე დღეს, დილით, ანდრია თავის ძმასთან, სიმონთან, მივიდა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ მესია – ქრისტე“ . ამის შემდეგ მან ისიც იესოსთან მიიყვანა. მაცხოვარმა სიმონს შეხედა და მისი სულიერი ძალმოსილება განჭვრიტა. ამიტომაც ასეთი სიტყვებით მიმართა: „შენ ხარ სიმონი, იონას ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა, რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს (იოან.1,41-42.) იმ წამიდან წმინდა პეტრე უფლისადმი სიყვარულით აღივსო და ირწმუნა მისი, როგორც ჭეშმარიტი მესიისა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ მიეტოვებინა თავისი სახლი და საქმიანობა, რადგან საკუთარი შრომით არჩენდა სახლეულს. პეტრეს ზოგჯერ ანდრიაც ეხმარებოდა და ასე ცხოვრობდნენ ისინი იმ დრომდე, ვიდრე უფალმა ძმებს სამოციქულო მსახურებისათვის მოუწოდა.

ეს ამბავი კი ასე მოხდა: ერთხელ, როცა მაცხოვარი გალილეის ზღვის პირას მიდიოდა, დაინახა პეტრე და ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს აგებდნენ და უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“ (მათ.4,18-20). თუ როგორი მებადურები გახდებოდნენ ისინი, ამაზე თავად ქრისტემ მიანიშნა მათ, როცა უამრავი თევზი სასწაულებრივად დაიჭერა. ის სიმონ-პეტრეს ნავზე ავიდა და უთხრა, წყალში ბადე გადაეგდო. გაოცებულმა პეტრემ უფალს მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს“ (ლუკ.5,5). მოხდა სასწაული და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ მათი სიმძიმეს ბადე ვერ უძლებდა. ეს სასწაული მოციქულთა მომავალი საქმიანობის წინასახე იყო – ისინი უამრავ ადამიანს დაიჭერდნენ ღვთის სიტყვის ბადით და ცხონების გზაზე დააყენებდნენ. იმ დღიდან მოყოლებული წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან – ანდრიასთან – ერთად აღარასოდეს განშორებია მას.

უფალს პეტრე მოციქული იმ გულწრფელობისა და უბრალოების გამო უყვარდა, რომლითაც ასე უხვად იყო დაჯილდოებული. ერთხელ ქრისტე მის ღარიბულ სახლსაც ეწვია, სადაც პეტრეს ციებ-ცხელებით დასნეულები სიდედრი განკურნა. აი, ასე მოგვითხრობს ამ სასწაულის შესახებ მათე მახარებელი: „იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა ქალს. იგი წამოდგა და ემსახურა მათ“ (მათ.8,14-15).

პეტრე უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულისა. ეს სასწაულები აშკარად მოწმობენ, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად არის ძე ღმრთისა.

ერთხელ, ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე?“ (მათ.16,13). მათ მიუგეს: „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო“, მაშინ უფალმა ჰკითხა მათ: „თქვენ კი რას იტყვით:ვინ ვარ მე?“ სიმონ პეტრემ მიუგო:“ შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“ (მათ.16,14-16). ამ ჭეშმარიტი აღიარებისა და გულწრფელი სიტყვების გამო უფალმა ღირსი გახადა პეტრე მოციქული ნეტარყოფისა და აღუთქვა, რომ ეკლესია მასზე დაემყარებოდა. მათე მახარებლის მოწმობით, მან ასე მიმართა წმინდა პეტრეს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. მეც გეუბნები შენ : შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზედ ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ სასუფევლის გასაღებებს და რასაც შეჰკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათ.16,17-16).

უფლისადმი მგზნებარე სიყვარულით სავსე პეტრე მოციქული მოძღვრის კეთილდღეობას ნატრობდა. როცა მაცხოვარმა მოწაფეებს თავისი მომავალი ვნების შესახებ წინასწარ აუწყა, პეტრე მას შეეწინააღმდეგა და უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო.“ (მათ.16,22), რაზეც პასუხად მიიღო: “მომცილდი, სატანავ, ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია“(მათ. 16,23). პეტრემ მორჩილად და სიყვარულით მოისმინა მაცხოვრის სიტყვები და კიდევ უფრო მეტი ერთგულებით შეუდგა მას.

ერთხელ ქრისტეს ზოგიერთმა მოწაფემ ადამიანური უძლურების გამო ვერ შეძლო მოესმინა და დაეტია უფლის სიტყვები მის ხორცსა და სისხლთან ზიარებაზე და განეშორნენ მას, მოძღვარმა თავის თორმეტივე მიწაფეს ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ (იოან.6,67). სიმონ-პეტრემ ქრისტეს მტკიცედ მიუგო: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს“ (იოან. 6,68).

სხვა დროს, როცა ტალღებზე ფეხით მოსიარულე უფალი ბობოქარ ზღვაში ნავით მოცურავე მოწაფეებთან მივიდა, პეტრემ კადნიერად სთხოვა ქრისტეს,ნება მომეცი, მეც ფეხით გადმოვიდე ტალღებზე შენთან შესახვედრადო. უფალმა ნება დართო მას, პეტრეც ნავიდან ზღვაში გადავიდა, გაემართა უფლისაკენ, მაგრამ ძლიერი ქარის გამო შეშინდა, დაეჭვდა და უმალვე ჩაძირვა იწყო, მან საშველად ქრისტეს მოუხმო: „უფალო, მიხსენი მე“. მაცხოვარმა ხელი გაუწოდა შეშინებულ მოწაფეს, წყალში დანთქმას გადაარჩინა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ“ (მათ.14,28-33).

უფლის ორ მოწაფესთან – იაკობთან და იოანესთან – ერთად წმინდა პეტრე ღირს-იქმნა, თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალება ეხილა. მათ ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული უფალი წარმოუდგათ და მამა ღმერთის ხმაც მოისმინეს. ამ ამბავს ასე გადმოგვცემს მათე მახარებელი: „ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი ნათელივით განსპეტაკდა. და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას“. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,რომელიც მოვიწონე მე.მას უსმინეთ“.ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემვხნენ და ძალიან შეეშინდათ .იესო მიუახლოვდა და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“ თვალი რომ გაახილეს ,ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი“ (მათ.17,1-8).

როცა უფლის ვნების დრო მოახლოვდა, პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოავლინა ქრისტეს მგზნებარე სიყვარული, მან ასე მიმართა მოძღვარს: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც“ (ლუკ.22,33),თუმცა მაცხოვარმა მიუგო,რომ საკუთარ თავს მინდობილი პეტრე სამგზის უარყოფდა მას: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.“ (ლუკ.22,34). მართლაც, ასეც მოხდა. როცა იესო შეიპყრეს, „წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა. ერთმა მოახლემ იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო“, მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო,არ ვიცნობ იმას.“ ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“ დაახლოებით ერთი საათი გავიდა და სხვა ვიღაცა ამტკიცებდა და ამბობდა: „ჭეშმარიტად,ესეც იმასთან იყო,ვინაიდან გალილეველია.“ ხოლო პეტრემ უთხრა იმ კაცს: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა“ (ლუკ.22,55-60).

პეტრე მოციქულმა წრფელი სინანულითა და ცრემლით გამოისყიდა თავისი დანაშაული. უფლის სამგზისი უარყოფა მან უფლისადმი მგზნებარე სიყვარულის სამგზის აღიარებით წარხოცა, როცა მოძღვრის სამ ერთგვარ შეკითხვაზე სამგზისვე ერთგვარი პასუხი გასცა: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა: „კი, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. უთხრა: „აძოვე ჩემი კრავები.“ კვლავ უთხრა მეორედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?“ უთხრა: „კი, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“,უთხრა მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“ მესამედ უთხრა: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?“ პეტრე შეწუხდა, მესამედ რომ ჰკითხა: გიყვარვარო? და უთხრა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი: იცი, რომ მიყვარხარ.“ უთხრა იესომ: „აძოვე ჩემი ცხვრები“ (იოან.21,15-17). ქრისტემ პეტრე სამოციქულო ღირსებაში აღადგინა, იგი მეტყველ ცხოვართა მწყემსად დაადგინა.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმინდა პეტრე მოციქული ღვთის სიტყვის ქადაგებას შეუდგა. სულთმოფენობის დღეს მისმა ქადაგებამ სამი ათასი მორწმუნე დედა ეკლესიას შესძინა: „ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა და მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული“ (საქმე მოც.2,14-41). იგი დიდ სასწაულმოქმედ ძალასაც ავლენდა. ერთხელ ტაძარში წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად შესვლისას ერთი შობიდანვე ხეიბარი კაცი დაინახა, რომელიც ტაძრის მშვენიერად წოდებულ კარიბჭესთან იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. მაშინ პეტრემ უთხრა მას: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესოქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე.“ მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა და მას უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს“ (საქმე მოც.3,1-8). ამ სასწაულითა და ღვთის სიტყვის ქადაგებით პეტრე მოციქულმა კიდევ ხუთიათასი ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე (საქმე მოც.3,1-26;4,4). სხვა დროს წმინდა პეტრემ იერუსალიმის მცხოვრებნი – ანანია და საფირა – სულიწმიდის გმობისათვის მამხილებელი სიტყვით მოაკვდინადა. „საქმე მოციქულთას“ თანახმად, „ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად გაყიდა ყანა და გადამალა საფასურიდან, ეს მისმა ცოლმაც იცოდა, ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით. პეტრემ უთხრა: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ყანის საფასური? განა რაც გქონდა, შენი არ იყო და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ეცრუე არა ადამიანებს, არამედ ღმერთს“.ამის გამგონე ანაია დაეცა და სული განუტევა. წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. სამიოდე საათის შემდეგ შევიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ ყანა?“ მან მიუგო: „დიახ, ამდენად“. პეტრემ უთხრა მას: „რტომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი და შენც გაგიტანენ“. დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა“. (საქმე მოც.5,1-11).

ქალაქ ლუდიაში პეტრე მოციქულმა ასეთი სასწაული აღასრულა: მან რვა წლის განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი ენეასი შემდეგი სიტყვების წარმოთქმით განკურნა:“ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექ და დაიგე ლოგინი“ (საქმე მოც.9,36-42). ცნობილია, რომ თვით ჩრდილიც კი პეტრე მოციქულისა კურნავდა მასთან მიახლოებულ სნეულთ: „ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებსა და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს“ (საქმე მოც.5,15). ასეთი ღვაწლის გამო დაპატიმრებულ პეტრეს, რომელსაც ორმაგი ბორკილით შეკრულს ეძინა, ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა და საპყრობილედან უვნებლად გამოიყვანა: „და, აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში, გვერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი ჩქარა.“და ბორკილები დასცვივდა ხელებიდან. უთხრა მას ანგელოზმა :„სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები“. ასეც მოიქცა. უთხრა მას: „მოიცვი შენი მოსასხამი და გამომყევი.“გავიდა და გაჰყვა მას.“ (საქმე მოც.12,7-9).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმინდა პეტრემ, მოციქულთაგან პირველმა, გაუღო ჭეშმარიტი სარწმუნოების კარი წარმართებს, როცა პალესტინის კესარიაში რომაელი ასისთავი კორნელიოსი და მისი სახლეული მონათლა. ეს მოქცევა მას შემდეგ მოხდა, რაც პეტრე მოციქულს სამგზის ჰქონდა ერთი და იგივე ხილვა: „იხილა გახსნილი ცა და გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა დედამიწაზე. მასში იყო დედამიწის ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალ და ჭამე.“ პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია ბიწიერი და უწმინდური“. მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა გაწმინდა, ნუ მიიჩნევ ბიწიერად.“ ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცისკენ ამაღლდა“ (საქმე მოც.10). პეტრე მოციქულმა სამარიტელი სიმონ მოგვიც ამხილა, რომელმაც თვალთმაქცურად მიიღო წმინდა ნათელი და ფულით უნდოდა სულიწმინდის მადლის ყიდვა. მან დიდძალი ოქრო-ვერცხლი შეაძლია წმ. პეტრეს და სთხოვა, მომყიდე ის ძალა, რომლითაც სასწაულებს აღასრულებო. პეტრე მოციქულმა ასეთი სიტყვებით ამხილა მოგვი: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული წრფელი არაა ღვთის წინაშე. მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტევოს შენი გულიზრახვა“ (საქმე მოც.8,20-22).

პეტრე მოციქულის მიერ აღსრულებული მრავალი საქმე დაწვრილებათაა გადმოცემული წმინდა სახარებასა და მოციქულთა საქმეებში. მის შესახებ არსებული ყველა სხვა ცნობა შემორჩენილია მხოლოდ საეკლესიო გადმოცემებში. ცნობილია, რომ მან იმოგზაურა და სახარება იქადაგა ხმელთაშუა ზღვის – პალესტინის,ფინიკიისა და ასურეთის სანაპიროზე. ის იყო ანტიოქიაში, სადაც პირველ ეპისკოპოსად აკურთხა ებოდი. შემდეგ მცირე აზიის სხვადასხვა ოლქში უქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება იუდეველებსა და პროზელიტებს. ამის შემდეგ ეგვიპტეში ხელი დაასხა მარკოზს, ალექსანდრიის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად. იქიდან გადავიდა საბერძნეთში (აქაიაში) და ქადაგებდა კორინთოში, ეს ამბავი ასახულია კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (1კორ.1,12).

გადმოცემის თანახმად, საბერძნეთიდან წმინდა პეტრე იტალიაში გაემგზავრა და რომში გაჩერდა, ამის შემდეგ ესპანეთში, კართაგენსა და ბრიტანეთში იქადაგა. თავისი სიცოცხლის ბოლოს კი კვლავ რომში ჩავიდა, სადაც მოწამეობრივად აღესრულა. წმ. პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს, მოციქულმა სთხოვა, ჯვარზე თავდაყირა გაეკრათ, რათა თავისი სიკვდილითაც ჯეროვანი პატივი მიეგო უფლისთვის, რომელმაც თავისი ნებით ჯვარზე სიკვდილი დაითმინა, ამასთან, წმ. პეტრეს ღირსად არ მიაჩნდა თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო. ჯვარზე თავდაყირა გაკრულმა მოციქულმა ღვთის სიტყვა უქადაგა იქ შეკრებილ ხალხს და ღმერთი განადიდა. ბოლოს, მან მადლობა შესწირა უფალს იმისათვის, რომ მოწამეობრივი ხვედრის ღირსი გახადა და სული განუტევა. პეტრე მოციქული ქრისტეს შობიდან 67 წლის 29 ივნისს აღესრულა. მან, როგორც მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, ასევე,თავისი ჯვარცმითაც კიდევ ერთხელ განადიდა ღმერთი. პეტრე მოციქულის წმინდა სხეული ეპისკოპოსმა კლიმენტიმ რომაელ მეომრებს გამოსთხოვა, ჯვარცმიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.

პეტრე მოციქულს ეკუთვნის ორი კათოლიკე ეპისტოლე. პირველის დაწერის თარიღი განისაზღვრება 62-64 წლებით, ხოლო მეორე მიეკუთვნება 65-66 წლებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი