მთავარი » ქრისტიანობა

მცონარება (სიზარმაცე)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2011 15 კომენტარი | 8,049 ნახვა

“სიზარმაცესთან ბრძოლისას სიმდაბლეს უნდა დავეფუძნოთ”

მცონარება“შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე. მუდამ გახსოვდეს, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისათვის პასუხი უნდა აგო. შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ გაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ”, – წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი.

მცონარების ცოდვის შესახებ “ამბიონს” სასულიერო აკადემიის მოძღვარი, მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე ესაუბრა:

თუ შეიძლება გვესაუბრეთ სიზარმაცის ცოდვის შესახებ. საიდან მომდინარეობს სიზარმაცე?

სიზარმაცე, იგივე მცონარება არის ცოდვა. ამ ცოდვითი ვნების ძალა მომდინარეობს ამპარტავნებიდან, კერძოდ, თვითნებობა-სიჯიუტიდან, ურჩობიდან და თვითრჯულობიდან.
მინდა გითხრათ, რომ სიზარმაცე არსებობს ორი სახის: პირველი – ზღვარს გადასული დასვენება, ძილი და მეორე – იმის კეთების მაგივრად, რაც გვევალება – გართობა, დროს ტარება, საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით დაკავებულობა.

როდესაც ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს ამ ცოდვას, როგორ უნდა ებრძოლოს მას?

რადგანაც ყოველი ვნების უკან დგას და ყოველ ვნებას ჩვენში აძლიერებს ამპარტავნება, ამიტომ თითოეულ ვნებასთან, მათ შორის სიზარმაცესთან ბრძოლისას უნდა დავეფუძნოთ სიმდაბლეს, დავიმდაბლოთ თავი, ჭეშმარიტი სარწმუნოებითი თვალით შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას, რათა ჩვენში აღიძრას ღვთის დიდებულების განცდა, მისდამი მადლიერება ყოველივესთვის. ეს წარმოშობს სირცხვილის გრძნობას, შეგრძნებას, რომ ამგვარ მდგომარეობაში აღარ შეიძლება ყოფნა, ვიღუპებით, ვინგრევით სულიერად, რასაც მოჰყვება მოქმედება.
ამ შემთხვევაში სიმდაბლე არის ის, რომ შევწყვიტოთ უსაქმურობა, ზღვარს გადასული დასვენება, გართობა თუ ჰობი და შევუდგეთ იმის კეთებას, რაც უშუალოდ გვევალება ღვთისა და ადამიანებისგან. ეს საქმიანობაა ჩვენი სულის განწმენდის დამხმარე. უნდა ვისწავლოთ სიხარულის მიღება იმ საქმის კეთებით, რომელიც გვევალება.

როცა ადამიანი სიზარმაცეს ეჩვევა და სიმშვიდის ილუზიას იქმნის, რა მდგომარეობაშია ამ დროს სული?

ამ დროს სული იმყოფება თავდავიწყებისა და ურჩობის მდგომარეობაში.

ზარმაცი ადამიანის დასახმარებლად რა საშუალება შეიძლება გამოვიყენოთ?

უპირველესად უნდა შევაგონოთ, შემდეგ ვამხილოთ და ბოლოს გავუჯავრდეთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სხვადასხვაგვარია უცხოთა და უცნობთა, ახლობელთა და ნათესავთა, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა.

გვახსოვდეს, მოყვასის დახმარების სურვილმა მისი დამცირებისა და შეურაცხყოფის ცოდვაში არ უნდა ჩაგვაგდოს. მაშინ გამოვა, რომ მხარში კი არ ამოვუდექით მას, არამედ მხარი მოვტეხეთ და აღმოვაჩენთ, მოყვასზე ზრუნვისას ღვთის ნებას კი არ ვმორჩილებდით, არამედ საკუთარი ნება გავატარეთ.

ქრისტიანთათვის მიზანი არასდროს არ ამართლებს საშუალებებს, სიკეთე ძალადობით არ აღესრულება, ძალადობა იწყება იქ, სადაც იწყება ცოდვა – პიროვნების შეურაცხყოფა და უსამართლობა. ამით მივანიშნებ იმაზე, რომ საბოლოო ჯამში მცონარებაში ჩავარდნილ ადამიანის პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული, ისურვებს თუ არა იგი გამოსწორებას, ცოდვისთვის თავის დანებებას. რა თქმა უნდა, მისი თავხედობის შემთხვევაში ჩვენ გვევალება მისდამი ჩვენს დამოკიდებულებებს გადავხედოთ, ასე ვთქვათ, ჩავაკორექტიროთ საღვთო მცნებების ფარგლებში. ხელს არ უნდა ვუწყობდეთ მის მცონარებას. ჩვენი უპირველესი მიზანი ხომ საკუთარ სულზე ზრუნვა, საკუთარ სულში ღვთისსათნოყოფაა. ამასთანავე არც მცონარებაში ჩავარდნილ ვნებასთან “ბრძოლით” არ უნდა დავშორდეთ ღმერთს, თორემ გამოვა, რომ ადამიანი უფრო შევიყვარეთ, ვიდრე ღმერთი. ეს ყოველთვის ასეა, როდესაც ჩვენს ცოდვას ვამართლებთ მოყვასზე ზრუნვით.

აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: სანამ სხვას რაიმეს გამო შენიშვნას მისცემ, ღვთის წინაშე საკუთარ სულიერ მდგომარეობას უნდა გადახედო, გაქვს თუ არა უფლება მისცე შენიშვნა?! იქნებ შენ უფრო საშინელ უწმინდურ მდგომარეობაში იმყოფები?! ამიტომ საჭიროა მოზომო შენი სიტყვა არა მხოლოდ ღვთის მცნებების, არამედ შენი სულიერი მდგომარეობის მიხედვით მოიქცე, ან დადუმდე.

როდესაც ლოცვა გვეზარება, როგორ უნდა მოვიქცეთ?

როდესაც მრევლს ლოცვა და ღვთისმსახურებაზე წასვლა – შაბათის უქმობის მცნების დაცვა გვეზარება, აშკარაა, რომ ღვთის დავიწყებამდე ვართ ჩართული მიწიერ საქმეებში, ან განცხრომას ვართ მიცემული. ეს ნიშნავს იმას, რომ თავდავიწყებას მივცემივართ და სულიერი ცხოვრება დაგვივიწყებია, მიგვიტოვებია სულის მაცხონებელი გზა და ჭეშმარიტება, აღარ გვადარდებს სულის წარწყმედის საფრთხე და დაღუპვისაკენ მივექანებით. ამ დროს უნდა მოვუხმოთ თვითგადარჩენის ინსტინქტს, შევძახოთ საკუთარ თავს: რას ვშვრები!? რას ვაკეთებ!? რას ვამჯობინებ ჩემს სულის ცხოვნებას!? გავიხსენოთ ჭეშმარიტება, რომელიც სძენს აზრს ჩვენს ცხოვრებას, მოვინანიოთ ჩვენი უკეთური განზრახვა, წარმოვთქვათ ლოცვა და წავიდეთ ღვთისმახურებაზე.

აქვე მინდა გითხრათ, რომ შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო საეკლესიო ღვთისმსახურებების შეგნებული გამოტოვება სიზარმაცის გამო ძალიან დამანგრეველია მრევლისთვის. მორწმუნე, ანუ ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი ცოდვებთან და მათ გამომწვევ მიზეზ–ვნებებთან ბრძოლის სულიერ ღვაწლშია შესული, უკეთური ძალები განსაკუთრებული სიშმაგით არიან მის წინააღმდეგ ამხედრებულნი და საეკლესიო ღვთისმსახურების მადლსა და საფარველს თვითნებურად მოკლებული ადამიანი, ხშირად უკეთური ძალის ზემოქმედებას და სხვადასხვა ცოდვებში ჩავარდნას განიცდის.
აქვე მინდა გითხრათ, არანაკლები უარყოფითი შედეგები მოაქვს მცირედმორწმუნე მრევლისთვის ტაძარში კადნიერებასა და თავხედობას, ვგულისხმობ ღვთისმსახურებაზე მათ საუბრებსა და ცოდვილ, ან მიწიერ ფიქრებში ჩაფლულობას. საეკლესიო ღვთისმსახურება ღვთაებრივი ღვთისმსახურებაა. იგია დიდი ბედნიერება და სიხარული კაცთათვის ღვთისაგან მოცემული. მასში მონაწილეობა, მისი რწმენით მოსმენა განსწმენდს ადამიანის გულს, გონებას, გრძნობებსა და სხეულს, ვნებათა მომწამლავ სიამოვნებაზე აღამაღლებს სულს, განამტკიცებს მის ნებას ღვთის სათნო არჩევანში – აღარ ჩაიდინოს ცოდვა.

ბოლოს მინდა თქვენი ჟურნალის მკითხველთ და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს გისურვოთ:
ღმერთმა დაგლოცოთ და გიმრავლოთ სათნოებები!”

ქეთი ჭელიძე

.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

15 კომენტარი »

  • ნესტანი says:

    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ძალიან საჭირო სტატიისათვის.. დამაფიქრა..

  • გიორგი says:

    მამა იაკობი უნიჭიერესი მოძღვარია, მე სადაც დავდივარ იმ ტაძარში მსახურობს და ხშირად ვიღებთ ხოლმე მრევლი მისგან საინტერესო დარიგებებს.

  • ეკატერინე says:

    მამა იაკობი.. როდესაც დავინახე ტაძარში, მისმა განათებულმა გულმა მადლით ამავსო..

  • ნინო says:

    სულ რამოდენიმე კვირაა რაც მამა იაკობის მრევლი ვარ და ეხლა მივხვდი სიტყვა მოძღვარი რას ნიშნავს. დიდი მადლობა მას ამისთვის.

  • ანა says:

    მამა იაკობი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორია,მართლა ძალიან განათლებული და კარგი ადამიანია,უფალმა გაგაძლიეროთ მამაო!!!

  • კუსკუსა22 says:

    მამა იაკობი ჩემი ლექტორია.მიყვრას ძალიაან.უნიჩიერესი ადამიანიაა

  • qristine says:

    mama iakobi usayvarlesi pirovneba-tbili guli,gulshi chamwvdomi sityvebi,modzgvari romelic gadzlierebs da cxovrebis arss gagebinebs.madloba ufals rom mastan urtiertobis girsi gamxada.dzalian miyvarxart mamao gmertma didxans gvimyopos tqveni tavi.

  • danielle says:

    მართლა კარგი მოძღვარია… ნებისმიერმა ადამიანმა რაც არ უნდა ჰკითხოს, თუ7ნდაც ქუჩაში შემხვედრმა… ცდილობს ამომწურავი პასუხი გასცეს.

  • teo says:

    mama iakobis darigebebi chemtvis zalzed mnishvnelovania bevr rameze tvali amixila misi daxmarebit bevri ram gavacnobiere…gmertma dalocos

  • teo says:

    rustavshi msaxurobs shabat kvraobit,vaxtang gorgaslis saxelobis tazarshi

  • ucha says:

    gmertma dalocos yvela mamao romlebic xalxs gvexmareba

  • giorgi says:

    ra sheidzleba am adamianze itqvas,me bevrs verafers vityvi xalxma satqmeli tqva ukve,ubralod erts vityvi,15welia mrevli var tadzris,ori modzgvari shevicvale amastan ertad vmsaxurobdi stiqarosnad,magram iseti codva mqonda gulshi rasac vercert modzgvartan ver vidzaxdi,verc mamaostan mama iakobtan vtqvi,magram axsarebis mere zustad 2wutshi mivbrundi da isi vtqvi rasac wlebis mandzilze ver vidzaxdi,madloba mama iakobs.

  • შორენა says:

    სიზარმაცე საშინელი სენია, რომელიც საკმაოდ მოდებულია. ძალიან გავზარმაცდით ადამიანები, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევთ ჩვენს თავს. თითქმის ყველაფერი გვეზარება, ფეხით 50-იოდ მეტრის გავლაც კი ტრანსპორტით გვირჩევნია, კომფორტულია. ხელით გარეცხვით ვინ დაიღლის თავს, სარეცხი მანქანა ჯობია, კომფორტულია, . . . ამ კომფორტის დევნაში ბევრი რამ ეზარება ადამიანს . . . და ზოგი ისე გაზარმაცდა, ისიც კი ეზარება ატაროს მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, სამგზავრო ბარათი ცალ-ცალკე, ურჩევნია ერთი აიდი ბარათი ქონდეს, კომფორტულია. . . . . და მერე ამ ერთი ბარათის ტარებაც დაეზარება ჯიბით . . . . “ის” უფრო კომფორტული იქნება მისთვის. . . არ მომწონს არა, ეს გამეფებული სიზარმაცე. . . არა . . . არც ის ვიცი, რა გვეშველება ???????

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.