მთავარი » ქრისტიანობა

“მიწყალე მე ღმერთო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.01.2018 | 1,712 ნახვა

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი): “ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა ყოველთვის იდუმალი და უხილავია. ეს იდუმალება სიცარიელეს როდი გულისხმობს; ის გარკვეული განწყობილებებითა და შეგრძნებებითაა მოცულია. ერთი მხრივ, ღმერთი თავის სიყვარულსა და მზრუნველობას გამოხატავს ადამიანის მიმართ, მეორე მხრივ, ადამიანი ცდილობს გარკვეული პასუხი გასცეს ღმერთის გამოძახილს. თუმცა, ეს პასუხი ზოგჯერ საერთოდ ან არ არსებობს, ან არ შეესაბამება ღმერთის ბუნებას, რადგან თავისი ადამიანურობა თავად ადამიანის ბუნებასაც ვერ გაუცნობიერებია. სწორედ, ამ იდუმალ ურთიერთობაზე უნდა ვისაუბროთ და იმ ორ ძირითად პრობლემაზე, რომლებსაც ადამიანური ბუნების გაუთვითცნობიერებლობა და ამის შედეგად ღმერთთან არამართებული ურთიერთობის წარმართვა ჰქვია. ყოველივე ეს კი მოკლედ და მართებულადაა გადმოცემული წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებში: “მიწყალე მე ღმერთო”.

მართლაც, თუკი ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები არ შეიცნო, ვერასდროს დაიმკვიდრებს ადგილს რეალურ ცხოვრებაში. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: ჯერ ადამიანმა თავისი სულიერი მდგომარეობა უნდა დაინახოს და შემდეგ მოახერხებს უფალთან ჯანსაღი სულიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. დღეს კი რა ხდება?

სულიერი ცხოვრების “წინსვლის” ხარისხი ძირითადად ღვთის მცნებების ფარისევლურად შესრულებაზე გახდა დამოკიდებული – რაც უფრო ზუსტად და ზედმიწევნით იქნება შესრულებული ესა თუ ის საეკლესიო დადგენილება და ჩვეულება, მით მეტია “სულიერების” ხარისხი. ეს რაც მარტოოდენ მორწმუნე ადამიანთა მდგომარეობაა.

თანამედროვე საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი ივიწყებს ღმერთს, რათა ადამიანმა – უზენაესი, ადამიანის მიერ გარდაქმნილმა სამყარომ კი ცათა სასუფეველი ჩაანაცვლოს. ღმერთის დავიწყების წინა პირობა კი თავად ადამიანური ბუნების აღქმის დაკარგვასთან არის პირდაპირ კავშირში. “ყველა, ვისაც სულით ჭეშმარიტად შეუცვნია საკუთარი (ბუნების) უძლურება, ნაყოფიერ მიწაზე თესავს”- გვმოძღვრავს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი; საკუთარი ბუნების შემცნობი ყველაზე ბრძენია,- ამბობენ წმ. მამები. მაშ, რის შემეცნება გვმართებს? ადამისეული ცოდვის მემკვიდრეობისა, რადგან ჩვენ ყველანი ამ ბუნების მემკვიდრენი ვართ.

მაშ ასე, ადამის ცოდვამ ღმერთისკენ შეუზღუდავი და დაუბრკოლებელი სწრაფვა შეაჩერა. მისი ბუნება კი, მიჩვეული ღმერთის სიკეთეს, პირველად აქცევს ზურგს მას და ამ სიკეთის მიღებას სხვა წყაროსგან მოისურვებს. მაგრამ შედეგი სავალალოა- ადამიანურმა ბუნებამ არაბუნებრივი მდგომარეობა შეიგრძნო. ღმერთს დაშორდა, სამოთხეს გამოეთხოვა, სულიერი საბურველი შემოეძარცვა და ყოველივე მიწიერის მიმართ მეტად მგრნობიარე გახდა. იმ დროიდან ადამის ყველა მემკვიდრეში მიმდინარეობს ბრძოლა მიწიერსა და ზეციურს, ბუნებრივსა და არაბუნებრივ მოთხოვნილებებს შორის.

მაგრამ რა ქნას ახლა ადამიანმა? რით დააღწიოს თავი თითქოსდა მისგან უნებურად მიღებულ მდგომარეობას? ძალზედ ბევრ ადამიანს აწუხებდა ეს კითხვა ძველი აღთქმის პერიოდში. მათ შორის იყო წმინდა ფსალმუნთმგალობელი დავითიც. ვერც მან გაუძლო ადამიანში წარმოებულ ბრძოლას და უდიდესი ცოდვა ჩაიდინა ურიას ცოლთან. მაგრამ ცოდვით დაცმული დავითი გრძნობდა დანაშაულს და გამოსავალს ეძებდა. ისიც იცოდა, რომ ღმერთი იყო მხოლოდ მისი გადამრჩენელი და სწორედ ამიტომ ვედრებით მიმართავდა “მიწყალე მე ღმერთო”.

ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავის სნეულებას შეიმეცნებს და კურნებას ითხოვს. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მაშინ რელიგია არ ჰქონდათ. პირიქით, მთელი კაცობრიობა იყო უფლის ძიებაში. არ არსებობდა ერი და ტომი, რომელსაც თავისი რელიგია არ ჰქონოდა. ყველანი გრძნობდნენ უზენაესზე დამოკიდებულებას, მაგრამ ყველამ როდი იცოდა ადამიანთა უძლურების მიზეზი. და რადგან მიზეზი არ იცოდნენ, არც ეძებდნენ გამოსავალს. მათთვის არაბუნებრივი ხომ ბუნებრივად იყო მიჩნეული. ადამიანური მისწრაფებები კი მიწიერი სურვილებით საზრდოობდა. ღმერთთან დამოკიდებულებაც მიწიერი სარგებლით შემოისაზღვრებოდა. მიწიერმა საზრუნავმა ხალხის ზნედაცემულობა გამოიწვია. ბოროტება გამრავლდა. სიცოცხლე აუტანელი, გაუსაძლისი გახდა. მხოლოდ მცირედნი – პრივილეგირებულნი “ტკბებოდნენ” მიწიერი სიკეთეებით.

რელიგია არსებობდა, მაგრამ ვერც ერთი რელიგია ადამიანის ბუნების განახლებას ვერ ახდენდა, რადგან ისინი ადამიანთა მიერ იყო დაარსებული. ადამიანები მხოლოდ იმას თხოულობდნენ, რაიმე გარეგნულად შეცვლილიყო, მაგრამ შინაგან ცვლილებაზე მცირედნი ფიქრობდნენ. არადა ადამიანის ბედნიერება მისი ბუნების მოწესრიგებაში მდგომარეობს და არა გარე სამყაროსი.
რელიგიამ რომ შედეგი არ მოიტანა, ფილოსოფიამ სცადა აეხსნა და განემარტა ადამიანის მდგომარეობის მიზეზი და გარკვეულ წილად მართებულ დასკვნამდეც მივიდა: ადამიანის შინაგან ბუნებას სჭირდება მოწესრიგება, თუმცა ეს თავად მისთვის შეუძლებელია. მაგრამ ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ეს შესაძლებელი გახდებოდა?!

და ამ დროს რას აკეთებდა ღმერთი? ღმერთი ხედავდა ადამიანის გასაჭირს, მაგრამ ადამიანი არ ითხოვდა დახმარებას. საჭირო იყო თავად ღმერთს ემოქმედა, რათა ადამიანს თავისი არაბუნებრივი მდგომარეობა შეეცნო, რისთვისაც მან ებრაელი ხალხი გამოარჩია და კაცობრიობას მხსნელის მოვლინებას დაჰპირდა ამ ერის წიაღიდან. სწორედ ებრაელმა ერმა იტვირთა ერთი ღმერთის ქადაგება. მათი ღმერთისადმი ერთგულება თუ უკუმიქცევა გახდა სხვა ერებისთვის ჭეშმარიტი ღმერთის ქადაგების მაგალითი. თუ მიჰყვებოდნენ მის ნებას, სასწაულებრივ გამარჯვებებს აღწევდნენ მტერთან ბრძოლაში, ხოლო თუ უგულებელყოფდნენ უზენაესის ნებას, ღვთის რისხვა ატყდებოდათ. ეს უკვე კარგად გაიგო მაშინდელმა მსოფლიომ. ამგვარად, ებრაელი ხალხის საოცარმა ისტორიამ მეტ-ნაკლები რწმენით კაცობრიობას მხსნელის მოლოდინი მოუტანა.

მაშ ასე: ახდა აუხდენელი, აღსრულდა აღუსრულებელი. ვინ იფიქრებდა, რომ ღმერთი მისგან ქმნილ ბუნებას მიიღებდა და ამგვარად გამოისყიდდა კაცობრიობას?! ვინ იფიქრებდა, რომ უზენაესი, მონის ბუნებით შემკობილი, თავმდაბლობითა და შეურაცხყოფით აღსავსე ცხოვრებას გაივლიდა?! ვინ იფიქრებდა, რომ იგი ჯვარზე გაეკვრებოდა და შემდგომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა?! ვინ იფიქრებდა, რომ სულიწმიდა ცეცხლის სახით ადამიანებზე გადმოვიდოდა?! ვინ იფიქრებდა, რომ შესაძლებელი იყო ადამიანის ბუნების განახლება, თანაც ამგვარი გზით?! მაგრამ ეს ყოველივე აღსრულდა, ღმერთის უდიდესი სიყვარულით და განგებულებით. ადამი გამოხსნილია და მისეული ცოდვა წაშლილია. მართალია, ადამისეული ბუნება კვლავაც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, თუმცა ძალა მოგვეცა, ბუნების გარდაქმნისა და განახლებისა. და ეს ძალაა სულიწმიდის მადლი.
აი, ეს არის მოკლედ გადმოცემული ადამიანური მდგომარეობა ადამიდან დღევანდელ დღემდე. მაგრამ, საინტერესოა, რამდენად იაზრებს თანამედროვე საზოგადოება ქრისტეს მნეობას?

ერთი მხრივ, დგას პრობლება იმისა, რომ მცნება “დაცემული ადამიანი” ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან თანამედროვე სამყარომ და ცივილიზაციამ იმდენი მოახერხა, ადამიანს თავისი ბუნების დავიწყება შეაძლებინა, დაუბნელა სულიერი თვალი. იგი მსხვერპლია მეცნიერული და ტექნიკური მიღწევებისა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: ,,დღეს განსაკუთრებით ფართოდ ვრცელდება მოძღვრება დაცემული კაცობრიობის სათნოებისა და მიღწევების შესახებ და ეს ქადაგება მიზნად ისახავს, ყველა მიიზიდოს ამგვარი სათნოებებისკენ. ამავე დროს ეს მოძღვრება სასაცილოდ იგდებს უწმინდეს ქრისტიანულ სიკეთეს და კაცთა შორის მისდამი სიძულვილის გაღვიძებას ცდილობს”.
თუ ადამიანმა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი არ შეიცნო, საკუთარი დაცემული ბუნება არ დაინახა, იგი ადვილად წარიტაცება თანამედროვე სამყაროს საცდურით და მონაწილე გახდება იმ პრობლემებისა, რომლებიც უკვე იქმნება დედამიწაზე ადამიანის ღმერთისაგან გაუცხოების გამო. დღეს ადამიანმა დედამიწას საფრთხე შეუქმნა, ხვალ უარესს უნდა ველოდოთ. იმის მაგივრად, რომ კაცობრიობა ამის მიზეზს საკუთარ თავში ეძებდეს, საფრთხის არიდებას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზით ფიქრობს. საკითხავი კი ის უნდა, იყოს ეკოლოგიური პრობლემების დარღვევამდე რამ მიიყვანა ადამიანი?
ნუთუ ამ ნორმების დაცვა მოახდენს ადამიანის გაკეთილშობილებას? ამიტომ პირველი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა საკუთარი საბრალო მდგომარეობა დაინახოს, რათა შემდგომ გამოსავლის ძიება დაიწყოს, როგორც ძველი აღთქმის პერიოდის ადამიანები ეძებდნენ. და როდესაც ამ პრობლემის აქტუალობას მიხვდება, მაშინ გაიხსენოს, რომ მხსნელი უკვე მოსულია. მის მიერ ხომ ყოველივე აღსრულებულია, ამიტომ ადამიანს უკვე შეუძლია მიმართოს მას სიტყვებით ,,მიწყალე მე ღმერთო”. მაგრამ აქ მეორე პრობლემა ჩნდება.

ერთია – უძლურების დანახვა, მეორე – ამ უძლურებისაგან თავის დაღწევის გზის პოვნა. რადგან ამდენი სუიციიდის (თვითმკვლელობის) პრობლემა, რითაც თანამედროვე მსოფლიო გამოირჩევა, არ ყოფილა არც ერთ დროს. რისი მანიშნებელია? ერთი იმისა, რომ ადამიანმა მეტ-ნაკლებად შეიცნო რომ ღმერთი კი არა ადამიანი ყოფილა, და მეორე – ცოდვისადმი მონობამ გონება აუმღვრია.

ამიტომ, მეორე პრობლემა კაცობრიობისა ის არის, რომ ქრისტეს მიერ ჩვენთვის ნამოქმედარი და აღსრულებული ვერ შეუცნია. პირველ რიგში ვის სწყალობდა უფალი? ავაზაკს, მეზვერს, მეძავს და ყველა იმას, ვინც მისგან რაიმე სახის კურნებას ითხოვდა. აკი მას ეკუთვნის სიტყვები: “წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი”-ო (მათ.9:13). მისი სურვილი კაცობრიობისთვის საღვთო სიკეთის მონიჭებაა, მაგრამ კაცობრიობა თავის სნეულებას უნდა ხედავდეს – ეს არის ერთადერთი პირობა საღვთო წყალობისა. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები “არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად” (მათ 9:12).

შესაბამისად, მასთან თანაცხოვრება ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებაა, ისეთში, რომელიც ადამს ჰქონდა. ცხოვრობდა სამოთხეში, სადაც სახილველიცა და საზრუნავიც ჰქონდა, მაგრამ ამ ყოველივეს მისთვის გონება არ დაუბნელებია, ვიდრე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვა. ამიტომ, ახლა, ჩვენც მიუხედავად მრავალი სახილველისა, საზრუნავისა და ზედ დამატებული უდიდესი საცდურისა, გამოხსნილნი ვართ. ღმერთი ერთი შეცდომით კი არ განვიკითხავს, როგორც ადამს, არამედ სიცოცხლის ბოლომდე გვაძლევს შანსს. მაგრამ ვიღას ახსოვს შემოქმედთან ურთიერთობა? ადამიანი მუდმივად იმის ფიქრშია, თუ როგორ ნახოს მიწიერი სარგებელი, როგორ მოიპოვოს თანამდებობა, სოციალური მდგომარეობა, სიმდიდრე, ანდა როგორ მიიღოს სიამოვნება ცოდვილი ცხოვრების გზით.

ღმერთისაგან მოვლენილი კაცობრიობა ივიწყებს ღმერთს: მასზე დამოკიდებულებას, მის მზრუნველობას, მოწყალებას, სიკეთესა და სიყვარულს; ცდილობს მიწიერი სამოთხის დამკვიდრებას. ამას კი ორი მიზეზი გააჩნია: პირველი – საკუთარი არაბუნებრივი და ცოდვისკენ მიდრეკილი მდგომარეობიდან გაქცევა და მეორე – პირველი მიზეზის საფუძველზე ქრისტეს გამოხსნის მსახურების უგულებელჰყოფა და უსარგებლობა.

შესაბამისად, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ წმინდა დავით მეფსალმუნის მსგავსად მუდმივად ღვთისაგნ წყალობას ითხოვდეს, საკუთარ თავისგან შექმნილ კერპს ემსახურება.

ღმერთმა დაგვანახოს საკუთარი უძლურება, ცოდვისკენ მიდრეკილება და ღმერთის დახმარებით, მხსნელისადმი რწმენით ყველას გადაგვალახინოს დაცემული ბუნება. დაე, ჩვენს გულებში ჩაუქრობელად გაისმოდეს სიტყვები: “მიწყალე მე ღმერთო”. ამინ!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი