მთავარი » კულტურა, ქრისტიანობა

მიქაელ მაღლაკელი – ძველი ქართველი ოსტატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2018 | 236 ნახვა

მაცხვარიში მიქაელ მაღლაკელი არის XII საუკუნის I ნახევრის ქართველი მხატვარი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი სოფელ მაღლაკიდან (ქუთაისთან ახლოს) უნდა ყოფილიყო. მიქაელ მაღლაკელს მოუხატავს ზემო სვანეთის სოფელ მაცხვარიშის ეკლესია (ლატალის თემში) . ეკლესიაში შემონახულია რამდენიმე საქტიტორო წარწერა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ე. ი. 1140 წელს “ჴელითა მიქაელ მაღლაკელისათა”.

მაცხვარიშის ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა. მას თავდაპირველად სამმხრივ გარშემოსავლელი ჰქონდა, ახლა მხოლოდ სამხრეთი ნაწილია დარჩენილი. საკურთხეველში გამოსახულია “ვედრება”, მის ქვემო რიგში მოციქულთა ფიგურებია, ნავის კედლები და კამარა ქრისტეს ცხოვრების სცენებს უჭირავს (3 რეგისტრად).

განსაკუთრებით საინტერესოა ქვედა რეგისტრი, სადაც გამოსახული არიან სვანეთის კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი წმინდა მხედრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალის გამოსახულება. ჩრდილოეთ კედლის მარცხენა თაღში დემეტრე მეფის ფიგურაა, მეფეს გვირგვინს ადგამს ანგელოზი, ქრისტე კი აკურთხებს, 2 ფეოდალი მას წელზე ხმალს არტყამს. მხატვრულ-სტილისტიკური თვალსაზრისით მიქაელ მაღლაკელის მხატვრობა XI-XII საუკუნეების გარდატეხის ეპოქას განეკუთვნება. არსებითად იგი XI საუკუნის მონუმენტური კედლის მხატვრობის ტრადიციებს აგრძელებს. შენარჩუნებულია ცალკეული კომპოზიციის დიდი ზომა, მხატვარი ფიგურებს მონიმენტური, განზოგადებული ფორმებით გადმოსცემს, მათი მოძრაობა დინჯი და თავდაჭერილია, დგომა მყარი და ბუნებრივი. იგრძნობა შინაგანი დინამიკა, თუმცა ეს უკანასკნელი ხაზგასმული არ არის.

ამასთან ერთად საყურადღებოა XII-XIII საუკუნეების დეკორ-მონიმენტური ფერწერის სტილის ნიშნები. მხატვრობა, ერთი მხრივ, ატენის სიონის, მეორე მხრივ კი ყინწვის-ტიმოთესუბან-ბეთანიის მოხატულობის ნიშნებს ამჟღავნებს. კოლორიტის თვალსაზრისით მხატვარი თავდაჭერილია, იყენებს ორი ძირითადი ფერის – რუხისა და მოწითალო ყავისფერის ნიუანსებს. ნახატები გრაფიკულია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 24, თბ., 1984; ვ. ბერიძე “ძველი ქართველი ოსტატები”. თბ. 1967, გვ. 170-173


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.