მთავარი » ქრისტიანობა

მცხეთის ჯვარი და საქართველოს გაქრისტიანების სამი ეტაპი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 04.08.2011ერთი კომენტარი | 3,937 ნახვა

მცხეთის ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებული ამბავი, რომელიც ქართულმა საისტორიო თხზულებებმა შემოგვინახეს, მრავალჯერ არის აღწერილი და ყველასათვის ცნობილია. ამჯერად ვისაუბთ იმ სამ თარიღზე, რომლებიც მცხეთის ჯვრის აღმართვას და სასწაულს უკავშირდება. შევეცდებით, წარმოვაჩინოთ თუ როგორ დაუკავშირდა საქართველოს გაქრისტიანების სამი ეტაპი მცხეთის ჯვარს და მეორე მხრივ, რა სახით დამკვიდრდნენ ისინი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში, რომელიც ძირითადად საეკლესიოს ემთხვევა და როგორ აისახნენ ისინი ქართველი ხალხის რელიგიურ აზროვნებაში.
მცხეთის ჯვრის მონასტერი
ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან სამი თარიღია დაკავშირებული: 7 მაისი, როდესაც გამოთლილი სამი ჯვარი სვეტიცხოველში აღიმართა და ღვთის განგებით გაირკვა, სად უნდა დაედგათ ეს ჯვრები. აღდგომიდან მესამე კვირა, ჯვრების გამოთლის დღე, როდესაც წყაროს მიხედვით მისი დღესასწაული დააწესეს და რომელიც მოქცევის თარიღს, 326 წელს 1 მაისს ემთხვეოდა. მესამე თარიღია სულთმოფენობის მომდევნო ოთხშაბათი, როდესაც მცხეთის ჯვარი დიდი სასწაულებით განდიდდა. სასწაული იმდენად დიდი და საკვირველი იყო, რომ ამ დღემ მცხეთის ჯვრის დღესასწაულებს შორის წამყვანი ადგილი დაიკავა. საგულისხმოა რომ ა. ნატროევი უთითებს ერთ და განსხვავებულ თარიღს. მისი თქმით მცხეთის ჯვრის დღესასაწაული აღდგომიდან მერვე დღეს ანუ კვირაცხოვლობის ორშაბათს აღნიშნებოდა.

ამგვარად, აღდგომიდან მესამე კვირა გოლგოთის მთაზე ხიდან ჯვრების, მათ შორის მცხეთის ჯვრის გამოთლის, შექმნის დღესასწაულია. 7 მაისი ფაქტობრივად, თეოფანიის დღესასწაულია, როდესაც თავად უფალი მონიშნავს, განსაზღვრავს და აკურთხებს ტერიტორიას, სადაც ადამიანური და ღვთაებრივი უნდა შეხვდეს ერთმანეთს. სულთმოფენობის ოთხშაბათი მცხეთის ჯვრის სასწაულის დღესასწაულია. და ბოლოს, მცხეთის ჯვრის დღესასწაული მერვე დღის დღესასწაულია, რაც ვფიქრობთ აღდგომისა და სულთმოფენობის თეოლოგიური მნიშვნელობის მომცველია.

გოლგოთის მთაზე აღმართული ჯვრის გარშემო აიგო ტაძარი. მას ა. ოქროპირიძე ძალზე ორიგინალურად ადარებს სანაწილეს, რომელშიც ჯვარი მოექცა. ახლად აგებული ტაძარი ქართული ორიგინალური ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია დღემდე. იგი “ჯვრის ტიპის ძეგლების” სიმბოლოდ და განვითარებულ სახედ იქცა. მცხეთის ჯვრის ტაძარი “კუთხის ოთახებიანი ტეტრაკონქია”, რაც ა. ოქროპირიძის თქმით “ხუთჯვრიან ნიშანზე აგებული ხუროთმოძღვრებაა”. ხუთჯვრიან ნიშანზე ანუ ქრისტეს ხუთი ჭრილობის გამომხატველ სიმბოლოზე. მცხეთის ჯვრის ტაძარი იმ მხრივადაცაა ორიგინალური, რომ მას გუმბათის ცაში ჯვრის გამოსახვის ტრადიციისთვის უნდა დაედო სათავე, რაც ქართული საეკლესიო ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ლ. პატარიძის, აზრით, “…მცხეთის ჯვრის დღესასწაულის დაწესება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებასა და ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას უნდა დავუკავშიროთ”. ეს დღესასწაული და თავად მცხეთის ჯვრის სიძლიერე მთელ ქართლის სამეფოზე ვრცელდება. ამის საბუთად ხსენებულ ავტორს ის ცნობა მოჰყავს, რომლის მიხედვით მცხეთის ჯვრის აღმართვისას მთელ ქართლში კერპები დაიმსხვრა.

ამდენად, მცხეთის ჯვარი, რომლის ძირითადი დღესასწაული კათოლიკე ეკლესიის დაარსების დარად სულთმოფენობას უკავშირდება, ეროვნული ეკლესიის დღესასწაულია.

სულთმოფენობის ოთხშაბათის მცხეთის ჯვრის დღესასწაული ახლადმონათლული ერის ცხოვრებაში გამორჩეული და შთამბეჭდავი მოვლენა იყო. ცეცხლოვანი ჯვრის გამოჩენით, ძლიერი სურნელებით, მრავალი კურნებით, უფალმა ქართლის მოქცეული მოსახლეობა ქრისტიანობაში განამტკიცა. ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ახლავს. მცხეთის ჯვრის სასწაული მჭიდროდ უკავშირდება 351 წ. 7 მაისს (ქართული წყაროს მიხედვით 352 წ.) იერუსალიმში ჯვრის გამოჩინებას, რაც იმ წელიწადს სულთმოფენობის დღეებს დამთხვევია. ამ ორი მოვლენის მჭიდრო და მრავალმხრივ კავშირს არაერთი არგუმენტირებული სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. ქართლის სამეფოში განვითარებულ სულიერ მოვლენებს შორის, როგორც აღინიშნა 7 მაისს უფლის ნებითა და მითითებით გამომჟღავნდა ჯვრების აღმართვის ადგილები, ხოლო სულთმოფენობის ოთხშაბათს მცხეთის ჯვრის სასწაული მოხდა. ამდენად, თუ 7 მაისი და სულთმოფენობის ოთხშაბათი ქართლის სულიერი ცხოვრების ისტორიაში მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ სხვადასხვა მოვლენაა. იერუსალიმის ჯვრის გამოჩინება ამ ორივე მოვლენას აერთიანებს, ვინაიდან იგი 7 მაისს, სულთმოფენობის დღეებში მოხდა. სამივე შემთხვევაში ხალხის წინაშე გამოჩნდა ჯვარი. როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს, სულთმოფენობის ოთხშაბათის დღესასწაულისათვის სპეციალური საგალობელი არ ყოფილა დაწერილი. ამ დღეს იერუსალიმში 7 მაისს გამოჩენილი ჯვრის დღისადმი განკუთვნილი საგალობლები იკითხებოდა. აქედან გამომდინარე მეცნიერი ასკვნის, რომ “ეს გამოცხადება იგივეობრივია, ერთი მთლიანია. უმჭიდროესად აკავშირებს მცხეთას და იერუსალიმს”, მცხეთის გოლგოთას და იერუსალიმის გოლგოთას. აქედან გამომდინარე კი მცხეთის ჯვრის პოსტამენტზე არსებული დაზიანებული სიტყვა “მცველად ყოვლისა… ლისა” მისი აზრით იკითხება არა “ქართლისა” არამედ “სოფლისა”, “ყოვლისა სოფლისა”.

მცხეთის ჯვარიმცხეთის ჯვრის 7 მაისის დღესასწაული ქართველი ხალხის მეხსიერებასა და რელიგიურ აზროვნებაში საინტერესო ინფორმაციას ინახავს. კერძოდ, ამ დღეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების სამი ეტაპი უკავშირდება. კახეთში 7 მაისს ძელიცხოვლობას უწოდებენ და წმიდა ანდრია მოციქულს უკავშირებენ. თხოთის მთაზე აღმართული ჯვრის დღეს ქართლში 7 მაისს ნინოობას აღნიშნავენ. თუმცა მლოცველს, რომელიც ამ დღეს სალოცავში ვერ ავიდა, მის სწორზე (14/27 მაისს) შეუძლია თხოთის ნინოწმიდის ტაძარში სცეს თაყვანი მოციქულთასწორს. დღეს საქართველოს ეკლესია ამ დღეს 13 ასურელ მამას მოიხსენიებს. 7 მაისთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული მასალა დატვირთულია იერუსალიმში ჯვრის გამოჩინებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებით. სასწაული იერუსალიმში არიოზის მწვალებლობის დროს მოხდა და მართლმადიდებლობის განმტკიცებას შეუწყო ხელი. იმავდროულად სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია.

რაც შეეხება აღდგომის მესამე კვირას, ხალხისთვის იგი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას არ უკავშირდება. დღეს, როდესაც აღდგომიდან მესამე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას უკავშირდება, იგი თავის თავში ალბათ მოიცავს მოციქულობის იდეას. გავიხსენოთ პასექის ჟამნი, სადაც ვკითხულობთ თუ როგორ აუწყა ანგელოზმა დედებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა და უთხრა: “…წარვედით და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩვენმან, და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღვთისა, და მაცხოვარი კაცთა ნათესავისასა”.

საყურადღებოა ა. ნატროევის ნაშრომში მოცემული მასალა მცხეთის ჯვრის დღესასწაულის აღდგომიდან მერვე დღეს აღნიშვნის შესახებ. იგი საოცარ პარალელს ავლენს პირველ საუკუნეში მარტვილში განვითარებულ მოვლენებთან, როდესაც წმიდა ანდრიამ დიდი ჭყონი მოჭრა. მარტვილის რაიონში დღემდე ახსოვთ, რომ აღდგომიდან მერვე დღეს იმართებოდა დღესასწაული ჭვენიერობა, რომლის დროსაც მამაკაცები, უხუცესის წინამძღოლობით ფესვიანად იღებდნენ ახალგაზრდა მუხას, წმ. ანდრიას მიერ კერპთაყვანისმცემლობის დამხობის ნიშნად. სამწუხაროდ, ამჯერად ხსენებულ საკითხზე მეტს ვერაფერს ვიტყვით და მხოლოდ ფაქტის აღნიშვნით შემოვიფარგლებით, ვინაიდან მარტვილისა და სამეგრელოს ამ ნაწილში ქრისტიანობის გავრცელებისა და მისი შედეგების შესახებ საუბარი ღრმა და ხანგრძლივი მსჯელობის საგანს წარმოადგენს. თუმცა, აღდგომიდან მერვე დღესთან, როგორც მარტვილის ასევე მცხეთის ჯვრის კავშირი, ვფიქრობთ ტიპობრივი მაგალითია ხალხის რელიგიური აზროვნების და მისგან გამომდინარე ხალხის მიერ დაარსებული დღესასწაულის. ჭვენიერობაც და აღდგომიდან მერვე დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნა ვფიქრობთ, ხალხური დღესასწაულია. ამის თქმის უფლებას გვაძლევს იოანე ზოსიმეს კალენდარი, რომლის მიხედვით კვირაცხოვლობის მომდევნო კვირის ყველა დღეს ორშაბათის გარდა მიჩენილი აქვს საეკლესიო დღესასწაული. როგორც ჩანს, ხალხმა ეს დღე კალენდარში საკუთრივ შეავსო. ა. ნატროევი ერთ ფრიად საინტერესო გადმოცემაზე საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ წმიდა ანდრიამ აღმოსავლეთ საქართველოშიც იქადაგა. იგი არ შესულა მცხეთაში, მხოლოდ ქალაქის მოპირდაპირე აღმოსავლეთით მდებარე მთაზე აღმართა ხის ჯვარი. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მთა მცხეთის გოლგოთაა, სადაც IV საუკუნეში ჩვენთვის საინტერესო მოვლენები განვითარდა. ძალზე საგულისხმოდ გვეჩვენება ის ფაქტი, რომ მოციქულმა თავისი წესისამებრ არა რკინის ჯვარი აღმართა, არამედ ხის. ხომ არ შეიძლება ასევე ვივარაუდოთ, რომ, ერთი მხრივ 7 მაისის ძელიცხოვლობის დღესასწაულთან წმიდა ანდრიას კავშირი ზემოხსენებული გადმოცემის გამოძახილია და მეორე მხრივ, მცხეთის ჯვრის აღდგომიდან მერვე დღეს აღნიშვნა ხომ არ უკავშირდება წმიდა ანდრიას მიერ გოლგოთაზე ხის ჯვრის აღმართვას. თუ ეს ასეა, მაშინ მარტვილისა და მცხეთის მერვე დღის დღესასწაულები წმიდა ანდრიას სამოციქულო მოღვაწეობას უკავშირდება.

არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ღვთისმშობლისა და მცხეთის ჯვრის ერთი შეხედვით არც თუ ისე შესამჩნევ კავშირს. ღვთისმშობელი და ჯვარი რომ ერთმანეთს უკავშირდება თითქმის ყველა მორწმუნემ იცის. იცის ის, რომ ბოროტი ჯვრის და ღვთისმშობლის სახეს ვერ იღებს.

როდესაც წმიდა ნინო საქართველოში შემოვიდა, ღვთისმშობელმა მას ვაზის ჯვარი მისცა. “ხოლო ჯვარი ვაზისა, რომელ მოიღო წმიდამან ნინო ხელისაგან ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, არს ჯვარსა მას შინა, რომელ დაასვენეს ჯვარსა პატიოსანსა” ვკითხულობთ უცნობი ავტორის `ნინოს ცხოვრებაში~. მოკლედ გავიხსენოთ საღმრთო ისტორიის ის მონაკვეთი, რომელიც ღმრთისმშობლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამოციქულო მოღვაწეობას აკავშირებს საქართველოსთან. სულთმოფენობისას სიონის დედა ეკლესიაში მოციქულებთან ერთად, როგორც ცნობილია ღვთისმშობელიც იყო. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მას მერე, რაც საქართველო ღვთისმშობელს ერგო, ცნობილი მიზეზების გამო თავის ნაცვლად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აგზავნის. შესაძლოა, ისიც ნიშანდობლივია, რომ ღვთისმშობელმა მოციქულებს შორის წმიდა ანდრია გამოირჩია, ისევე, როგორც მას მაცხოვარმა პირველს უხმო. ფაქტობრივად წმიდა ანდრია ღვთისმშობლის ნაცვლად და მისი მფარველობით აღასრულებს საქართველოში სამოციქულო მოღვაწეობას. მან მოციქულთან საუბარში აკი აღუთქვა ქართველ ხალხს, რომ მუდამ “შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნა მათ”. წმიდა ანდრიამ მოიარა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო, თუმცა მცხეთაში არ შესულა. არც ჯვრები ყოფილა პირველ საუკუნეში გამოთლილი, მაგრამ გავა მრავალი საუკუნე და ქართველი ხალხი წმიდა ანდრიას თავისი ეკლესიის ეროვნულ დღესასწაულს დაუკავშირებს; დღეს, როდესაც ღვთის სასწაულმა განაწესა ამ ეროვნული ეკლესიის ადგილი. ამ დღეს, 7 მაისს, გაირკვა, თუ სად უნდა აღმართულიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინა სახე – ჯვარი, რომლის საღვთსიმეტყველო შინაარსმა და ისტორიულმა მოვლენებმა ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნება და ეროვნული ხასიათიც.

მცხეთის ჯვარიპირველ საუკუნეში წმიდა ანდრია, სხვა მოციქულებთან ერთად, ახარებს ქართველებს ღმერთის მიერ კაცობრიობის გამოხსნის ბრწყინვალე საიდუმლოს და აარსებს ქრისტიანულ თემებს. ეს ქრისტიანობის გავრცელების პირველი ეტაპია. დგება IV საუკუნე და ღვთისმშობელი კვლავ მფარველობს და აძლიერებს საქართველოში საქადაგებლად წამოსულ წმიდა ნინოს, აძლევს მას (ერთ-ერთი წყაროს მიხედვით) ვაზის ჯვარს, რომელიც ამავე წყაროს მიხედვით ინახება მცხეთის გოლგოთაზე აღმართული ჯვრის ეკლესიაში. ხე კი, რომლიდანაც ეს და დანარჩენი ჯვრები გამოითალა, 25 მარტს, ხარებას მოიჭრა. ხარება დღეს საქართველოში აუცილებლად უნდა გაესხლათ მცენარე, ბავშვისთვის თმა უნდა შეეჭრათ, ერთმანეთს კი ასე ულოცავდნენ: “ხარება და ხარხარება, თქვენ გახარება”. IV საუკუნეში წმიდა ნინომ მირიან მეფის თანადგომით და მთავარეპისკოპოს იოანეს მეშვეობით მონათლა ერი და ინსტიტუციურად დაარსა ეკლესია, “ყოველმა ქართლმა” ოფიციალურ რელიგიად აღიარა ქრისტიანობა. ქართველმა ხალხმა წმიდა ნინოც 7 მაისს თავისი ეკლესიის დღესასწაულს დაუკავშირა. მისტიკურია ალბათ, ის ფაქტიც, რომ ის წარმართული დღესასწაული, რომლის დროსაც წმიდა ნინომ მთაზე კერპები შემუსრა, 6 აგვისტოს, უფლის თაბორის მთაზე ფერიცვალების დღეს იმართებოდა. საგულისხმოა, რომ როდესაც ფერისცვალება სატაძრო დღესასწაულად გაფორმებამდე იდღესასწაულებოდა, იგი უფლის ფერისცვალების მოგონებას და სააღდგმო ციკლს უკავშირდებოდა, რაზედაც თავად ამ დღის კონდაკიც მეტყველებს. “მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ ედვა მოწაფეთა შენთა დიდება შენი უჩვენე, რათა, რა ჟამს იხილონ ჯუარცუმა შენი, გულისხმაჰყონ, ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმე შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა”. როდესაც სერაფიმ როუზი ეფრემ ასურის მიხედვით ფერიცვალებაზე წერს, ამბობს, რომ უფალმა ვნების წინ მოწაფეეებს საკუთარი მეუფება გამოუცხადა. სიკვდილის წინ უჩვენა ძალა, დამცირების წინ დიდება, ღირსებით შებღალვამდე საკუთარი ღირსება დაანახა, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ, რომ იგი ჯვარს ეცვა არა უძლურებით, არამედ ნებაყოფლობით, რათა გამოეხსნა მსოფლიო. ფერიცვალების დღეს, წარმართულ დღესასწაულზე, წარმართული კერპების შემუსვრით უფალმა ქართლის მოსახლეობას თავისი ძალა და სიდიადე უჩვენა, რაც თხოთის მთაზე განმეორდა და რამაც ქართლის მოქცევა განაპირობა. საგულისხმო უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ გ. ყიფიანის ვარაუდით ზადენის კერპი, მცხეთის გოლგოთაზე ყოფილ ზადენის მთაზე უნდა მდგარიყო. ეს ორი კერპი, წყაროში ფაქტობრივად წყვილად მოხსენიებული, ერთმანეთის პირდაპირ უნდა ყოფილიყო აღმართული. მეცნიერი იხსენებს წყაროს იმ ადგილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ “შეჩვენებულ არმაზს და ზადენს ქვანიცა დაულპიათ სისხლითა ჩვილთა”. აქაც მარტვილი გვახსენდება, სადაც კერპ კაპუნიას ბავშვებს სწირავდნენ. გ. ყიფიანის აზრით, წყაროსეული “ქვა” ბაზისი-სამსხვერპლოა, რომელსაც წმიდა ნინოს მითითებით ეპისკოპოსმა გადასახა ჯვარი და ამით აკურთხა. მისივე აზრით, სწორედ ამ ქვაზე – ბაზისზე შეიძლება მდგარიყო ზადენი.

VI საუკუნეში საქართველოს მონოფიზიტობისაგან გადასარჩენად ჩვენში სწორედ ღვთისმშობლის კურთხევით მოდიან 13 ასურელი მამები. მათ დაიცვეს საქართველო მონოფიზიტური წვალებისაგან, განამტკიცეს მართლმადიდებლობაში და ფაქტობრივად სამონასტრო ცხოვრების მწყობრი სისტემა ჩამოაყალიბეს. ქართველმა ხალხმა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების და ქადაგების მესამე ძირითადი პერიოდიც მცხეთის ჯვრის 7 მაისის დღესასწაულს დაუკავშირა. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელს დღეს საქართველოს ეკლესიაც აღნიშნავს.

საქართველოს გაქრისტიანების სამივე ეტაპი ყველა იმ პროცესის თანადროულია, რომელსაც ეკლესია ქრისტიანობის გავრცელების პროცესში იცნობს. ქადაგების დროს სიტყვა და საქმე ანუ მქადაგებლის სწავლება და ნაქადაგარის მის მიერ აღსრულებაა მნიშვნელოვანი. როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს, ამის საუკეთესო მაგალითი მაცხოვარია. მაცხოვარი, რომელსაც “სიტყვა” ეწოდება თავისი სიტყვის “მყისიერად საქმემოქმედია, რადგან უშუალოდ თავის თავზე აღასრულა ყოველივე ის, რაც ადამიანის გამოხსნას, ადამიანისა და ზეციური მამის ურთიერთშერიგებას და დაზავებას გულისხმობდა”.

საეკლესიო სწავლების მიხედვით სამოციქულო მოღვაწეობა მხოლოდ წარმართებისათვის არ წარიმართება, არამედ ქრისტიანისთვისაც მის სარწმუნოებაში განსამტკიცებლად ან დასაბრუნებლად. სამოციქულო მოღვაწეობას სამი ძირითადი მომენტი ახასიათებს, რაც მაცხოვრის სამოძღვრო მოღვაწეობის სამი ძირითადი მომენტიდან გამომდინარეობს. როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს: “ერთია მომაქცევლობითი მისია, მეორე – პედაგოგიური, ანუ აღმზრდელობითი მისია და მესამე – სრულმყოფელობითი ანუ მაზიარებლობითი მისია”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე I-დან VI ს-ის ჩათვლით საქართველომ გაიარა ხსენებული სამი პერიოდი. წმიდა ანდრია პირველწოდებულმა ჩვენში მომაქცევლობითი მისია შეასრულა. წმიდა ნინომ მომაქცევლობითიც და აღმზრდელობითიც. მან ერთი მხრივ ლოცვით კერპები დალეწა, რითიც აღასრულა წმიდა ანდრია მოციქულის დარი ღვაწლი და ქართველთა წარმართობიდან ქრისტიანობისკენ შემობრუნებას, მოქცევას შეუწყო ხელი. მეორე მხრივ, იგი აღმზრდელია. წყაროში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ნინო ცოდნით გამორჩეულ რჯულის მასწავლებლებს დვინელ და ბეთლემელ მიაფორებს მიაბარეს. ფერი ფონ ლილიენფელდი თავის ნაშრომში “წმიდა ნინოს მსახურება და სულიერი რწმენა, აღმოსავლეთ საქართველოს მოციქული და ევანგელისტი”, რომელიც მან ინგლისში, ერთ-ერთ სამეცნიერო შეხვედრაზე წაიკითხა და რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობის შედეგად მოამზადა, წერს, რომ სჯულის მასწავლებლობა საეკლესიო თანამდებობა იყო. წმიდა ნინოს, ამ სჯულის მასწავლებლებთან განსწავლის შემდგომ, პატრიარქის კურთხევით მისიონერულ გზაზე უშვებენ. ქართლში, რომ წმიდა ნინო არა მარტო მოციქული და მომაქცეველია, არამედ მქადაგებელი და აღმზრდელიც, ამას საისტორიო წყაროებიც ადასტურებენ. მას წყაროების მიხედვით თავისი მიმდევრები, მოწაფეებიც ჰყავს, რაც არ ჩანს იმ წყაროებიდან, რომლებიც წმიდა ანდრიას საქართველოში მიმოსვლას აღწერენ.

ხსენებული სამივე მისიის თავმოყრას აშკარად ვხედავთ წმიდა ასურელი მამების მოღვაწეობაში. მართალია ისინი პირდაპირი მნიშვნელობით კერპს არ ანადგურებენ (კერპები ნინოს დროს არის შემუსვრილი), მაგრამ მონოფიზიტობასთან ერთად ებრძვიან წარმართულ სარწმუნოებას. თუმცა, ვფიქრობთ, წმიდა აბიბოს ნეკრესელის მიერ საკულტო ცეცხლის დაშრეტა გარკვეულწილად კერპის შემუსვრას უტოლდება. ასურელი მამები არიან მომაქცევლებიც და მასწავლებლებიც, რომლებსაც მრავალი მიმდევარი და მოწაფე ჰყავთ. ამავე დროს, ისინი სრულმყოფელობით, მაზიარებლობით მისიასაც ასრულებენ, ანუ საკუთარი ხელდასხმიდან გამომდინარე უფლება აქვთ და ახორციელებენ კიდევაც ამ ფუნქციას. მათ საკუთარი “აღზრდილები საეკლესიო სრულყოფის მადლში შეიყვანეს” ანუ “მღვდელმოქმედები გახადეს”. ასე რომ, ქართველმა ხალხმა 7 მაისს სვეტიცხოველში ჯვრების აღმართვის და მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ჯვრის, მცხეთის ჯვრად წოდებულის, ეროვნული ეკლესიის სიმბოლოს დასაფუძნებლად ადგილის მონიშვნის დღეს დაუკავშირა საქართველოს გაქრისტიანების სამივე ეტაპი, რომელიც ერთ მთლიან პროცესად გაიაზრება. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდგომი ეტაპი ერთგვარად განსხვავებული ჩანს, რაც დამოუკიდებელი და სერიოზული კვლევის საგანს წარმოადგენს.

ეკლესია სულთმოფენობას, როგორც ქრისტეს სწავლების მქადაგებელი დაარსდა. სულთმოფენობის შემდეგ იწყება ჭეშმარიტი, ღვთისგან კურთხეული ქადაგება მთელი მსოფლიოსთვის. სულთმოფენობის შემდგომ აღდგომა, როგორც ქრისტიანული აღმსარებლობის საფუძველი, უმთავრეს ადგილს იკავებს. ღვთისმშობელი, როგორც გოლგოთის მსხვერპლის თვითმხილველი და უმთავრესი ჭირისუფალი სულთმოფენობაზე მოციქულთა შორის ერთ-ერთია, ვინც წილისყრაში მიიღო მონაწილეობა და რომ არა ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, ალბათ, აღასრულებდა კიდევაც ხორციელ სამოციქულო ღვაწლს. შესაძლოა მისი წილისყრაში მონაწილეობა ღვთისგან ქალების, როგორც მოციქულების დალოცვაც კი იყო. ჩვენ ჯვარცმასთან ღვთისმშობლის კავშირი ვახსენეთ, რაც აგრეთვე მნიშვნელოვნად გვეჩვენება მცხეთის ჯვართან კავშირში. არსებობს მოსაზრება, რომ ღვთისმშობელი, როდესაც გოლგოთაზე მის გულში მახვილმა გაიარა, იგი ხსნის მსხვერპლშეწირვის თანამოზიარე გახდა. გოლგოთაზე სრულად გამჟღავნდა ღვთისმშობლის დედობრივი მისია. იგი დედაა ყოველთა დედათა. ამას გარდა ღვთისმშობელი ეკლესიის სიმბოლოცაა. ღვთის განგებულებით მცხეთის გოლგოთაზეც იკვეთება ღვთისმშობლის სიმბოლური სახე. ხე, რომლიდანაც სამი ჯვარი გამოითალა და მათ შორის ერთ-ერთი მცხეთის და რომელიც მცხეთის გოლგოთაზე იზრდებოდა 25 მარტს პარასკევ დღეს მოიჭრა. ამ თარიღმა ჯვარცმა (პარასკევი) და ხარება (25 მარტი) გააერთიანა და მოიცვა. “მცხეთის ჯვარზე გარდმოვლენილი სასწაულით, როგორც სულიწმიდის მოფენით, ფაქტობრივად განსრულდა ქართლის მოქცევა, რომელიც ნიშნეულად ხარების დღეს დაიწყო. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, განხორციელდა სრული ციკლი – ხარებიდან სულთმოფენობამდე” – წერს ა. ოქროპირიძე. ჩვენს მიერ გამოთქმული ვარაუდის მიხედვით გაქრისტიანების ზემოთხსენებული სამივე ეტაპის უცვლელი მონაწილე თავად ღვთისმშობელი იყო. ის ჩვენთვის მოციქულიცაა, აღმზრდელიც და მაზიარებელიც.

როგორც ცნობილია, წყაროს მიხედვით ჯვრის აღმართვით კერპები დაიმსხვრნენ და ჯვრების ნიშებით მიმოიფინა მთელი ქართლი. ჩვენ მიერ წარმართულმა ეთნოლოგიურმა კვლევამ დაგვანახა, რომ დღეს ჩვენთვის სრულიად ან ნაწილობრივ განსხვავებული სახით ცნობილ ხალხურ სალოცავებსა და დღესასწაულებში მცხეთის ჯვრის დღესასწაულები და მისი ნიშები იკვეთება. ასე მაგალითად: ლომისის წმიდა გიორგის დღესასწაული სულთმოფენობის მომდევნო ოთხშაბათს აღინიშნება, სულთმოფენობასთან დაკავშირებული შესაწირავი – მტრედი – სალოცავში ცოცხლად, გაშვების გზით იწირება. ასევე იწირება აღდგომასთან დაკავშირებული შესაწირავი – მამალი. ლომისა მცხეთის ჯვრის მსგავსად შვილიერების მიმნიჭებელი ძლიერი სალოცავია. ქაშვეთი, რომლის დღესასწაული საქართველოს ყოველ კუთხეში, სადაც იგი აღდგომიდან მესამე კვირას იდღესასწაულება, მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი დღესასწაულია. ქაშვეთის ეკლესიის ნაცვლად VI ს-ში ყოფილა ტაძარი, რომლის ადგილზეც 1753 წელს გივი ამილახვარს ჯვრის ტიპის ტაძარი აუგია. გავიხსენოთ, რომ მცხეთის მსგავსად თბილისსაც იერუსალიმური ტოპონიმიკა აქვს. სოფელ ქვემოჭალის ჯვარპატიოსნის დღესასწაული სულთმოფენობის ოთხშაბათს იმართებოდა. სოფლის ჯვარპატიოსნის ტაძარში იმავე სახელწოდების ჯვარი იყო აღმართული, რომელიც ხსენებული დღის თაყვანისცემის ობიექტი იყო. საორბისის წმიდა გიორგის დღესასწაული 7 მაისს იმართებოდა. იგი ფსიქო-ნერვული დაავადებების მკურნალად ითვლება. როგორც ცნობილია, ისინი სულის დაავადებაა და მათ გამომწვევად ბოროტი სულები ითვლებიან. მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად კი ქრისტიანობაში ჯვარი ითვლება. თუ ნათლისღებას დედამიწის წყლები იკურთხება, ქართველისათვის 7 მაისობის დღესასწაულზე ცაში გამოჩენილი ჯვრით ციური ნალექი იკურთხება და აიაზმის მნიშვნელობას იძენს. 7 მაისს საქართველოში განსაკუთრებით ელოდნენ წვიმას, ცვარს ან ნამს მაინც. ამგვარად, ნათლისღება-სულთმოფენობის თეოლოგიური წრე იკვრება, რაც ხალხში შესული ეკლესიური სწავლებისა და ეკლესიის ქადაგების კვალს უნდა ამჟღავნებდეს. 7 მაისსა და სულთმოფენობის ოთხშაბათს სხვა მრავალი ხალხური დღესასწაული იმართება, მრავალიც, თუ ღვთის ნება იქნა, გამომჟღავნდება. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვნად გვეჩვენება, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თავიანთ სალოცავებს ხატთან ერთად ჯვარსაც უწოდებენ.

ამგვარად, იესო ქრისტეს მიერ დასახული გზა გოლგოთა – აღდგომა-მარადიული მერვე დღე ქართული ეროვნული ეკლესიის თეოლოგიურ და მისტიკურ საფუძვლად იქცა. თუ უფლის სიმბოლურ სხეულზე აღმართული პირველი ქართული ეკლესია კათოლიკე ეკლესიად იწოდება, მცხეთის გოლგოთაზე აღმართულ ჯვარზე აგებული ტაძარი – `სანაწილე~ ეროვნული, ავტოკეფალური ეკლესიის სიმბოლოა და ამ ეროვნულობით კათოლიკე ეკლესიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მცხეთა და “ყოველი ქართლი” არა მარტო ტოპონიმიკით იმეორებს იერუსალიმს, ისინი ამ წმიდა ქალაქში განვითარებული სულიერი მოვლენებითა და საღვთო ისტორიული მოვლენებით ემსგავსებიან მას. ჯვარცმა – აღდგომა და მარადიული სიცოცხლე ყველა ქრისტიანი ხალხის რელიგიური აზროვნების საფუძველია, მაგრამ ქართველი ხალხისთვის იგი კარდინალური, განმსაზღვრელი და შესაძლოა წინასწარმეტყველურიც აღმოჩნდა. უმთავრესი სიწმიდე, რომელზედაც ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლობა და პირველი ტაძარი აღმოცენდა არის კვართი, უფლის სიმბოლური სხეული, ხოლო მცხეთის ჯვრის გეგმა, რომელზეც ეს ტაძარი აიგო, არის ვნებული ქრისტე მისი ხუთი ჭრილობით. საქართველოს ეროვნული ეკლესიის ტრაპეზი (სვეტიცხოველი-ჯვარი) უფლის ვნებულ სხეულზე და ხუთჯვრიან ნიშანზე აიგო, ხოლო სასწაულების ხასიათმა და მათი აღსრულების თარიღმა კათოლიკე ეკლესიასთან თანაზიარი ეროვნული ეკლესიის თეოლოგიური არსი გააღრმავა და მისი მომავალი განსაზღვრა. ჩვენი აზრით, ის ძირითადი სიწმინდე, რომელსაც ამა თუ იმ ქრისტიანი ქვეყნის პირველი ტაძარი უკავშირდება, განმსაზღვრელია ამ ხალხის რელიგიური აზროვნებისა და ეროვნული ხასიათის. ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს მუშაობა დაწყებული და ისიც ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს. ის, რომ ჯვარცმის, აღდგომის, მერვე დღის სიმბოლიკამ ქართული ხასიათი ჩამოაყალიბა, კარგად ჩანს სხვადასხვა ფაქტში. სააღდგომო ჭონა, რომელიც ალილოს მსგავსი რიტუალური მსვლელობაა, იმართება საქართველოს მხოლოდ იმ რეგიონებში, რომლებიც ქართლის სამეფოში შედიოდნენ. გამორჩეული სტუმართმასპინძლობა, და რომ სტუმარი ღვთისაა (რაც მართალია სხვა ქრისტიან ერებშიც გვხვდება, მაგრამ ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებით ხაზგასმული ჩანს), მარადისობასთან აკავშირებს ქართველს. ქართული ხუროთმოძღვრებიდან გამომდინარე დ. თუმანიშვილი ძალზე საინტერესოდ მსჯელობს ქართულ ღვთისმოსაობაზე და აღნიშნავს, რომ ქართველი ხუროთმოძღვრების ენით არ უარყოფს ამა სოფელს, არ უსვამს ხაზს მის დაცემულ ბუნებას, არამედ “მის ღვთივ-ქმნილობას”. და რაც მთავარია, ქართველი “ქართულ ტაძარში შესვლისას თვალს მაშინათვე ზესთაზეცის განმსახოვნებელ გუმბათ – კამარასა თუ საკურთხეველს მიაბყრობს და მათგან დაცილებას მანძილად კი ხედავს, არაოდეს კი – სიშორედ, დიდი-ხნის-სავალისა და ძნიად გადასალახავი გზის საბოლოო მიზნად” – წერს დ. თუმანიშვილი. დიახ, ქართველი მარადიული მერვე დღისათვის ცხოვრობდა და მისი ამქვეყნიური მზერა ზეციური იერუსალიმისკენ იყო მიპყრობილი. ალბათ, ჩვენი უდარდელობა, სულიერ საფუძველგამოცლილ თვისებად ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობაა, რომელიც ალბათ მარადიული მერვე დღისთვის ცხოვრებამ განაპირობა. მერვე დღეს კი გოლგოთა და აღდგომა უსწრებს წინ. ვფიქრობთ, ღვთის განგებით დაშვებულმა ამგვარმა რელიგიურმა აზროვნებამ შეაქმნევინა ქართველს მისტიკურ-ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც ლაზარეს მსგავსად ჩვენი აღდგომა იწინასწარმეტყველება.


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

ერთი კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.