მთავარი » კულტურა

მერი შერვაშიძისა და რეზო ჩხეიძის შეხვედრა პარიზში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2013 6 კომენტარი | 7,921 ნახვა

რეზო ჩხეიძე: “მერიმ თქვა, რომ გალაკტიონის მიძღვნილი ლექსის შესახებ არაფერი იცოდა…”

მერი შერვაშიძე მერი შერვაშიძე – სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით, გალაკტიონ ტაბიძის “მუზა” 1888 წელს ბათუმში დაიბადა.

მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მერი ბათუმში დაიბადა, თუმცა მამის სამსახურის გამო ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა. რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II საქართველოში ჩამოსვლამდე იცნობდა ქართველ ქალბატონებს. პეტერბურგში მერი შერვაშიძის ნახვისას იმპერატორს განცვიფრება ვერ დაუმალავს: “რა მშვენიერებაა, ასეთი სილამაზე მომაჯადოებელია!” მერი შერვაშიძე მალე იმპერატორის დედის ფრეილინა გახდა.

პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო – გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი), რომელიც იმპერატორ ნიკოლოზის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რომ მერი ცოლად შეერთო. 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთში გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.

მერი იყო მაღალი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. ამბობენ, რომ არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა.

პარიზში მერი შერვაშიძე ბულონის ტყესთან ახლოს დასახლდა. თავდაპირველად მის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. გალაკტიონის მერი მერის დედა, ნინო მხეიძე და ტყუპი დები – ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.

გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე, რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.

რეზო ჩხეიძე (კინორეჟისორი): “როდესაც მერი შერვაშიძის ოჯახი რუსეთში, მეფის კარზე იმყოფებოდა, რევოლუცია მოხდა, რის შემდეგაც ემიგრაციაში პარიზში წავიდნენ. ამიტომ როცა მე და რეზო თაბუკაშვილმა ვნახეთ, ის უკვე თავშესაფარში ცხოვრობდა.…
ამის შესახებ არ მიკითხავს, მაგრამ, ალბათ, გაუჭირდა ცხოვრება, ნათესავებიც გარდაეცვალა. თავშესაფარში მას ცალკე ოთახი ჰქონდა, მახსოვს, იქვე პირსაბანი ედგა. ის არაჩვეულებრივად კეთილშობილი და ლამაზი ქალბატონი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოც წელს იყო მიტანებული.

მე და რეზომ ვკითხეთ გალაკტიონის შესახებ და ლექსზე “მერი”, რომელიც მას პოეტმა მიუძღვნა, რაზეც გვიპასუხა, რომ გალაკტიონს არც იცნობდა და არც მისი არსებობის შესახებ იცოდა რაიმე. გალაკტიონმა სახელი რომ გაითქვა, იგი რუსეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა და მეფის კარზე მუშაობდა, საქართველოსგან იყო მოწყვეტილი.
მან თქვა, რომ თუ ნამდვილად მას მიუძღვნა გალაკტიონმა ეს ლექსი, როგორც ახლა იწერება, რა თქმა უნდა, ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უარყო ეს ყოველივე.

რეზომ უთხრა, რომ ამბობდნენ, რუსეთის მეფე ყურადღებას გაქცევდათ, როგორც ულამაზეს ქალიშვილსო ესეც უარყო. ასე რომ, რითიც შეეძლო მას ეამაყა და დაედასტურებინა, რომ მართლაც გაგიჟებული იყო გალაკტიონი მასზე და ნიკოლოზ მეფეც მოხიბლული გახლდათ მისით, უარყოფდა. ის ძალიან თავმდაბალი ქალბატონი იყო.

გალაკტიონის დღიურებში ბევრი საუბარია მის მეუღლეზე, რომელიც დააპატიმრეს, მაგრამ მერიზე არაფერი წერია. რა თქმა უნდა, ლექსი “მერი” გენიალურია, ვინ იყო ეს ქალი, არავინ იცის, ბუნებრივია, ის ულამაზესი გახლდათ. ეს ამბავი ქუთაისში ხდებოდა.…ქუთაისი კი პატარა ქალაქია და გავრცელდა ხმა, რომ ლექსი მერი შერვაშიძეს ეძღვნებოდა. თავად მერი კი იმდენად პატიოსანი იყო, ამას უარყოფდა.”

მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზეს.

მერის სილამაზე ისტორიის საკუთრებად იქცა, რაც გალაკტიონმა შექმნა. ცნობილ რუსმა მხატვარმა საველი სორინმა (საველი აბრამოვიჩ სორინ, 1878-1953 წწ.) დახატა მერი შერვაშიძე და ეს პორტრეტი ამჟამად მონაკოს პრინცის სასახლეში ინახება, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა სურათი საქართველოს უსახსოვრა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი