მთავარი » დღესასწაულები

მირქმა-მიგებების დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.02.2022 | 562 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, უკვე მესამე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ჩვენს რეგიონებში და განსაკუთრებით სვანეთში დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით.

სვანეთში შემორჩენილი ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც, ასევე, სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა.

ამ დღეს ასევე მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებსაც ახარონ უფლის განკაცება.

როგორც ცნობილია, წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველის სახით ძველმა აღთქმამ ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს მე-40 დღეს მიაგება თავისი ერთ-ერთი რჩეული მსახური; ღრმად მოხუცებულ მართალ სვიმეონს ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; და აი, მათი შეხვედრით დასრულდა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ „ძველი აღთქმის“ პერიოდი და სათავე დაედო „ახალი აღთქმის“ ეპოქას.

„მირქმის“ დღესასწაული ეს არის ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ. თადაპირველად იგი უფრო დიდი ზეიმთ აღინიშნებოდა. მაგალითად, იერუსალიმის ეკლესიაში, სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობით მსვლელობას აწყობდნენ.

ეს წესი, სხვა ეკლესიების მსგავსად, საქართველოშიც აღესრულებოდა. შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრგან იგი დავიწყებას მიეცა, ჩვენთან კი, ძირითადად, ხალხურმა მეხსიერებამ შემოინხა.

მისი აღდგენა აუცილებელ და საშურ საქმედ მიგვაჩნია.

მართალია, პანდემიის პირობებში საქართველოში დღეს გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია, მაგრამ კუთვნილი პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს.

კარგი იქნება, თუ მას, შესაძლებლობისამებრ, ძველი ტრადიის მიხედით გავამშვენებთ მსახურებით, რომელიც ან სადღესასწაულო მწუხრის, ან მეორე დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ აღესრულება – იკურთხება სანთლები და ანთებული სანთლებითა და ბაირაღებით ხდება ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოვლა; ტარდება პანაშვიდიც.

ძალიან კარგი იქნება, სადღესასწაულო ლოცვის ან წირვის შემდეგ, სასულიერო პირები ბავშვებთან ერთად, ანთებული სანთლებით თუ ოჯახებშიც მივლენ, ბავშვებს დაალოცინებენ ოჯახის უფროსს და მასთან სანთელს გაცვლიან, როგორც ეს სვანეთში ბოლო დრომდე ხდებოდა. ასევე სასურველია, „მირქმის“ დღეს ყოველ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც − შვილები და მათაც ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები.

„მირქმას“ ანუ „ლამპრობას“, ახალშობილ იესოს განსაკუთრებულად უნდა შევავედროთ საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები, სამშობლო და ასევე, გარდაცვლილი წინაპრები.

ბოლოთქმა

ლიტურგიკული და ეთნოგრაფიული მასალების გაცნობამ აჩვენა, რომ ნაწილი ქართველი მკვლევარებისა ხალხში შემონახულ „ლამპრობას“ მხოლოდ ხალხურ დღესასწაულად მიიჩნევდა და მას ეკლესიის წიაღს არ უკავშირებდა. უფრო მეტიც, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი სამოცდაათწლიანი ათეისტური რეჟიმის პირობებში, სახელმწიფოს დაკვეთით წახალისებული იყო პროპაგანდა, რომ ერში არსებული ზოგიერთი საეკლესიო ტრადიცია წარმართული გავლენისთვის დაეკავშირებინათ, ამან ნაყოფი გამოიღო. ხალხში ზოგან მოხდა ტრადიციის ცვლილება ან შემორჩა იგი ოდენ ფრაგმენტული სახით.

ეს მძიმე ისტორიული ვითარება გავლენას ახდენდა ეკლესიის ცხოვრებაზეც, ამიტომაც ზოგიერთი ლიტურგიკული ტრადიცია გამარტივდა ან დავიწყებას მიეცა, რაც აისახა გვიანდელ ქართულ „კურთხევნებში“. მაგალითად, საეკლესიო წიაღში საფუძველი შეექმნა აზრს, რომ, „ლამპრობა“− სანთლების კურთხევა არ იყო „მირქმა-მიგებების“ დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი, რაც რეალობას არ შეესაბამება.


ვიდრე „სანთლის კურთხევის წესს“ შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ ამონარიდს, ექვთიმე კოჭლამაზაშვილის სტატიიდან „ლამპრობა-მიგებების“ დღესასწაული:

„ლამპრობა“ ქრისტიანული დღესასწაულია, მისი სახელწოდება და რიტუალური თავისებურება – ლამპრებისა და ცეცხლის ანთება, ჩირაღდნებით საზეიმო მსვლელობა და ლიტანიობა – შემორჩენილია სააქრთველოს სხვადასხვა კუთხეში, სვანეთში („ლამპრობის “ სახელით) მთიულეთში („ლაპორიობა), გუდამაყარში („ლამპარიობა“), ფშავში („ლომპორია“) ხევსურეთში („ლამპრობა“), ხევში („ამპარიობა“) გურიასა და იმერეთში.

„ლამპრობა“ მარტო ქართული ღმრთისმსახურების დამახასიათებელი რიტუალი არ ყოფილა. იგი უძველეს დროში მთელ საქრისტიანოში იყო გავრცელებული და „მიგებების“ (მიქმის) დღესასწაულს უკავშირდებოდა.

„მიგებება“, როგორც ვიცით, ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. ქრისტიანული ეკლესიისა, რომელიც შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესუს იერუსალიმის ტაძარში მიყვანისა და მართალი სვიმეონის მიგებების მოსახსენებლად დაწესდა (ლუკა 2,22-39). წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი (IV ს) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით.

რომის ეკლესიაში „მიგებებამ“ საერთოდაც სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებაშიც.

„ლამპრობისა“ და „მიგებების“ იგივეობას ადასტურებენ ქართული საისტორიო და ლიტურგიკული მწერლობის ძეგლებში დაცული ცნობები. უძველეს საღმრთისმსახურო კრებულებში „მიგებების“ დღესასწაული არცთუ იშვიათად „ლამპრობის“ სახელით გვხვდება. „ლამპრობა“ რომ სწორედ „მიგებების“ გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“ – ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესუს მირქმის შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში – „იადგარში“.

უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში(კურთხევანი) ვხვდებით „ლამპრობის“ კვერექსებსა და „მიგებების ლამპართა“ კურთხევის წესებს, რომლებიც კალენდარული ადგილისა და შინაარსის მიხედვით, „მიგებების“ დღესასწაულს შეეფერებიან. „პარხალის მრავალთავში“ ლამპრობის საკითხავად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი“, რაც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ „მიგებების“ დღესასწაულს შეეფარდება. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული „მიგებების“ შესატყვისად.

საინტერესოა, რომ უფლის მიგებების ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე, სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად, XII-XIII სს. ტიხრული მინანქარის ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღმრთისმშობლის წინ, X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი). იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.

იმის გასათვალისწინებლად, თუ რა სულიერი შინაარსი ჰქონდა „მიგებების“ დღესასწაულზე ანთებული სანთლებით ლიტანიობას, საინტერესო მასალას გვაწვდის ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცული ლამპართა კურთხევის წესები („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა. შ.) ჩვენთვის ცნობილია ამ „კურთხევის“ სამი რედაქცია, ორი მათგანი დაცულია X საუკუნის სინურ ხელნაწერებში, მესამე კი XVII-XVIIIსს რამდენიმე პოსტათონურ ხელნაწერში, რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.


ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი „ლამპართა“ („სანთლების კურთხევისა“) ჩვენამდე მოღწეული სამივე რედაქციის შეჯერებული ვარიანტია, თუმცა ძირითადად იგი მესამე, ყველაზე სრულ ხელნაწერს ეყრდნობა.

სანთლის კურთხევა

ლოცვის (ან წირვის) დამთავრების შემდეგ ხალხი აუნთებელი კელაპტრებით ელოდება სანთლების კურთხევას, ამასთან შუა ტაძარში, მაგიდაზე აწყობენ შიდა საჭიროებისთვის განკუთვნილ საკურთხებელ სანთლებს. მათ წინ დგამენ შანდალს, რომელზეც მღვდელი ამაგრებს სამ სანთელს.

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

„ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები, ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაბინნი და ქერაბინნი დაუდუმებელითა ხმითა სამგზის-წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო; გადიდებთ შენ რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა, და მსგავს კაცთა იქმენ. დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისთა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად – ცეცხლსა ღმრთეებისა შენისასა. აწცა უფალო, ვითხოვთ შენგან განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთა და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთა ამათ – მადლი სულისა წმიდისაი, განაბრწყინვნე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა სანთლითა სუფევისა შენისაითა და ღირს-ვიქმნნეთ მადლობით დაუცხრომელად დიდებად შენდა თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითიურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.“

მღვდელი: მშვიდობა ყოველთა

დიაკონნი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ:

მღვდელი ხელაპყრობით:

„უფალო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰხედ ქუეყანად ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქმელად გაბრწყინდი წმიდისა უბიწოჲსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისაითა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოჲს დგას ბევრეული დასი ანგელოზთაჲ, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა აღსრულებად სჯულისა ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვითარცა ყრმაი, რომელსა შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი, ხოლო გიხილა რაჲ, ძლიერად ღაღად-ყო და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა, გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი ჩვენ, უღირსთა მონათა შენთა; ღირს გვყუენ ჩუენ წარდგომად წინაშე შენსა სათნოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნი, ნათლითა ღმრთეებისა შენისაითა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, და აკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვით შენ სიხარულით, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობად ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

ამის შემდეგ მღვდელი აანთებს კელაპტრების წინ დადგმულ შანდალზე სამ სანთელს და ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ“

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

„გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ და თაყუანის-გცემთ − მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“

მღვდელი წინ დადებული საკურთხებელი სანთლებიდან იღებს ერთ სანთელს და სამი ანთებული სანთლიდან უკიდებს მას.

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი, მარჯვენა ხელში ანთებული სანთლით ამბობს:

„აღანთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

შევნიშნავთ, რომ ეს ლოცვა ასევე იკითხება სხვა ნებისმიერ დროსაც სანთლის კურთხევისას. შემდეგ მღვდელი მარცხენა ხელში გადაიტანს სანთელს, მარჯვენათი კი ნაკურთხ წყალს ასხურებს სანთლებს, როგორც მაგიდაზე დადებულს, ისე ხალხისას.

გუნდი(ან ერი) გალობს:

აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა.

მღვდელი დადებს უსუპს, მარჯვენა ხელში გადმოიტანს ანთებულ სანთელს და დიაკონსა და მრევლს აუნთებს და მთელი ტაძარი ანთებული სანთლებით გაბრწყინდება. შემდეგ მღვდელი სანთლით და დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით, მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და ლიტანიობითა და გალობით უვლიან ტაძარს. გალობენ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საგალობლებს, ასევე სვიმეონ მიმრქმელის ტროპარს.

ტაძარში შესვლისას

დიაკონი : უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა. ღირს-მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან,

რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

ამით მთავრდება მწუხრის მსახურება და მოებმის მცირე პანაშვიდი.

მორწმუნეებს ამ დღეს ნაკურთხი სანთელი მიაქვთ სახლში და მას მთელი წლის განმავლობაში ანთებენ დიდ დღესასწაულებზე და განსაკუთრებულ შემთხვევებში სურვილისამებრ.

ეს მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ პირველად შესრულდა 2021 წელს.

სასულიერო პირთა საყურადღებოდ:

სასურველია, ძველი ტრადიციისამებრ, მირქმა-მიგებების სადღესასწაულო წირვაზე მრჩობლ კვერექსში მოხდეს შემდეგი მუხლების დამატება:

  1. ვთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.
  2. ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
  3. რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
  4. რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
  5. რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

და მრჩობლი კვერექსი წაიკითხოს შემდეგი სახით:

დიაკონი:

− ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვთქვათ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

− უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

− შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)

− მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და ღმრთივგანგებულისა მთავრობისა, მხედრობისა, ხელმწიფებისა და მეუფებისა მისისათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, (და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტისა შიოსათვის, ან/და ადგილობრივი ეპისკოპოსი, ყოველთა მიტროპოლიტთა მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, (დედათა და დათა(აქა მდებარეთა,)) აქა მოხსენებულთა და შევედრებულთა და ყოველთა მართლმადიდებელობით აღსრულებულთა ერთათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− მერმეცა გევედრებით: წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, ძმათა წმინდისა ამის ტაძრისათა(მონასტრისათა).

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

−მერმეცა გევედრებით: ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

ასამაღლებელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე

გუნდი, ან ერი: ამინ!

(06.02.2022)




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი