მთავარი » საზოგადოება

“მერჩივნა ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე ის მენახა, რასაც ახლა ვხედავ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2010 11 კომენტარი | 9,190 ნახვა

“მერაბი უცნაურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან იმ პერიოდში გამეფებული ცხოვრების წესიდან ამოვარდნილი იყო”

მერაბ კოსტავაჭაბუკობისას, გარშემომყოფების მიერ არანორმალურად შერაცხული – ტაძარში დადის, სახლში ხატები დაიკიდაო; მოგვიანებით სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის დროს არაერთხელ დაპატიმრებული და გაციმბირებული; 10 წლის შემდეგ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებული, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მერაბ კოსტავა, რომელიც სიკვდილის შემდეგ ქართველმა ერმა ეროვნულ გმირად შერაცხა, ზუსტად 71 წლის წინ – 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს დაიბადა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქვეყნის თავისუფლებისათვის იბრძოლა.

პრესა.გე ამჯერად მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ დეტალებს შემოგთავაზებთ. ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ მერაბ კოსტავას ნათესავს, ციცინო მაღლაფერიძეს, რომელიც ამავდროულად მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ–მუზეუმის დირექტორია. იგი გიამბობთ რის გამო ეგონათ მერაბი არანორმალური; როგორ გალობდა ტაძარში და რით უპირისპირდებოდა ცინიკოს კომკავშირლებს; როგორ ეძებდა შავ ზღვაში ზვიგენს; როგორ ათქმევინა უარი ქურდობაზე ქუთაისელ “კანონიერ ქურდს”; როგორ ასრულებდა ფორტეპიანოზე შოპენს, მოცარტს, ბეთხოვენს; რატომ წერდა ლექსებს რუსულად; როგორ აღინიშნა პირველად და მასშტაბურად 26 მაისი და როგორი იყო მერაბ კოსტავას ბოლო დაბადების დღე – 1989 წლის 26 მაისი.

ციცინო მაღლაფერიძე: “დედაჩემი – არიადნა დემურია და მერაბის დედა, ოლღა დემურია ბიძაშვილები იყვნენ. დეიდა ოლიკო დედაჩემთან იმდენად ახლოს იყო, რომ თვითონ ეძახდა დას. ამიტომ, მერაბს ყველგან ვიხსენიებ, როგორც ჩემს დეიდაშვილს. სინამდვილეში დედაჩემის ბიძაშვილისშვილი იყო. ერთხელ ვუთხარი, ჩემი ძალიან შორეული ნათესავი გამოდიხარ–მეთქი და “ციცი, სულიერ ნათესაობას ყოველთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სისხლისმიერს – სულიერი ნათესაობა გადაწონის სისხლისმიერსო”, – მომიგო. მერაბი ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. 10 წლის, რომ ვიყავი, დაახლოებით იმ პერიოდიდან მახსოვს. მას ზოგიერთი ნათესავი არანორმალურად თვლიდა – “ტაძარში დადის, სახლში ხატები დაიკიდა, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს გადაეკიდაო”; მერაბი უცნაურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან იმ პერიოდში გამეფებული ცხოვრების წესიდან ამოვარდნილი იყო; გარდა იმისა, რომ ტაძარში დადიოდა, ძალიან ბევრს კითხულობდა (ძირითადად ეკლესიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურას ), განსაკუთრებით, ღამის საათებში… ამავდროულად, ძალიან უშუალო იყო – მიუხედავად ასეთი ასაკობრივი სხვაობისა, როგორც თანატოლს, ყოველთვის ისე მესაუბრებოდა”.

პარალელურად, დამოუკიდებლად სწავლობდა ინგლისურს, გერმანულს – “ცალკეული სიტყვები ფურცლებზე ამოწერილი და ახლო–მახლო, თაროებსა და წიგნებზე განლაგებული ჰქონდა, რითაც თავის ცოდნას ამოწმებდა”. იმჟამად სკოლაში საქართველოს ისტორია, როგორც საგანი, არ ისწავლებოდა. პირველად მერაბისგან გავიგე 100 000 მოწამის შესახებ. დარეჯან დედოფლის სასახლეც პირველად მან მაჩვენა. ჩემთან სახლში ფეხით მივდიოდით და უცებ მეკითხება – “შენ იცი რა არის 26 მაისი?” არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს–მეთქი, – მივუგე. მაშინ პატარა ვიყავი და რამდენადაც შესაძლებელი იყო, ამ თარიღის მნიშვნელობა ამიხსნა. პირველად მაშინ გავიგე, რომ ოდესღაც დამოუკიდებლები ვიყავით. ერთ–ერთი ქართული მხატვრული ფილმიდან, ისტორიული მომენტის შესახებ ვუამბე და “ეგ სწორი არ არის, ეგრე კი არა ასე და ასე იყოო”. საბჭოთა პერიოდში ცენზურაგავლილი ფილმები მერაბმა სრულიად სხვა კუთხით შემომიტრიალა. ამის შემდეგ ყველაფერს კრიტიკული თვალით ყურება დავუწყე და სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში, ვცდილობდი ჩემს თანაკურსელებსაც ამ კუთხით დაენახათ ყველაფერი და არა ისე, როგორც გვაწვდიდნენ”.

მერაბ კოსტავა არასდროს, არავის არ მიუთითებდა, შენ ასე გააკეთე, შენ ისე გააკეთე; ამ საკითხს არასწორად უყურებ, სინამდვილეში სიმართლე ესა და ეს არისო – “თავისი ცხოვრებით გიჩვენებდა, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს და არა სხვანაირად. მისგან ერთი ასეთი გაკვეთილი მივიღე – აღდგომა დღე იყო, 1976 ან 1977 წელი. ზვიად გამსახურდიამ მანქანით ჩამოიარა, ჩავსხედით მე, მერაბი, ზვიადი და რუსთაველზე წავედით, რომ გვენახა ეკლესიებში რა ხდებოდა. ქვაშვეთში ხალხი კანტი–კუნტად იყო. მოხუცი ქალბატონები გალობდნენ, ტაძარში ცოტა ხნით გავჩერდით. უცებ, 3 ახალგაზრდა შემოვიდა, იქაურობა მიათვალ–მოათვალიერეს. მგონი ზვიადი იცნეს. ერთ–ერთი მათგანი ღვთისმშობლის ხატთან ცინიკური გამომეტყველებით მივიდა და პირჯვარი გადაიწერა, რაზეც სამივეს სიცილი აუტყდა. ისინი კომკავშირლები იყვნენ. ეს რომ მერაბმა დაინახა, გაფითრდა; მერაბ, არ გინდა–მეთქი, – ვთხოვე, როცა შევნიშნე, რომ რაღაცის გაკეთებას აპირებდა. “აბა ერთი რამე მითხრანო”, – მომიგო, ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, დემოსტრაციულად დაიჩოქა და პირჯვარი გადაიწერა. მართლა ვერაფერი უთხრეს”.

მერაბი თითქმის ყოველ შაბათ–კვირას ქალაქგარეთ, ტაძრების მოსალოცად ზვიად გამსახურდიასთან და ხშირად ციცინო მაღლაფერიძესთან ერთად დადიოდა – “გზადაგზა მიყვებოდა სად მივდიოდით, რით იყო ის ადგილი მნიშვნელოვანი. იმჟამად, რელიგიურ დღესასწაულებზე ხალხი ტაძრის ეზოებში ძირითადად საქეიფოდ მიდიოდა, ღრეობები იმართებოდა, რის შემდეგაც ტაძრის ეზო დაბინძურებული რჩებოდა. მერაბი და ზვიადი ჯერ ასუფთავებდნენ იქაურობას, შემდეგ ცარიელ ტაძარში შედიოდნენ, მოილოცავდნენ და გალობდნენ”.

დაახლოებით 1970 წლის ზაფხულში, მერაბ კოსტავა სოხუმში დეიდის, ვერა (ბაჩანა) დემურიას ოჯახში სტუმრობდა – “ნავი დავიქირავეთ და ზღვაში ძალიან შორს გავედით. მერაბი კითხულობდა ლექსებს, ჰყვებოდა თავის მოგონილ ამბებს, მაგალითად, ქარზე, რომელიც მთელ მსოფლიოში დაჰქრის. ამას ისე საინტერესოდ გადმოცემდა, რომ პირდაღებული ვუსმენდი. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, ბიოლოგიით დაინტერესებული გახლდით; სადღაც წავიკითხე, რომ შავ ზღვაში ბინადრობდა დიდი ლურჯი ვეშაპი, რომელიც უჰაერობის გამო წყალქვეშ დიდხანს ვერ ჩერდებოდა – ძალიან ხშირად ჰაერის ჩასასუნთქად ამოდიოდა. უცებ, ვხედავ, რომ შუა ზღვაში ამოდის წყლის დიდი ნაკადი. მერაბ, ეს ნამდვილად ვეშაპია, ალბათ, ახლა ჰაერიოს ჩასასუნთქად უნდა ამოვიდეს–მეთქი. ერთი კი მითხრა – “მოიცა რა, რა ვეშაპიო?!” და თან ნავი იმ მიმართულებით წაიყვანა; ურტყამს წრეს, აი, ამ წყლის ჭავლს, გარშემო უვლის; ვატყობ, რომ ამ წრეს ამცირებს და ამ დროს მე ძალიან მეშინია, რადგან მართლა მგონია, რომ იქ ვეშაპია, რომელიც წუთიწუთზე უნდა ამოვიდეს.

“მერაბ, გეხვეწები წავიდეთ–მეთქი, – ვთხოვდი, მაგრამ არაფრით არა და არ მომყვებოდა – “მოიცა, მაინტერესებს რა არისო”. გამქირავებელი პუნქტი, საიდანაც ნავი წამოვიყვანეთ, 7–ზე იკეტებოდა. მერაბს იქ პასპორტი ჰქონდა დატოვებული. ეტყობა 7–ს კარგა გვარიანად გადავაცილეთ და უცებ, ვხედავთ რომ კატერი, რომელზეც სამი ადამიანი იჯდა, ჩვენსკენ მოჰქრის სირენებით და ჭყვიტინით. ერთ–ერთ მათგანს ხელში მერაბის პასპორტი უჭირავს და ყვირის – “კოსტავა, კოსტავა!” დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე, რომ მოგვიახლოვდნენ, მერაბმა ხელით ანიშნა ჩუმად იყავით, ნუ აჭყვიტინებთო და ისინიც დაემორჩილნენ – სირენები და კატერის ძრავა გამორთეს და ნიჩბებით მოგვიახლოვდნენ. მერაბი ძალიან დაბალი ხმით ეუბნება – “აი, აქ ვეშაპია”. ამას ისეთი ხმამაღალი სიცილ–ხარხარი მოჰყვა, რომ ჩვენ შევცბით – რატომ იცინიანო, გაგვიკვირდა და “ეტა კანალიზაციაო”, – გვითხრეს. თურმე, მთელი სოხუმის კანალიზაციის მილი შუა ზღვაში ამოდიოდა. ამ ეპიზოდს, რომ გავახსენებდი – როგორ გვეგონა კანალიზაციის მილი ლურჯი ვეშაპი, ბევრს იცინოდა”.

მერაბ კოსტავას კონსერვატორია, მუსიკისმცოდნის სპეციალობით აქვს დამთავრებული – “მუსიკა ძალიან უყვარდა, მაგრამ არასდროს გვისაუბრია მუსიკოსობა რატომ აირჩია. ფორტეპიანოზე შესანიშნავად ასრულებდა შოპენის ნოქტიურნებს, მოცარტს, ბეთხოვენს. ვიცი რომ მოგვიანებით დეიდა ოლიკოს უსაყვედურა – “რატომ არ მირჩიე ფილოლოგიურზე ჩაბარებაო”, მაგრამ თავისი პროფესიით მაინც კმაყოფილი იყო. ლექსებს, რომ წერდა, ვიცოდით, მაგრამ ნანახი არ მქონდა. მერაბის ლექსები პირველად მაშინ წავიკითხე, როცა ციმბირიდან რუსულ ენაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი გამოგზავნა. იქიდან წერილების გამოგზავნა ქართულად ეკრძალებოდა და ამიტომ, წერილებსაც და ლექსებსაც რუსულად წერდა. ერთ–ერთ წერილში ამბობს – “ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლექსს რუსულად დავწერდიო”. დედისადმი მიძღვნილი ერთი არაჩვეულებრივი ლექსი აქვს – “რადნაია რეჩ”.

მერაბ კოსტავა 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც “ხულიგანს” და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბრში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი – 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წელს გაათავისუფლეს, რასაც საქართველოში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მერაბ კოსტავამ, თავისი ქალიშვილი თამარი (თამთა) პირველად 10 წლისა ნახა.

ციცინო მაღლაფერიძე: “1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, დედაენასთან დაკავშირებით ახალგაზრდობა, რომ გამოვიდა, პირველად მაშინ დავინახე პლაკატი – “თავისუფლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას”. ხალხი კითხულობდა – “ვინ არის მერაბ კოსტავა, რატომ თავისუფლება, დაპატიმრებულია?” მოგვიანებით გავიგე, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ხეზე ავიდნენ და ეს პლაკატი ისე აღმართეს. 10–წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში მერაბი ძალიან თავისუფალი, ლაღი დაბრუნდა. ეტყობოდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, ყველაფერ იმაზე, რაზეც მანამდეც წერდა, ფიქრობდა. გარშემომყოფებს თავს არასდროს ახვევდა ვაჟიშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს.

“ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩემთან სახლში მოვიწვიე. იმჟამად ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით დიდი ამბები იყო ატეხილი. სუფრაზე ჩემმა მეგობარმა მერაბს ჰკითხა – “ბატონო მერაბ, მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რკინიგზა არ უნდა გავიდესო”. იმ წუთში რკინიგზის პრობლემა ძალიან პატარად ეჩვენა და ერთობ უცნაური პასუხი გასცა – “რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდეს, მაგრამ გავა თუ არ გავა ტრანსკავკასიური რკინიგზა, საქართველო მაინც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა! ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი შევამზადოთ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!”

“ამის გაგონების შემდეგ ჩემი მეგობარი შეცბა, რადგან იმ წუთში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერაბს საქართველოს მომავალზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი; იმ წუთში არ თქვა, მაგრამ მან იცოდა როგორ და რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ამის შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს; რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ განხორციელება უტოპიურად მიმაჩნდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მერაბი მართალი იყო, მას ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა”.

მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წლის 30 აპრილს გათავისუფლდა. იმავე წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის N1–ში (ამჟამად ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს:

“30–მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მცირერიცხოვანი, მაგრამ პირველი მიტინგი ჩატარდა. ჩვენთვის ეს მაშინ სიახლე იყო. მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა. დაახლოებით საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა – “ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართულიო”. ამის შემდეგ მერაბმა თქვა სიონისკენ წავიდეთო და რუსთაველს გავუყევით, ჩვეულებრივად, ტროტუარზე მივდიოდით. მერაბს უკვე ცნობდნენ და გზადაგზა ახალგაზრდები გვიერთდებოდნენ. ლესელიძის ქუჩასთან მილიციის კორდონი დაგვხვდა, სიონისკენ ჩასვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ კორდონი გავარღვიეთ და გზა გავაგრძელეთ. სიონთან ახლოს, სანაპიროზე გაჩერების საშუალება არ მოგვცეს, რადგან უკვე დაახლოებით 500–ნი ვიყავით და იცოდნენ, რომ იქ ხალხი შემოგვემატებოდა. “ბერიკონში” შედით და იქ ჩაატარეთ მიტინგიო, გვითხრეს.

“იქ ვნახე პირველად ქვეყნის მდგომარეობაზე ღიად როგორ აფიქსირებდნენ თავიანთ აზრზს ახალგაზრდები. განსაკუთრებით ერთ–ერთი მათგანის გამოსვლა დამამახსოვრდა – ეროვნულ და რელიგიურ დღესასწაულებზე “ილუზიონს” რთავენ და რაიმე განსაკუთრებულ ფილმს უშვებენ, ახალგაზრდები სახლიდან გარეთ, რომ არ გამოვიდეთ, მაგრამ ვერ მოგვატყუებენ, ჩვენ მაინც შევიკრიბებით, ჩვენს სატკივარს მაინც ვიტყვით და საქართველოს მაინც გავათავისუფლებთო. იმ საღამოს სუფრა ვაჟა ადამიას სახლში გაიშალა, მისი დაბადების დღეს 26–შია და ეს თარიღი იქ ერთად აღნიშნეს”.

ციცინო მაღლაფერიძე იხსენებს, რომ სპეციალურად მერაბის დაბადების დღისთვის ქუთაისიდან ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც ციხეში მერაბთან ერთად იჯდა – “ეს იყო ცნობილი “კანონიერი ქურდი”, რომლის გვარი არ მახსოვს, მას მამუკა ერქვა, ახლა ის გარდაცვლილია. მერაბს ციხეში თავისი ცხოვრების წესის გამო განსაკუთრებული ავტორიტეტი ჰქონდა, ყველა პატივს სცემდა. მასთან სიახლოვემ გადაწყვიტა მამუკას შემდგომი ბედი – მერაბმა ისე მოაქცია, რომ მამუკამ ქურდობაზე უარი თქვა”.

ეროვნული მოძრაობის აზვირთების წლებში (1988–1989) მერაბ კოსტავას დახმარებისთვის უამრავი ადამიანი აკითხავდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – “ყველა თავის გაჭირვებაზე ჩიოდა. თავიდან რამდენიმეს დაეხმარა, სადღაც გაჰყვა, პრობლემა მოუგვარა. ეს ამბავი უცებ გავრცელდა და მერაბის სახლს გაჭირვებული ადამიანების დიდი ტალღა მოაწყდა. მაშინ თქვა – “რას ვხედავ ამას! ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მერჩივნა ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე ის მენახა, რასაც ახლა ვხედავო”. ძალიან აწუხებდა ის, რომ ადამიანები თავიანთ წვრილმან პრობლემაზე შორს არ იხედებოდნენ. ანუ არ ფიქრობდნენ იმაზე, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ეხმარებოდა, დღე–ღამის ნებისმიერ დროს აკითხავდნენ სახლში. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ხომ დააპატიმრეს?! 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9–ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული და იმავდროულად გაკვირვებული იყო, ხალხი ვერ იცნო – “ასე მოკლე დროში, ასეთი მეტამორფოზა, ძალიან იშვიათად ხალხმა განიცადოსო”.

ბოლო 26 მაისი მერაბ კოსტავამ 1989 წელს აღნიშნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მანამდე, გამთენიისას ნარიყალაზე სამფეროვანი დროშა აიტანა და მიტინგზე წასვლის წინ იქ ხელმეორედ ავიდა – დროშა ხომ არავინ ჩამოხსნაო.

ციცინო მაღლაფერიძე: “საიუბილეო წელი იყო, 50–ის გახდა. სახლში უამრავი ადამიანი ტრიალებდა, უკვე სახელნგათქმული ლიდერი იყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ხალხი ჩამოვიდა, ზოგი რას ჩუქნიდა, ზოგი რას. მაგალითად, მუზეუმში გვაქვს შემონახული ხის გადაჭრილი, გალაკული ტოტი, რომელზეც 50 სანთელი ენთო, მერაბს, რომ მოართვეს. ძალიან ბედნიერი იყო და ვერც წარმოიდგენდა, რომ სიცოცხლეს რამდენიმე თვეში დაასრულებდა”.

P.S. და ბოლოს, პრესა.გე გთავაზობთ პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ტექსტზე შექმნილ, კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას სიმღერას – “ქართველები შეარიგე მერაბ”, რომელსაც გოგი დოლიძე ასრულებს. ეს სიმღერა არეულობის წლებში დაიწერა, ტელევიზიით სულ რამდენიმეჯერ გავიდა და თითქმის 10–12 წელია (შეიძლება მეტიც) აღარავის მოუსმენია. პრესა.გე–მ სიმღერა რამდენიმე დღის წინ მოიპოვა. მადლობას ვუხდით “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” თანამშრომელს, ოთარ სიჭინავას, რომელმაც ორი დიდი ქართველის – მერაბ კოსტავას და გოგი დოლიძის ფოტოებით შესანიშნავი კლიპი დღეს, 26 მაისს გააკეთა და “იუთუბიზე” ატვირთა.

httpv://www.youtube.com/watch?v=MyxEcHbm4vc

ნინო მიქიაშვილი
წყარო: presa.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • გიორგი says:

    დიდი რევოლუციონერი! ახალგაზრდობა დღეს ჩე გევარას გამოსახულებიანი მაისურებით დადის და ის არ იცის რომ ქართველებს უფრო მაგარი რევოლუციონერი გვყავდა!

  • ნინო says:

    დიდი რევოლუციონერი რატომ?! დიდი და ჭეშმარიტი, სულით ხორცამდე ქართველი,მამულიშვილი იყო მერაბ კოსტავა!

  • გიორგი says:

    გეთანხმები ნინო მაგრამ შენი ნათქვამი გამორიცხავს ჩემს ნათქვამს? :) მემგონი არა.

  • მირიანი says:

    მივბაძოთ ასეთ პიროვნებებს და ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ…

    • ხათუნა says:

      მამულისთვის გულანთებული დიდი ქართველი! უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული. ზეციურ საქართველოს ნამდვილად ამშვენებენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია.

  • ninii says:

    Meamakeba!! Ubralod komentarebs gadavxede da gamikvirda – chven is umaduri, gaunatlebeli eri ara vart, zviads da merabs zurgi rom shevaqciet? Tu dro gavida da vinanet chveni saqcieli? Samwuxarod, dzalian gviania

  • maia says:

    netar arian yovelni.romelni vlenan,gzata martalta

  • დღესაც იგივე მდგომარეობაა მტერი და მათი მეთოდებია სხვა დღესაც როცა რამეს იტყვი სამშობლოზე და მისთვის რამის გაკეთებაზე ყველა ისე გიყურებს თითქოს გიჟი იყო დღესაც გვჭირდება მერაბი და ზვიადი
    იქნებ ეხლა უფრო გვჭირდება

  • გურამი says:

    მოკლე მიმოხილვა საქართველოში დისიდენტური მოძრაობის წლეებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე.

    საბჭოთა წყობილების პერიოდშისაბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებებზე საუბარიც კი მიუღებელი იყო საბჭოთა სისტემა მას მტრულად აღითქვამდა თავისთავად მოსახლეობა არ იცნობდა საერთაშორისო ავტორიტეტულ ინსტიტუტების მიერ აღიარებულ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციებს, პაქტებს და რეზოლუციებს, 1975 წელს 1 აგვისტოს საბჭოთა კავშირი საერთაშორისო ინსტიტუტყების ზეწოლით იძულებული გახდა ხელი მოეწერა ჰელსინკში ადამიანის უფლებების დეკლარაციისათვის რომელსაც 35 სახელმწიფომ მოაწარა ხელი, მათ შორის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, კანადამ ამერიკის შეერთებულმა სტატებმა, და საბჭოთა კავშირმა. —— ჰელსინკის დეკლარაციით მსოფლიომ ერთგვარად ცნო ევროპის დაყოფა დასავლურ და საბჭოთა გავლენის სფეროებად. ამ დოკუმენტის მიხედვით, მისი ხელმომწერნი ცნობდნენ ევროპას ისეთს, როგორიც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო, რაც თავისთავად ნიშნავდა საბჭოთა კავშირის კონტროლს ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის რესპუბლიკებზე, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა დოკუმენტის ხელმოწერამდე ხაზგასმით განაცხადა, რომ არ ცნობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანექსიას. დასავლეთს სურდა ცივი ომის დაძაბულობის განმუხტვა. საბჭოთა კავშირს კი საზღვრების განმტკიცების გარდა, სხვა ინტერესებიც ჰქონდა. ეს, დიდწილად, ეკონომიკას ეხებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ დუბლინის ევროპის ინსტიტუტის დირექტორი დენიელ ტომასი, რომელიც, ამავე დროს, გახლავთ ავტორი წიგნისა ჰელსინკის დეკლარაციის ეფექტის შესახებ, ამბობდა, რომ ლეონიდ ბრეჟნევი ბოლომდე კმაყოფილი ამ ხელშეკრულებით არ ყოფილა. მან ამ კონფერენციაზე მიიღო, რაც სურდა, მაგრამ, ამასთან ერთად, მიიღო ისეთი რამეებიც, რაც არ უნდოდა და რასაც არც ელოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოუწია მიეღო. იმედოვნებდა, რომ არავინ შეამჩნევდა ან ისარგებლებდა ამით, აი, რა იყო ის, რაც საჭოთა იმპერიას და თავისთავად ბრეჟნევს არ უნდოდა: ჰელსინკის აქტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების პრინციპები, იგივე „ჰელსინკის დეკალოგი“, 10 პუნქტს შეიცავდა: სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, ჩაურევლობა საშინაო საქმეებში და ასე შემდეგ. მეშვიდე პუნქტი კი განსაზღვრავდა ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვის, სინდისის და გადაადგილების თავისუფლებას. ამ მეშვიდე პუნქტის ეფექტზე ლაპარაკობს ფრიდონ საყვარელიძეც. ის ამბობს, რომ, ცხადია, საბჭოთა კავშირი, ადამიანის უფლებების მხრივ, არაფრის გამოსწორებას არ გეგმავდა, მაგრამ ჰელსკინის აქტის ხელმოწერას აღმოსავლეთ ბლოკში დისიდენტური მოძრაობების გააქტიურება მოჰყვა, უკვე 1976 წლიდან, ჩეხოსლოვაკიიდან საქართველომდე – მთელ საბჭოთა ბლოკში – ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდა დისიდენტური ორგანიზაციები, რომლებიც თავს სწორედ ჰელსინკის შეთანხმების ხელშემწყობ ორგანიზაციებს უწოდებდნენ. 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებასა და 15 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ის ამბობს, რომ კომუნიზმის დაცემა კომპლექსური მოვლენა იყო და არ შეიძლება მისი დაკავშირება მხოლოდ ერთ მიზეზთან. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მთავრობებმა აღიარეს, ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებელი საერთაშორისო განხილვის საგანიაო, საბჭოთა ბლოკში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას დაეხმარა. სწორედ ამან შეცვალა დროთა განმავლობაში აღმოსავლეთის ბლოკში სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობა და საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთპარტიული მმართველობის დასრულებას შეუწყო ხელი. 1975-1976 წლებში ჰელსინკის მოძრაობამ საბჭოთა კავშირში თავის კულმინაციას მიაღწია. მოსკოვისა და ლენინგრადის გარდა ჰელსინკის ჯგუფები შეიქმნა რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოშიც – ეს იყო 1977 წლის იანვარში. ამ ჯგუფში ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ვიქტორ რცხილაძის გარდა შედიოდნენ ებრაელი “ოტკაზინკები” (პირები, ვისაც უარი ეთქვათ ისრაელში ემიგრაციაზე) გრიგორი და ისაია გოლდშტეინები. მანამდე, 1974 წელს საქართველოში შექმნილი იყო ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ იქნა ჩამოყალიბებული. მასში ასევე ვიქტორ რცხილაძე, ირაკლი კენჭოშვილი და ბეგო ბეჟუაშვილი შედიოდნენ. თბილისში მის დაარსებას წერილობით მიესალმნენ აკად. სახაროვი, ანდრეი ტვერდოხლებოვი და ვალერი ჭალიძე, ხოლო მისალმების ტექსტი გამოქვეყნდა ჯგუფის თვითგამოცემაში. ამ ჯგუფის მიერ ქართულ ენაზე არალეგალურად იბეჭდებოდა ლიტერატურული ჟურნალი “ოქროს საწმისი” (სულ გამოვიდა 4 ნომერი) რომელშიც იბეჭდებოდა ცენზურისთვის და საბჭოური იდეოლოგიური მეინსტრიმისთვის მიუღებელი ლიტერატურული ნაწარმოებები ან ესეები, ასევე პოლიტიკურ-პუბლიცისტური ხასიათის “საქართველოს მოამბე” (მოესწრო 2 ნომერი და მე-3 ნომერი მხოლოდ ნაწილობრივ) ქართველი აქტივისტები თავიანთ ინფორმაციებს ასევე აქვეყნებდნენ სახაროვის ჟურნალში “მიმდინარე ამბების ქრონიკა”, რომელიც მოსკოვში ასევე არალეგალურად იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ ქართველი დისიდენტები ოფსეტური წესით ახერხებდნენ თბილისში არალეგალურად დაებეჭდათ “მიმდინარე ამბების ქრონიკა” და გარკვეული რაოდენობებით ჩაეტანათ მოსკოვში გასავრცელებლად, რაც მათი მოსკოველი კოლეგების გაოცებას იწვევდა. მიტროხინის არქივში შემონახული მასალების მიხედვით სუკ-ის 1976 წლის კოლეგიაზე დაიგეგმა დისიდენტების წინააღმდეგ ფარული და აშკარა ოპერაციების ფართო კომპლექსი, რაც გულისხმობდა მათი “ანტისახელმწიფოებრივი” ქმედებების პირდაპირ აღკვეთას, ან მათთვის სასურველი, ქვეყნისთვის “ნაკლებად საზიანო” კალაპოტის მიცემას. მაღალი საზოგადოებრივი რენომეს მქონე აკად. სახაროვის გარდა ქვეყანაში არავინ ჩანდა დაცული: ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგას აღუთქვა, რომ სახაროვს თითსაც კი არავინ დააკარებდა. სწორედ დაუცველი ან ნაკლებად დაცული დისიდენტების წინააღმდეგ 1977 წლიდან იწყება რეპრესიები. დააპატიმრეს ანატოლი შჩარანსკი, ალექსანდრე გინზბურგი, იური ორლოვი და სხვები. ანდროპოვის მიმართვაში, რომელიც მან პოლიტბიუროს პლენარულ სხდომაზე გააკეთა, ნათქვამი იყო: “მტრის სადაზვერვო სამსახურები და იდეოლოგიური ცენტრები მთელი მონდომებით ცდილობენ გააძლიერონ ანტისაბჭოთა ელემენტების მოღვაწეობა საბჭოთა კავშირში და გააფართოვონ იგი. განსაკუთრებით აღსანიშნავია დასავლური სადაზვერვო სამსახურების ძალისხმევა, შექმნან ისეთი გაერთიანებები, რომლებიც სახელმწიფოსა და არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ არის მიმართული. აქედან გამომდინარე წარმოიშვა აუცილებლობა, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საბოლოოდ აღკვეთილიყო ორლოვის, გინზბურგის და სხვათა საქმიანობა.” ხოლო ორი წლის შემდეგ სუკ-ის მეხუთე განყოფილების სხდომაზე ანდროპოვს განუცხადებია, რომ სუკ-ი ვერ უგულებელყოფდა ამა თუ იმ დისიდენტის “თვით ყველაზე უმნიშვნელო საქმიანობასაც კი.” 1977 წლის 7 აპრილს საქართველოს სსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად (საჯარო მოწოდება სამშობლოს ღალატისკენ, ტერორისტული აქტის, დივერსიის თუ მავნებლობის ჩადენისკენ), ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N 131. მათ ბრალად ედებოდათ 1977 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე არალეგალური ჟურნალების, “საქართველოს მოამბისა” და “ოქროს საწმისის” დამზადება და გავრცელება. 7 აპრილს დააპატიმრეს ზვიად გამსახურდია, ხოლო 10 აპრილს მერაბ კოსტავაც. ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას საცხოვრებელ ბინებში, ასევე მათ მახლობლად სხვადასხვა დროს შემჩნეულ თანამოაზრეთა და ახლობლების ბინებში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა “ანტისაბჭოთა და ნაციონალისტური” შინაარსის მქონე დიდი რაოდენობის ლიტერატურა, მათ შორის დასახელებული ჟურნალები, ასევე მოსკოვში გამომავალი “მიმდინარე ამბების ქრონიკა”, “სსრკ-ში ადამიანის უფლებათა დაცვის ქრონიკა” და ანტისაბჭოთა შინაარსის მქონე სხვადასხვა ავტორთა ტექსტები. ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას მონაწილეობა აღნიშნული გამოცემების მომზადებასა და გავრცელებაში დადასტურებულ იქნა გამოძიების მასალებით. საქმეზე დაიკითხა 140-ზე მეტი მოწმე, ამოღებულ მასალებს ჩაუტარდათ კრიმინალისტიკური ექსპერტიზა. დაახლოებით ერთ წელიწადში თბილისში ჩატარდა სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც ქართველ დისიდენტებს, რომლებიც სასამართლომ ბრალეულად ცნო, მიესაჯათ 3 წელიწადი შრომა-გასწორებით კოლონიაში, ხოლო 2 წელიწადი გადასახლებაში მოხდით. ამათგან ზვიად გამსახურდიას გარკვეული პერიოდი მოუწია ჯერ ლეფორტოვოს ციხეში, შემდეგ კი მოსკოვის სერბსკის ფსიქიატრიის ინსტიტუტში ყოფნა, სადაც ზოგიერთი საბჭოთა დისიდენტი ხვდებოდა. იგი იქიდან კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს ჰონოლულუში 1978 წელს ჩატარებული ფსიქიატრთა საერთაშორისო კონგრესის შემდეგ, რომელზეც გააპროტესტეს მისი იქ ყოფნა და წერილი გაუგზავნეს პოლიტბიუროს. 1978 წლიდანვე მერაბ კოსტავა ეტაპით გაგზავნეს ირკუტსკში, ხოლო ზვიად გამსახურდია ნოღაის სტეპში მდებარე დაბა კოჩუბეიში, რომელიც დაღესტნის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა.1978 წლის დასაწყისში ნობელის პრემიაზე წარადგინეს საბჭოთა დისიდენტების ერთი ჯგუფი, მათ შორის ორლოვი, გინზბურგი, შჩარანსკი, გამსახურდია და კოსტავა. აქედან მოყოლებული სუკ-ის უდიდესი საზრუნავი იყო, ხელი შეეშალა ნობელის კომიტეტისთვის, რათა ამ უკანასკნელს არ მიენიჭებინა პრემია ხსენებული დისიდენტებისთვის. ანდროპოვმა პირადად დაავალა ნორვეგიის რეზიდენტურას, ამ მიზნით აემოქმედებინა ყველა ბერკეტი. რეზიდენტმა მაკაროვმა 1978 წლის 27 ოქტომბერს შეატყობინა მიხეილ სუსლოვს, სკკპ-ს მთავარ იდეოლოგს, რომ “ავანტიურა” ჩაშლილია და პრემია გადაეცათ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მენახემ ბეგინსა და ეგვიპტის პრეზიდენტს ანვარ ას-სადათს კემპ-დევიდის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გამო. რეზიდენტის წერილის მიხედვით, მას ზეწოლა მოუხდენია ნორვეგიის წამყვან პოლიტიკოსებზე. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი კნუტ ფრიდელუნდი, პარლამენტში საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სოციალ-დემოკრატი რიეულფ სტენი, ნორვეგიის პროფკავშირების თავმჯდომარე ტორ ჰალვორსენი და ყოფილი პრემიერი, იმჟამად სოციალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ტრიგვე ბრატელი. როგორც მერაბ კოსტავამ აღნიშნა 1988 წელს სერგეი გრიგორიანცის მოსკოვის სემინარისთვის მომზადებულ ტექსტში დისიდენტობის ისტორიის შესახებ საქართველოში (ტექსტი რუსულიდან ქართულად იმავე წელს ითარგმნა ამ სტრიქონების ავტორის მიერ მერაბ კოსტავასავე თხოვნით), საბჭოთა კავშირში აღმოცენებული ჰელსინკის ჯგუფების სამოქმედო პროგრამა ძირითად შტრიხებში ერთმანეთის მსგავსი იყო, თუმცა შეიმჩნეოდა განსხვავებებიც. ამა თუ იმ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობით, ასევე ეროვნული სპეციფიკით განპირობებული. ასე მაგალითად, ქართველ სამართალდამცველებს უნდა გაეთვალისწინებინათ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობა, რომელიც შეიქმნა აქ ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში. საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო: 1. პატიმრების უფლებების დაცვა, რომელთაც საგამოძიებო იზოლატორში აწამებდნენ სასურველი ჩვენების გამოძალვის და აღძრული სისხლის სამართლის საქმის საჭირო მიმართულებით წარმართვის მიზნით. (ამის შედეგია შსს-ს არაოფიციალური ჯალათების, ცირეკიძის და უსუპიანის პროცესი) ასეთ ქმედებებს იზოლატორში ადგილი ჰქონდა როგორც შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ისე მისი ცეკას პირველი მდივნის პოსტზე დანიშვნის შემდეგ. 2. მორწმუნეთა უფლებების დაცვა, რომელთაც არ აძლევდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრების საშუალებას. ამავე დროს გამოვლენა იმ ადამიანებისა, ვინც რელიგიური აღმსარებლობის გამო იქნენ დაპატიმრებულნი და სხვაგვარად რეპრესირებულნი. 3. ცეკას და სუკ-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების მხილება საპატრიარქოში, რაც დაკავშირებული იყო გარკვეულ სასულიერო პირების მიერ ეკლესიის საგანძურის გაძარცვასთან. 4. კულტურის ძეგლთა დაცვა, როდესაც ისინი ზიანდებოდნენ ან ოფიციალური ინსტანციის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის გამო, ან როდესაც მათ შეგნებულად ანადგურებდნენ (მაგალითად, დავით-გარეჯის პოლიგონი). 5.. ბრძოლა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად 7. არალეგალური ლიტერატურის, ე.წ. სამიზდატის გავრცელება არა მარტო თბილისში, არამედ მოსკოვშიც, რაშიც ზემოხსენებული ჟურნალების გარდა შედიოდა ა. სახაროვის “მიმდინარე ამბების ქრონიკა”, ასევე ალ. სოლჟენიცინის, ა. ამალრიკის და ა. ავტორხანოვის თხზულებები. 1977 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირში შეიქმნა “საერთაშორისო ამნისტიის” (amnesty international) პირველი ჯგუფი. მასში ანდრეი ტვერდოხლებოვის და ვალენტინ ტურჩინის გარდა შევიდა ზვიად გამსახურდია. მათი მიზანი იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის ბრძოლა, რაც გულისხმობდა დასავლეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე მასმედიის, როგორც ჟურნალ-გაზეთების, ისე საინფორმაციო სააგენტოების ინფორმირებას. პარადოქსი ის იყო, რომ ისინი, ვისაც სხვა ადამიანების უფლებები უნდა დაეცვა, სსრკ-ში თავად ხდებოდნენ დასაცავნი. 80-იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოში გაჩნდნენ ახალი ჯგუფები, რომელთა აქტივისტებიც ასევე დაპატიმრებულნი იქნენ სუკ-ის და რესპუბლიკის პროკურატურის მიერ: მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატის იუბილეს საზეიმო აღნიშვნის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი (ი. წერეთელი, თ. ჩხეიძე, გ. ჭანტურია, მ. ბაღდავაძე, ნ. კაკაბაძე) თვითგამოცემითი ჟურნალის, “სამრეკლოს” სარედაქციო ჯგუფი (დ. ბერძენიშვილი, ლ. ბერძენიშვილი, ვ. ძაბირაძე) ჰელსინკის ახალი ჯგუფი (ე. გუდავა, თ. გუდავა და ე. თვალაძე) ასევე ე.წ. რუსთავის ჯგუფი (გ. გოგბაიძე, ვ. ჭითავა და ს. გოგია) და სხვები. თუმცა 80-იანი წლების პერიოდზე უნდა ითქვას, რომ დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით თითქმის პარალიზებული იყო. დისიდენტების უმეტესობა პერმის, მორდოვეთის ან ციმბირის ლაგერებში გაამწესეს ან ქვეყნიდან გააძევეს. ვინც გარეთ დარჩა, იმყოფებოდა სუკ-ის პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. თვითგამოცემითი ლიტერატურაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღარ იბეჭდებოდა. არასაბჭოურად მოაზროვნე საზოგადოებაში იგრძნობოდა გულგატეხილობა, საუბრებში ჭარბობდა პესიმისტური განწყობა, რომ საბჭოურ ტოტალიტარიზმთან დაპირისპირებას “აზრი არა აქვს”. და მაინც, დისიდენტურმა სულისკვეთებამ და იდეებმა ერთგვარი აღდგომა განიცადა 1987-1988 -1990 წლებში, იატაქვეშეთიდან გამოვიდა დისიდენტური მოძრაობა შეიქმნა არაფორმალური გაერთიანებები განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებების მიმართულებაზე გაკეთა ამიტომაც ეროვნულმა მოძრაობის ლიდერებმა მერაბ კოსტავამ, და ზვიად გამსახურდიამ, ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფი რომელსაც ამ ჯგუფს ეროვნული მოძრაობის ლიდერების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა სრულიად ახალგაზრდა პიროვნება გიორგი თევზაძე, რომელმაც ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში 1978 წელს სკოლის მოსწავლემ პროტესტის ნიშნად საჯაროდ დაწვა ლენინის ტომები, რომელიც საბჭოთა სისტემის მიერ განსხვავებული შეხედულებებისათვის იდევნებოდა , ხოლო შემდგომ წმინდა ილია მართლისა საზოგადოებაში ჯერ ადამიანის უფლებების სოლიდურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ხოლო შემდგომ ამავე საზოგადოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, გიორგი თევზაძეს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ადამიანის უფლებების დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაში რომელიც თავიდანვე იდგა ეროვნული მოძრაობის სათავეებთან, წმინდა ილია მართლის საზოგადოებას დამფუძნებიდან ხელმძღვანელობდა ერთერთი გამორჩეული დისიდენტი და ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, ხოლო მისი ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ზვიად გამსახურდია, ამასთანავე წმინდა ილია მართლის საზოგადოება, და ჰელსინკის კავშირი იყო საქართველოში მრგვალი მაგიდის დამფუძნებელი წამყვანი ორგანიზაციები, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოში მრავალ-პარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში, არჩევნების შედეგად მოსახლეობის ხმათა აბსოლიტური უმრავლესობა მიიღო პოლიტიკურმა ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ , პირველივე სესიაზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ზვიად დამსახურდია, ხოლო შემდგომ საქართველოს პრეზიდენტად . ხოლო 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლოკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.რაც საქართველოში მცხოვრები თითეული მოქალაქის მიერ მნიშვნელოვანი უდიდესი მონაპოვარია.

    • ლანა says:

      გამარჯობა გურამ, გთხოვთ, შემეხმიანეთ. ვმუშაობ სადოქტოროზე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდის პრესას ეხება. თქვენმა კომენტარმა ჩემი ინტერესი გამოიწვია და იქნებ, კიდევ გქონდეთ საინტერესო ინფორმაციები. დიდი მადლობა. (ლანა შენგელია)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი