მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“მასწავლე, რომ განვვითარდე” – ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების ხელშეწყობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.11.2020 | 1,259 ნახვა

“მასწავლე, რომ განვვითარდე” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ბავშვის ადრეული ასაკის განვითარების საკითხში მშობლებს დიდ დახმარებას უწევს. როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა და რამდენად აცნობიერებენ მშობლები ამ მიმართულების საჭიროებას? გვესუბრება პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი დიანა ტარიელაშვილი.

პროექტის შექმის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა დავინახე და დავრწმუნდი, რომ საკმარისად ბევრი ცოდნა და გამოცდილება მქონდა ბავშვის ადრეული ასაკის განვითარების საკითხში და ამ ცოდნის გაზიარების დრო იყო. ვხედავდი რა კითხვებს სვამდნენ დედები ფორუმებზე, ფეისბუქ ჯგუფებში, ეზოებსა და სკვერებში. ყველა დედას უჩნდება კითხვები, განსაკუთრებით ახალბედა დედებს, ისინი ყოველდღიურად ხვდებიან დაბრკოლებებს და სირთულეებს, რომლებიც ინფორმაციის ხელმიუწვდომლობითაა განპირობებული. დედები მიმართავენ ინტერნეტს, ცდილობენ იქ იპოვონ პასუხები, მაგრამ შედეგად ღებულობენ საკმაოდ მწირ ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, თეორიულ ახსნას ექვემდებარება, პრაქტიკაში კი მათი გამოყენება საკმაოდ რთულია.

ყველა მშობელს აქვს სურვილი განავითაროს საკუთარი ბავშვი, მაგრამ რა მეთოდით, რა ტექნიკით, სად ნახოს ზუსტი ინსტრუქცია, რომელიც მას ამაში დაეხმარება? – ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ამაზე 0 პასუხია. ზუსტად ამიტომ შევქმენი პროექტი “მასწავლე, რომ განვვითარდე”, რომელიც აბსოლუტურად თვალსაჩინოდ და კონკრეტული მაგალითებით, აჩვენებს მშობელს და ბავშვის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, როგორ და რა მეთოდებით ხდება ბავშვის განვითარება, მის ფსიქო-ემოციურ სიჯანსაღეზე ზრუნვა, პიროვნებად ჩამოყალიბება.
ვფიქრობ, ჩემი მიზანი მაშინ იქნება მიღწეული და პროექტი ჩაითვლება შესრულებული, როცა საქართველოში ყველა მშობელს ეცოდინება რა არის ადრეული განვითარება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.

რამდენად არის აქტივობა საზოგადოების მხრიდან ?

პროექტმა ივნისის თვიდან დაიწყო აქტიური ფუნქციონირება. დღეს უკვე 3400-ზე მეტი ადამიანია მასში გაერთიანებული. მათ შორის არამხოლოდ მშობლები, არამედ აღმზრდელები, ძიძები, ფსიქოლოგები და ლოგოპედები არიან. დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც ზრდის პროექტის პოტენციალს უფრო მეტად. ყოველდღიურად შემოდის უამრავი შეტყობინება მშობლებისგან, უამრავი მადლიერების წერილი, რაც ნამდვილად უდიდესი სტიმულია ჩემთვის, როგორც პროექტის ავტორისთვის.

რა კონკრეტული შედეგები გაქვთ პროექტის განხორციელების შემდეგ ?

პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია 17 სრულყოფილი და ამომწურავი ვიდეო-ინსტრუქცია, რომლებიც მშობლებს აძლევს თვალსაჩინო სურათს და მოქმედებების გეგმას: რით იხელმძღვანელოს, როგორ მართოს ბავშვთან თამაშის/მეცადინეობის პროცესი, რომ ეს იყოს სასარგებლო არამხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მათი ურთიერთობებისათვის. ისინი, ვინც პროექტს აქტიურად მისდევს და ითვალისწინებს რეკომენდაციებს, უკვე ხედავენ ცვლილებას ბავშვის ქცევასა და მათ ყოველდღიურობაში.

რა ძირითადი რეკომენდაციები გაქვთ მშობლებთან აღზრდის საკითხებთან მიმართებაში?

ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვს არაფერი ესმის და არც არაფერი მოეთხოვება, რაც აბსოლიტურად მცდარი შეხედულებაა. ადრეული ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვილობილობის ასაკიდან იწყება პიროვნების ჩამოყალიბება, ამ ასაკიდან ფორმირდება მისი ფსიქიკური უნარები, შესაძლებლობები. ის თუ როგორ ურთიერთობს მშობელი შვილთან დაბადების მომენტიდან, როგორ ზრუნავს მასზე, როგორ გარემოს უქმის მას განვითარებისთვის და როგორ მეთოდებს სთავაზობს მას ეფექტური პროგრესირებისათვის – ამაზე დამოკიდებულია როგორი პიროვნება გაიზრდება სამომავლოდ ამ კონკრეტული ბავშვისგან, იქნება თუ არა ის ფსიქო-ემოციურად ჯანსაღი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ბედნიერი ადამიანი.

რა გეგმები გაქვთ პროექტის ფარგლებში და გეგმავთ თუ არა უფრო მასშტაბური გახადოთ?

ის რა სტადიაზეცაა პროექტი ამ ეტაპზე – ეს მხოლოდ დასაწყისია! ბავშვის განვითარების საკითხი უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის – ეს ამ პროექტის მთავარი მისიაა! მალე გაეშვება პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც უფასო ვიდეო-მასტერკლასებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების გარდა, პროექტით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, ნებისმიერ მშობელს ვისაც საკუთარი ბავშვის განვითარება სწყურია, მაგრამ დამოუკიდებლად არ გამოსდის ამ პროცესის მართვა, შეეძლება აირჩიოს დამატებითი სერვისები ბავშვის განვითარების დიაგნოსტიკისა და განვითარების ინდივიდუალური პროგრამის სახით, რომელიც საქართველოში ინოვაცია იქნება და ახალ ეტაპზე აიყვანს ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების საკითხს. საქართველოში ბავშვის ადრეული განვითარება უნდა გახდეს ტრენდული, ისე, როგორც მოწინავე ქვეყნებშია. საქართველოში უნდა იყიდებოდეს სწორი სათამაშოები, არამხოლოდ მანქანები და თოჯინები. მშობლებისთვის და სპეციალისტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა რესურსი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. დიდი იმედები და მოლოდინები მაქვს, რომ რეალობა თანდათან შეიცვლება, ჩემი საქმიანობა ამისკენაა მიმართული, მაგრამ ბუნებრივია საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია. პროგრესი მხოლოდ განვითარებაშია, მე ამის მჯერა!

თეონა ნოზაძე

პროექტი “მასწავლე, რომ განვვითარდე”
Youtube-ზე: https://www.youtube.com/channel/UCNbzOcP_lKUtHWmv_aZEfLw/
Facebook-ზე: https://www.facebook.com/mascavleromganvvitarde




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი