მთავარი » საზოგადოება

მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2017 | 1,218 ნახვა

მესხი პაპა სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის საქმე ძალზე ცუდ დღეშია და მოითხოვს ჩვენს დიდ ყურადღებას. ამ გარემოების უმთავრესი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ეს ისტორიული კუთხე თითქმის ორსაუკუნენახევარი თურქების მიერ იყო დაპყრობილი, რის დროსაც მტერმა ამ მხარეში ვაზისა და ღვინის კულტურა თითქმის მთლიანად ამოძირკვა. შალვა წიქვაძის აღნიშნულ წიგნში ვკითხულობთ: “1578 წლის შემდეგ მესხეთში ახალი ვენახები აღარ გაშენებულა. ქართველების შევიწროვებამ, მოსახლეობის აყრამ ბოლო მოუღო მევენახეობას მესხეთის სოფლებში”.
ჩვენი ისტორიის ამ მეტად მტკივნეული საკითხის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის აკად. ივ. ჯავახიშვილიც…

რეგიონის მთაგორიანობისა და ასევე მიწის სიმცირის გამო აქაურმა მევენახეობამ თავიდანვე ტერასული მიმართულება მიიღო. ამის შესახებ არაერთ უცხოელ მოგზაურსა თუ მკვლევარს გამოუთქვამს აზრი. მესხეთში ჩვენ ძირითადად ვხვდებით ქვის კედლიან სავენახე ტერასებს, რომელსაც ადგილობრივები “ოროკისა” და “საქვეს” სახელებითაც მოიხსენიებენ. თუმცა გვხვდება ასევე დაბაქნებული, უკედლო ტერასებიც, სადაც გაშენებული იყო, როგორც ვაზი, ისე ხეხილიცა და ბოსტნეულ-ბაღჩეულიც. როგორც ცნობილია, ქვის კედლიან ტერასებს შესაძლოა მრავალი საფეხური ჰქონდეს, ხოლო, ამის თვალსაჩინო მაგალითია ხიზაბავრის ტერასები, რომელსაც 50-მდე საფეხური აქვს. ამჟამად ძველი სავენახე ტერასები ყველაზე მეტადაა შემორჩენილი ასპინძის შემოგარენში. აქაური ტერასები მეტად არასახარბიელო დღეშია, ხოლო ამ პრობლემაზე უპირველესად ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს! არა გვგონია, რომ, თუნდაც წელიწადის თბილ პერიოდში 5–10-კაციანი ბრიგადის გამოყოფა, რომელიც ტერასების აღდგენაზე იმუშავებს რთული საქმე იყოს და საამისო თანხები ქვეყნის ბიუჯეტში არ მოიძებნოს… თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ მალევე შეჩერდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მეტად სშური საქმე გაგრძელდება და მესხეთის ისტორიულ ძეგლად ქცეული სავენახე ტერასბი აღდგება და თავის ფუნქციას კვლავაც დაიბრუნებს.

რეგიონის სასოფლო სამეურნეო სავარგულები ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს და ამის შესაბამისად ვაზი ყველგან არც ხარობს. მესხური ვაზის ჯიშები ყინვებსა და ზღვის დონიდან სიმაღლეს გარკვეულწილად შეგუებულია. მართალია დღეს-დღეობით მესხეთი ადგილობრივი ვაზის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა, როგორც, მაგალითად ქართლ-კახეთი და სხვ., მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველად ადგილობრივ მესხურ ვაზის ჯიშთა სორტიმენტი გაცილებით მეტი იქნებოდა და უნდა ითქვას, რომ ასეც იყო, მაგრამ თავში ხსენებული პრობლემის გამო მესხურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალიდან არაერთია გამქრალი. ხოლო ის, რაც ამჟამად მოგვეპოვება სათანადოდ შესწავლილი არცაა.

თვალი გადავავლოდ მესხურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალს ზემოაღნიშნული წიგნიდან – “საქართველოს ამპელოგრაფია”. თბილისი, 1960 წ.
ბეჟანა (თეთრყურძნიანი), თავდაკიდული (თ.), თავცეცხლა (ვარდისფ.), თითა მესხური (თ.), კლდის წითელი (წითელყურძნიანი), საფარული (თ.), ცხენისძუძუ თეთრი (თ.), ცხენისძუძუ შავი (წ.), ხარისთვალა მესხური (თ.).

ეს გახლდათ ინფორმაცია აღნიშნული წიგნიდან. რაც შეეხება თავში ნახსენები ავტორის – შალვა წიქვაძის წიგნს, მასში ჩვენ კიდევ რამდენიმე ჯიშს ვხვდებით, ესენია:
სამარიობო (თ.), ხარისთვალა თეთრი (თ.) (თუმცა, ეს უკანასკნელი და “საქართველოს ამპელოგრაფიაში” (1960) მოცემული ჯიში – “ხარისთვალა მესხური” შესძლოა, ერთი და იგივე იყოს…). თეთრი ახალციხური (თ.), თეთრი ბუდეშური (თ.), როკეთულა (ამ ჯიშის აღწერისას ავტორი მტევნის მარცვლის შეფერილობის შესახებ წერს, რომ ისაა ქარვისფერი, ხოლო ღვინის შესახებ კი ამბობს, რომ ისაა დურდოსფერი და ფერით ის წააგავს შავკაპიტოს ღვინოს… ამრიგად ავტორისეული აღწერა გაურკვეველია). ჩიტისკვერცხა (თ.), ცხენისძუა (თ.), მესხური მწვანე (თ.), შავი ბუდეშური (წ.), საწური (წ.) ( საწური აჭარის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და არა მესხეთისა! გ.ბ.), მესხური შავი (წ.), შავი ასპინძურა (წ.), მესხური საფერე (წ.), ხარისთვალა შავი (წ.), ჩიტისკვერცხა შავი (წ.), კლერტმაგარა (წ.) (კლერტმაგარა იმერული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და არა მასხური! გ.ბ.).

როგორც ვნახეთ მესხურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში რიგი შეუსაბამობებია და ეს საკითხი საბოლოოდაა დასაზუსტებელი. მეტნაკლებად მსგავსი პრობლემის წინაშე დგას არა მხოლოდ მესხეთი, არამედ საქართველოს მევენახეობის თითქმის ყოველი რეგიონი. ამ მიმართულებით საქმიანობას ცალკეული ადამიანები, თუმცა კი ეწევიან, მაგრამ საჭიროა შეიქმნას ქართულ ვაზის ჯიშთა კვლევისა და იდენტიფიკაციის სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს რეგიონებში ვაზის ჯიშების გავრცელების საკითხში ხშირად ცალკეული პირებიც აქტიურიბენ, რომელთა უმრავლესობას აკლია შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ამპელოგრაფებად თუ მევენახეობის სპეციალისტებად იწოდებიან პირები, ვისაც ვაზის სახეობათაშორისი ჰიბრიდები, ვაზის ჯიშები თუ სახეობები ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევიათ და დღეს ეს არც თუ ისეთი იშვიათობაა თვით სახელმწიფო სტრუქტურებშიც კი…
მესხეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით ჩვენგან ყველაზე მეტ ყურადღებას ითხოვს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ საქმის წარმატებისათვის საჭიროა მეტი ძალისხმევა, რაც ყოველი ქართველის ვალია. მესხეთში პირველ რიგში ის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები უნდა გაშენდეს და გავრცელდეს, საიდანაც მოხდება საბარძიმე ღვინის დაყენება. კარგი იქნება თუ ამ მხრივ რეგიონში არსებული მამათა მონასტრები იზრუნებენ და გააშენებენ ადგილობრივ ვაზის ჯიშებს, ხოლო მათგან მოწეულ მოსავალს ქვევრებში დააბინავებენ. ეს ნამდვილად მისაბაძი მაგალითი იქნება ადგილობრივი ქართველობისათვის.

გიორგი ბარისაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი