მეცხრე მცნება – “არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა”
დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! დღეს მინდა ვისაუბროთ მეცხრე მცნების შესახებ: „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა”(გამ. 20,16). ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ღვთის მცნებები არცთუ მარტივი აღსასრულებელია, თუ მათ საფუძვლიანად ჩავუკვირდებით; იგივე უნდა ითქვას მეცხრე მცნებაზეც. მივყვეთ თანმიმდევრულად და ჯერ წმიდა წერილში ვიპოვოთ ამ მცნების მნიშვნელობის შესაბამისი ადგილები.
ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე არის ცხოვრება, გზა და ჭეშმარიტება. მის სიტყვაში არასდროს გარეულა სიცრუე, არაწმინდება, ან მზაკვარება. აქედან გამომდინარე, რადგან ღმერთი ჭეშმარიტებაა, მაშასადამე, ყოველგვარი სიცრუე ცალსახად ეშმაკისგანაა; ანუ სადაც სიცრუეა, იქაა – ეშმაკიც. ხოლო სადაც ჭეშმარიტებაა, იქაა – ღმერთიც. შესაბამისად, თუკი ჩვენი სიტყვა, ან ქმედება რაიმე სახით სიცრუესთან არის დაკავშირებული, მაშინ ჩვენც დაკავშირებულნი ვყოფილვართ სიცრუის წყაროსთან – ეშმაკთან. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი:
„ოდეს ვინ იტყვინ ტყუვილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ მტყუვარ არს, და მამაიცა მისი მტყუვარი არს”(იო. 8,44). ხოლო წმიდა პავლე მოციქული კი გვასწავლის, რომ ვინც სიცრუით საუბრობს, ის ჯერ კიდევ არ გამხდარა ღირსეული ქრისტიანი: „ნუ ეტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ”(კოლ. 3,9). როგორც ვხედავთ, მატყუარა კაცს ჯერ კიდევ არ განუძარცვავს ძველი კაცება, ვერ შეუთავისებია ქრისტეს სჯული და უარი ვერ უთქვამს წარსულ ცხოვრებაზე. ამიტომ ნამდვილი ადამიანობა მხოლოდ სიცრუის გარეშე არსებობს. ძველი აღთქმა აძაგებს მატყუარას: „საძაგელ უფლისა ბაგენი მტყუარნი, ხოლო მოქმედი სარწმუნოებისანი შესაწყნარებელ მისა”(იგ. 12,22).
აი, ასეთი საოცარი შეგონებები გვაქვს ჩვენ წმიდა წერილში, რომლითაც ცალსახად გვეუბნება, რომ ყოველგვარი სახის სიცრუეს უნდა მოვერიდოთ. მაგრამ როგორ ვიქცევით ჩვენ? ზოგჯერ ისეთ გარემოებებს ვქმნით, რომ გამოსავლად მხოლოდ სიცრუე თუ წარმოისახება და მიუხედავად ამისა, შემდეგ მაინც თავს ვიმართლებთ და აუცილებლობას ვაბრალებთ. არადა, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, რომ სიცრუე საერთოდ არ გვჭირდებოდეს. მართლაც, თუკი ყველასთან გულწრფელნი და სიმართლის მთქმელნი ვიქნებით, მაშინ არც სიმშვიდე დაგვეკარგება და არც ღვთის რისხვა დაგვატყდება თავს. წმიდა პავლე მოციქულის სწავლების მიხედვით სიცრუის მთქმელს დიდი სასჯელი ელის: „გამოჩინებად არს რისხვა ღმრთისა ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტება სიცრუვით აქუნდა” (რომ. 1,18). ამიტომ ვინც ჭეშმარიტებას სიცრუით ბღალავს, ან ცვლის, ის ღვთის რისხვას ვერ გადაურჩება.
მაგალითად, ახლა მე თქვენს წინაშე ვდგავარ და ვცდილობ, ჭეშმარიტება გადმოგცეთ, მაგრამ თუკი თავად მე არ ვიცავ ჭეშმარიტებას, ან სხვაგან სხვანაირად ვსაუბრობ, მაშინ თავად ვარ უდიდეს სიცრუეში და ამავე დროს სასჯელის ღირსი. აბა, სხვა რა გამოდის?! ვცდილობ დაგეხმაროთ, ვისაც სიცრუე უყვარს, სიცრუეში ვამხილო და ამ დროს თავად შეიძლება ვერ ვიცავდე ჭეშმარიტებას. ეს, ბუნებრივია, უდიდესი დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან.
იგივე ითქმის თქვენ მიმართაც. მართალია, თქვენ სასულიერო პირები არ ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ხართ ქრისტიანები და თქვენ ვალდებულნი ხართ, დაბნეულნი ცხოვარნი მოაქციოთ და დააყენოთ ჭეშმარიტების გზაზე. ხოლო როდესაც ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე და ჩვენი საქმეები არ არის ჭეშმარიტი და არ შეესაბამება ჩვენსავე სიტყვას, მაშინ სასჯელს ვიმკით. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ღვთის სიტყვის გავრცელებაზე. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ შეიძლება თავად შენ ვერ იქცევი ღირსეულად, მაგრამ როდესაც სხვას ასწავლი და ამხელ, ამით შენი მხილებაც ხდებაო. მართლაც, ჩვენ ხომ ანგელოზები არ ვართ, რომ ყველაფერს ზედმიწევნით აღვასრულებდეთ. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სხვისი მხილებისას არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი მანკიერება, ზემოდან ცქერა არ უნდა დავიწყოთ და წმიდად არ უნდა მოგვეჩვენოს საკუთარი თავი. ასევე, როდესაც მოძღვარი ქადაგებს, მასაც არ უნდა ჰქონდეს ის განცდა, რომ თითქოს ის სჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელია და არც ამბიონზე დგომამ არ უნდა აფიქრებინოს, რომ მრევლზე სულიერად ბევრად მაღლად მდგომია. თორემ ნახეთ, რას ამბობენ წმიდა მამები: მიწიერი მკურნალი იმიტომ გყავთ, რომ ისიც შემოსილი უნდა იყოს თავისი უძლურებით და უსუსურებით, თორემ სრულყოფილთა წინამძღვრობა რომ ყოფილიყო საჭირო, მაშინ ანგელოზებს დაგვიდგენდა სამკურნალოდო. მაგრამ ანგელოზი რას გაიგებდა ჩვენს ტკივილს, ხომ? მათთვის უცხოა ადამიანური უძლურება, ამიტომ ღმერთმა ადმიანები დაადგინა სულიერ მოძღვრად, რომელთაც აქვთ სულიერი უძლურებანი და ადამიანური სისუსტეები. ამიტომ, წესითა და რიგით მოძღვარს კარგად უნდა ესმოდეს, თავისი სულიერი შვილის მწუხარება და ტკივილი. ამრიგად, თქვენც ვალდებულნი ხართ, რომ ისაუბროთ ჭეშმარიტებაზე.
აი, დღეს სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები: „არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, რაითა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა” (ლკ. 11,33). არავინ დაჰფარავს სანთელს, არამედ მაღალ ადგილზე დადგამენ, რათა ყველაფერი გაანათოს. ჩვენც, როგორც ქრისტიანები, ანთებული სანთლები უნდა ვიყოთ; ოღონდ სადმე კი არ უნდა დავიმალოთ, არამედ ყველგან უნდა დავამოწმოთ ჭეშმარიტება, სიტყვით და საქმით.
შესაბამისად, ქრისტე, ცდილობს რა აგვარიდოს სიცრუე და ჭეშმარიტების შებღალვის საშიშროება, ამაოდ საუბრისგან თავშეკავებისკენ მოგვიწოდებს: „ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვა მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო”(მთ. 12,36-37). ანუ ყოველი სიტყვის გამო მოგვეკითხება ჩვენ. ხშირად ამბობენ, რომ რატომ არის ქრისტე ასეთი მკაცრი? განა ყოველი სიტყვის გამო უნდა მომეკითხოს მეო? ეს სიტყვა შეიძლება იყოს სიცრუით მოცული და ამ სიცრუემ დაღუპოს ადამიანი, რადგან სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ნახეთ, რას ამბობს იაკობ მოციქული: „აჰა, ესერა, მცირემან ცეცხლმან რაოდენი ნივთი აღაგზნის! და ენაი ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუვისა. ენაი დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზებულ არს გეჰენიისაგან”(იაკ. 3,5-6). ანუ ენა მცირე არისო, მაგრამ მას შეუძლია ადამიანისთვის უდიდესი ზიანის მიყენება, ისევე, როგორც ცეცხლის ალი მცირეა, მაგრამ შეუძლია ყველაფრის დაწვაო. ასევე, წმიდა იაკობი ამბობს, რომ ჩვენი ენა მცირე საჭეს ჰგავს, რომელიც დიდ ხომალდს მართავსო. აი, ამ მცირე საჭეს შეუძლია ადამიანების დაღუპვა, შთანთქვა, თუკი არასწორ გეზს აიღებს იგი.
ამიტომ, თითოეული სიტყვა უნდა იყოს ჭეშმარიტებით გაზავებული და მასში სიცრუის, მზაკვარების არაფერი არ უნდა იყოს. რამეთუ ვინც უფლისაგან ბოძებულ მეტყველების უნარს მოყვასის საზიანოდ იყენებს, ის არის ღირსი ზეციური სასჯელისა, როგორც გვითხრა პავლე მოციქულმა. ასე რომ: „სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო”. მართლაც, რომ დავუკვირდეთ, ჩვენ ხშირად იმას არ ვსაუბრობთ, რასაც გულში ვფიქრობთ. ნახეთ, რამხელა სიცრუეა. გულში ერთს ვფიქრობთ, შემდგომ გონება საზღვრავს, თუ როგორ გამოვთქვათ შინაგანი ფიქრები და საერთოდ საპირისპიროს შეიძლება ვსაუბრობდეთ; გააჩნია რა განზრახვა გვაქვს. აქ ნათლად ჩანს, თუ რამხელა სიცრუეში შეიძლება იყოს ადამიანი. თუკი შევედარებით ცხოველს, საინტერესო სხვაობას აღმოვაჩენთ. ცხოველი ვერ ფარავს თავის გრძნობებს; რასაც განიცდის, იმასვე გამოხატავს. მართალია, ვერ საუბრობს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხვდებით რას გრძნობს. მაგრამ ადამიანები იმდენად ვფარავთ, ისეთი ნიღაბს მოვირგებთ ხოლმე, რომ მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე პიროვნება თუ მიხვდება, ჭეშმარიტებას ვსაუბრობთ თუ არა.
მცირე ხნის წინ, ერთი უცნობი, შუახნის მამაკაცი გამომესაუბრა და დიდი გულისტკივილი გამიზიარა. მან მითხრა, რომ ბევრმა უახლოესმა ადამიანმაც კი ნდობა დაკარგა ჩემს წინაშეო. უსაზღვროდ დიდ დარდს დაატარებს ეს კაცი თავის გულში. ჩვენ ურთიერთნდობა გვაქვს დაკარგული და ამიტომ არ ვართ ერთმანეთის მიმართ გულწრფელნი. რამდენჯერაც გულახდილნი ვიყავით ადამიანების წინაშე, იმდენჯერ უკან შემოგვიტრიალდა ეს გულახდილობა ჩვენს საზიანოდ. ამიტომ, ბედნიერია ისეთი ადამიანი, რომელსაც გვერდით ნამდვილი მეგობარი ჰყავს, ვინც მოისმენს მის გულითად სიტყვას და ცუდად კი არ გამოიყენებს, არამედ პირიქით, გულთან მიიტანს მის დარდს, მწუხარებას და ასე ერთობით შეეცდებიან ამ საიდუმლოს ტვირთვას.
ამიტომ, წმიდა მამები გვეუბნებიან, რომ მდუმარება საუბარზე უკეთესიაო. მდუმარება ოქროა, ხოლო ქადაგება ვერ- ცხლი. ვისაც მდუმარება უყვარს, ის ოქროს მფლობელს არის მიმსგვავსებული. ვინც ბევრს საუბრობს, ის ადვილად განიძარცვება; რამეთუ, ვინც მეტს ისაუბრებს, მით მეტი ალბათობაა იმისა, რომ რაღაც ისე ვერ წარმოთქვას, როგორც განზრახული ჰქონდა, სადღაც არ იყო გულახდილი, ჭეშმარიტება შებღალოს სიცრუით, ვიღაცას ზიანი მიაყენოს, განიკითხოს და ასე შემდეგ. ასე რომ, მდუმარება ოქროა.
მაგრამ მდუმარება იმას როდი ნიშნავს, რომ მართლაც ჩავკეტოთ ჩვენი ბაგეები და ხმა აღარ ამოვიღოთ. მდუმარება სხვა რამეა. მდუმარება სხვისი მოსმენის კულტურის ქონას და ამაოდ მეტყველებისგან განრიდებას ნიშნავს. თორემ თუ სრულ მდუმარებაში ვართ, ხოლო გული სავსე გვაქვს მოყვასისადმი განკითხვით, ბოღმით, შურით და ბოროტებით, მაშინ ოქროდ როგორ იქცევა მდუმარება?!
შესაბამისად, სასულიერო პირმა და მრევლმაც უნდა იქადაგოს. ამით სხვასაც სარგებელს მოუტანს და საკუთარ თავსაც, თუ თვითონაც ღვთის გულწრფელი მაძიებელია. ამგვარი სულიერი საუბრები საკუთარ თავის მხილებაც გამოდის და კიდევ მეტი სურვილი უჩნდება ადამიანს სრულყოფილებისკენ სწრაფვისა. ხოლო, თუკი არავის მივუთითებთ ჭეშმარიტებისკენ, ეს უკვე მართლაც დამაფიქრებელია, რამეთუ შეუძლებელია ადამიანი ღმერთისკენ მიდიოდეს, სიკეთეს ეზიარებოდეს და სხვისთვის ამ სიკეთის გაზიარების სურვილი არ უჩნდებოდეს. სხვა საქმეა ის, თუ რამდენად არის მსმენელი ჩემი სიტყვის მოსასმენად, რამეთუ, როგორც მაცხოვარი გვასწავლის, ყოველ ადამიანს კი არ უნდა ვუქადაგოთ ჭეშმარიტება: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ” (მთ. 7,6).
ჩვენ არ გვაქვს ადამიანის განკითხვის უფლება, ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია და დღესაც უნდა ვისაუბროთ. იესო ქრისტე გვეუბნება:„ნუ განიკითხავ, რათა არ განიკითხნეთ” (მთ. 7,1). ვინც განიკითხავს, ის განკითხული იქნება. ნახეთ, რა მარტივი არის ზეციური სასუფევლის მოპოვება. მხოლოდ საკუთარი თავი განიკითხე, სხვას თავი დაანებე და შენ იქნები ცხონებული. ეს არის ოქროს კანონი. მაგრამ, აბა, ჩვენ დავუკვირდეთ ჩვენს თავს. ჩვენი სასაუბრო თემა რა არის? სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევა, მათზე ქილიკი, დაცინვა, შური, ბოღმა, განკითხვა, ცილისწამება და ასე შემდგომ. უფალი გვეუბნება: „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა”(მთ. 18,20). უფალი მათ შორის არის, მათ მოჰფენს მადლს და ერთობას, ვინც მისი სახელის გარშემო იკრიბებიან, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, ვინც ღვთის მადლს და სიყვარულს ეძიებს; ჩვენც ვიკრიბებით ხოლმე ასე ორნი, სამნი და მეტნი, მაგრამ საუბარს ვიწყებთ მეოთხეზე, მეხუთეზე და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ასეთ შემთხვევაში უფლის მადლის ნაცვლად ბოროტებას ვუღებთ გულის კარს.
სამწუხაროდ, ჩვენი ცხონების გზას თვითონ ვიღობავთ. ფაქტიურად, სულიერი სრულყოფილებისკენ სავალი გზის საწყის ეტაპზევე ავღმართავთ ხოლმე კედელს და მერე ვეჯახებით ამ კედელს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მუდმივად, ყოველდღიურად და სამწუხაროდ, ყოველწუთიერად. მრავალგზის მითქვამს მე, რომ ტაძარშიც რომ მოვდივართ, აქ სხვის ქცევაზე ნუ ვფიქრობთ; ნუ ვაკვირდებით სხვის ლოცვას, ტაძარში შემოსვლას და ხატთათაყვანისცემას. სად არის ამ დროს ლოცვა? სად არის ამ დროს საკუთარ თავში მეზვერისამებრ გულმხურვალე ვედრება: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას”. ჩვენ სხვისთვის აღარ უნდა გვეცალოს აქ, წმიდა ტაძარში მაინც; საკუთარ სნეულებას უნდა მივხედოთ. თუ ისიც კი არ შეგვიძლია, რომ ერთი-ორი საათი გავძლოთ სხვისი განსჯის გარეშე, მაშინ რა გამოდის?! ის, რომ ტაძარში ღვთის რისხვის მისაღებად მოვდივართ?! ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ ტაძარში ახლადმოსულ ადამიანს უნებურად რაიმე შეეშლება და იმის მაგივრად, რომ სიყვარულით ავუხსნათ, მგლებივით მივვარდებით ხოლმე.
წმიდა მამათა ცხოვრებიდან ერთ საოცარი მაგალითი გავიხსენოთ. ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ, როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებებმა შეიტყვეს მისი გაძევება გადაწყვიტეს. მოიწვიეს ეპისკოპოსი ამონი, რათა მას გამოეტანა მსჯავრი. როდესაც ძმამ მასთან მიმავალი ხალხი დაინახა, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ უსაყვედურა მათ: – ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით თქვენ ადგილას და აღარ განიკითხოთ სხვები! მას შემდეგ, რაც ყველანი წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა: – ძმაო, იზრუნე შენი სულის გადასარჩენად! ამგვარი განუკითხველობის და შემწყნარებლობის მაგალითი მოგვცა ეპისკოპოსმა.
ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სულიერად სნეული ადამიანი კი არ უნდა განვიკითხოთ, არამედ მას უნდა დავეხმაროთ. მთლიანობაში კი, უნდა ითქვას, რომ სულიერად აბსოლუტურად სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. ქრისტე ხომ ნათლად გვასწავლის: მე მოვედი სნეულთათვის და არა მართალთათვის; მართალი ადამიანი არ დაიარება ამ ქვეყანაზე. „ყოველი კაცი ცრუ არს“(ფს. 115,2) – გვეუბნება დავით მეფსალმუნე.და თუკი მე ცრუ ვარ, მე რა უფლება მაქვს, რომ განაჩენი გამოვუტანო სხვას?
რასაკვირველია, ეკლესიას სასჯელის დაკისრების ხელმწიფება აქვს, მაგრამ არა იმის გამო, რომ დასაჯოს, არამედ თვალის აღხილვისა და გამოსწორების მიზნით. ეკლესია არავის სჯის, იგი ყველას შეიწყნარებს, გულში იკრავს, სითბოს და სიყვარულს ანახებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვადასხვა სასჯელს აკისრებს, რომელსაც აღმზრდელობითი და მზრუნველობითი მიზანი აქვს. აი, როდესაც საკუთარი შვილები გვაბრაზებენ, მათაც ვსჯით სხვადასხვაგვარად, ხომ? აბა, თავზე ხელს ხომ ვერ გადავუსმევთ უღირსი საქციელის შემდეგ?!
აქედან გამომდინარე, კიდევ მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ერთმანეთის მიმართ სულიერი თანაგრძნობის შეგრძნება გვაქვს დაკარგული. დაეცა ვინმე სულიერად? დააშავა რამე? ჩვენ ეს გარემოება გულთან კი არ მიგვაქვს, კიდევ უფრო ვამძაფრებთ ხოლმე მას. სხვისი ტკივილი ჯერ ჩემი ტკივილი არ არის. პირიქით, სხვის ტკივილს დამატებით ტკივილს ვამატებ მე, რამეთუ არა მაქვს შესაბამისი სიყვარული გვერდზე მყოფი ადამიანისა. როდესაც ცოდვას ჩავიდენთ, ჩვენ მას განვიცდით, ათასგვარად განვიხილავთ, მიზეზებს ვეძებთ. თავს კი არ ვიმართლებთ, არამედ სინანულს განვიცდით და გამოსწორება გვსურს. ამ დროს სხვა ადამიანი მოდის, თითს იშვერს ჩვენსკენ, ან ზურგს უკან საუბრობს და ჩვენზე ამბობს, რომ დიდად ცოდვილიაო. იმიტომ გვეუბნებიან წმიდა მამები, რომ ეს არის საშინელი გულცივობა, გულქვაობა ჩვენი მხრიდან, რომ ვერ თანავუგრძნობთ შემცოდე და მონანულ ადამიანს. ნახეთ, რას ამბობს
წმიდა იოანე კრონშტადტელი: „ოქროს მომპოვებელნი ყურადღებას არ აქცევენ ქვიშისა და ჭუჭყის სიმრავლეს ოქროს შემცვლელ ქვიშაში, არამედ მხოლოდ ოქროს მარცვლებზე ჩერდებიან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალზე მცირე რაოდენობითაა, ამ მცირესაც ძალზე უფრთხილდებიან და გარეცხვით მოიპოვებენ უვარგისი ქვიშის სიმრავლისგან. ამგვარადვე გვეპყრობა ღმერთი ჩვენც, როცა მრავალ მოთმინებით განგვწმენდს”. ამგვარადვე უნდა მოვექცეთ ერთმანეთსაც.
მოყვასს შეცოდებისას და ტკივილისას უნდა ვუთანაგრძნოთ და გულთან მივიტანოთ. განა სნეულს ვინმე დაუწყებს ქილიკს სნეულობის გამო? თუმცა არც ამისგან ვართ დაზღვეულნი; ზოგჯერ ხეიბარს, ან ჩია ადამიანსაც კი შეიძლება დავცინოთ. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ საავადმყოფოში ავადმყოფები რომ ერთმანეთს დასცინოდნენ. ასეთ რამეს ვნახავთ? ვერ ვნახავთ! ეს შეუძლებელია, რადგან ვისაც თავისი ტკივილი აქვს, ის სხვის ტკივილზე არ გაიცინებს.
ასე რომ, როგორც ვხედავთ, მეცხრე მცნება ფრიად მამხილებელია ჩვენთვის და გარკვეულ ტკივილსაც გვაყენებს, როდესაც სნეულებაზე მიგვითითებს. სულ ისე გამოდის, რომ მუდმივად თქვენს მხილებაში ვარ და ესეც არის ჩემი საქმე, მაგრამ ზოგიერთი აღსარება მაინც გაოცებას იწვევს. არც განკითხვაა მასში, არც ამპარტავნება და არც რაიმე შინაგანი მანკიერება. ამიტომ, ზოგჯერ მხილების შემდეგ ნუგეშს ვეღარ განიჭებთ, რადგან სანუგეშო რა იქნება, თუკი გულის შემუსვრილება არ გვექნება?! ამის ერთადერთი მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ საკუთარ თავში კი არ ვართ ჩაღრმავებულები, არამედ ჩვენს გარეთ ვიყურებით და საკუთარ სულში ჩაბუდებული მანკიერება დაფარული გვრჩება. ქრისტე კი თანაგრძნობის საოცარ მაგალითს გვაძლევს. მისთვის ყოველგვარი ცოდვა უცხოა, იგი ხომ წმიდაა. მაგრამ მან შეძლო ჩვენ – ცოდვილების თანაგრძნობა; ჩვენ კი ჩვენსავე ცოდვილებს ვერ ვუთანაგრძნობთ. აი, ასეთი გულგაციებულები გავხდით ადამიანები; აი, ასე დავშორდით ჭეშმარიტებას და
სიცრუის მსახურებაში ავღმოვჩნდით.
ასე რომ, როგორც ვხედავთ, მეცხრე მცნების განმარტებამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამდენად დიდი დანაშაულია სიცრუეში ცხოვრება; რომ ადამიანის გულში განკითხვაც კი პირფერობაა; ამიტომ, რაც დრო გადის, ჩვენ ამ სიცრუის ბურუსიდან ნელ-ნელა უნდა გამოვაღწიოთ და ჭეშმარიტების გზას უნდა შევუდგეთ. ხომ არ შეიძლება მუდმივად ასე ვიცხოვროთ?! თორემ წმიდა წერილის განხილვამ ხომ გვიჩვენა, რომ სიცრუე ეშმაკისაა და ჭეშმარიტება – ღმერთის. ხოლო სიცრუეში ცხოვრება ეშმაკის მსახურების ტოლფასია. უფალმა დაგვიცვას ამისგან!
უფალმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ! საკუთარი თავის დანახვის უნარი მოგმადლოთ! თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ დაცულნი ვიქნებით სხვათა განკითხვისგან და თანაგრძნობასაც ადვილად მოვახერხებთ.
ჩვენთან არს ღმერთი!”
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.