მთავარი » ქრისტიანობა

მკითხაობა ეშმაკის მსახურებაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.05.2012 9 კომენტარი | 14,506 ნახვა

მკითხაობის ფესვები ძველი მსოფლიოდან მოდის. ეს ხელობა გავრცელებული იყო ასურეთსა და ბაბილონში, ეგვიპტეში, ძვ. საბერძნეთსა და რომში. ბერძნულ და რომაულ წყაროებში მკითხავები მოიხსენიებიან, როგორც “ორაკულები”; ასურეთსა და ეგვიპტეში მკითხაობდნენ მხოლოდ ქურუმები. ცრუმორწმუნე ხალხი თვლის, რომ მკითხაობით მართლაც ბევრის გაგებაა შესაძლებელი, დანარჩენები მას ხალხურ გართობას უწოდებენ.

მკითხაობა მკითხაობა დღესაც ფართოდაა გავრცელებული (ხელზე, ყავაზე, კარტზე…), თუმცა თითქმის ყველა რელიგიის მიხედვით მკაცრად იკრძალება, მაგ.: აბრაამისეულ რელიგიებში (ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი), ასევე, იეზიდიზმსა და სხვა იაზდანისტურ რელიგიებშიც.

მართლმადიდებლური სამყარო თავიდანვე გმობდა მკითხაობას, ასტროლოგიას და ამგვარ ეშმაკისეულ მიმდინარეობებს, რადგან ეს უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე. რა ზიანს აყენებს მკითხაობა ადამიანს? ამ და სხვა კითხვებს პასუხობს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე (გიორგაძე):

“მკითხაობა (მჩხიბაობა) – ეს ეშმაკთან ურთიერთობაა. ჯადოქრები, მკითხავები, ექსტრასენსები, ბიოენერგეტიკოსები, მაკოდირებლები და სხვანი ეშმაკის მეგობრებად ითვლებიან. ისინი ათასგვარ უბედურებას მართებენ ადამიანებს. როგორც აღვნიშნეთ, რახან ეშმაკის მეგობრები არიან, იმ პრინციპიდან გამომდინარე – მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ – ცრუები არიან. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ბოროტი სანახევროდ სიმართლეს იყენებს. სხვა შემთხვევაში, ის ვერ შეძლებდა ადამიანის მოტყუებასა და დარწმუნებას. ასე, მაგალითად: ადამიანი მიდის მკითხავთან, ან ჯადოქართან და იგი ხედავს, რომ მას სახლში ხატები აქვს, სანთელი უნთია და ფსალმუნებსაც კი კითხულობს. ფსალმუნს კი შემდეგნაირად კითხულობს: იწყებს კითხვას 50–ე ფსალმუნისა, ხელში უჭირავს კაკალი, ან მზესუმზირა და იმ ადგილას, სადაც ამბობს: “მსხვერპლ ღვთისა არს”, ამსხვრევს ხელით და დაბლა ყრის. ანუ შემუსვრილი სულის ნაცვლად ასეთ შესაწირს აკეთებს და გმობს უფალს. ან ამბობს: “წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო” და როცა უნდა წარმოთქვას “შეგვიწყალენ ჩვენ”, ამ დროს იფურთხება და გმობს ღმერთს. ადამიანები ხანდახან თავადვე მიმართავენ ჯადოქრობას. მაგ.: სპირიტიზმის დროს მიცვალებულების სულებს იძახებენ, სინამდვილეში იქ მათ ეშმაკები ელაპარაკებიან. ეს ძალიან სახიფათოა.

ჯადოებს აკეთებენ და მკითხაობენ სხვადასხვა სიწმიდეებზეც. იყენებენ ჯვარს, ავგაროზს, ნაკურთხ წყალს, სეფისკვერს და ა.შ.
ჯადოქრები და მკითხავები ეკლესიაშიც კი დადიან, ესწრებიან წირვა–ლოცვებს, ღამისთევებსაც კი. ამით ისინი ადამიანებს ატყუებენ, რომ ადვილად მოახდინონ მათზე ზემოქმედება. უბრალო, პატიოსანი ადამიანი მათ ადვილად უჯერებს.

ისმის კითხვა: არსებობს თუ არა თეთრი მაგია? რა თქმა უნდა, არ არსებობს და ყველა მაგია შავია. თეთრ მაგიაში იგულისხმება ის, რომ ვითომცდა რომელიმე მკითხავი ხსნის ჯადოს, კურნავს ადამიანს, ან ბედნიერება მოაქვს. თუ მართლაც მკითხავთან ვიზიტის შემდეგ ადამიანი იკურნება, ამ შემთხვევაში ჯადოქარი ეშმაკს – მის მეგობარს ეუბნება, რომ გამოვიდეს ამ ადამიანიდან და შევიდეს სხვაში, თუმცა მხოლოდ ისეთ ადამიანში, რომელიც ექვემდებარება ბოროტის ზემოქმედებას. ასეთ “განკურნებულ” პიროვნებას ბოროტის ზემოქმედებით შეიძლება ათჯერ უარესი დაავადება შეეყაროს.

რატომ არ შიეძლება წინასწარ ბედისწერის გაგება?

ბედზე მკითხაობა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანს შუბლზე აწერია ის, რაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. ეს აბსურდია. სწორედ ამასთან დაკავშირებით სწადია ბევრს წინასწარმეტყველება და მიდიან მკითხავებთან. მკითხავები კი ზოგჯერ მართლაც შეიტყობენ რაღაცებს ეშმაკისაგან, თვითონაც უამრავ სიცრუეს ამატებენ და ასე ატყუებენ საცოდავ ადამიანებს.

ეშმაკის მსახურმა ადამიანებმა არ შეიძლება სიკეთე გააკეთონ, ყოველი მათი ქმედება ბოროტებაა.

რამხელა ცოდვაში იგდებს თავს ადამიანი, რომელიც მკითხაობს, ან ის, ვინც დადის მკითხავთან?

უფალი ბრძანებს: ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია. მესამე, შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, ამიტომ ადამიანი, რომელიც სცილდება ღმერთს, ის ადრე თუ გვიან ეხვევა ეშმაკის ბადეში და მკითხავების სალუკმე ხდება. აქედან გამომდინარე, მკითხავებთან, ანუ ეშმაკებთან ურთიერთობა ცოდვაა, რომელსაც ცრემლიანი აღსარება და თავმდაბლობა სჭირდება. ეკლესიური კანონმდებლობით, არა მარტო მკითხავები, არამედ მათი კლიენტებიც ექვემდებარებიან განკანონებასა და ეკლესიურ სასჯელს. ეშმაკებთან ურთიერთობას ადამიანი შეპყრობილებამდე მიჰყავს და ასეთი პიროვნების განკურნება, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც ხდება. მინდა დავძინო, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ვემოჩილებოდეთ დედა ეკლესიას, მის მოძღვრებს და არა ნებისმიერ სხვა, საეჭვო პიროვნებას, რომელმაც შეიძლება თავი მოგვაჩვენოს ეკლესიისა და რომელიმე მოძღვრის სულიერ შვილად.

ბევრი წმიდანი თავის მოძღვრებაში გვაფრთხილებს მკითხაობისგან წამოსული საფრთხეების შესახებ:

“მკითხავთან სიარული ღვთის საწინააღმდეგო საქმეა, როდესაც დავინახავ მასთან ვიღაც მიდის, ვუთხრა მას, რომ არ წავიდეს?
თუ ეს ადამიანი ქრისტეს მიერ საყვარელი შენი ძმაა, მაშინ უნდა უთხრა მას: „ძმაო, შენ ამით სულს იზიანებ და ღმერთს არისხებ, რომელიც გვიკრძალავს ამ საქმეს“. თუ არ მოგისმინა, მაშინ თავად იხილავს შედეგს. ხოლო თუ ეს უცხო ადამიანია, შენ მანამ ნუ იზრუნებ მასზე, სანამ ის ამის თაობაზე თვითონ არ გკითხავს; ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შენ მას ჭეშმარიტება უნდა უთხრა; ხოლო თუ არ ეტყვი, მაშინ განიკითხები. საულმა, როდესაც ჯადოქართან წასვლა განიზრახა, ამის თაობაზე თავის შვილს იონათანს ჰკითხა. მან კი პასუხისმგებლობა შეახსენა, რისთვისაც დაისაჯა მამისაგან. მაგრამ ვინც შენი ძალაუფლების ქვეშაა, იმას აუცილებლად უნდა შეაგონო”, – ბარსანოფი დიდი და იოანე.

ყავაზე მკითხაობა“მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა”, – წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე).

“ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს, არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძნეული. ზოგი იტყვის: “ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?” ყური უგდეთ, რას ამბობს წმიდა მამა იოანე ოქროპირი: “წმიდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმიდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ”. ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი–ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან. ეკლესიის მიერ სნეულებათა და უძლურებათაგან საკურნებლად დადგენილი გვაქვს ისეთი საიდუმლო, როგორიცაა ზეთისცხება; გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე – ნაკურთხი წყალი, არტოსი (სააღდგომო პური) და ბოლოს, ზიარების საიდუმლოთი ვუერთდებით თვით უფალს”, – არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი.

“მარჩიელობა არის ეშმაკის მოციქულობა; ეს მისნობა წარმოებს უკეთური, ბოროტი სულის მოძღვრებით, ასე რომ, ამისთანა მარჩიელთა მუცელში ცხოვრობს ეშმაკი და ამ კაცის პირიდან აღმოიტყვის შენი საქმე, რომლითაც შენ დაგარწმუნებს და გაგხდის მის თაყვანისმცემლად. მღვდელს არა აქვს ნება, მარჩიელი ხელზე იმთხვიოს, ეკლესიაში შეუშვას, აზიაროს, ანუ რაიმე საღვთო მოქმედება მას აღუსრულოს, სანამ არ მიატოვებს ეშმაკის მოციქულობას. ეკლესიისგან ასეთ შეჩვენებულ კაცთან შენ, პატიოსანი კაცი, მიდიხარ, ემოწაფები და კითხავ მას ავადმყოფის მიზეზსა და ბედ–იღბალს! ვაი, ამისთანა სიბნელესა და ცთომას! მიხედე, ძმაო, თვითონ რა წამხდარია! მან თუ რაიმე იცოდეს, თავისთვის არჩევდა, რით გაბედნიერდება და რით არა! მარჩიელნი უფრო წამხდარნი და უბედურნი არიან, ვიდრე სხვები… შენ რაც არ იცი, იმისთანა იმათ ვინ ასწავლა! თუ მეტყვის, ღმერთმა ასწავლაო, ეგ გმობაა, რამეთუ არავინ ღვთის მოსამსახურე ბერი, მონაზონი და ჭეშმარიტი მღვდელი არ კადრულობს მათ შეწყნარებას. ესეც იცი შენ, რომ იმათ ეშმაკი ალაპარაკებს… სასირცხვო როგორ არ არის, რომ ბევრი პატიოსანი კაცი და ქალი იკრიბება ციგნებისა და ჩაჩნების ქალის წინ და კითხულობს მისგან, თუ რა ბედ–იღბალის იქნება! რამ დაამდაბლა, ღმერთო, ასე კაცის გონიერება!” – წმ. ალექსი ბერი.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ვიკა says:

    კი მაგრამ,ქალბატონი კაკულია ვითომდა სამღვდელოებისგან რომ იღებს კურთხევას და (ღმერთო მაპატიე) სადღაც ყური მომიკრავს პატრიარქთან ვიზიტზე კურთხევაც ითხოვა.ხომ მკითხავია?

    • თამთა says:

      ყურმოკრულსა და ჭორს რომ ამბობ ჩემო კარგო ჯერ გადაამოწმე!პატრიარქი მჩქიბავებს არ წყალობს,რისი თქმა გინდა მაგით?

  • მარიამი says:

    ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა

  • ni says:

    nikoli— ratqmaunda shesadzlebelia tu gulit moinanieb. am statiashic weria locita da cremlit unda moinanio!…

  • ანა says:

    ასეთიო საქციელი ნამდვილდია და არ შეესადაგება სინამდვილეს რომ არ მოვიტყუო მე მისინჯავს მკითხაობა და ძალიან მინანია

  • ანა says:

    adamianis sulieri da moraluri degradaciaaa mtavari mizezi

  • არ ვიცი, შესაძლოა ვდები, მაგრამ ყველა ადამიანს აინტერესებს ასეთი რაღაცეები. მაინც ვერ გამიგია, რატომ არ უნდა დაინტერესდეს ამით. ცოდვა რატომაა? შესაძლოა მკითხავთან არ დადიოდეს ადამიანი, მაგრამ აინტერესებდეს და თვითონ “მკითხაობდეს”. რა შუაშია აქ ცოდვა? მომავლის გაგება რატომაა ცოდვა? მე არ ვთვლი ამას ცოდვად. ხომ არავის კლავენ? ხომ არ იპარავენ? შეიძლება მკითხაობდე, მაგრამ ღმერთის მხარეს იყო. ან ასტროლოგია საერთოდ რა შუაშია? ადამიანს აინტერესებდეს და კითხულობდეს ასტროლოგიურ საიტებზე ინფორმაციას, ცოდვას ჩადის? ან ამას ტირილით მონანიება სჭირდება? არა მგონია, ეს ცოდვა იყოს. და მაინც რატომ? ეშმაკის მსახურება არ არის ეს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი