მთავარი » საზოგადოება

„მე და ჩემი შვილები – ესაა ჩემი სამყარო…“ – 3 ტყუპის დედის ამბავი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.02.2020 ერთი კომენტარი | 1,338 ნახვა

თითოეულ ოჯახში ბავშვის დაბადება ისეთი დიდი სიხარულია, რომელსაც ვერაფერი აუფერულებს. ბავშვი ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია. თამარ ჯოხაძე დედობის ბედნიერებით 41 წლის ასაკში, ერთდროულად 3 შვილის იოანეს, ელენესა და სერგის ამქვეყნად მოვლინებით დაჯილდოვდა. აბესაძეების ოჯახში სიხარულით აღსავსე დღე 2018 წლის 14 თებერვალს დადგა და კიდევ უფრო ადრე, როცა თამარმა და აკაკიმ დაოჯახებიდან 1 თვეშივე შეიტყვეს, რომ შვილი ეყოლებოდათ.

თამუნა თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლია. ის დეკანოზ დავით დათუაშვილის მოძღვრობით ცდილობდა ქრისტიანული წესების დაცვით ცხოვრებას და ღვთის შეწევნას ცხოვრების ყოველ ეტაპზე გრძნობდა.

„ამბიონი“ თამუნას ოჯახური ცხოვრებისა და ტყუპების შესახებ ესაუბრა.

„40 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ასაკში შვილი თუ მეყოლებოდა, არ მეგონა. დედობა ყველა ქალბატონის დიდი ოცნებაა. გამონაკლისს არც მე წარმოვადგენდი. ჩემს გვარში გვყავდა ტყუპები, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ მეც ტყუპების და თან ერთად 3 შვილის დედა გავხდებოდი. დაუჯერებელი იყო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვაცნობიერებდი, ვერ გავითავისე რომ 3 ტყუპი მეყოლებიდა. პატარები 8 თვისები დაიბადნენ, რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთით. რთული იყო ორსულობის პერიოდი, 4 თვე წოლითი რეჟიმი და ტოქსიკოზი… მადლობა უფალს და ჩემს ექიმებს, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა…

მიუხედავად იმისა, რომ დისშვილები ჩემთან დაიბადნენ და გაიზარდნენ, ჩვილი 4-5 თვემდე ხელში არ მჭერია, მეგონა რაღაცას ვატკენდი, არც პამპერსი გამომიცვლია მათთვის და უცებ 3 შვილი… შემეშინდა… დავიძაბე… გაქცევა მინდოდა… მეგონა ვერ შევძლებდი… მარტო დავრჩი მათ წინაშე,” – ამბობს თამუნა ჯოხაძე.

თამუნასთვის შვილების გარეშე არსებობა შეუძლებელია, ცარიელი და უფერულია. ყოველდღიურ დატვირთულ საოჯახო შრომას შვილების სიყვარული აძლებინებს.

„მუდმივი დამხმარე არასდროს მყოლია. ახლაც, ფაქტობრივად, მარტო ვარ… იშვიათად თუ შემეშველებიან… ძალიან იშვიათად… ყველას თავისი საქმე აქვს და ფიზიკურად ვერ ახერხებენ… უფლის დახმარებას სულ ვგრძნობ, ეს მაძლიერებს. მე და ჩემი შვილები – ესაა ჩემი სამყარო… სახლთან ახლოს მაქვს ტაძარი და მამაოს კურთხევით, ვცდილობ თვეში ერთხელ ვაზიარო პატარები. ყოველთვის ვლოცულობ მათი კეთილდღეობისთვის.

სამწუხაროდ, ბავშვები ეზოში იშვიათად ჩამყავს. სხვაგან წასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… დამხმარის გარეშე რთულია გადაადგილება, ამიტომ სულ სახლში ვართ.

ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია 3 პატარის გაზრდა, ყურადღების გადანაწილება. ხშირად დეპრესიაშიც ვვარდები, არავის ხმის გაგონება არ მინდა, მაგრამ უცებ გონება მინათდება… ვიაზრებ, რომ მე ამის უფლება არ მაქვს და ვმშვიდდები… ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს შვილების მიმართ და ალბათ ყველა მშობელი ასეა…

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცელქები არიან, თვითონ ბავშვებმაც შემიწყვეს ხელი და დამეხმარნენ რომ მარტო არ გამჭირდეს მათთან ყოფნა…

ბევრჯერ მიფიქრია, შვილი რომ არ მყოლოდა როგორ ვიცხოვრებდი… ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდში მდგომ მეუღლეს… ყველაზე რთული კი აღზრდაა.
სულ ვფიქრობ, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო… როგორი პოზიცია დავიკავო… ვფიქრობ მშვიდი გარემო, გულწრფელი, მეგობრული ურთიერთობები, სწორი მაგალითის მიცემა ბავშვების პიროვნულ ჩამოყალიბებაზე დადებითად აისახება. ალბათ სიმკაცრე და დასჯაც რაღაც დოზით საჭიროა…“

მრავალშვილიანი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან არანაირ დახმარებას არ იღებს. დღეს, როცა 1 შვილის გაზრდაც ფინანსური კუთხით, გმირობის ტოლფასია, განსაკუთრებულად რთულია 3 შვილის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, თამუნას ოჯახის წევრები, მრევლი და ახლობლები ეხმარებიან, ჩუქნიან ტანსაცმელს და უფლის მადლიერია, რომ ამ მადლის მატარებელია.

„ამბიონი“ თამუნას ოჯახს ჯანმრთელობას და უფლის წყალობას უსურვებს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი