მთავარი » ქრისტიანობა

მირონცხების საიდუმლო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.11.2020 | 1,180 ნახვა

„…რომელსა ჰრწმენეს ჩემი,
ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი
მუცლისა მისისაგან დიოდიან
წყლისა ცხოველისანი“
(იოან. 7, 38
)

მირონცხების საიდუმლო, ჩვეულებრივ, აღესრულება უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ, შეადგენს რა მასთან ერთად ერთ საღვთისმსახურო წესს. ამ საიდუმლოში ახლადმონათლულს მოემადლება სულიწმიდის ნიჭნი, რომლებიც განამტკიცებენ და განაძლიერებენ მას ქრისტიანულ ცხოვრებაში. როგორც აღვნიშნეთ, ნათლისღებით ადამიანი იშვება სულიერი ცხოვრებისათვის, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან და პიროვნულისაგანაც, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ადამიანისათვის შობის შემდეგ საჭიროა ჰაერი, სინათლე, საზრდელი, ისე სულიერ ცხოვრებაში ადამიანის განსამტკიცებლად საჭიროა მადლი და ძალნი სულიწმიდისა.

სულიწმიდის მადლმოსილ ნიჭთა შესახებ უფალმა იესო ქრისტემ თქვა: „და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან [წმინდა წერილმა], მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი (იოან. 7, 38; შდრ. ეს. 12, 3; იოვ. 3, 18).

სულიწმიდის მადლმოსილი ნიჭები აუცილებელია ქრისტეს ყოველი მორწმუნე ადამიანისათვის, რათა წარმატებით ებრძოლოს თავის სისუსტეებს და მრავალრიცხოვან საცთურებს, რომლებითაც იგი ყოველი მხრიდანაა გარემოცული. გარდა საერთო ნიჭთა, აუცილებელთა თითოეული ქრისტიანისათვის, არსებობს კიდევ ეგრეთწოდებული განსაკუთრებული ნიჭები სულიწმიდისა, რომლებიც ეკლესიის საგანგებო მსახურთ მოემადლება: მღვდელმსახურებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, ყველა კეთილმსახურ მმართველს.

თავდაპირველად მოციქულები მირონცხების საიდუმლოს ხელთდასხმით აღასრულებდნენ. „საქმენი მოციქულთას“ წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ მოინათლა მრავალი ადამიანი სამარიაში დიაკონ ფილიპე მოციქულის ქადაგების შემდგომ (იხ. საქმ. 8, 5, 12). ხოლო, როცა იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიტელებმა ღვთის სიტყვა შეიწყნარეს, მათთან სწორედ იმისთვის გაგზავნეს პეტრე და იოანე, რომ მონათლულებს მათი ხელთდასხმით სულიწმიდა მიეღოთ (იხ. საქმ. 8, 14-15).

ადამიანებზე პირველად ეს საიდუმლო საზეიმოდ განხორციელდა აღდგომიდან 50-ე (სულთმოფენობის) დღეს, როდესაც მოციქულებზე გადმოვიდა ცეცხლოვანი ენები, აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს უცხო ენებზე ლაპარაკი (იხ. საქმ. 2, 1-4), რათა მსოფლიოს ხალხებისთვის ექადაგათ ქრისტეს მოძღვრება. პირველი საუკუნის შუა წლებში ამ საიდუმლოს აღსრულება, მოციქულებმა წმინდა ზეთის – მირონის ცხების მეშვეობით დაიწყეს. ეს იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ქრისტიანობის გავრცელების კვალობაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს უკვე ფიზიკურად არ შეეძლოთ ყველა ახლადმონათლულისათვის დაესხათ ხელნი და ასე მიენიჭებინათ მათთვის სულიწმიდის ნიჭნი.

მადლმოსილ ნიჭთა მომადლების მაგალითები სწორედ კეთილსურნელი ზეთის – მირონის ცხების მეშვეობით, ძალზე ბევრია ძველი აღთქმის საღვთო ისტორიაში (იხ. გამ. 29, 7; ლევ. 8, 12; 1 მეფ. 10, 1; ფსალმ. 132, 2). აქედან მომდინარეობს სიტყვა „მესიაც“, ანუ „ქრისტე“, რაც ბერძნულ ენაზე სწორედ „ცხებულს“ ნიშნავს. ამიტომაც, ეკლესიის წმინდა მამები თავად სიტყვა „ქრისტიანს“ მჭიდროდ უკავშირებდნენ მირონცხებას. „ქრისტესთან თანაზიარებით, – ამბობს წმინდა კირილე იერუსალიმელი, – თქვენ ღირსეულად იწოდებით ქრისტიანებად, ანუ ცხებულებად. თქვენს შესახებ ბრძანა ღმერთმან: „ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა…“ (ფსალმ. 104, 15).
ეკლესია ცხებისათვის იყენებს მირონს. „მირონი“ ბერძნული სიტყვაა (my- ron) და ნიშნავს „სურნელოვან ზეთს“. იგი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში გამოიყენებოდა რჯულის კარვის, მღვდელმთავრების, წინასწარმეტყველებისა და მეფეების ცხებისათვის.

მირონი წარმოადგენს კეთილსურნელოვან სითხეს, განსაკუთრებული სახით შემზადებულს ზეთის, ალოეს, მურის, ვარდის ზეთის, დაფქული მარმარილოსა და სხვა ნივთიერებათა შენაზავისაგან (მისი მოხარშვისას იყენებენ რამდენიმე ათეულზე მეტი დასახელების კეთილსურნელოვანი მცენარისა და ნივთიერების ნაზავს). მირონის შემადგენელი ნაწილების ასეთი სიმრავლე სიმბოლურად მიუთითებს სულიწმიდის ნიჭთა სიმრავლეზე, სიუხვესა და მრავალფეროვნებაზე, აგრეთვე ქრისტიანული სათნოებების სიმრავლეზე.
თავდაპირველ ეკლესიაში მირონს თავად მოციქულები აკურთხევდნენ (ხარშავდნენ), მათ შემდგომ კი – მათი მემკვიდრეები, მათ მიერ დადგინებული ეპისკოპოსები, ვითარცა მოციქულთამიერი მადლის მატარებელნი და მემკვიდრენი. ხოლო თვით მორწმუნეთა ცხებას მირონით პრესვიტერებიც (მღვდლებიც) აღასრულებენ. ის, რომ ნაკურთხი მირონით ცხების წესი მოციქულთა დროს განეკუთვნება, ჩანს მოციქულ პავლეს სიტყვებიდან, რომელიც კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან, და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა“ (2 კორ. 1, 21-22). მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას წარმოთქმული თვით ეს სიტყვები – „ბეჭედი ნიჭისა სულისა წმიდისა“ – პირდაპირაა დაკავშირებული მოციქულის გამონათქვამთან, რომელიც სხვა ეპისტოლეში წერს: „…ნუ შეაწუხებთ [შეურაცხყოფთ] სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა“ (ეფეს. 4, 30). ამ დღედ გამოხსნისა საღვთო წერილში იწოდება სწორედ ნათლობის დღე; სულიწმიდის ნიშის, წინდის ქვეშ, უეჭველია იგულისხმება „სულიწმიდის ბეჭედი“, რომლითაც აღბეჭდვა ადამიანისა უშუალოდ მოსდევს მის ნათლობას.

მირონის კურთხევა-მოხარშვის უფლებამოსილება ერთ-ერთი ნიშანია ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ვინაიდან მირონის მოხარშვისა და კურთხევის უფლება აქვს მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიას. როგორც წესი, მირონის კურთხევას აღასრულებენ წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები ეკლესიის მეთაურთან ერთად დიდ ხუთშაბათს, ვნების შვიდეულში.
ახლადმოხარშული და ნაკურთხი მირონი ყველა ეკლესია-მონასტერში იგზავნება, რათა მღვდელმსახურთ წმინდა მირონცხების საიდუმლოს აღსრულება შეეძლოთ.

მირონცხების საიდუმლოს გარდა, მირონი სხვა შემთხვევაშიც გამოიყენება. მაგალითად, ტაძრის კურთხევის დროს წმინდა მირონით ინიშნება წმინდა ტრაპეზი, რომელზეც უნდა შესრულდეს ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის საიდუმლო, აგრეთვე ტაძრის კედლებიც წმინდა მირონით ინიშნება.
ისევე, როგორც ნათლისღება, მირონცხების საიდუმლოც არ მეორდება – იგი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ აღესრულება ადამიანზე. მხოლოდ მართლმადიდებელი, ღვთივკურთხეული მეფეები ღირს იქმნებოდნენ ძველ დროში მეორედ ყოფილიყვნენ ცხებულნი წმინდა მირონით – მათი მეფედ კურთხევის დღეს. ეს საიდუმლო აგრეთვე აღესრულება იმ პირებზე, რომლებიც განერიდნენ ერეტიკულ საზოგადოებებსა და შემოუერთდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას* (ისინი მირონცხებამდე მღვდლის წინაშე აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და ამის შემდგომ ღებულობენ მირონცხების საიდუმლოს).

ასევე, ნათლობის მადლის მსგავსად, მირონცხების საიდუმლოში მიღებული სულიწმიდის ნიჭი უბრალოდ, პასიურად კი არ უნდა იქნას მიღებული, არამედ – აქტიურად გათავისებული. ამ აზრით წმინდა სერაფიმე საროველი ამბობდა, რომ ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების მიზანი არის „მოხვეჭა ღმრთის წმიდა სულისა“. ღვთაებრივი სული ჩვენს მიერ მიღებულ იქნა წინდად, და საჭიროა მისი შეძენა, მოპოვება, ანუ მის სრულ მფლობელობაში შესვლა. სულიწმიდამ ჩვენში ჯეროვანი ნაყოფი უნდა გამოიღოს, რომელიც მოციქულ პავლეს სიტყვით, არის „…სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ… უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ“, – თუ ჩვენ სულით ვცოცხლობთ, ვცხოვრობთ, სულიერადვე უნდა ვიქცეოდეთ, სულიერს ვადგეთო (გალ. 5, 22- 23, 25). ასე, რომ ყველა საეკლესიო საიდუმლო მადლმოსილი და მაცხოვნებელია ადამიანისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქრისტიანის ცხოვრება შეესატყვისება მის მიერ საეკლესიო საიდუმლოებებში ღმერთისაგან მიღებულ მადლსა და ნიჭს.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი