მთავარი » სხვადასხვა

მეტეხის უბანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.08.2012 ერთი კომენტარი | 3,870 ნახვა

“აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების…”

თბილისის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო უძველესი ციხე-ქალაქის გაგრძელებაა, რომელიც არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ადგილზე, რომელიც ისტორიაში წმიდა ქალაქად მოიხსენიება, კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს…

როგორ უნდა ხდებოდეს ძველი თბილისის დაგეგმვა და კეთილმოწყობა, რომ ძველი გეგმის ელემენტები შენარჩუნდეს? რა უნდა იყოს გათვალისწინებული ქალაქთგეგმარებისა და განაშენიანებისას? ამ თემის შესახებ “ამბიონს” ვარდიკო არაბული (ხელოვნებათმცოდნე, საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი) ესაუბრა:

მეტეხის უბანი“თბილისის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა კლდიანი სანაპირო არქეოლოგიურად შეუსწავლელია. დღევანდელი ე.წ. “ევროპული მოედანი” უძველესი ისნის ციხე-ქალაქ-კომპლექსის უშუალო გაგრძელებას, საქართველოს სამეფო და საპატრიარქო სასახლის შემორჩენილ ნაქალაქარის ნაშთებს წარმოადგენს, რომელიც ბარათაშვილის აღმართის დასაწყისში იწყებოდა. ეს კლდე ადრე გაუჭრელი იყო და საჩინოს გორზე მდგომი მეფე გიორგი მეცამეტის სასახლის გავლით მეტეხის კლდის ბურჯებიან გალავანს მოწამეთა ხიდთან უერთდებოდა.

ვიზუალურად აქა-იქ შემორჩენილი ძველი გალავნის ზღუდეების, ციხე-კოშკების, ტაძრების, სასახლეების, ძველი ქუჩაბანდების მრავალი მაღალმხატვრული ნიმუში ჩანს.

“ოდესის იმპერატორული საზოგადოების ჩანაწერების” XXIV ტომში ფრანგულ ენაზე შესრულებულია თბილისის გეგმა, რომელიც ალექსანდრე პიშჩევიჩს დაუხაზავს 1785 წელს წმიდა გიორგის ციხეში კავკასიის მთების ხაზზე. III ნაწილი ავლაბარია, #68 უფლისწული გიორგის სასახლეა, #69 – ეკლესია.

ქალაქის ორი ნაწილია: ავლაბარი – ქვის გალავნით გარშემოვლებული (ეს იგივე “ისანია”. ავლაბარი XIV საუკუნიდან ეწოდება) და ზღუდის-ზღუდით გამაგრებული ციხე-სიმაგრე “მეტეხი”.

სასულიერო მოღვაწე, მღვდელი იოანე საბანისძე “მარტვილობაი ჰაბო ტფილელისაიში” აღწერს ამ ადგილებს და მოიხსენიებს “საგოდებელის” სახელწოდებით, ანუ წმიდა ქალაქის წმიდა ადგილთა აღმნიშვნელად. “აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების……”.

IV-VI საუკუნეებში ციხე გაფართოებულა, რაც აგრეთვე დადასტურებულია… მეფე დაჩიმ (უჯარმელმა) განასრულა “ზღუდენი და შეჰქმნა სახლად სამეუფოდ…” ტფილისის ისტორიულ მიმოხილვაში 1880 წელს აღნიშნულია, რომ მეტეხთა ეკლესიისა და სასახლის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ძეს დაჩის მიეწერება.
ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ისანში, მეტეხთა ეკლესიისა და საქართველოს მეფეთა სასახლის არსებობა წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის დროიდან დასტურდება.

სამ ქალაქს – ისნს, ტფილისს,კალას VIII საუკუნეში აერთიანებდა ხიდი (თაბორის ციხე-ქალაქი იყო ცენტრალური ნაწილი ტფილისისა).

მეტეხთან ორი ხიდი ყოფილა: აგურის ძველი (მოწამეთა) და რკინის ახალი ხიდი. მტკვრის პირას აბო თბილელის ნიშიდან მეტეხის კლდეში საიდუმლო შესასვლელი ყოფილა (მურავიოვის ცნობით).
მეტეხის ხიდთან ახტალის ეპისკოპოსის სასახლე მდგარა კარის ეკლესიით, რომელიც მონღოლებმა დაანგრიეს. 1522 წელს კვლავ აღდგენილი ტაძარი და მეტეხის ხიდი შაჰ-აბასს დაუნგრევია და 1660 წელს გაუფართოებია მეჩეთ-მინარეთით.
ეს ეკლესია საძირკვლიანად და მის სიწმინდეებთან ერთად, ზედ დაშენებული მეჩეთიანად, ახალი ხიდის მშენებლობისას აუფეთქებიათ.

1805 წელს მეტეხის ხიდთან ხის ხიდი აუგიათ, რომელიც 1826 წელს შეიცვალა იგივე ერთმალიანი ხის ხიდით. 1870 წელს მეტალის ხიდი აიგო.

1951 წელს ახლანდელი ორმალიანი ბაზალტის ხიდი გაიხსნა. ხიდის მშენებლობისას ჰაბო თბილელის ნიშთან აფეთქებულია მეტეხის კლდის ის ნაწილი, სადაც მოწამეთა ხიდსა და რკინის ხიდს შორის აგურით ნაგები სასახლის ორი სართული იყო შემორჩენილი, ეკლესია “სიონად” წოდებული, ღვინის საცავი მიწისქვეშა მარნები (გრძელდება დარეჯან დედოფლის სასახლის კლდის მიმდებარედ, ღვინის აღმართის მიმართულებით), საყინულეები და სხვა თაღებიან ნაგებობათა ნაშთები (ასეთივე თაღიანი ნაგებობანი, ტერასულად, ნახევრად წრიულად ნაგები, ჩნდებოდა 1994-იან წლებში, მეტეხის აღმართის დასაწყისთან, ე.წ. სასტუმრო “კოპალას გვერდით”).

“ისნს არს, კიდესა მტკურისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი ღვთისმშობლისა გუმბათიანი, დიდშუენიერნაშენი, საარქიმანდრიტო. შემუსვრილი აღაშენა მეფემან დიმიტრიმ. Mმეფემან ერეკლემ მისცა სპასთა და არს უქმად. აქ განვალს ხიდი კალიდამ ისნს, ციხიდამ ციხესა (იტყვიან ამის აღშენებასა ვახტანგ გორგასლისაგან)”.

“ხოლო ისნის ციხე ყოფილ არს დიდი…” [ვვახუშტი ბატონიშვილი].

მემატიანის ცნობით, საქართველოს მეფე გიორგი III თბილისს გარდაიცვალა. წმ. მეფე თამარი მამის გარდაცვალების დროს სასახლეში იმყოფებოდა. მისი აღმზრდელი მამიდა რუსუდანი სამშვილდის სიონიდან ჩამოუყვანიათ მთავრებსა და პატრიარქს.

ახტალა, ანუ “აგარაკი” მონასტერი მდებარეობდა სამშვილდის საერთაშორისო ლორეში. თბილისის მეტეხის ხიდთან არსებული სასახლე “ახტალის ეპისკოპოსისა” მოგვიანებით ეწოდა. სავარაუდოდ, ის თავდაპირველად მეფეთა, წმ. მეფე თამარის სასახლის ნაწილი უნდა ყოფილიყო ისნის დედაქალაქში.

ძველი თბილისის დაგეგმვა და კეთილმოწყობა უნდა ხდებოდეს ძველი გეგმის ელემენტთა აუცილებელი შენარჩუნებით, ბუნებრივი ლანდშაფტის არქიტექტურის გათვალისწინებით. არ შეიძლება ხეების დარგვა, ან სხვა კაპიტალური კეთილმოწყობით ძველ შენობასთან დასმა, დამაგრება, მიმსგავსება, მისადაგება, რომელიც შეცვლის ისტორიული გეგმარების ამ ნაწილის სტრუქტურას.

აუცილებელია მეტეხის კლდის მიმდებარე სიწმინდეები გარშემო განაშენიანებიდან დაცვითი ზონით გამოიყოს და უპირატესობა მიენიჭოს მათი ერთმანეთთან დამაკავშირებელი საერთო მიზნის ერთიანობის შენარჩუნებას. ეს ამოცანა – საერთო მიზნის ერთიანობა კულტურული ძეგლის დაცვის მოთხოვნიდან გამომდინარეობს.

კულტურის ძეგლი (ხუროთმოძღვრული, ხელოვნების, ისტორიის, არქეოლოგიის): ქალაქთგეგმარებისა და განაშენიანების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მისი ადაპტაცია, შეუსაბამონ საერთო გეგმარებას, შეთანხმდეს შესაბამის უწყებებთან“.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი