მთავარი » ქრისტიანობა

მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2017 | 2,998 ნახვა

ახალი სტილით 9 ოქტომბერი – მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა შემდგომ ქრისტემ წმიდანს, „რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა“, ძმით, იაკობითურთ მოუწოდა და კაცთა მონადირედ დადგინება აღუთქვა (მთ. 4,21). მანაც დაუტევა ყოველივე.

მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.

იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.

საიუდმლო სერობაზე პეტრემ, „დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაჲ“, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა მოძღვრისათვის ეკითხა, „თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა“. ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: „ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ და მაცხოვარმა „მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი“.

ცხადია, რომ როცა იოანემ ძმასთან ერთად იესოსგან მისი მახლობელი საყდარი ითხოვა (მკ. 10,35-36): „არა ვითარცა დიდების ტრფიალმან, არამედ ვითარცა ქრისტეს ტრფიალმან ითხოა იგი, რადგან სურდა, არავინ ყოფილიყო სხუაჲ მისსა უმახლობელესი სასურველისაჲ“.

წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა“, დედას უთხრა: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს უთხრა: „აჰა დედაჲ შენი!“ (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.

როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალავად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა მას.

ამ დრომდე წმიდა მახარებელი იურუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან.

ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტო დარჩენილმა გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო – ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებლად დაეცვა.

მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე მძვინვარე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მარავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და ერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68) სხვა ცნობით კი – დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.

ქრისტეს აშკარა აღსარებისთვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული. წმიდა მოციქულს მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.

იოანეს გამოცხადება

ნეტარი მახარებელი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად უდაბურ მთაზე ავიდა და სამი დღე იმარხა. მისი ლოცვის დროს მთა შეზანზარდა და საშინლად იქუხა. შეძრწუნებული პროხორე მიწაზე დაემხო. იოანემ წამოაყენა ნეტარი და უბრძანა ჩაეწერა, რასაც მისგან გაიგონებდა: „მე ვარ ანი და ჵ, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხ. 1,8) – ამბობდა ღვთის სული მოციქულის მიერ. ასე დაიწერა დაახლოებით 67 წელს იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია განცხადებული.

ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში დაბრუნდა. იგი აქედან ადევნებდა თვალყურს ყველა მახლობელი ეკლესიის ცხოვრებას, ხშირად მოიხილავდა მათ და ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართული ამაოდბრძნობით შერყვნისაგან იცავდა.

იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.

იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდოდა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ. როცა ნეტარი წლებმა იმდენად დაამძიმა, რომ ქრისტიანთა თავყრილობებზე სიარული არ შეეძლო და მოწაფეები დაატარებდნენ, უწინდელივით ქადაგებასაც ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: „ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ – კმა გეყოფათ“.

იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.

წმ. იოანე მახარებლის მიცვალება

ერთხელ ნეტარი შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა, შემდეგ კი სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ტირილით დაჰკოცნეს ძვირფასი მოძღვარი, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.

ყოველწლიურად, 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და სასწაულბრივ იკურნებოდნენ. ამის გამო ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.

უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად „ბანერგეს“ – ძენი ქუხილისანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობაზე და სულის სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი – სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა – ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.