მდიდართა და ღარიბთა მოვალეობის შესახებ
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.
წმ. ბასილი დიდი
რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა… მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდეც, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან. – წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).
სწრაფვა სიმდიდრისაკენ – ეს სურვილი მეტ-ნაკლებად, თითოეულ ადამიანშია. თუმცა “სიყვარული და მისწრაფება სიმდიდრისადმი არაბუნებრივი ვნებაა; სიმდიდრის ნდომა არც ბუნებისმიერია და არც აუცილებელი, ეს სრულიად ზედმეტია ადამიანისათვის,” წმ. იოანე ოქროპირი.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე), იმ ადამიანების შესახებ, ვინც უფალს სიმდიდრეს თხოვს, ამბობს: “ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდკაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს… სიმდიდრე ღმრთისაგან მიცემული დიდი განძია, რომელიც ადამიანმა ღმრთისმსახურებისა და მოყვასთა თვისთა ბედნიერებისათვის უნდა გამოიყენოს.”
საყურადღებოა წმიდა ტიხონ ზადონელის სწავლება მდიდართა და ღარიბთა მოვალეობის შესახებ. წმიდა მამის სწავლებით: “სიმდიდრე ღვთის საჩუქარია კაცთათვის მიცემული. ქრისტიანო, სიმდიდრე მხოლოდ შენთვის არ გეძლევა, არამედ გლახაკთათვისაც. ზომიერად დაკმაყოფილდი სიმდიდრით, ღმერთს ჰმადლობდე და გლახაკთა საჭიროება დააკმაყოფილე. ეს არის სიმდიდრის სწორი გამოყენება. გახსოვდეს, რომ სიმდიდრის გამგებელი ხარ და არა პატრონი, რომ ყოველთვის მოგიწევს სიტყვისგება.
ღვთის წმიდა სიტყვა აქებს და სანატრელ-ყოფს მათ, ვინც მოწყალენი და ხელგაშლილნი არიან გლახაკთა მიმართ: “ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ” (მათე.5,7), “ნეტარ არს, რომელმან გულისხმაყოს გლახაკისა და დავრდომილისაი” (ფსალმ. 40,1). ქრისტიანო, თუკი გსურს ამ ნეტარების მონაწილე გახდე, იყავ მოწყალე და ხელგაშლილი გლახაკთა მიმართ. ბევრი გაქვს, ბევრი გაეცი. ცოტა გაქვს, ცოტა გაეცი – მაგრამ გულით გაეცი. მოწყალება ფასდება არა გაცემულის რაოდენობით, არამედ გამცემლის გულმოდგინებით, “რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა” (2 კორ.9,7). ახლა გლახაკთა და გაჭირვებულთა ხელთ დადებ, მაგრამ ქრისტეს ხელიდან ასმაგად მიიღებ. გაეცი, ნუ გეშინია, არ დაგეკარგება გაცემული.
მრავალი ქრისტიანი, იმის მიუხედავად, რომ მოწყალება ასე დიდად ჯილდოვდება, ან მცველივით ყარაულობს თავის ქონებას, ანდა ახირებასა და ფუფუნებაში ფლანგავს. შენახული ქონება სხვებს დარჩებათ, ხშირად მტრის ხელთაც ვარდება. ახირებასა და ფუფუნებაში დახარჯული დაიკარგება, როგორც თავადაც ხედავ, ადამიანო. ამგვარი შემნახველებიცა და გამფლანგველებიც არა მარტო ნეტარებას მოაკლდებიან, არამედ უფლის მიერ სასჯელსაც მიიღებენ, როგორც ბოროტი მონები. უფრთხილდი ამას, ქრისტიანო! სიმდიდრე კაცს ან ვნებს, ან ეხმარება: გეხმარება როდესაც ღვთის ნების მიხედვით დახარჯავ. გვნებს, როდესაც ისე არ მოიხმარ, როგორც საჭიროა. ადამიანო, იყავ უფლის ქონების ერთგული გამგებელი და ჭეშმარიტად გამდიდრდები.”
ძნელია გავითავისოთ და ვირწმუნოთ აზრი, რომ მოწყალების გაღებით, რაიმეს მოკლებით ჩვენ ვმდიდრდებით და დანახარჯვით ვიძენთ. ამ წუთისოფელში ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ ეს მუდამ ასეა მარადისობაში. “რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს” (2 კორ. 9,6). ასე ადარებს წმიდა მოციქული მოწყალებას დათესვას. რითას სურს, განგვაწყოს, გავცეთ უხვად ისე ხალისითა და ხელგაშლილად, რომ თითოეულ ჩვენგანზე შეიძლებოდეს თქმა ფსალმუნის სიტყვებისა, “განაბნია და მისცა იგი გლახაკთა”.
წმ. თეოფანე დაყუდებულის სწავლებით, “ღარიბთა დახმარების აუცილებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია – მას ყველა აცნობიერებს, თითოეულში შინაგანად არსებობს გაჭირვებულთა მეოხი და ღატაკებმაც იციან, რომ მოწყალების გაღება ყველას მოვალეობა და გულის მოთხოვნილებაა, ამიტომაც მიმართავენ თამამად ყველას. ისინი დარწმუნებულნი არიან, შეძლებულნი უარს არ ეტყვიან დახმარებაზე და თავიანთი ქონებიდან რაღაცას უწილადებენ.”
მაგრამ მოწყალების გაღებისას წმიდა მამის თქმით, ადამიანებს კეთილგანწყობა აკლიათ. ყველა არ გასცემს მოწყალებას, თუმდაც გული ამას ეუბნებოდეს. თავადაც ბევრი რამ გჭირდება, რას გარგებს მოწყალება,- ჩაგვაგონებს მტერი. ჩვენც ვუჯერებთ მას და მოწყალებას ძუნწად, თანაც უხალისოდ გავცემთ.
როდესაც დახმარებაა საჭირო, პირველად ასეთი აზრი გვიჩნდება: გაჭირვებულია კი მთხოვნელი? ვინ იცის, იქნებ მიეჩვია თხოვნას, გაჭირვებით კი შესაძლოა სულაც არ უჭირს? ასეთი აზრების გამოა, რომ ძუნწად ვეხმარებით ან საერთოდ უარით ვისტუმრებთ მთხოვნელს. შესაძლოა რასაც ვფიქროთ, სწორიც არის, მაგრამ დამადვილებით ხომ არ ვიცით? “ყოველი, რომელი გთხოვდეს, მიეც” (ლუკ. 6, 30) – გვავალებს უფალი.
“თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო შენი მდგომარეობით და არა მხოლოდ აქ მცირე ხნით იყო რჩეული, არამედ მარადიულად, სერობასა შინა ღმრთისასა. ხოლო თუ მდაბალი და ღარიბი ხარ, შენი ასეთი მდგომარეობა ღმრთისაგან მოწოდებად უნდა მიიღო, ჰმადლობდე უფალს და რჩეულთა შორის შენც მოხვდები. გაიხსენე, რომ როცა მდიდრებმა ღმრთისაგან მიწვევა უარყვეს, მან მონანი წარგზავნა და სახლში უცხონი, ღარიბნი და გლახაკნი შემოიყვანა. შენც ეცადე, რომ სიგლახაკითა და მოთმინებით გახდე რჩეული და შეხვიდე სახლსა უფლისასა.”- წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე).
წმიდა ტიხონ ზადონელი, ღარიბებს, თავიანთ მოვალეობასაც შეახსენებს: “ღარიბები მოწყალების მიმღებნი, მადლიერნი უნდა იყვნენ ღმერთისა, რომელიც მათ თავის მოწყალებას ადამიანის საშუალებით უგზავნის, და იმისიც, ვინც ეხმარება მათ გაჭირვებაში – უნდა უყვარდეთ იგი, როგორც კეთილისმყოფელი, პატივს სცემდნენ და ლოცვებში იხსენიებდნენ. მდიდრის მოვალეობა გაცემაა, გლახაკისა – მადლიერებით მიღება და მომცემისთვის მხურვალე ლოცვების აღვლენა. მოწყალების მიმღებელნი რომც არ ლოცულობდნენ მოწყალების გამცემზე, კეთილი გულით მიცემული მოწყალება თავად ლოცულობს ყველა ადამიანზე აღმატებულად და განუწყვეტლივ შუამდგომლობს ღმერთის წინაშე, უხმოდ ითხოვს მისგან წყალობას მოწყალისათვის.”
მთავარია, “ვმადლობდეთ უფალს, როცა სიკეთეს გვანიჭებს და არ დავკარგოთ მოთმინება, როცა ამას არ აკეთებს, ან უხვ წყალობას არ გვანიჭებს, ან როცა ამით არ გვანებივრებს,” – წმ. ბასილი დიდი
მოამზადა თეონა ნოზაძემ
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
თეონა დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისათვის უფალი გფარავდეს