მთავარი » ეკლესია-მონასტრები

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.04.2012 9 კომენტარი | 9,760 ნახვა

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

სიტყვა “მეტეხი” ბერძნული “მეტოქისაგან” წარმოდგება, რაც ნიშნავს “ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში”. “მეტეხი” გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ამ პერიოდში ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ეკლესია ააგეს. გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმიდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული.

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. რუსუდანის მეფობისას მონღოლებმა დაანგრიეს მეტეხის ტაძარი. ეკლესიის შენობა, რომელიც ღვთიური მფარველობის ნიშნად დაჰყურებს თბილისს, წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულმა აღადგენინა და მონასტერიც დააარსა. XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია.

შუშანიკის საფლავი XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ.

დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორ ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.

1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. მორწმუნეებმა შეაკეთეს გაძარცვული ტაძრის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.

ჯვარცმა ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება და აგებულია თლილი მომწვანო-რუხი ქვით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს მართკუთხედს, რომლის შუაშიც გუმბათის საყრდენი ოთხი ბურჯია აღმართული. საკურთხევლის მხარეს განლაგებულია სამი ნახევრად ცილინდრული ფორმის აფსიდი. აღმოსავლეთის ფასადს დიდი ჯვარი და სარკმლის ქვემოთ ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს. ესაა სამთავისის ტაძრის ცნობილი სქემა.

საუკუნეთა განმავლობაში ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა და მასში მკაფიოდ აღინიშნება სხვადასხვა ეპოქის კვალი: XIII საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილია აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები კამარებამდე, დასავლეთის კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.

XVI-XVII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები და სხვა. ერეკლე მეფის დროს – სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. არის XIX საუკუნის ფენებიც.

სიწმინდეები: ტაძარში ძირითადად ახლად შემოწირული ხატებია. შედარებით ძველია: კანკელის მაცხოვარი და ღვთისმშობელი, ასევე, წმ. ნიკოლოზი, წმ. გიორგი, ყაზანის ღვთისმშობელი. კანკელში მოთავსებულია ლაშა კინწურაშვილის მიერ დაწერილი ხატები ღვთისმშობლის შობისა (ესაა ტაძრის მთავარი ხატი და საეკლესიო ტრადიციის თანახმად, კანკელის მარჯვენა მხარეს მდებარეობს) და აბო თბილელის, წმ. ნინოსა და წმ. შუშანიკის. ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოდგენს წმ. შუშანიკის საფლავი. თავდაპირველად წამებული დედოფლის ცხედარი დაბა ცურტავში განისვენებდა. სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით, წმინდანის ნეშტი მეტეხის ტაძარში გადაასვენეს. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას. ხატებიდან აღსანიშნავია წმიდა იობის, სვიმეონ მოციქულის, მთავარანგელოზთა, წმიდათა ზაბულონისა და სოსანას ხატი წმიდა ნინოსთან ერთად.

თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი