მთავარი » კულტურა

მებაღის პოეზიის ჯვარი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 26.10.20115 კომენტარი | 4,834 ნახვა

“იგრძენი გული შენი და შენ იგრძნობ სიყვარულს,
იხილე სული შენი და შენ იხილავ უსასრულობას,
ამის შემდეგ შენ იპოვნი, იგრძნობ ჩემს პოეზიას”

დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 15 ნომერი, თექვსმეტ სართულიანი კორპუსი და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სადარბაზო… თუმცა ეს მხოლოდ გარედან, სადარბაზოში შესული სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. მიხეილ ტყებუჩავაფოტოები და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს უკეთ გასაცნობად, ბიბლიოთეკა მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს და წიგნის ფასიც იცის, სამლოცველო კი მათთვის, ვისაც ეკლესიაში წასვლის დრო არ აქვს – ამ ყველაფერს ერთი ჩვეულებრივი სადარბაზო იტევს. სადარბაზოს ასეთი სასარგებლო დანიშნულება 27 წლის პოეტმა მიხეილ ტყებუჩავამ მოუძებნა. “მებაღე” ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ არაა კარგად ცნობილი, არადა ასეთი საინტერესო ფსევდონიმის მქონე პოეტი უკვე რამდენიმე კრებულის ავტორია. მისი სახელის, შემოქმედებისა და პიროვნების გარშემო არსებული იდუმალების “დარღვევას” “ამბიონი” შეეცადა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მისი ფსევდონიმის არსით დავინტერესდით:

- მთელი სამყარო ერთი დიდი ბაღია და ამ სამყაროში მეც ერთი რიგითი მებაღე ვარ. წყალი მარტო ყვავილებს არ სჭირდებათ, ადამიანებსაც უნდათ ხანდახან ცოტა წყლის დასხმა. პოეზია ისაა, რის გარეშეც ადამიანი ნამდვილ ბედნიერებას ვერასოდეს მოიპოვებს. პოეზია ღვთაებრივი ფორმებით და ლამაზი სხვადასხვა მეტაფორებით ასახავს უხილავ სივრცეებს, რასაც ადამიანები თავისებურად აღიქვამენ. თვითონ პოეტი კი ერთ მეტაფორაში ათასობით აზრს და იდეას აქსოვს, რაც მხოლოდ მისი საკუთრებაა. შემდეგ კი რამდენი ადამიანიცაა, იმდენი გაგებაა ამა თუ იმ სტროფის.

- “ოთხმოცდაოთხში მე განაჩენი გამომიტანესო”… რატომ თვლი, რომ დაბადება ერთგვარი განაჩენია? ეს სიტყვა თავისებურად მაინც სასჯელთან ასოცირდება…

მიხეილ ტყებუჩავა – დაბადება ძალიან დიდი ბედნიერებაა და არსებობის ყოველი წუთი მიხარია, მაგრამ პოეზიით ცხოვრება დიდი ჯვარია და სწორედ ეს ვიგულისხმე. ერთხელ შავ ბერებთან სურათს ვიღებდი და მკითხეს, რატომ იღებ, ჩვენთან ბერობა ხომ არ გინდაო. ერთმა ბერმა უთხრა პოეტიაო და ერთ-ერთმა მაშინვე თქვა, უკვე ბერი ყოფილაო, პოეზია შავ ბერობასთან გააიგივა. რთულია ეს ყველაფერი. თქვენ რომ კითხულობთ და გსიამოვნებთ, მაგაში დიდი გოლგოთა და ჯვარცმებია გამოვლილი ავტორის მიერ.

- სულ რაღაც ხუთი წელია რაც წერ, მაგრამ უკვე შენი ოთხტომეული გამოვიდა. გვიამბე რა შევიდა ამ ოთხტომეულში და როგორ მოასწარი ამდენი?

- პირველი ორი წიგნი არის პოეზია, თითოეულში სამას-სამასი ლექსი. მესამე არის შვიდი პოემისაგან შემდგარი წიგნი და მეოთხე ათასსტროფიანი პოემა “წამის ათასწლეული”. ეს ყველაფერი ღამეების თენების და კოსმიურ ეგზოტიკებში მოგზაურობების შედეგია. პოემები სხვადასხვა თემატიკისაა, დაწყებული ადამ და ევას სასამართლოთი და დამთავრებული დღევანდელი ნარკომანიის პრობლემებით. “წამის ათასწლეული” აბსოლუტურად ყველაფერზეა: ფილოსოფია, ეგზოტიკა, რომანტიკა და ა.შ

- მუზეუმი, ბიბლიოთეკა და სამლოცველო სადარბაზოში… რატომ გაგიჩნდა ეს იდეა და სურვილი?

- სულ მქონდა იდეა პატარა საქართველოს შექმნისა, ჩემებური ხედვით და აზროვნებით ერთ პატარა სივრცეში რომ ამესახა. ამისათვის ჩვენი სადარბაზო საკმარისი აღმოჩნდა. მიზანს მივაღწიე. აქ ვინც შემოდის პატარა საქართველოში ხვდება, მარჯვნივ ბიბლიოთეკა, მარცხნივ სამლოცველო და შუაში საქართველო თავისი პოეზიით და ეთნოგრაფიული ნიმუშებით. ცოდნა და რწმენა ერთად ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერთან ერთად საქართველოს სიყვარულიც თუ არის, ეს უკვე გზაა ბედნიერებისა და ჭეშმარიტებისაკენ.

- მეზობლები შენს წამოწყებს ალბათ სკეპტიკურად შეხვდნენ. ახალგაზრდებს თავის ხელით გავაკეთებინე რაღაცეებიო… არ გაგიჭირდა მათი დაყოლიება?

მიხეილ ტყებუჩავა – წინააღმდეგობები იყო, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. მიზნის არსს თავიდანვე ვხვდებოდი და უკან არ დავიხევდი. შემდეგ უკვე ყველა გვერდით დამიდგა. ეს ახალგაზრდები ჩემს ხელში არიან გაზრდილები. მეც მაგათნაირი და შეიძლება უარესი ონავარი ვიყავი. იმ უაზრო ცხოვრებამ კარგი რომ არაფერი მომიტანა იცოდნენ, ცოცხალი მაგალითი ვყავდი და დაყოლიებაც არ გამჭირვებია. ამ ყველაფრის მნიშვნელობას უკვე კარგად ხვდებიან და ბედნიერები არიან, რომ მათი წვლილიც არის ამ ყველაფერში.

- ექსპონატებს როგორ აგროვებ?

- ზოგს ვყიდულობ, ფოტოებს ვაბეჭდინებ. ბადრი ვადაჭკორიას და სერგო ედუშერაშვილის ფოტოებია გამოკრული. ასევე ძველი, მეცხრამეტე საუკუნეში ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი. ძველის და ახლის სინთეზი – ტრადიცია და ინოვაცია.

- პროფესიით დიპლომატი ხარ. ეს უბრალოდ დიპლომში ჩაწერილი პროფესიაა თუ მართლა გაინტერესებდა ეს საქმე?

- არა, ამ პროფესიაზე შემთხვევით მოვხვდი. სარეჟისოროზე ან სამსახიობოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ, რატომღაც, დიპლომატიურზე აღმოვჩნდი. მსახიობობა ძალიან მიზიდავდა ბავშვობიდან, მაგის გამო ჰოლივუდშიც კი წავედი, ვარსკვლავობა მომინდა. თოთხმეტი თვე ვიცხოვრე ამერიკაში და მიხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო და წამოვედი. ნოსტალგიამ თავისი ქნა. მე აქ დავიბადე და აქ მინდა ყოფნა როგორც ვიქნები, ღარიბად თუ მდიდრულად.

-”…მსურს, მაგრამ ჩემი სურვილი სხვებს მცირედითაც არ ესმითო”… პოეტის გაგება, ალბათ, მართლა რთულია. კონკრეტულად რა არ ესმით ხოლმე შენი?

- თუნდაც ის, რომ მთელი სამყარო მიყვარს. სარეველა ბალახი თუ ულამაზესი მცენარეები, მტაცებელი ცხოველი თუ ჭიკჭიკა ნაზი ბულბული. ამის გაგება უჭირს ბევრს, მე კი ეს ყველაფერი, მთელი სამყარო და იმის იქითაც, მიყვარს ამოუწურავი მარაგით, ყოველ წუთში კიდევ უფრო მეტად მეყვარება და ასე დასასრულამდე… იმიტომ მიყვარს მთელი სამყარო, რომ სამყაროში ყველას შეუძლია იგივე, რაც მე.

- არა ყველას, ალბათ, არ შეუძლია, ამიტომ ხართ პოეტები გამორჩეულები…

- მაშინ წყალს მაინც დაგისხამთ ხოლმე ცოტ-ცოტობით. თუ ბევრი გჭირდებათ? წყალი ბევრი მაქვს, ასე რომ, არ ინერვიულოთ მაგაზე…

P.S. ცოტა ხნის წინ მიხეილ ტყებუჩავას პოეტური კრებულისათვის “წამის ათასწლეული” დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის კომისიის სპეციალური პრიზი მიენიჭა. მებაღე კონკურსის ყველაზე ახალგარზდა მონაწილე გახლდათ. მათ კი ვინც ჯერ არ იცნობთ მის შემოქმედებას, აქვე ერთ-ერთ ლექსს შემოგთავაზებთ.

პიეტა

სისხლია ირგვლივ მიმოსხმული, ხმა ისმის ქორის,
იქვე ჩურჩულებს წმინდა ბგერა სამ ჯვართა შორის.

შენ შეიწყალე უმეცრება – წარმოსთქვა იქ მან,
რამეთუ მათ ხომ არ იციან, ღმერთო, რას იქმნან.

ეს თქვა და უფალს მიაბარა სული სამი დღით,
ორმოც დღეში კი ათასწლეულს, წმინდა თარიღით.

მაგრამ მანამდე დედის ცრემლით აივსო უბე,
მოურიდებლად აწითლებდა ცრემლს სისხლის გუბე.

რა სინაზეა, როგორ შვენის სევდა მარიამს,
იქვე მტრედები ასრულებენ ცრემლის არიას.

და მშვენიერი ზეცაც იმ დროს გამხდარა ავად,
წვიმა იფრქვევა, ალბათ ღმერთი ტიროდა თავად.

მაგრამ აქ იყო ერთი კადრი, რაც მზეს უსწრებდა
და ვის ეგონა, რომ შედევრებს გადაუსწრებდა.

მოჩანდა დედა ღვთისმშობელი მდუმარედ მჯდომი,
კალთაში ჰყავდა მაცხოვარი, თავს ეკალმდგომი.

ცრემლები მისი ქრისტეს სახეს ეწვეთებოდა,
გული კი ნაზად კეთილ ნებას ევედრებოდა,

რომ ხალხის სულში ანათებდეს დღენი მზიანი,
და სიყვარულში არსებობდეს ადამიანი.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

5 კომენტარი »

  • ლია says:

    MSHVENIERI LEQSIA NAMDVILAD AR VICNOB MEBAGHIS POEZIAS.MADLOBA

  • ლევან says:

    ძალიან მომეწონა… საინტერესო ინტერვიუა შესანიშნავ პოეტთან და პიროვნებასთან.
    P.S. მის ორტომეულს გავეცანი და დიდი სიამოვნება მივიღე, როგორც მკითხველმა.
    წარმატებებს ვუსურვებ “მებაღეს”.

  • მარიამი says:

    ინტერვიუთი ძალიან კმყოფილი ვარ, “მებაღესაც” ვიცნობ და შესანიშნავი პიროვნება, ისევე როგორც მისი პოეზია! წარმატებები მიშო!!

  • თეკლა says:

    არც ვიცი რა დავწერო, ლექს როცა ვკითხულობდი ცრემლები წამომივიდა და ყველაფერი სხვანაირად დავინახე, ძალიან მაგარია გმერთმა გაგახაროს!!!!!!

  • ნინო says:

    დიდებულია! არ ვიცნობ, მაგრამ ნიჭიერება თავისას ამბობს. წარმატებებს გისურვებთ პოეტო, ხალხისა და ღვთის სამსახურში! მძიმე ჯვარი გიჭირავთ ხელში, ღირსეულად გეტარებინოთ! ამინ!

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.