“გავრცელებულია მჩხიბავობის ახალი ხერხი”

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “ჩვენში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გავრცელდა მკითხაობის თუ მჩხიბავობის ერთი ახალი ხერხი.
თითქოს ისე გვაკლდა ათასი ჯურის მჩხიბავი, აფერისტი თუ მაცდური. ეს ახალი აფერისტობაა სიტყვებით და ანბანით მკითხავობა. ისე ხომ ნამდვილი წიგნის წაკითხვა და აზრის გამოტანა ეზარება ბევრს და ახლა ვიღაც, ზებუნებრივი საიდუმლო ცოდნით “დაჯდოვებულები” იღებენ გარკვეულ სიტყვებს, შლიან ასოებად, თითოეულ ასოს რაღაც სხვა სიტყვას და მნიშვნელობას უსადაგებენ და გამოჰყავთ რაღაც ახალი, ვითომ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა ენაში ჩააკოდირა ვიღაცამ. მაგალითად, ერთი ასეთი “ბრძენი” ამბობს: ღვინოს იმიტომ ჰქვია ღვინოო, რომ ნიშნავს ღ – ღმერთი, ვ – ვადიდოთ, ი – იესო, ნ – ნაზარეველი, ო – ორბუნებოვანიო. მეორე ამბობს თოთო ბავშვი “აღუ”- ს იმიტომ ამბობს, რომ ეს ნიშნავს ა- ადიდე, ღ – ღმერთი, უ – უფალიო. სხვა ამბობს: ევა ქართული გაკვირვების “ეეე”-ს და “ვაა”ს გამოხატავს (ეშმაკმა იცის რატომ) მაშინ როცა ბიბლიური ქალის, ევას სახელი ებრაულში გამოთქმის “ჰავა” და ნიშნავს სიცოცხლეს, სიცოცხლის წყაროს. სხვა კიდევ სხვა მნიშვნელობას უსადაგებს ზოგიერთ სიტყვას და არიან ასე ახალი ”ღვთაებრივი საიდულმლოების” აღმოჩენებში, იმის მაგივრად რომ მართლა ღირებული წაიკითხონ და გაიაზრონ.
სავალალო ისაა, რომ ბევრი მორწმუნეც არის ამ მახეში გაბმული. სინამდვილეში კი ქრისტიანობისთვისაც და ქართული ენისთვისაც ეს სრულიად უცხო და მიუღებელი მეთოდია და მხოლოდ ე.წ. განმმარტებლის კერძო ფანტაზიაზე და უცოდინარობაზეა დამოკიდებული.
არასოდეს ასე არ განუმარტავს არც ქრისტიანობას და არც ენათმეცნიერებას ჩვენი სიტყვები. მორწმუნეები მაინც ნუ აჰყვებით მჩხიბავობის ამ ახალ მეთოდს.”
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.