მთავარი » საზოგადოება

“მცხეთის ძეგლებს UNESCO -ს სიიდან ამოღება ემუქრება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2013 2 კომენტარი | 3,263 ნახვა

ქალაქ მცხეთასა და მის შემოგარენში არსებული არქეოლოგიური ძეგლების პრობლემების შესახებ გვესაუბრება საქართველოს ეროვნული მცხეთა მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი:

“უკანასკნელ წლებში მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. უხეში ფიზიკური ჩარევა მოხდა ანტიკური ხანის მცხეთის, არმაზის, წიწამურისა და სარკინეს ნაქალაქარებზე.

1950 წელს მცხეთის ტერიტორია “სახელმწიფო არქიტექტურულ ნაკრძალად” გამოცხადდა, რომლის ტერიტორია 1957 წელს ბებრისციხემდე გაფარდოვდა. 1966 წელს ნაკრძალის არეალში ქალაქის ტერიტორია სრულად მოექცა. 1968 წელს მცხეთას ქალაქ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. 1994 წელს UNESCO-ს “მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში” შევიდა მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი. 2006 წელს დამტკიცდა ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები.

ქ. მცხეთის ისტორიული უბნის რეაბილიტაციისას (2010-2012 წწ.) მიწის სამუშაოები ანტიკური ხანის ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. პარადოქსია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არქეოლოგიური სამუშაოები არსად ჩატარებულა. ხელისუფალებამ და პროექტის ავტორებმა მოახერხეს და არქეოლოგებს მიწის სამუშაოებზე მეთვალყურეობის უფლებაც არ მისცეს. ძველი დედაქალაქის ის უბანი კი, რომელიც სვეტიცხოვლის კარიბჭის წინ მდებარეობს განსაკუთრებით დაზიანდა.

არადა ეს ადგილებია, სადაც მრავალფენიანი ნამოსახლარები და სამაროვნებია დაფიქსირებული. მცხეთის ამ უბანში ადრე ჩატარებული, ასევე მშენებლობებთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრებისას არაერთი უნიკალური არტეფაქტია აღმოჩენილი. ურბანულ ძეგლთა რეაბილიტაციამ კი ისე ჩაიარა, რომ არქეოლოგიური ძეგლები არავის გახსენებია. ხელისუფალთა ასეთი ქმედება კანონის უხეში დარღვევა იყო.”

რა პრობლემების წინაშე დგას სამთავროს ველი?

სამთავროს ველის არქეოლოგიურ ძეგლებსაც დიდი პრობლემები აქვთ. ეს მინდორი სამთავროს მონასტერთან იწყება და ბებრისციხესთან ჩამომავალ ბაიათხევამდე ვრცელდება.

სამთავროს ველზე 2009 წელს დაიწყო უკანონო სამშენებლო სამუშაოები, რომლის დროსაც დაირღვა საქართველოს კანონი და ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მოთხოვნები. დარღვევები იმდენად მნიშნელოვანია, რომ მცხეთის ძეგლებს UNESCO -ს სიიდან ამოღება ემუქრება.
სამთავროს არქეოლოგიური შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. გათხრების შედეგად გამოვლენილია ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები. ძეგლზე გამოვლენილმა მასალებმა აღმოჩენისთანავე მიიპყრო მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისა და სიძველეების შესწავლით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება.

სამთავროს ველზე გამოვლენილი ძეგლების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო 1941 წელს ეს ტერიტორია ნაკრძალად გამოცხადდა. 1950 წელს მცხეთის ტერიტორია “სახელმწიფო არქიტექტურულ ნაკრძალად” გამოცხადდა, რომლის ტერიტორია 1957 წელს ბებრისციხემდე გაფარდოვდა. 1966 წელს ნაკრძალის არეალში ქალაქის ტერიტორია სრულად მოექცა. 1968 წელს მცხეთას ქალაქ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. 1994 წელს UNEშჩO-ს “მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში” შევიდა მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი. ყველა ქმედების დროს სამთავროს ველი დაცვის ზონაში ექცეოდა.

2006 წელს დამტკიცდა “ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები”, რომლის თანახმად სამთავროს ველს დაუდგინდა “არქეოლოგიური ზონის” სტატუსი.

2009 წელს ზემოთ აღნიშნული მშენებლობა სწორედ ამ ზონაში დაიწყო. არქეოლოგებმა მაშინვე აცნობეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მშენებლობა დროებით შეჩერდა. 2010 წელს მშენებლობა ისევ წამოიწყეს. ამჯერად კულტურის სამინისტროს წერილის საფუძველზე, მცხეთის გამგეობამ შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული დროის მანძილზე მშენებლობა დაკონსერვებული იყო, თუმცა 2013 წელს ისევ განახლდა. გაირკვა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე “მოგვარდა”. კერძოდ, 2012 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება (№1750) “ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ”, რომლის თანახმადაც სამთავროს არქეოლოგიურმა ზონამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – ზონის გარეთ აღმოჩნდა ის ტერიტორია, სადაც სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო.

განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები 2009 წელს აღმოჩნდა “საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში”. 2010 წელს ჩატარდა UNESCO-ს მონიტორინგი და გამოქვეყნდა “მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე განხორციელებული გაერთიანებული რაქციული მონიტორინგის მისიის ანგარიში”, რომელშიც მცხეთის ძეგლები ისევ საფრთხეში მყოფ ძეგლთა სიაში დარჩა. ასეთი დასკვნის ერთ-ერთი მიზეზი სამთავროს ველის დაცვითი ზონის ხელყოფაც იყო.

საქმე იმაშია, რომ სამთავროს ტაძარს, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გააჩნია დაცვის სპეციალური არეალი და სამთავროს ველი, რომელიც მას უშუალოდ ებჯინება ამ ზონაში ექცევა. ისე, რომ სამთავროს ველს ორი დაცვითი ზონა აქვს, ერთია სამთავროს ტაძრის დაცვის ზონა, მეორე კი “არქეოლოგიური ზონა”.

რა მდგომარეობაა ქალაქ მცხეთის გარშემო?

ქ. მცხეთის გარშემო 2009-2012 წლებში წარმოებულმა მსხვილმასშტაბიანმა სამშენებლო სამუშაოებმა ანტიკური ხანის სამი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის დაზიანება გამოიწვია. მიწის სამუშაოებს შეეწირა ნაქალაქარ სარკინეს დიდი ნაწილი და წიწამურის ნაქალაქარის დასავლეთი მონაკვეთი. მშენებლობამ მიაღწია არმაზციხის თავდაცვით სისტემამდე.

ნაქალაქარი სარკინე მცხეთის დასავლეთით, შიომღვიმის მონასტრისაკენ მიმავალი გზის პირას, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სარკინე ქალაქი იხსენიება ქართულ საისტორიო წყაროებში. მისი არქეოლოგიური შესწავლა XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და სხვადასხვა ინტენსივობით 90-იან წლებამდე გრძელდებოდა. გათხრების შედეგად გამოვლენილი იყო ანტიკური ხანის ტაძრის ნაშთები; ქვის კაპიტელები და ბაზისები; ტერასულად განლაგებული საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ნაგებობები, რომლებიც წითლად შეღებილი კრამიტით იყო გადახურული. გაითხარა თავდაცვითი სისტემის ნაწილი და კარიბჭე. კარიბჭეში დაფიქსირდა რკინის დიდი ფურცლებით შეჭედილი კარის ნაშთები. ნაქალაქარზე საოქრომჭედლო სახელოსნოს ნაშთებიც გამოვლინდა. აქ აღმოჩენილი მასალებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მევენახეობისა და მეღვინეობის მფარეველი ღვთაების დიონისესა და მისი თანამგზავრის არიადნეს ტერაკოტული ქანდაკებები. ასეთი ქანდაკებები ანტიკური სამყაროსათვისაც უნიკალურად ითვლება. აქვეა აღმოჩენილი თიხისაგან დამზადებული ნიღბები, რომლებსაც მეცნიერთა ნაწილი თეატრალურ ნიღბებად მიიჩნევს და შესაბამისად ისინი ქალაქ სარკინეში ანტიკური თეატრის არსებობას ვარაუდობენ.

სარკინეში მხოლოდ ქალაქის მცირე ნაწილი იყო გათხრილი, არ იყო მიკვლეული სამაროვანი. ეჭსგარეშეა, რომ სამშენებლო სამუშაოებმა ქალაქის საკულტო (ტაძარი) და ცენტრალური ნაწილები დააზიანა. ეს შორიდანაც კარგად ჩანს.

სამწუხარო ფაქტია, რომ არცერთ არქეოლოგს არ უნახავს ნაქალაქარის ტერიტორია არც იქ წარმოებული მიწის სამუშაოების დროს და არც ამ სამუშაოების შემდეგ. სამშენებლო ორგანიზაციამ სპეციალისტები ძეგლს არ მიაკარა. ჩვენ არც კულტურული ფენებიდან ამოყრილი მასალის შეგროვების საშუალება მოგვცეს.

წიწამურის ნაქალაქარი ქართულ და ბერძნულ-რომაულ წყაროებში მოიხსენიება. მდებარეობს მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, სოფ. წიწამურთან. მისი შესწავლა XX ს-ის 50-ინ წლებში და 90-იან წლებამდე გრძელდებოდა. ნაქალაქარზე გამოვლენილია ანტიკური ხანის თავდაცვითი, საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები. მიკვლეული და გათხრილია სამაროვნის ერთი ნაწილი.

2009-2012 წლებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში. მიწის სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ძეგლის ეს ნაწილი, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე, მთლიანად იქნა მოთხრილი. სპეციალისტები, მსგავსად სარკინეს ნაქალაქარისა, აქაც არანაირ მონაწილეობას არ იღებდნენ.

არმაზციხემ ყველაზე მცირე დაზიანება განიცადა. ძეგლი წარმოადგენს ქართლის (იბერიის) მეფეთა რეზიდენციას. ის განლაგებულია მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სამხრეთიდან ქართლის ქედი, აღმოსავლეთიდან კი კარსნისხევი საზღვრავს. ნაქალაქარს დაახლ. 30 ჰა ფართობი უკავია, რომელიც თავდაცვითი ზღუდითაა შემოფარგლული. დაზიანდა ნაქალაქარის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც სამშენებლო სამუშაოებმა თავდაცვითი ზღუდის საფუძვლამდე მიაღწია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის, სარკინეს, წიწამურისა და არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლების დაზიანებისა და იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საქმის კურსში იყო, მაგრამ არ ან ვერ განახორციელა თავისი პირდაპირი მოვალეობა. საქმის კურსში იყო მთავრობის ზოგიერთი წევრიც.

როგორც ვხედავთ, მცხეთაში და მის გარშემო არსებული ყველა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი დაზიანდა. მათზე უკანონოდ მოხდა ფიზიკური ჩარევა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოროტად გამოიყენეს თანამდებობები და დაუსჯელობის იმედით უხეშად დარღვევიეს კანონი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ბატონ გოდერძი ნარიმანიშვილის თქმით, განსაკუთრებული მდგომარეობაა დედაქალაქშიც. მას შემდეგ, რაც თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვა მერიას დაემქვემდებარა არქეოლოგიური ძეგლებიც ყურადღების მიღმა დარჩა.

საკითხი სასწრაფოდ ითხოვს სამართლებრივ რეგულირებას. ამასთან აუცილებელია ძეგლთა დაცვის სისტემაში შეიქმნას არა მხოლოდ თბილისის, არამედ დიდი ქალაქების არქეოლოგიური ძეგლების დაცვის მექანიზმი. მაგალითად “ურბანული არქეოლოგიის სამსახური.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მარია says:

    სამწუხაროა რომ ასეა. ქართული ძეგლები სახელმწიფოს მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ!

  • Gela says:

    ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო.
    იმედი მაქვს ბევრი რამის გამოსწორება მოხერხდება. ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება ამ და ბევრი სხვა, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ რადიკალურად განსხვავებულია მათი წინამორბედებისგან, ეს კი იმის იმედს იძლევა რომ ძალიან ბევრი რამ გამოსწორდება და ჩვენი ქვეყანა კვლავ დაუბრუნდება ქრისტეს გზას.
    ღმერთმა დალოცოს,დაიფაროს და დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი