მთავარი » ქართული მეტყველების კულტურა

მღერიხარ თუ მღერი? ტყუიხარ თუ ტყუი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2017 | 3,883 ნახვა

მღერიხარ ახლანდელი დროის პირველ და მეორე პირში მეშველ ზმნებს (ვარ,ხარ) დაირთავენ ერთი მხრით, მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნები: ვდგავარ, დგახარ; ვზივარ, ზიხარ; ვწევარ, წევხარ, მეორე მხრით კი – მოძრაობა- გადაადგილების აღმნიშვნელი ზმნები: მივდივარ, მიდიხარ; მივრბივარ, მირბიხარ; ვხტივარ, ხტიხარ და მისთ.

მესამე პირის ფორმები მარტივია და მოკლე: მიდის, მირბის, ხტის; მრავლობითში: მიდიან, მირბიან, ხტიან…

სწორედ ამ დაბოლოებებით ემსგავსება ზემომოყვანილ ზმნებს ხმიანობის, ხმის გამოცემის აღმნიშვნელი ზმნების III პირის ფორმები: მღერის – მღერიან, ყვირის – ყვირიან, კივის – კივიან, ტყუის – ტყუიან და მისთ. ჩანს, ამ მსგავსების საფუძველზე მათ I-II პირის ფორმებიც ადრე ჩამოთვლილი ზმნების ანალოგიით აწარმოვეს მეშველი ყოფნა ზმნის საშუალებით. ასე მივიღეთ უმართებულო ფორმები: ვმღერივარ, მღერიხარ; ვტირივარ, ტირიხარ; ვყვირივარ, ყვირიხარ; ვტყუივარ, ტყუიხარ… სწორი ფორმები კი ტრადიციულად არის: ვმღერი, მღერი; ვყვირი, ყვირი; ვტირი, ტირი; ვტყუი, ტყუი… გავიხსენოთ აკაკის “თავო ჩემოს” თუნდაც ეს ცნობილი სტრიქონი:
“მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი”.

როგორ გავმიჯნოთ ის შემთხვევები, როცა ვარ, ხარ მეშველი ზმნები საჭიროა, იმ შემთხვევებისგან, როცა ისინი ზედმატია?

უფრო ადვილად დასახსომებლად იქნებ გამოდგეს ასეთი “შინაურული” რეცეპტი: მდგომარეობისა და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან I-II პირში ვარ და ხარ აუცილებელია (ვდგავარ, ვზივარ, ვწევარ; მივდივარ, მივრბივარ, ვხტივარ); თუკი ხმიანობის აღმნიშვნელი ზმნები გვაქვს, მაშინ მეშველი ზმნის დართვა ზედმეტია. ცხადია, პოეზიაში ან სიმღერებში რითმისა თუ რიტმის საჭიროებისათვის ხმარებული არასწორი ფორმები მხედველობაში არ მიიღება (გავიხსენოთ პარალელური ფორმების ხმარება კინოფილმ “მიმინოდან”, ბუბა კიკაბიძის პერსონაჟის სიმღერაში). ამგვარი გამონაკლისები საერთო წესს არ არღვევს. მაშასადამე, უნდა ვთქვათ და ვწეროთ:

ვმღერი, მღერი; ნუ მღერი!
ვტირი, ტირი; ნუ ტირი!
ვყვირი, ყვირი; ნუ ყვირი!
ვკივი, კივი; ნუ კივი!
ვტყუი, ტყუი; ნუ ტყუი! და მისთ.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო
აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009. გვ. 108-109.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.