მთავარი » საზოგადოება

მისაღებია თუ არა ოჯახში შინაური ცხოველი?

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 04.10.2013კომენტარი არაა | 4,884 ნახვა

როგორ უნდა მოვუაროთ ოჯახის პირობებში შინაურ ცხოველებს და რა პროცედურების დაცვაა საჭირო? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ამბიონს“ სრულიად საქართველოს ცხოველთა ძაღლი დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვეტერინარი ექიმი ვახტანგ მამალაძე ესაუბრა.

რამდენად უსაფრთხოა ოჯახში შინაური ცხოველი?

“თუ ვინმეს შინაური ცხოველის ყოლა სურს, პირველ რიგში, ჯობს მიაკითხოს ვეტერინარს, რათა გაიგოს, რამდენად უსაფრთხოა ცხოველი ოჯახში, მით უმეტეს, თუ სახლში ბავშვია.

თუ ძაღლზე და კატაზეა საუბარი, ვეტერინარმა უნდა გამოიკვლიოს ცხოველი, ჩაუტაროს პროფილაქტიკური დეჰებილიზაცია, ანუ ჭიაზე დამუშავება, გამოდევნოს ორგანიზმიდან ჰელმინთები. იგულისხმება ცხოველიდან ადამიანზე გარდამავალი ჰელმინთები, როგორიც არის ალვიოკოკოზი, ექინოკოკოზი… ანალოგიურად, საუბარია პროფილაქტიკურ ვაქცინაციაზე – აცრაზე. მაგ.: ცოფზე. თუ ცხოველი ვაქცინირებულია ცოფისგან, მაშინ ადამიანი დაზღვეულია.

გარდა ამისა, არსებობს ტოქსოპლაზმოზი, ლიამბლიოზი. ამ დაავადების გამავრცელებლები ძირითადად კატები არიან. ავადმყოფობის დასადგენად საჭიროა სისხლის ანალიზი, ლაბორატორიული გამოკვლევა. ანალიზის პასუხიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, ცხოველი ჯანმრთელია თუ არა. გამოკვლევის შედეგად ხდება რეზიუმეს გაკეთება.”

რომელი ცხოველია ცოფის მატარებელი?

ბუნებაში ცოფის რეზერვუარს წარმოადგენენ: მგელი, ტურა, მელა, კურდღელი და სხვა. ძაღლი თუ დაავადდა, ცოფი ვრცელდება კბენის საშუალებით. ცხოველის ნერწყვში არის ბაბეშნეგრის სხეულაკები. კბენიდან სპეციალური ნეირონებით გადაეცემა ნეიროვირუსი თავის ტვინამდე და ხდება კლინიკური ნიშნების გამოვლენა. კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან ათი დღის განმავლობაში ძაღლი კვდება. ცოფიანი ძაღლით დაკბენილი ან დადორბლილი ადამიანი შეიძლება დაავადდეს. თუ შესაბამის ანტირაბიულ დაწესებულებას არ მიაკითხავს, შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს.

ზაზუნასა და ზღვის გოჭს ვაქცინაციას არ ვუტარებთ. დაკბენის შემთხვევაში აუცილებელია მიაკითხონ სპეციალისტს.
ფრინველებიდან თუთიყუშის ნაკბენზეც აუცილებელია ადამიანმა მიაკითხოს რაბიოლოგს. სტატისტიკურად საქართველოში ამის შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ დაფიქსირებულია, რომ დედამიწაზე თუთიყუშს გაუვრცელებია ცოფი.

როგორია სტატისტიკა?

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2012-2013 წლებში ცოფის 5 შემთხვევა დაფიქსირდა: 2012 წელს – 3, ხოლო 2013 წელს – 2.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოსახლეობა აკითხავს ვეტერინარს, ცხოველებს დროულად უტარებენ აცრას.

ლეიშმანიოზმა ბოლო პერიოდში ძალიან იმატა. ლეიშმანიოზი ფლებოტომუსებით ვრცელდება. 2008 წელს ლეიშმანიოზის 102 შემთხვევაა დაფიქსირებული მარტო თბილისში, 2009 წელს – 86, 2010 წელს – 85, 2012 წელს კლებულობს და 2013 წელს 40 ფაქტი აღინიშნება, თუმცა ჯერ არ არის კვლევა დასრულებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ უკეთესობისკენ მივდივართ.

რა სახის შინაური ცხოველი ყავთ ოჯახში?

ოჯახში ყავთ: ძაღლი, კატა, ზაზუნა, ზღვის გოჭი, შინშილა, იგუანა, პითონი. ასევე – ეგზოტიკური ცხოველებიც.

რამდენჯერ უნდა აიცრას ძაღლი?

როდესაც ლეკვს მიიყვანენ ოჯახში, პირველ რიგში, ერთი თვის ასაკში უნდა ჩაუტარდეს დეჰელმინტიზაცია, ერთი ან ორი კვირის შემდეგ – კომბინირებული ვაქცინით ვაქცინირება. კომპლექსური ვაქცინით ხდება სამჯერადად აცრა 2 კვირის შუალედით. კომპლექსური ვაქცინა გვაძლევს იმის შანსს, რომ ძაღლი იყოს ჯანმრთელი.

რამდენად უსაფრთხოა შინაური ცხოველის ბეწვი ბავშვისთვის?

საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი პანიკაა. მსოფლიოში მსგავსი ფაქტორი არ არსებობს. ამიტომ, თუ ბავშვი არ არის ალერგიული ცხოველის ბეწვზე და თუ ძაღლი დროულად არის დამუშავებული ჰელმიტებზე, არანაირი საშიშროება არ ემუქრება.

როგორ უნდა მოვუაროთ ცხოველს?

ცხოველები ზაფხულში თვეში ერთხელ სპეციალური შამპუნით უნდა დავბანოთ, მისთვის განკუთვნილი ნივთები ყოველთვის სუფთად უნდა იყოს. აუცილებელია, დროულად მიაკითხონ სპეციალისტებს.

თქვენი რეკომენდაცია…

მიხარია, რომ ოჯახებში ყავთ შინაური ცხოველები და მივესალმები ამ ფაქტს. თუ ოჯახს მატერიალური საშუალებაც აქვს, ვურჩევდი, შეიძინოს შინაური ცხოველი. ცხოველი ფუფუნების საგანია, სჭირდება კარგი ხარისხის კვება და აქსესუარები. ცხოველს ოჯახში დადებითი ენერგეტიკა მოაქვს, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის.

არსებობს მოსაზრება, თითქოს ეკლესიურად მიუღებელია ოჯახში შინაური ცხოველის არსებობა. ამ საკითხთან დაკავშირებით „ამბიონს“ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი კიკვაძე ესაუბრა:

„არსებობს ყველანაირი საეკლესიო სწავლება, რაც ჩვენ მოგვეწოდა წმინდა წერილითა და საღვთო გარდამოცემით. ამ სწავლების ცოდნა აუცილებელია ჩვენი სულის ცხონებისთვის. ეს საეკლესიო სწავლებები გადმოსცემენ ყველაფერს, რაც საჭირო და აუცილებელია იმისთვის, რომ ამქვეყნად ადამიანმა იურთიერთოს ღმერთთან ეკლესიური ცხოვრების საშუალებით და შემდეგ ეს ურთიერთობა სულის ცხონებით გაგრძელდეს“.

ეკლესიურად რამდენად მისაღებია, როდესაც ოჯახში ჰყავთ შინაური ცხოველი?

ადამიანის სულის გადარჩენის საქმეში არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს ეყოლება თუ არა შინაური ცხოველი სახლში. ეს არ აისახება მის ურთიერთობაზე მაცხოვართან. სახლში თუ ადამიანს ყავს შინაური ცხოველი, რატომ უნდა უშლიდეს ხელს ეს მის ქრისტიანულ ცხოვრებას?

შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით საეკლესიო სწავლება არ არის და ვერც იქნება. თუმცა საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს შინაური ცხოველის ყოლა განაშორებს სულიწმინდის მადლს ადამიანის სახლს. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ აზრის გამოთქმა არათუ არასწორი, არამედ მკრეხელობაა, იმიტომ რომ, ფლორა და ფაუნა შექმნილია ყოვლადწმინდა სამების მიერ და განსრულებულია სწორედ სულიწმინდის მადლით. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ქმნილება განაშორებს შემოქმედს? მაშინ რატომ შექმნა შემოქმედმა, თუკი მისი არსებობა სულიწმინდის მადლს განაშორებს? ეს აზრი საფუძველს მოკლებულია.

მართალია, რომ სადაც სიწმინდეებია, იქ ძაღლის ყოლა არ შეიძლება?

ბუნებრივია, მართებული და სწორია, რომ ხატების კუთხეში და იმ ადგილას, სადაც ადამიანი ლოცულობს და სიწმინდეებია დაბრძანებული: ხატები, ნაკურთხი წყალი, სებისკვერი და ა.შ., თვითონ ადამიანს მართებს, პირველ რიგში, შესაბამისი კრძალვა.

ძაღლი არის ცხოველი, რომელიც იმართება თავისი ინსტინქტებით, რაც უფლისგან ებოძა და მას ვერ მოვთხოვთ „გონიერებას“, რომ არ შეურაცხყოს სიწმინდე და არ ახტეს ხატების კუთხესთან. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სიწმინდეები უნებლიე შეურაცხყოფისაგან დავიცვათ, რაც შეიძლება შინაურმა ცხოველმა მიაყენოს მათ, აუცილებელია იმ ოთახში არ შევუშვათ ცხოველი.

სიწმინდეებს ადამიანი უპირველესად შეურაცხყოფს და თავისთავს განაშორებს სულიწმინდის მადლს არა შინაური ცხოველის ყოლით, არამედ ღვთის მცნებების დარღვევით, არაქრისტიანული და არაეკლესიური ცხოვრებით.

ვახტანგ მამალაძე (საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვეტერინარი ექიმი):

„4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ვულოცავ ყველა ცხოველთა დამცველს ამ დღეს. ვისურვებ, რომ ქუჩაში აღარ იყვნენ მაწანწალა ცხოველები, თითოეულმა ჩვენგანმა შევიფაროთ ისინი და გავუფრთხილდეთ მათ სიცოცხლეს.“

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.