მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

მედავითნის როლი ღმრთისმსახურებაში

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 18.10.2013ერთი კომენტარი | 1,705 ნახვა

რა როლი აკისრია მედავითნეს ღმრთისმსახურებაში და როდიდან არსებობს მედავითნის დადგინების ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში? გვესაუბრება ქაშუეთის სამრევლო სკოლის მედავითნეობის პედაგოგი გიორგი მეტრეველი:

„მედავითნე, იგივე წიგნისმკითხველი არის სასულიერო იერარქიის საფეხურზე მყოფი ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია ღმრთისმსახურებისას. მას ევალება ლიტურგიკული წიგნების კითხვა. გიორგი მეტრეველი ტერმინი “მედავითნე” (დავითნის მკითხველი) და “წიგნისმკითხველი” (წმინდა წერილის მკითხველი) სწორედ ამაზე მიანიშნებს, თუმცა მედავითნის როლი დღეს უკვე გაიზარდა და მარტო ფსალმუნებისა და წმინდა წერილის კითხვით არ შემოიფარგლება. წიგნისმკითხველი არა მარტო უნდა აცნობიერებდეს იმ პასუხისმგებლობას რომელიც მას აკისრია, არამედ უნდა იყოს ყოველმხრივ გამორჩეული, იცოდეს წმინდა წერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს მსმენელამდე მიიტანოს ის საღმრთო სიბრძნე, რაც ლიტურგიკულ წიგნებში იკითხება და რასაც ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულება ეწოდება. თუ ამას გაიაზრებს მედავითნე, დარწმუნებული ვარ მას მსახურებაც არასდროს მობეზრდება.

წიგნისმკითხველობა ძვ.აღთქმიდან იღებს სათავეს, ასევე ამის დამოწმება გვაქვს ახალ აღთქმაში, როცა მაცხოვარი შედის სინაგოგაში და აღმოიკითხავს ისაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ფრაგმენტს და განუმარტავს ხალხს. აქტიურად მედავითნეები ჩნდებიან პირველი საუკუნეებიდან როცა ლიტურგიკული ღმრთისმსახურება იწყება.“

რა განსხვავებაა დღევანდელ და ძველად არსებულ საკითხავების წესებს შორის?

წმ.ეფრემ მცირე ბრძანებს: “ეკლესია უმჯობესისა მიმართ წარემატების”. ლიტურგიკული წეს-განგება, იგივე ტიპიკონიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა. მაგალითად, ახალდაარსებულ ეკლესიაში მხოლოდ ფსალმუნები და წმ.წერილი იკითხებოდა, შემდეგ წმ. მამების მიერ შეიქმნა სხვადასხვა სახის საკითხავები, საგალობლები და ლიტურგიკულმა ღმრთისმასახურებამაც სხვაგვარი სახე მიიღო, უფრო დაიხვეწა და მოწესრიგდა.

რა მეთოდებით ისწავლება მედავითნეობა?

1994 წლიდან პატრიარქის კურთხევით მამა ბიძინა გუნიამ ჩამოაყალიბა მედავითნეობის შემსწავლელი კურსები, რომელიც გაფართოვდა და დღეს უკვე მსურველებს აქვთ საშუალება შეისწავლონ მედავითნეობა სამების ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში, ქაშუეთის სამრევლო სკოლაში, სოლოლაკის ამაღლების სახელობის ტაძარში და გლდანში ლომისის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში. სწავლის დაწყებამდე აუცილებელია მოძღვრის კურთხევა. პროცესი სწავლისა მოიცავს 8 თვიან კურსს, რომლის გავლის შემდგომაც მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერი მსახურების ჩატარება დამოუკიდებლად. მიდგომა პედაგოგისა მოსწავლისადმი ინდივიდუალურია, რაც მეტად უწყობს ხელს სწავლის პროცესს.

რა უნდა გაითვალისწინონ მედავითნეობის მსურველებმა?

მედავითნეს ევალება იკითხოს გასაგებად. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს კითხვის ტონალობას, კილოს. იგი უნდა იყოს რაც შეიძლება სადა, მონოტონური, რომ მსმენელმა უკეთ აღიქვას წაკითხული. რაც შეეხება იმას, რომ მედავითნე ჩქარა კითხულობს თუ ნელა, ამას კონტროლს უნდა უწევდეს ის მღვდელი, რომელსაც მიჰყავს ღმრთისმსახურება.

გიორგი, თავად თქვენი დაინტერესება ამ მიმართულებით რამ განაპირობა?

5 წელია რაც მედავითნე ვარ წმ.კვირიკესა და ივლიტას ტაძარში. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მხიბლავდა ის, თუ როგორ კითხულობდნენ მედავითნეები კათედრაზე. დროთა განმავლობაში, ეს მოწონება სურვილში გადამეზარდა და გადავწყვიტე შემესწავლა მედავითნეობა. ჩემი მოძღვრისა და მამა ბიძინას კურთხევით გავიარე 8 თვიანი კურსი და დავიწყე მსახურება. შემდეგ როცა სკოლა გაფართოვდა, შემომთავაზეს ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელობა და ღვთის შეწევნით, უკვე 4 წელია ქაშუეთის სამრევლო სკოლაში ვასწავლი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

ერთი კომენტარი »

  • თინათინი says:

    ძალიან კარგი სტატიაა. ბევრმა მედავითნემ არ იცის კარგად კითხვა. ზოგჯერ საერთოდ არ ისმის, რას კითხულობენ და ადამიანს წირვა-ლოცვის მოსმენა ბეზრდება. იმედია, რჩევებს გაითვალისწინებენ…

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა," - წმ. ნილოს სინელი.