მთავარი » ქრისტიანობა

“მეორე მცნება კერპთაყვანისმცემლობას გვიკრძალავს და მოგვიწოდებს, არავინ და არაფერი ვაქციოთ კერპად”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.02.2015 | 3,368 ნახვა

მეორე მცნება – არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა; არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ღმერთმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ!

განვაგრძოთ საუბარი ათი მცნების შესახებ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ, მართალია, ღვთისაგან მოსესთვის ბოძებული ათი მცნება ძველი აღთქმის ეპოქას მიეკუთვნება, მაგრამ მას თავისი ძალა და მნიშვნელობა არც იესო ქრისტეს შემდგომ დაუკარგავს. ასევე, იმაზეც ვისაუბრეთ, რომ პირველი ოთხი მცნება ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულებას მოიცავს. მამა დიონისე შემდეგ განვიხილეთ პირველი მცნების მნიშვნელობა, სადაც გამოიკვეთა, რომ, ღმერთი ერთია და მისი თაყვანისცემაც მხოლოდ ერთგვარად აღესრულება, ანუ ჭეშმარიტება ერთია და მისი მსახურებაც არ შეიძლება მრავალგვარი იყოს. ყურადღება გავამახილეთ იმაზეც, რომ ერთი ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა სწორედ ერთ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება.

ახლა განვაგრძოთ საუბარი ათ მცნებაზე და დღეს განვიხილოთ მეორე მცნება, რომელიც ასევე ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულებას განსაზღვრავს და კიდევ მეტად განმარტავს. ამგვარი ცოდნის მიღება აუცილებელია, ვინაიდან ხშირად გვგონია, რომ მხოლოდ ტაძარში სიარული, ლოცვა, აღსარების თქმა და ზიარება საკმარისია უფალთან დაახლოებისთვის. ნუ მოვტყუვდებით! თუ ცოდნას არ გავიღრმავებთ და შინაგანად სწორ განწყობილებას არ შევიქმნით, მარტოოდენ საიდუმლოებებში მონაწილეობით ვერ მოვახერხებთ ღმერთის მართლად დიდებას. სწორედ ამიტომ ჩვენი სულიერი ცოდნა უნდა გაღრმავდეს, რათა სწორ გზაზე სიარული მოვახერხოთ.

მეორე მცნება ამგვარად ჟღერს: „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე,
და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ”(გამ. 20,4-5). ეს მცნება პირველისაგან განსხვავებით კერპთაყვანისმცემლობას გვიკრძალავს და მოგვიწოდებს, რომ არავინ და არაფერი ვაქციოთ კერპად.

აღნიშნული მცნება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოდაც კი მოეჩვენოს ზოგიერთ ჩვენთაგანს. ნუთუ შეიძლება ადამიანი თაყვანს სცემდეს და ადიდებდეს მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ცხოველებს, ფრინველებს და სამყაროში არსებულ უამრავ არსებასა თუ მითოლოგიურ პიროვნებას. მაგრამ ასეთი დრო ნამდვილად იყო და ჩვენი წინაპრებიც სწორედ ასე ცხოვრობდნენ ქრისტეს მოსვლამდე; თუ გადავხედავთ ქართველი ერის ისტორიას, ვნახავთ, რომ უამრავი მდაბიო, შეიძლება ითქვას, უზნეო მოძღვრება და უცნაური კერპი არსებობდა იმ ხანებში. მხოლოდ ებრაელ ერს მიენიჭა ცოდნა ერთი ღმერთის შესახებ.

თუმცა არც თანამედროვეობაა ბოლომდე განთავისუფლებული კერპთაყვანისცემის გარეგნული გამოხატულებისგან. მაგალითად, საკმაოდ ხშირად ადამიანებისგან ვქმნით კერპს, რის შესახებაც დღევანდელმა წაკითხულმა საკვირაო სახარებამაც მიგვანიშნა: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი”(მთ. 10,37). თუმცა არის კიდევ უფრო უარესი გამოვლინებები; ახალგაზრდებს სჩვევიათ ცნობადი და საეჭვო რეპუტაციის სახისგან კერპის შექმნა, მისი ცხოვრების წესის მიხედვით თავიანთი ცხოვრების წარმართვა. ესეც ერთგვარი კერპთაყვანისმცემლობაა.

თუმცა, კერპთაყვანისმცემლობა გარეგნული იერსახით წარსულში უფრო მეტად იყო გავრცელებული. მაგალითად: ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა საკუთარი ოქროს ქანდაკება აღამართინა თავის მსახურებს; ნიშნად იმისა, რომ მან თავი ღმერთად გამოაცხადა. ასევე იყვნენ რომის იმპერატორებიც, ყოველწლიურად ითხოვდნენ თაყვანისცემას, რომის ყველა მოქალაქეს მსხვერპლი უნდა შეეწირა მათ სახელზე. ქრისტიანობამ დაამხო ამგვარი უმსგავსოება.

მეორე მცნებას გარეგნული სახით თითქოს ადვილად ვასრულებთ, თუმცა მისი შინაგანი აღსრულება არც ისე ადვილია. შესაბამისად, თუკი მხოლოდ გარეგნული სახით აღვასრულებთ ამ მცნებას, ხოლო შინაგანად წარმოსახვითი ღმერთებისა და კერპების მსახურებაში დავრჩებით, მაშინ მხოლოდ გარეგნულად სჯულის შესრულება სიკეთეს ვერ მოგვიტანს. თუკი გვსურს, რომ უფლის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და სულიწმინდის მადლის ჭურჭელნი ვიყოთ, მაშინ ჩვენ უნდა მოვსპოთ და დავანგრიოთ ყოველგვარი კერპი.

ჩვენი დღევანდელი საუბარი სწორედ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ შინაგან სამყაროში. დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვემსახურებით, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, – ღვთის მადლი, თუ ის, რაც მიწიერი, დროებითი და წარმავალია? ამისთვის დავდივართ ჩვენ ეკლესიაში, თორემ მეორე მცნება თავისი გარეგნული გამოხატულებით მართლაც ნაკლებად გვეხება, რადგან არ ვართ მზის, მთვარის ან ცხოველების თაყვანისმცემლები.

როგორც აღვნიშნეთ, მეორე მცნება ყოველგვარი ნივთის, პიროვნების, ცოცხალი თუ არაცოცხალი არსების გაღმერთებასა და გაკერპებას გვიკრძალავს. თუმცა არც ისეა საქმე, რომ თითქოს მხოლოდ ამით შემოიფარგლება აღნიშნული მცნების მნიშვნელობა. მეორე მცნება ჩვენს შინაგან სამყაროსაც მოიცავს. „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი” – მარტოოდენ თვალით ხილულ სამყაროს არ გულისხმობს. მასში ჩვენში არსებული და გაბატონებული ვნებები და მანკიერებებიც იგულისხმება, რომელთა ტყვეობასაც მივეცემით ხოლმე ადამიანები. უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი სხვადასხვა ვნება არსებობს და იმისათვის, რომ ადვილად გასარჩევი გახდეს ესა თუ ის ვნება, მათ სამ ძირითად კატეგორიად ჰყოფენ. ესენია: პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და სიამეთმოყვარეობა. პატივმოყვარეობა მას უქცევია კერპად, ვინც მუდმივად ადამიანთაგან განდიდებისაკენ მიისწრაფვის და ხოტბას ელის. სიმდიდრის და ქონების მუდმივად მაძიებელს აღუმართავს თავის თავში ვერცხლისმოყვარეობის კერპი; ხოლო სიამეთმოყვარეობას ის დამონებია, ვინც მხოლოდ სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის იღწვის და ყოველივე სულიერი დავიწყებია. აღნიშნული სამი ძირითადი ვნება თავის თავში მრავალ სხვა ცოდვით გამოვლინებას მოიცავს და მათი დაწვრილებით განხილვა კიდევ მრავალ ფარულ კერპს აღმოგვაჩენინებს საკუთარ თავში.

როგორც ვხედავთ, კერპთაყვანისმცემლობას მრავალგვარი გამოვლინება ჰქონია; მის ერთ-ერთ სახეს შოვინიზმი და რასიზმი წარმოადგენს. დაუშვებელია, რომ მხოლოდ საკუთარი ერისა და მოქალაქეების ინტერესებს ვიცავდეთ და მარტოოდენ მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა მიგვაჩნდეს უმაღლეს მიზნად. ადამიანის მთავარი მიზანი ღმერთისკენ სწრაფვა და ღვთის მადლის მოძიებაა, ხოლო თუკი მხოლოდ ერის ინტერესს ვემსახურებით და ღმერთს – არა, ესეც კერპთაყვანისმცემლობაა.

წმიდა დავით მეფსალმუნე ამბობს: „კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვერცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი; პირ აქვსთ, და არა იტყვიან; თვალ ასხენ, და არა ჰხედვენ; ყურ ასხენ, და არა ყურადიღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ”(ფს. 113,12-16). ე.ი კერპი ეს არის ფუტურო, რომელსაც პირი აქვს და არ საუბრობს, თვალები აქვს და ვერ ხედავს, ყური აქვს და არ ესმის. მათ, რაც მთავარია, სული არ აქვთ. ვინც მათ აშენებს, თავად მათ ემსგავსება.

დღეს მართლმადიდებლობას ისლამი და პროტესტანტული ეკლესიები ბრალს სდებენ მეორე მცნების დარღვევაში, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ხატების და წმინდანების თაყვანისცემა კერპთაყვანისცემის ტოლფასია. თავად ისლამის მიხედვით, მუჰამედის გამოსახულების გამოსახვაც კი მიუღებლად მიაჩნიათ, ხოლო პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობაში ვერ ნახავთ ხატს თუ ფრესკას. ჩვენ კი ისე ვართ მიჩვეულნი ეკლესიებში ფრესკებისა და ხატების თაყვანისცემას, რომ მათ გარეშე ღვთისმსახურების აღსრულებაც უხერხულად მიგვაჩნია.

რის საფუძველზე ვცემთ ხატებს თაყვანს და ხომ არ მოვდივართ მოსეს სჯულთან წინააღმდეგობაში? რადგან ისინი მოსეს სჯულით გვიპირისპირდებიან, ჩვენც სწორედ მოსეს სჯულითვე შეგვიძლია ამ ცრუ ბრალდების განქარვება: სწორედ მოსეს აუწყა ღმერთმა, რომ შეექმნა სჯულის კიდობანი, სპილენძის გველი, ოქროს ქერუბიმები. ებრაელები მოსეს დროს ორმოცი წლის განმავლობაში ხეტიალობდნენ უდაბნოში. მათ ღმერთის მითითებით ჰქონდათ მოწყობილი მოძ- რავი ტაძარი, სადაც დავანებული ჰქონდათ სიწმინდეები: სჯულის კიდობანი, სპილენძის გველი. ასევე კრეტსაბმელზე გამოსახული ჰქონდათ ანგელოზთა ერთ-ერთი უმაღლესი და- სის – ქერუბიმების გამოსახულებები. სწორედ ამის მიხედვით ნათელი ხდება, რომ ღმერთი არ კრძალავს გამოსახულებების გამოსახვას.

თავად წმიდა დავით წინასწარმეტყველი, რომელიც შეუპოვრად უპირისპირდება კერპების მსახურებას, თაყვანს სცემდა ტაძარს, როგორც სიწმინდეს. თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენ მარტო ღმერთს უნდა ვსცეთ თაყვანი და ტაძარს არა, რადგან ტაძარი არ არის ღმერთი, მაშინ თავად მოვა წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან. ვინაიდან, ტაძარი ის ადგილია, სადაც დავანებულია ღვთის მადლი. როდესაც დავით მეფე პირველ ტაძარს აშენებდა, ღმერთმა მას უთხრა, რომ მე დავივანებ მას- შიო. ე.ი რატომ ვცემთ ტაძარს თაყვანს? იმიტომ რომ იქ დავა- ნებულია ღვთის მადლი. სწორედ ამ კუთხით თუ განვიხილავთ ხატებისა თაყვანისცემას, ადვილად გასაგები ხდება, რომ დაფა ან საღებავი კი არ იწვევს ჩვენში მოწიწებას, არამედ ის პიროვ- ნება, ვინც მასზეა გამოსახული.

უკეთ გასაგებად ერთი მაგალითი მოვიშველიოთ: დიდი ხნის უნახავი საყვარელი ადამიანი როდესაც მოგვენატრება ხოლმე, მის სურათს დავცქერით, ვესაუბრებით და ზოგჯერ ვეამბორებით კიდეც მას. ასეთ შემთხვევაში ის ქაღალდი ხომ არ არის სიყვარულის გამოხატვის მიზეზი?! არამედ მასზე გამოსახული პიროვნება. ასევეა ხატიც. მისი თაყვანისცემა ხის დაფის, საღებავისა და ოქროს თაყვანისცემას კი არ ნიშნავს, არამედ იმ წმინდანისა, რომელიც მასზეა გამოსახული.

ახლა იმის შესახებ ვისაუბროთ, თუ რატომ არ არიან წმინდანები კერპები. მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ წმიდანი ის ადამიანია, ვინც ღვთის მადლი მოიპოვა და გახდა ღვთის მარჯვნივ მყოფობის ღირსი. ე.ი ჩვენ ღვთის მადლს მივაგებთ პატივს. მაგალითად, ცალკეულად აღებული, ეკლესიის ქვა არანაირ სიწმინდეს არ წარმოადგენს, მაგრამ ვეამბორებით ხოლმე მას, რადგან ვიცით, რომ ღვთის მადლით არის მოცული ღვთის სახლში ყოველივე. ასევე წმინდანთა თაყვანისცემაც ღვთის მადლის თაყვანისცემას გულისხმობს და ასევე იმის სასოებას, რომ მათ ღმერთთან ახლო მყოფობის გამო ჩვენი შეწევნის უნარი აქვს.

მგონი ნათელი გახდა, რომ მართლმადიდებლობა კერპთაყვანისცემას კი არ გვასწავლის, არამედ პირიქით, მიწიერი გამოსახულებებით ზეცამდე ამაღლებისკენ გვიბიძგებს. მით უმეტეს, საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, თავად იესო ქრისტემ მიიფარა ტილო სახეზე და მასზე სასწაულებრივად გადმოვიდა მისი გამოსახულება. ასე შექმნა მისი პირველი ხატი. ხოლო ლუკა მახარებელი ღვთისმშობლის ხატის შემქმნელად სახელდება.

ვისაც საეკლესიო გადმოცემის ნაკლებად სჯერა, ანუ პროტესტანტებს, მათ დასაფიქრებლად არქეოლოგიურმა გათხრებმა დაამოწმა, რომ უკვე პირველ საუკუნეეში იქმნებოდა ხატები. მართალია, თავიდან ქრისტიანული ტაძრები ნაკლებად არსებობდა, მაგრამ კატაკომბებსა და გამოქვაბულებში, იქ, სადაც ქრისტიანები ღვთისმსახურებას ფარულად აღასრულებდნენ, არქეოლოგებმა პირველი საუკუნეების ხატები აღმოაჩინეს.

ამრიგად, მართლმადიდებლობა ებრძვის ყოველგვარ კერპთაყვანისცემას. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არასწორმა წარმოდგენებმა ხატმებრძოლობის წარმოშობას შეუწყო ხელი, რასაც ვერაფრით შეეგუება ჩვენი ეკლესია. სამწუხაროდ, გარკვეული გადახრები ხატთაყვანისცემასთან მიმართებით დღესაც შეიმჩნევა. მაგალითად, არსებობს ღვთისმშობლის უამრავი ხატი, რომელთაც უდიდესი ძალა აქვთ; რაღაცნაირად ხდება ისე, რომ მათ გარკვეულ კატეგორიებად ვანაწევრებთ: გათხოვების და უშვილობის შემწე, სიმთვრალისაგან და ნარკომანიისაგან დამსხნელი და ასე შემდეგ. ამის გამო, ხშირად ღმერთს კი აღარ მივმართავთ თხოვნით, არამედ – ხატებს; ღმერთს კი აღარ ვეძებთ, არამედ – ხატებს მაღაზიებსა და ეკლესიებში. ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავარი ღვთისადმი რწმენაა და არა
– ხატებისადმი, რადგან „ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს მამისაგან ნათლისა”(იაკ. 1,17).

იგივე შეიძლება ითქვას ლოცვებთან მიმართებაშიც. მაგალითად, არსებობს კბილის ტკივილისას წარმოსათქმელი ლოცვა. თუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ამ ლოცვის წარმოთქმა შემიმსუბუქებს ტკივილს და სხვაგვარად ღმერთი ვერ დამეხმარება და არ მოისმენს ჩემი სიტყვებით აღვლენილ ვედრებას, მაშინ ესეც კერპთაყვანისცემას ნიშნავს.

სულიერ მოძღვართან დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას: მართალია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულიერ ცხოვრებაში მოძღვარს, მაგრამ არ უნდა შევქმნათ მისგან კერპი.

ასე რომ, ვინც მოსეს სჯულის მეორე მცნება იცის და მისით ხელმძღვანელობს, ადვილად აღმოაჩენს, რომ მისი საშუალებით ჩვენსავე ბუნებაში მრავალი დაფარული მანკიერება წარმოჩინდება. სწორედ ამიტომ გვმართებს განათლების მიღება, რადგან გაუაზრებლად აღსრულებული ღვთისმსახურება ვერ დაგვიცავს კერპთაყვანისმცემლობის გამოხატულებისგან.

ღმერთმა გვაშოროს ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობა! ეკლესიაში მიღებულ ცოდნას დაეცვას კაცობრიობა ცრუ ღმერთების მსახურებისგან!

ჩვენთან არს ღმერთი!

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,
იღუმენი დიონისე გვიმრაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი