მთავარი » ქრისტიანობა

მარხვის შესანახად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.11.2016 7 კომენტარი | 16,361 ნახვა

თუ რატომ ითხოვს მრევლის გარკვეული ნაწილი მარხვაში არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე ლოცვა–კურთხევას და რა მნიშვნელობა აქვს მცენარეული საკვების მიღებას ორგანიზმისთვის? ამ თემაზე გვესაუბრება დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი):

„ძალიან მომრავლდა მარხვაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების გამო, არასამარხვო საკვების მიღებაზე ითხოვენ ლოცვა–კურთხევას. მაგალითად, ხშირად მოდიან თხოვნით, რომ დავრთოთ ნება რძის პროდუქტის მიღებაზე იმ საბაბით, რომ აქვთ კალცის ნაკლებობა, რომ იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, რომ სუსტად გრძნობენ თავს… ბოსტნეული მიუხედავად იმისა, რომ ამ მარხვაში ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია, შეღავათების დაწესებას მაინც ითხოვენ. თუ ადრეულ წლებში მრევლში ასეთი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი იყო, დღეისათვის მათი რიცხვი უკვე 20–30 პროცენტამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ჯანმრთელობის კუთხით ცუდ მდგომარეობაში არიან.

ბუნებრივად ჩნდება კითხვები, რატომ არის ასეთი სტატისტიკა, რაშია საქმე? ვცადოთ, გავცეთ ამ კითხვას პასუხი.

მარხვის დანიშნულებაა, ადამიანმა თავი შეიკავოს ხორციელი პროდუქტების მიღებისგან, თავისი ნებით განწმინდოს სხეული და მიეჩვიოს მოთმინების გამომუშავებას. რამეთუ უფალი ამბობს: „მოთმინებითა შენითა მოიპვე სული შენი.“ მოთმინების შესახებ ეს ერთ-ერთი უმთავრესი მცნება, ამ მოცემული (არასამარხვო საკვები) მდგომარეობის გამო, ირღვევა. ის, რაც ეკლესიის მიერაა დაწესებული, იძულებულნი ვართ, დავარღვიოთ და მარხვაც არასრულფასოვანი ხდება. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობაა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ ეკლესიაში.

თავად შევეცადე სამედიცინო კუთხით გამერკვია, თუ რა არის ადამიანებში ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ჯერ ბიბლია გავიხსენოთ.

სამოთხეში მყოფი ადამი სრულ ჰარმონიაში იყო მცენარეებთან და მის გარშემო მყოფ სამყაროსთან. ამის შესახებ უამრავ წმიდა მამას აქვს მოსაზრება გამოთქმული. წმ. ბასილი დიდი წერს, რომ ის სამყარო, რომელიც ადამის გარშემო იყო, ყველა იმ თვისებას შეიცავდა, რაც მას სჭირდებოდა. ანუ სამოთხე ადამის შემადგენელი ნაწილი იყო და მის გარეშე ვერც იარსებებდა. ხოლო როცა ადამი სამოთხიდან გამოაძევეს, მან მიწიერი ცხოვრება დაიწყო, საზღვრად დაედო სიკვიდილი და მიუხედავად ამისა, ვიცით, ნოემდე მყოფი ყველა მამათმთავრისა თუ ადამის შთამომავლების სიცოცხლის ხანგრძლივობა 700-800 წელი იყო. ჩვენთვის ეს ფანტასტიკის სფეროში გადადის. როგორ შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს თუნდაც 500 წელი?! თუ 100 წლამდეც მიაღწია, ეს დიდი საოცრებაა. როგორც საეკლესიო გარდამოცემა გვეუბნება, ადამს და მის შთამომავლობას ღმერთთან და მის მიერ შექმნილ სამყაროსთან კავშირი დაკარგული არ ჰქონდათ. ისინი ღებულობდნენ რა საკვებს, შინაგანად ღვთაებრივი ცოდნით იცოდნენ, რომელი მცენარე, ნაყოფი იქნებოდა სასარგებლო და ეს გახლდათ მათი ორგანიზმის ჯანმრთელობის საფუძველი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები მქონდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ გია შელიასთან და შევეცდები მისგან მიღებული ინფორმაცია გაგიზიაროთ.

ადამიანის ორგანიზმი თავისი აგებულებით ურთულესი აპარატია და ყველაფერი ურთიერთკავშირშია. როგორც დღევანდელი სამედიცინო მეცნიერება გვეუბნება, ადამიანს რომ ჯანმრთელი ვუწოდოთ, მას, პირველ რიგში, ნივთიერებათა ცვლა უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებისადმი მიდრეკილება უჩნდება.

როცა კალციუმის ნაკლებობის შევსებას რძის ნაწარმით ვცდილობთ, აღმოჩნდა, რომ დღევანდელი მეცნიერების გამოკვლევით, მხოლოდ 7–დან 10- პროცენტამდე არსებული კალციუმის რაოდენობა შეითვისება ორგანიზმის მიერ სასარგებლოდ. დანარჩენი 90 პროცენტი ხდება სხვადასხვა არასაჭირო ცხიმების წარმოშობის მიზეზი. რა თქმა უნდა, ადამიანმა რძეც უნდა მიიღოს, რადგან ღვთისგანაა ნაბოძები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენ კვების კულტურა დავკარგეთ. ჩვენ შეგვეძლო განგვესაზღვრა, როგორც ადამს და მის შთამომავლობას, რომელი მცენარიდან თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტიდან უნდა მიგვეღო საჭირო საკვები და ნივთიერებები ორგანიზმისათვის.

მედიცინის მეცნიერება ცდილობს ეძებოს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები, მაგრამ ცოტა მცდარი გზით წავიდა, რადგან ვებრძვით შედეგს. ანუ ვიწყებთ სიმსივნის მკურნალობას და თუ რამ გამოიწვია ეს დაავადება, ნაკლებად აინტერესებთ. ასევეა სხვა რთული დაავადებების შემთხვევაშიც. თუ ადამიანს ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებული აქვს, ის შეიძლება ჩავთვალოთ ჯანმრთელად. მეცნიერებამ დაამტკიცა, თუ პიროვნებას იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული და ორგანიზმს ბრძოლის უნარი არ გააჩნია, ადამიანთა ასეთ კატეგორიის 50 პროცენტს შეიძლება დაემართოს სიმსივნე. დეკანოზი დავით დათუაშვილი გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვრცელდება გრიპები და ადვილად გვეყრება, რადგან იმუნიტეტი უკიდურესად დაქვეითებულია. შეიძლება ასეთ კრიტიკულ პერიოდში ადამიანი რამდენჯერმე დაავადდეს გრიპის ვირუსით.

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე არაჯანსაღი ცვლილებების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ არასწორი კვება გახლავთ. ისე, რომ არც ვაკვირდებით, ვიღებთ უამრავ შხამიან პროდუქტს. მაგალითად, მივირთმევთ ფუნთუშას, რომელსაც დღის განმავლობაში ერთსა და იმავე ზეთში ხარშავენ. არ ვაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტორს, რომ ერთი გადადუღების შემდეგ ზეთში ჩნდება ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასევეა წყალიც, რომელსაც ონკანიდან შევსებისთანავე მივირთმევთ, შეიცავს ქლორს, რომელიც ორგანიზმში რჩება და გარკვეული დროის შემდეგ თავს იჩენს. 60 წლის ადამიანის ორგანიზმში, ცხოვრების განმავლობაში ონკანიდან მიღებული ქლორის სახით, გროვდება გარკვეული რაოდენობა იმ ქიმიური ნივთიერებებისა, რომელიც შემდგომში ორგანიზმში არასასურველი მჟაური პროცესების წარმომშობია. სამწუხაროდ, ასეთი უზრუნველი დამოკიდებულების სია ძალიან დიდია.

ქრისტიანებს გვსურს, ჩვენი ლოცვა დიდხანს გრძელდებოდეს, შეგვეძლოს ფეხზე დგომა, სრულყოფილად მარხვის დაცვა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კი ქიმიური პრეპარატების მიღება არაა სასურველი, რადგან ჩვენზე ტოქსიკურ გავლენას ახდენენ. ძალიან მივეჩვიეთ, როგორც კი ავად გავხდებით, წამალს ვიღებთ, რომელიც უამრავ შემთხვევაში სრულად არ განგვკურნავს. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. როდესაც ადამიანი დავარდნილია, უძლურებაშია, ლოცვისა და ეკლესიაში მოსვლის შესაძლებლობა აქვს. შეიძლება ვთქვათ, ეს ღვთის მიერ მინიჭებული ჯვარია, მაგრამ რატომ ვიღებთ ამ სიმძიმეს ჩვენი ნებით, როცა შეგვიძლია სხვა სიმძიმე ვიტვირთოთ?! ჯანმრთელ ადამიანს მრავალი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია…

ბოლო წლებია მკვლევარები დაფიქრდნენ, თუ რატომ იყო ასეთი ჯანმრთელი ადამი და მისი შთამომავლობა. ანუ სამყაროს შემეცნების ღვთაებრივი მიდგომის საწყისებს მიუბრუნდნენ. თუ კარგად გავიაზრებთ ამ საკითხს, მივხვდებით, რომ აუცილებელია დავიწყოთ ჩვენი ორგანიზმის დეტოქსიკაცია – ქიმიური ნივთიერებების გამოდევნა, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, რათა ორგანიზმი ჯანმრთელი გახდეს, იმუნიტეტი აიმაღლოს და სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლა შეძლოს. ანუ დავბრუნდეთ ადამისეულ მდგომარეობაში.

ცხადია, ადამიანი ცხოველურ საკვებსაც უნდა იღებდეს, მაგრამ არა გადამეტებული რაოდენობით. ამიტომ ქრისტეს ეკლესიამ დააწესა მარხვა – მცენარეული საკვების მიღება. მეორე მხრივ, აქაც საშიშროება გაჩნდა, რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოვიდა ბაზარზე, რომელიც ორგანიზმში ბევრ უარყოფითს იწვევს. ამიტომ დაახლოებით 10–12 წელია მეცნიერები ატარებენ კვლევებს და გაჩნდა კვების პროდუქტები – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის გარკვეულ ფუნქციებს აწესრიგებს. ისინი დამზადებულია მხოლოდ მცენარეულ საწყისებზე. შესაბამისად, მათში ქიმია არ არის. არის მცენარეები, რომლებიც დიდი რაოდენობით С ვიტამინსა და სხვადასხვა ტიპის მიკროელემენტებს ისეთი ფორმით შეიცავენ, რომლებიც ახერხებენ ორგანიზმის დეტოქსიკაციას და მისი სასარგებლო ნივთიერებებით შევსებას. ამდენად, მარხვაში რძის პროდუქტის მიღებას კი არ ვიწყებთ, არამედ ვიღებთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც მცენარეულია, სამარხვოა. თუ ამას ეკლესიური კუთხით შევხედავთ, ეს დაბრუნებაა ღვთაებრივი გზისაკენ.

გამომდინარე იქიდან, რომ საბუნებისმეტყველო მიმართულებითაც მაქვს განათლება მიღებული, შესწავლილი მაქვს ბევრი მცენარის სასარგებლო თვისება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში შესაძლებელია ჩადგეს. მაგალითად, არსებობს მცენარეების სამკურნალო ნაკრებები და საკვებად გამოსადეგარი, სასარგებლო მცენარეების დიდი ჩამონათვალი, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში შესაძლებელია ჩავაყენოთ. მაგალითისათვის მოვიყვან ძალიან გავრცელებულ და უბრალო მცენარეს – მრავალძარღვას, რომელსაც უნიკალური თვისებები აქვს ჭრილობის შესახორცებლად; ნახარშის სახით – კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად; ნაყენის სახით – პირის ღრუს სავლებად, როგორც სადეზინფექციო საშუალება და სხვა. ასეთი ჩამონათვალი სხვადასხვა მცენარეებისა ძალიან დიდია… თუმცა, აუცილებელია აქაც დავიცვათ ზომიერება. დიდი რაოდენობით მიღებული არც მცენარეული დანამატია კარგი. ის, რასაც დღეს მეცნიერები სწავლობენ და გადმოგვცემენ, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის შესახებ ცნობილი იყო ადამისა და მისი შთამომავლობისთვის, რაც მათ ღვთაებრივი ცოდნით გადმოეცათ. და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის საიდუმლოება ამაში გახლდათ ჩადებული. დღეისათვის რამდენიმე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება არსებობს. ამ თემაზე, ალბათ, სპეციალისტები ისაუბრებენ… რამდენადაც ვიცი, პრაქტიკამ აჩვენა, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ვერ პოულობდა თავისი დაავადების მორჩენის საშუალებებს, განიკურნა და ძალიან კმაყოფილები არიან.

დასასრულს, მინდა გითხრათ, თუ გვსურს, ადამიანი თავისი ცხოვრების წესით მაღალ საფეხურზე ავიდეს, ის ღვთაებრივ საწყისებს უნდა მიუბრუნდეს როგორც სულიერებაში, ასევე უნდა ეცადოს თავისი ორგანიზმიც დააბრუნოს ღვთისგან განსაზღვრულ ადამისეულ მდგომარეობაში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და ჯანმრთელობა მოგმადლოთ ჩვენი სულიერი წინსვლისთვის.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • თეკლა says:

    არასამარხვო პერიოდშიც ვერ ახერხებს ადამიანი სრულფასოვნად და ხარისხიანი საკვებით გამოკვებას და მით უმეტეს, მარხვაში ორგანიზმი სუსტდება. არ ვიცი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები რამდენად ეფექტურია.

  • mari says:

    მარხვა ძალიან სასარგებლოა როგორც სულისთვის, რომ ვნებები და სურვილები დაითრგუნოს, ასევე ორგანიზმისთვის რომ დაისვენოს ამდენი ქოლესტერინისა და ცხოველური ცხიმებისაგან, მარხვა განწმენდს როგორც სულს ისე სხეულს, მთავარია სწორედ ვიკვებოთ და ბევრი პურეულის მაგივრად მარცვლეული და ბოსტნეული მივირთვათ, ამდენი დაავადებების თავი და თავი გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ეკოლოგიური მდგომარეობაა რასაც ვსუნთქავთ და რა თქმა უნდა წყალი რასაც ჩვენი ორგანიზმის დიდი ნაწილი შეიცავს, დღეს და ადრეც სოფლებში უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ ადამიანები ვიდრე ქალაქში მითუმენტეს იქ უფრო მეტად წვალობენ და შრომობენ, იმიტომ რომ იქ ნატურალურ წყალს სვავენ და ჯანმრთელ პროდუქტს მიირთმევენ და სუფთა ჰაერს სუნთქავენ, ძალიან კარგი სტატიაა

  • lasha says:

    vinaidan adamianma ar icis rodis gava am qveynidan imaze ar unda zrunavdes rom sxeuli ar damisustdeso, gmerttan rom miva ra pasuxs gascems marxva imitom davargvie imuniteti damiqveitdaoo, vinc ase piqrobs eg imaze mianishnebs rom im adamians ar ugrzvnia tavis codvebi da gultan ar aqvs rcmena,

  • შორენა says:

    კარგით რა, სულ სრულფასოვნად იკვებებით რა?, და მეტი საზრუნავი ამის გარდა არ გაქვთ ცხოვრებაში? თუ მარხვაა – მარხვა უნდა იყოს და მე თუ მკითხავთ, თევზიც არ უნდა იყოს ნებადართული.
    მარიამობის მარხვაში, 19 აგვისტოს (თევზით ხსნილის დღეს), შავი ზღვის სანაპიროზე ვიყავი, ზღვიდან თევზის შემაწუხებელი სუნი მოდიოდა, ბევრმა შენიშნა ეს, თევზის სუნით ყარდა სანაპირო.
    რაღაც არ უხდება მარიამობის მარხვას თევზს მიძალება . . .

  • შორენა says:

    თუ ქრისტიანები ხართ, შეინახეთ მარხვა, ილოცეთ და ნუ წუწუნებთ კიდევ.. . . იმდენი ბოსტნეულია, ხილი, მარცვლოვანები, სამარხვო რა აღარ არის კიდევ, თუ გინდა, სულაც არ არის ძნელი.

    და კიდევ ბოლოს, გადახედეთ ისტორიას, წმინდანთა ცხოვრებას, . . . ღმერთისათვის სიცოცხლეს წირავდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენ? ჩვენ ის გვადარდებს, ვაიმე რა მეშველება, 2 კვირა ხორცს ვერ შევჭამ????

  • კატო says:

    მთავარია პირიდან რას ამოუშვებ თორემ პირში რას ჩაუშვებ მაგას რა მნიშვნელობა აქვს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი