მთავარი » ახალი ამბები

მახათას მთაზე ტაძრის საძირკველი იკურთხა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2011 2 კომენტარი | 2,870 ნახვა

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი გაიჭრა

პატრიარქისაღვთო გადმოცემის თანახმად, საქართველოს ღვთისმშობლის მადლი პირველ საუკუნეში მოეფინა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ასეც მოხდა. ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა ხატი და დიდ ღვაწლშემდგარი აკურთხა.

წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა და საქართველოში შემობრძანდა.

12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. წლევანდელი 12 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა – კურთხევით საფუძველი ჩაეყარა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრისა და სავანის მშენებლობას, სამონასტრო კომპლექსში ასევე დაფუძნდება საგანმანათლებლო – კვლევითი ცენტრი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი და ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრი.

ეს მშენებლობა გამორჩეულია იმით, რომ ტაძარი შენდება არა რომელიმე ბიზნესმენის ან კერძო პირის დაფინანსებით, არამედ სრულიად საქართველოს ერთიანობითა და თანასწორობით.

,,ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, ყოველი ქართველი, როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში,’’– აღნიშნა პატრიარქმა.

მსვლელობაივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის ფუნდამენტის კურთხევა საღამოს 7 საათზე გაიმართა. ამ დროისთვის მახათას მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ,,დავითიანნის’’ ორგანიზებით მოეწყო საზეიმო მსვლელობა წმიდა სამების საკათედრო ტაძრიდან მახათას მთის მიმართულებით. მსვლელობას წინ მიუძღვებოდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ახალგაზრდები ბაირაღებითა და დროშებით და მრავალრიცხოვანი მრევლი.

სპეციალურად ამ დღისთვის ტაძრის ფუნდამენტის კურთხევაში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთიდან ჩამობრძანდნენ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი მთავარეპისკოპოსი ირინეოსი, სერგი რადონეჟელის ლავრის მთავარეპისკოპოსი თეოგნოსტი და ათონის მონასტრის ბერები. ყველა სტუმარმა წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.

სამღვდელოებაგანსაკუთრებით აღსანიშნავი იყო რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის, სერგი რადონეჟელის ლავრის მთავარეპისკოპოს თეოგნოსტის მილოცვა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიესალმა და სრული რეგალიით მოიხსენია: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე“, რასაც ხალხი ტაშით შეხვდა.

“მინდა, გადმოგცეთ პატრიარქ კირილის მოკითხვა და სურვილი, რომ ეს ღვთისნიერი საქმე წარმატებით დასრულდეს და ჩვენ ყველანი ამ საოცრების მოწმენი გავხდეთ. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცნობილია ორი ადგილი ღვთისმშობლისა – ათონის მთა და საქართველო, იგივე კურთხეული ივერია. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სხვადასხვა დამპყრობლის მცდელობების მიუხედავად ქრისტიანობა შეინარჩუნა. ერთ დროს მთელი კავკასია ქრისტიანული იყო, თუმცა ბევრმა სარწმუნოება შეიცვალა, საქართველო კი ქრისტიანობის ერთგული დარჩა. ღმერთს უყვარს საქართველო!” – ბრძანა მთავარეპისკოპოსმა თეოგნოსტმა.

საძირკვლის გაჭრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა.

ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო ტაძრის მაკეტი. „ამბიონი“ ესაუბრა ამ პროექტის არქიტექტორ ომარ ნაფეტვარიძეს:

ბატონო ომარ, გვიამბეთ ამ ტაძრის პროექტის შესახებ. როდის გაჩნდა პირველად ამ ტაძრის აშენების იდეა?

ტაძრის მაკეტირატომ გადაწყდა ამ ტაძრის მშენებლობა, ამის ისტორია ცნობილია. ერთ ქალბატონს ჰქონდა ხილვა, გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, რომ საქართველოს ეშველებოდა მას შემდეგ , რაც მახათას მთაზე აშენდებოდა ტაძარი მის სახელზე. ამ მიზნით შეიქმნა ფონდი. მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელია მეუფე დანიელი. ჩვენ გვქონდა ბედნიერება რამდენჯერმე ჩავსულიყავით ათონის მთაზე. დავათვალიერეთ, მოვილოცეთ ეს უდიდესი სიწმინდე და მივეახლეთ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს. მას შემდეგ მახათას მთაზე ავაშენეთ ტაძარი იოანე, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების სახელზე. შემდეგ იყო რაღაც პრობლემები მდებარეობასთან დაკავშირებული. იქ აღარ გამოდიოდა ამხელა ტაძრის აშენება და შევარჩიე ეს ადგილი.

რას გვეტყვით კონკრეტულად ამ ტაძარზე?

ამ პროექტის განხორციელებაზე ზრუნვა დაიწყო აგვისტოში. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ ითავა ფონდის შექმნა და მოუწოდა თითოეულ ქართველს, თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ დიდი საქმის განხორციელებაში. მას შემდეგ დავიწყეთ პროექტირება. ეს ტაძარი არის განსხვავებული მასშტაბის. იგი სამების შემდეგ იქნება მეორე ტაძარი. მისი სიგრძე არის 52 მ, სიგანე – 34 მ და სიმაღლე – 46 მ. ჯვრის წვერამდე. ძირითადად აქვს ქართული ტრადიციული ტაძრის ფორმები, მაგრამ განსხვავებაა ის, რომ გუმბათი გახლავთ დაყრდნობილი არა ორ სვეტზე, არამედ რვაზე. ტაძარში იქნება ორი ეკვდერი – წმიდა გაბრიელისა და გიორგი მაშენებლის.

დავით დანელია

[nggallery id=5]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • elisabedi says:

    ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.ასეთი შეკრული ქართველი ხალხი პირველად ვნახე.ყველას ერთმანეთი უყვარდა,ყველას ცრემლები ედგა თვალებზე და რაც მთავარია-ერი გრძნობდა ,რომ რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ხდებოდა.ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი საყვარელი პატრიარქი და ყველა ის ადამიანი ვისაც წვლილი შეაქვს ამ კეთილ საქმეში.ამინ.

  • ხათუნა says:

    გამარჯობა. ტაძარი უკვე დასრულებულია ისევე როგორც გარედან ასევე შიგნით სრულად მოწყობილი ხატებით და ა.შ ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი