მთავარი » დღესასწაულები

მფარველი ანგელოზი და ანგელოზის დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.12.2019 | 933 ნახვა

ნათლისღებისას ყოველ ადამიანს ღმერთი ანგელოზს უდგენს და მიუჩენს. ამ ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია. მფარველი ანგელოზი ღვთისაგან დადგენილი ის ანგელოზია, რომელიც ნათლისღების წმინდა საიდუმლოს აღსრულებით ღვთისაგან მიეჩინა მას, რათა ამ ზეციურმა უხორცო არსებამ დღედაღამ დაიფაროს ნათელღებული და დაიცვას ბოროტისაგან, განსაცდელისაგან, მშვიდობა მისცეს და გააძლიეროს იგი, ნათელი მოჰფინოს მის სულს, გულსა და გონებას. განკითხვის დღესაც მფარველი ანგელოზი გვიცავს და გვაძლიერებს სხვა უხორცო ანგელოზებთან ერთად. ჩვენი მფარველი ანგელოზიც ევედრება ზეციურ მეუფეს, რომ მოწყალე იყოს ჩვენს მიმართ, მოგვიტევოს ჩვენი შეცოდებანი, რათა საუკუნო სატანჯველს ავცდეთ და ვეღირსოთ მარადიულ ნეტარებას – ცათა სასუფეველს.

საეკლესიო სახელი ნათლობის დროს ადამიანს ეძლევა რომელიმე წმინდანის პატივად, რომელიც ამ მომენტიდან მონათლულის ზეციური მფარველი ხდება, ანუ მისი ლოცვით შუამდგომელი ღმერთის წინაშე. მაშასადამე, წმინდანიც მფარველია და ანგელოზიც მფარველია ქრისტიანისათვის.

აღსანიშნავია, რომ ადრე ჩვილს არქმევდნენ იმ წმინდანის სახელს, რომლის ხსენებასაც ეკლესია აღნიშნავდა მის დაბადების დღეს. დღესდღეობით ეს წესი შეცვლილია, და სახელის შერჩევა შეიძლება მოხდეს სურვილისამებრ. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რომელი წმინდანის პატივად ერქმევა მოსანათლს მოცემული სახელი (თუკი ამ სახელის მატარებელი რამდენიმე წმინდანია ცნობილი). ამისთვის საეკლესიო კალენდარში ნახულობენ შერჩეული სახელის მქონე წმინდანის ხსენების დღეს, რაც შეიძლება ახლოს მოსანათლის შობის დღესთან, მის შემდგომ. სწორედ ეს წმინდანი იქნება მონათლულის ზეციური მფარველი, ხოლო ამ წმინდანის ხსენების დღე იწოდება მისი ანგელოზის დღედ.

იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მონათლული ხართ (მაგალითად, ადრეულ ყრმობაში), მაგრამ არ იცით, რომელი წმინდანის პატივად აღსრულდა თქვენთვის სახელის დარქმევის წესი ნათლობისას.
თუმცა ისეც ხდება, რომ სახელს ადამიანს არქმევენ ყველაზე ცნობილი წმინდანის პატივად. ამიტომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას ჯობს მღვდელს მივმართოთ თხოვნით, რათა მიგვითითოს მოსანათლის ზეციური მფარველი და მისი ანგელოზის დღე. ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგელოზის დღე არის მონათლულის ზეციური მფარველის ხსენების დღე, და არა მონათლულის დაბადების დღე, და სწორედ მას უნდა მიენიჭოს მეტი მნიშვნელობა, და არა ადამიანის დაბადების დღეს, როგორც ეს, ჩვეულებრივ, ხდება საერო ცხოვრებაში.

გარკვეული სიძნელე შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუკი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა შორის არ მოიძევება იმ სახელიანი წმინდანი, რომელსაც მოსანათლი უკვე ატარებს (მაგალითად, როგორი სახელებიცაა ფართოდ გავრცელებული სახელები: „მზია“, „ბიჭიკო“, „ჭიჭიკო“, „კუკური“ და სხვ.). ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მღვდელი საეკლესიო სახელს შეურჩევს ხოლმე მოსანათლს მისი თანხმობით, ანდა მისი მშობლების თანხმობით. არის შემთხვევები, როცა ადამიანს საბჭოთა სინამდვილიდან აქვს დარქმეული უცნაური შედგენილობის სახელი (მაგალითად „სტალბერი“ – სტალინი-ბერიადან, „მელსი“ – მარქსი-ენგელსი-ლენინი-სტალინიდან, „არტაკა“ საარტილერიო, არტილერისტების აკადემია, „ლენარი“ – ლენინის არმია და მრავალი სხვ.). ასეთ შემთხვევაში მოსანათლსაც უნდა გადაერქვას სახელი და უკვე მონათლულსაც, თუკი თავის დროზე, ნათლობისას, მას რატომღაც არ მისცეს ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელი.

ზოგიერთ შემთხვევაში მართლმადიდებლური სახელის მიცემა მოსანათლისათვის, რომელსაც უკვე დარქმეული აქვს საერო სახელი, ადვილია, როცა მოცემულ სახელს შეესატყვისება საეკლესიო სახელი: მაგალითად, თუ ადამიანს იური ჰქვია, მას ამ სახელის შესაბამისი საეკლესიო სახელი – გიორგი უნდა ეწოდოს, ივანეს – იოანე, ეკას – ეკატერინე, ელისოს – ელისაბედი და სხვ. სწორედ საეკლესიო სახელით უნდა ჩავაბაროთ მოძღვარს აღსარება, მივეახლოთ ზიარების წმინდა საიდუმლოთ.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი