“მეფუტკრეობა მარტო თაფლის სკიდან ამოღება არაა, საჭიროებს დიდ შრომასა და ხარჯებს”
დღეისათვის, შპს “მეთაფლიას” წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის მოსახლეობის მეფუტკრეობის პროდუქტებით მომარაგებაში. ისინი არაერთხელ წარმსდგარან საკუთარი პროდუქციით ადგილობრივ გამოფენებზე, თაფლის ფესტივალებზე, ასევე სტამბოლის საერთაშორისო გამოფენაზე და საკმაოდ წარმატებით. კომპანია აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტს: ფუტკრის სადედე რძეს, დინდგელს (პროპოლისი), სანთელს, ფუტკრის შხამს, ყვავილის მტვერს, ჭეოს და მათ ნაზავთა კომბინაციებს…
კომპანიის წარმოებული პროდუქცია დედაქალაქის თითქმის ყველა წამყვან ქსელში იყიდება. სულ ახლახან მათი პროდუქცია გლდანის რაიონში მდებარე თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის საეკლესიო მაღაზიაშიც განთავსდა. როგორ მაღაზიაში აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შესთავაზონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და მოთხოვნიდან გამომდინარე არჩევანი „მეთაფლიას“ პროდუქციაზე შეაჩერეს.
„მეთაფლიას“ საფუტკრეებში წარმოებული, რამდენიმე სახეობის თაფლი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმებინა ქ.რიგაში საერთაშორისო დონის ლაბორატორიაში, საიდანაც მოვიდა მოსალოდნელზე უკეთესი პასუხი, კერძოდ: შპს.,,მეთაფლიას“ პროდუქცია გათანაბრებულია ეკო თაფლთან. ასეთი სახის შემოწმება ტარდება ყოველწლიურად, როგორც ჩვენ, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ“, – აღნიშნა „მეთაფლიას“ დამფუძნებელმა, პროფესიონალმა მეფუტკრემ, როლანდ ზირაქაშვილმა „ამბიონთან“ საუბრისას.
რამდენად პერსპექტიული დარგია მეფუტკრეობა დღეს საქართველოში და რა გეგმები აქვს „მეთაფლიას“?
როლანდ ზირაქაშვილი: „მეფუტკრეობა საკმაოდ პერსპექტიული დარგია, განსაკუთრებით დღეს, როცა მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კოოპერატივების ეროვნული სააგენტო ყველანაირად გვეხმარება და ხელს გვიწყობენ ამ დარგის განვითარებისთვის – ცოდნით, ტრენინგებით, ინვენტარით, თანადაფინანსებით და ა.შ.
მე ჯერ კიდევ 45 წლის წინ ვიყიდე ორი ოჯახი ფუტკარი და იმ დღიდან მოყოლებული ვსწავლობ და მივყვები ამ დარგს. დავამთავრე ქ.რიგის მეფუტკრეობის საკავშირო უნივერსიტეტი, ვარ ევროკავშირის ექსპერტი ამ დარგში.
ევროპის ბაზარზე თაფლი ამ ეტაპისთვის არ გაგვიტანია, რადგან ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციით ადგილობრივ ბაზარსაც ძლივს ვაკმაყოფილებთ. სამომავლოდ ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება, რეალურად ვიფიქროთ ევროკავშირის ბაზარზე გასვლაზე.
ვგეგმავთ ვაწარმოოთ ისეთი ხარისხის და იმ რაოდენობის თაფლი, რომ მისაღები იყოს ევროკავშირის ბაზრისთვის და კონკურენცია გაუწიოს არსებულ ბაზარზე სხვა ქვეყნებიდან შეტანილ თაფლს.
დამწყებ მეფუტკრეებს პირველ რიგში ვურჩევ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ უნდა იცოდნენ, რომ მოუწევთ ბევრ სირთულესთან შეჭიდება და გამკლავება, მეფუტკრეობა მარტო თაფლის სკიდან ამოღება არაა, საჭიროებს დიდ შრომასა და ხარჯებს“.
შპს “მეთაფლია” 2006 წელს, საგარეჯოს რაიონ სოფელ შიბლიანში დაფუძნდა. კომპანია სპეციალიზებულია მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებაზე. დღეისათვის, საწარმოს საკუთრებაშია 400-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი, რომლებიც განლაგებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.