მთავარი » საზოგადოება

მეცნიერების უმეცრობანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.08.2009 8 კომენტარი | 7,257 ნახვა

ბავშვის დიზაინერები, გენეტიკური ტესტები და დასაქოქი თოჯინები – საით მიექანება კაცობრიობა?

კლონირებაპატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ეშმაკი, ბოროტი თავის დროზე, უფლის მსახური ანგელოზი იყო, რომელმაც განიძრახა ღმერთის ფუნქციებში ჩარევა. გენეტიკური კვლევების შესახებ უკანასკნელ მიღწევებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ რაღაც ამის მსგავსს ეყრება საფუძველი. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც სამიოდე ათეული წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, იარსებებენ “ბავშვის დიზაინერები”, რომელთაც შეუკვეთავთ თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების მიხედვით შვილს. ასევე, მეცნიერები გვპირდებიან, რომ ამ პერიოდისთვის კლონირებაც მიიღებს მასობრივ სახეს. კიდევ უფრო ადრე კი, სპეციალური ტესტებით დადგინდება, თუ რა გენეტიკური დაავადებების მატარებლები ხართ და რა ასაკში გამოგივლინდებათ.

ხვალ რა მოხდება მხოლოდ უფალმა იცის, მეცნიერები კი გვეუბნებიან, რომ მალე ეს ჩვენც გვეცოდინება. რას ფიქრობს ამ ყველაფრის თაობაზე ეკლესია და საით მიექანება კაცობრიობა? გვპასუხობს წმ. პანტელეიმონის ეკლესიის დეკანოზი, მამა გიორგი ჩაჩავა.

მამა გიორგი: “უდავოდ კარგია, მეცნიერებამ რომ ადამიანის გენომი გაშიფროს. თუმცა, მედიცინას რომ ბოლომდე ყველა ნიუანსისა და ასპექტის გათვლა შეუძლია, ტყუილია. ეს არის რთული საკითხი, აქვს ბევრი ასპექტი და საზოგადოებამ უნდა დაიწყოს მსჯელობა მასზე. გენეტიკურ კვლევებს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ არ შეიძლება მისი ბოლომდე უარყოფა. საჭიროა, მოიძებნოს მოდელი, რომელიც დაეხმარება ადამიანს, ერთი მხრივ, თავისი გენეტიკური დაავადებების შესახებ იცოდეს და უფრო ფრთხილად იყოს, ანუ ერთგვარი პრევენცია. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ ღვთის განგებაში.

ადამიანების პირადი ცხოვრების დაკავშირება უნდა მოხდეს მათი პირადი ნებით და არ შეიძლება ამის დარღვევა. თუ ადამიანებს მოსწონთ ერთმანეთი და ეუბნებიან ბიჭს, რომ გოგოს აქვს ცუდი გენომი და მათ ბავშვს 30 წლის ასაკში დაემართება მაგალითად, ჩიყვი, და ამიტომ აღარ უნდა მოიყვანოს ცოლად. ცხოვრება უნდა დაუკავშირო ადამიანს, რომლის გენომიც ემთხვევა შენსას. ამ შემთხვევაში უნდა გახდე დასაქოქი თოჯინა, რობოტი და გქონდეს ურთიერთობა ადამიანთან რომელიც არ გიყვარს, არ მოგწონს, მაგრამ გეყოლება ჯანმრთელი შვილი. ეს სიცოცხლის სილამაზესაც კი დაგიკარგავს. ეს არის არაადამიანური, ანტიადამიანური ქმედება.

დაავადება ადამიანს ღვთისგან ევლინება. არის გამოთქმა, “ადამიანი ავად რომ არის, ეტყობა ღმერთს მასთან საუბარი უნდაო”. როცა ჯანმრთელები ვართ არ გვახსენდება ღმერთი, ავად ყოფნისას კი სინანულის გრძნობა გაქვს. ამიტომ რაღაც ავადმყოფობა საჭიროა კიდეც ადამიანისთვის. თუკი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, შეგიძლია ღმერთს შესთხოვო და მხოლოდ მას შეუძლია დაიფაროს ის დაავადებისგან.

წინასწარ იცოდე, როდის რა ავადმყოფობა შეგხვდება? ეს ცხოვრება ისეთია, რომ რაღაც სიურპრიზები უნდა არსებობდეს. მაშინ ყველაფერს ინტერესი ეკარგება.

ჩვენ შეგვიძლია, გენებით შევქმნათ “სუპერმენი”, ანუ მოვძებნოთ მშობლები, რომლისგანაც დაიბადება ძალიან ძლიერი, ჯანმრთელი, გონიერი ადამიანი, მაგრამ არ გვეცოდინება, როგორი იქნება ეს ადამიანი პიროვნულად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაში იქნება მისი სული.

ესთეტიკურ მხარეზეც რომ ვისაუბროთ, დავუშვათ, არსებობს სტანდარტი, რომელიც ყველას მოსწონს და ყველამ “შეუკვეთოს” ასეთი შვილი. შედეგად, ყველანი ერთმანეთს დავემსგავსებით. წარმოიდგინე, გადიხარ ქალაქში და დაახლოებით 7-8 ტიპის ადამიანის სახეს ხედავ, ერთნაირი სახეები ტრიალებს ირგვლივ. ამ დროს კი ღმერთმა სამყარო მრავალფეროვანი შექმნა.

ასე თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება შემოიღონ კანონი, რომლის თანახმადაც, ავადმყოფის ან “მომავალში ავადმყოფის” ცოლად შერთვა აკრძალონ, რადგან სახელმწიფომ ავადმყოფი ბავშვის დაბადება თავიდან აიცილოს, რათა ზედმეტი ფული არ დახარჯოს.

საზოგადოებამ უნდა შეიმუშავოს ზუსტი რეცეპტი, თუ სადამდე არის ეს მისაღები და რის შემდეგ მიუღებელი, როდის იჭრებიან ადამიანის თავისუფლებაში. ადამინის უფლებების დარღვევა არის მძიმე დანაშაული, რომელიც განხილული უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენაში: სასულიერო პირებთან, მეცნიერებთან, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან.

საერთო ჯამში რა გამოდის? გვინდა ღმერთის ფუნქციაში ჩავერიოთ. ასეც რომ გვინდოდეს, ვერასდროს ვერ ჩავერევით. ეს გამორიცხულია”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი