მთავარი » ქრისტიანობა

მფარველი წმიდანები და მათი ხატებანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.02.2018 | 2,037 ნახვა

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (ახალდაბის წმ. გიორგის ტაძრის მსახური): “ქრისტეს გზაზე შემდგარი ადამიანი, სასოებს ღმერთს და სასოებს ღმრთის გზაზე უკვე გავლილთ, რომელთაც მადლი ჰპოვეს შემოქმედის წინაშე და ცათა სასუფეველში დაიმკვიდრეს. წმიდათა ცხოვრების გაცნობის შედეგად, წმიდანები თუ წმიდის მიერ გამოვლენილი შემწეობის გამო, მორწმუნენი განსკუთრებული აქცენტით იწყებენ, მისდამი ლტოლვას. ამავე დროს შეინიშნება ერთი ფაქტი. ქრისტიანები კითხულობენ პირადი სახელის მქონე წმიდანს. ამით მას თავის მფარველად მიიჩნევენ. ეძიებენ მის ცხოვრების აღწერილობას და ხატს.

უთუოდ აღსანიშნავია, ამგვარი ხედვა ერთგვარად არამართებულია. ქმედების გადაზრდა ხდება წარმართულ სულისკვეთებაში, სადაც მათთვის მფარველი წმიდანი ცხოვრების ავგაროზად ისახება. ზეციურ მკვიდრთათვის უცხოა მიკერძოებითი სულისკვეთება, მფარველობა გაეწიოს ცალსახად სეხნიობითი მიზეზით. ეს საფუძველს მოკლებული უპირობო მოთხოვნილებაა. მორწმუნის ცხოვრება სახარებისეულის შესაბამისი უნდა იყოს. ღმრთისგან განშორებულობა თანამდევად მათგან განშორებაა. მეოხების ფაქტორიც ცალსახად ღმრთივმიერი ქმედებაა. შემოქმედს ყოვლადმოწყალებაში ვერვინ აღემატება. მეოხებად გამოხატული, წმიდათა დასში აღძრული მოწყალება, ცალსახად უთითებს მათში ღმრთის ხატებასა და მსგავსებას. ბუნებრივია, ანარეკლი ვერ იქნება სწორი პირველსახესი. წმიდათა შეწევნითი გამოვლენა საღმრთო განგების ნაწილია, სხვა შემთხვევაში პიროვნების ვედრების პასუხად. აქ კი მვედრებელის სახელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჰაგიოგრაფიულ თხრობანში სეხნიობის ფაქტორი პასიურია. ისინი თანაბრად შეეწევიან ნებისმიერი სახელის მქონე პირს.

ტრადიციის წყარო – სეხნიობითად შერჩევა, წმიდის ხატის ჩუქება, შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული. პირველი: პიროვნებას მშობელთა სიყვარული, სასოების გამო კონკრეტული წმიდის სახელი დაარქვეს, რითაც მშობლებმა ამ წმიდას შევედრეს თავისი შვილი. მეორე: ვაუწყებთ სიწმიდის საზომს, ვლოცავთ- ვუსურვებთ მისდამი სულიერ მსგავსებას. ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნავ, მსგავსების სურვილი სახელით არ განისაზღვრება. იგი თავისუფალია ნებისმიერი იდენტურობისგან, სახელი იქნება, ყოფითი წესი, თუ სქესი. დედა მონაზონი სასოებდეს დიდმოწამე გიორგის, ღირს ანტონი დიდს, წმიდა მღვდელმთავარ გრიგოლ საკვირველმოქმედს. ოჯახის მამა ან ჭაბუკი რომელიმე მოციქულს, დიდმოწამე ქეთევან დედოფალს, მთავარანგელოზს და ა.შ. ამორჩევის მიზეზი წმიდის მოღვაწეობითი სახის ტრფიალია, ან წმიდისგან მიღებული თანადგომა. შესაბამისად, ძღვნად მისართმევის ხატიც შეიძლება ნებისმიერი წმიდის იყოს.

ხსენებული ავგაროზული დამოკიდებულება აქტიურად აღძრავს სურვილს ყველას ჰქონდეს სეხნიობითი წმიდის ხატი. ისინი, ვინც წმიდათა მოსახსენებელში მსგავსის მატარებელს ვერ პოულობენ ერთგვარი დაუკმაყოფილებლობა ეუფლებათ. შედეგად, ცდილობენ, 100 000 მოწამის, 6 000 გარეჯელი მარტვილთა დაყრდნობით კონკრეტული სახელის მატარებელი წმიდის ხატი შეუკვეთონ. ეს ქმედება მეტად არამართებულია. ხატი თავისი არსით სარკმელია-მაკავშირებელი გამოსახულ პერსონასთან. ამ დროს აუცილებელია მისი კონკრეტირება, რომელიც აისახება: ცხოვრების დადასტურებით, პიროვნების განსაზღვრით, მოღვაწეობითი სახით. ამით მსგავსი სახელის მატარებელი წმიდანნი ურთიერთსხვაობით წარმოჩინდებიან. მაგალითისთვის: წმიდა დიდმოწამე გიორგი კაპპადოკიელი, ღირსი გიორგი ქოზიფელი, ღირსი მამა გიორგი მთაწმიდელი, გიორგი მაშენებელი და ა.შ. ბუნებრივია, რომელიმე მათგანის ხატით დანარჩენს გიორგად წოდებულთ ვერ ვიგულისხმებთ. ასევე, წმიდა იოანეთა თუ დავითთა პერსონებს ერთის ხატებით ვერ გამოვსახავთ. ხატი ფერებით აღმწერელია მათი ღვაწლისა. გამომსახველი ცხოვრების წესისა, აგრეთვე თავის თავში მოიცავს პორტრეტულ მახასიათებლებსაც. ყოველი მათგანი უშეღავათოდ სხვაობს ერთურთისგან. როდესაც ჩნდება მცდელობა, 100 000 ხვარაზმელთაგან წამებულთა და ლიტურგიულ სახსენებლზე “ყოველთა წმინდათა საქართველოში წამებულთა ღირსთა მამათა და დედათა“ დაყრდნობით, სახელობითი ხატების შექმნისა. ზემოთ ხსებული ფაქტორი გავიხსენოთ. აქაც, ჩვენ არ ვიცით იმ ქართული სახელების მატარებელი მოწამენი თუ ღირსნი, ვინ სად და როდის მოღვაწობდა, მათი ასაკი, სხვადასხვა ინდივიდუალური თავისებურებანი, რაოდენობა (რამდენი გელა, ან ჯაბა, ან ია და ა.შ. იყო). ამ ფონზე შეიქმნას პირობითი ხატი დაუშვებელია. მსგავსი პირობითობა ხატის კანონს არღვევს. შეუძლებელია განუსაზღვრელ პერსონათა იდენტირება ერთ სახეში. დაუკონკრეტელობა პერსონისა. ბოლო წლებში ასეთი მცდელობა დაფიქსირებულია. სამღვდელო პრაქტიკაში შემხვედრია მსგავსი ხატად წოდებულნი, ისინი კურთხევას და ხატად ფუნქციონირებას მკაცრად არ ექვემდებარებიან. ჩნდება კითხვა: თუკი უკვე მაქვს, როგორ მოვიქცე? როგორც საცდური, როგორც დამახინჯება საღმრთო ცოდნისა, უნდა მოხდეს მათი ამოღება გამოყენებიდან. შემქმნელისგან კი განზრახ, თუ უცოდინრობით უნებლიედ იგი რელიგიური სპეკულირების საგნად იქცა. შემხვედრია სრულიად პარადოქსული ფაქტები: „წმიდა ჯიმი“, ასეთი პირი დღეისობით უცნობია საქრისტიანო სამყაროსთვის. „წმიდა ლიზი“, მხატვარს დავიწყებია კნინობითი ფორმის სახელი „ლიზის“ წყარო. წმიდა ელისაბედი (იოანე ნათლისმცემლის დედა)- ლათინური ფორმა ელიზავეტა.
ხატი არ წარმოადგენს თილისმა-ავგაროზს, რომელიც ფლობს უხილავ ძალას და უპირობოდ დაიცავს მის მფლობელს. ხატით (ლოცვა-ვედრებით) ვუკავშირდებით მასზე გამოსახულს. ხატთან დამკვიდრებული სულიწმიდის მადლი და დადგენილი ანგელოზი ამ კავშირის წარმმართველია. მფარველობა-შემწეობის მიღება გააზრებული ქმედების შედეგია. უპირველესი ღმრთისკენ ლტოლვაა და ამ გზაზე მოვლენილი შეწევნა თავად შემოქმედისგან, ან მიერ წარმოგზავნილი წმიდის მიერ.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.