მარხვის ისტორია
დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “ყოველი რელიგიის მიმდევარი იმ მოძღვრებას მიჰყვება, რომელზეც თავად ეს რელიგიაა დაფუძნებული. ნებისმიერ რელიგიაში ღრმად მორწმუნეობა შესაბამისი მოძღვრების პრინციპებითა და მითითებებით ხელმძღვანელობას გულისხმობს. ასევე, თუკი ადამიანი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ ლოცულობს და არც მარხულობს, ის ღრმად მორწმუნეობაზე თავად ამბობს უარს. ამიტომ მარხვა, თითქოს და ერთგვარი საზომია ქრისტიანისთვის: ვინც მარხულობს, ის მორწმუნე ქრისტიანად აღიქმება. მაგრამ მარხვის მარტოოდენ გარეგნული დაცვა როდი ნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. მითუმეტეს, აღნიშნული საკითხი დღევანდელ დღეს მეტ აქტუალურობას იძენს, რადგან ხშირად მარხვის გარეგნული აღსრულებით ვკმაყოფილდებით და ზოგიერთი საკვებისაგან თავშეკავება ცოცხალი რწმენის გამოხატულებად მიგვაჩნია.
ღმერთმა პირველი მარხვა სამოთხეში დაუდგინა ადამს, რაც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვას გულისხმობდა. ამ ერთადერთი მცნების დარღვევის შემდეგ სამოთხის გარეთ დარჩენილი კაცობრიობა, ნებსით თუ უნებლიეთ ვერ ივიწყებს მარხვის მნიშვნელობას, რასაც თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში არსებული მარხვის ტრადიციები ადასტურებს. მით უმეტეს, მარხვის მნიშვნელობა არ დაკარგულა თავად ღვთისგან დამწყსილ ერში – ებრაელებში.
თავად მარხვას დღევანდელობასთან შედარებით განსხვავებული სახე ჰქონდა. რაიმე სახის საკვების მიღებისგან კი არ იკავებდნენ თავს, არამედ დროის გარკვეული პერიოდი საერთოდ არ იკვებებოდნენ. მარხვის ხანგრძლივობა ძირითადად ერთი დღით განისაზღვრებოდა.
ძველ აღთქმაში გვხვდება სამდღიანი, შვიდდღიანი და განსაკუთრებულ შემთხვევებში ორმოცდღიანი მარხვები, ამ უკანასნელ შემთხვევაში ადამიანები არაფერს იხმევდნენ, მხოლოდ წყალს სვამდნენ. ამის მაგალითს მოსე სჯულისმდებელი და ილია წინასწარმეტყველი გვაძლევენ.
მარხვებს სხვადასხვა მიზეზით ინახავდნენ: ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, განსაცდელის ჟამს ღვთისაგან წყალობის მოლოდინში და დიდი სინანულის შემთხვევაში.
მთლიანობაში ებრაული საზოგადოება ქრისტეს მოსვლისას ძირითადად ერთდღიანი მარხვებით შემოიფარგლებოდა, რასაც განსაკუთრებული და ინდივიდუალური მარხვის შემთხვევები ემატებოდა. იმ დროისათვის იუდეველთა სასულიერო წრეებში კვირაში ორდღიანი მარხვა დაწესდა. ამაზე წმინდა სახარებაში მეზვერისა და ფარისევლის იგავი მოწმობს, სადაც ფარისეველი ამბობს: ,,ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა” (ლუკა. 18:12), თუმცა ამგვარი მარხვა ყველასთვის სავალდებულო არ იყო.
საინტერესოა, მარხვასადმი თავად ქრისტეს დამოკიდებულება. მან კაცობრიობის გამოხსნის მსახურება უდაბნოში 40 დღიანი უმკაცრესი მარხვით დაიწყო: ,,და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და მერმე შეემშია” (მათ.4:2). მანვე მარხვის უდიდეს მნიშვნელობაზე პირდაპირ მიგვანიშნა, როდესაც ის ლოცვასთან ერთად ბოროტი ძალის დამარცხების აუცილებელ პირობად წარმოაჩინა: ,,ხოლო ესე ნათესავი, არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მათ.17:21).
ასევე, ქრისტე მოჩვენებითად მმარხველ ფარისევლებს ამხელს და ჭეშმარიტი მარხვის საზომს გვიდგენს: ,,და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამინ გეტყვით თქუენ; მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩვენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად” (მათ.6:16-18).
აღსანიშნავია, რომ ქრისტე და მისი მოწაფეები მუდმივად არ მარხულობდნენ. რასაც მაცხოვარი შემდეგი მიზეზით ხსნიდა: ,,ვერ ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად” (მარკ.2:19). აქ მაცხოვარი სიძეს საკუთარ თავს უწოდებს, ხოლო მისი მიწიერი ცხოვრების პერიოდს საქორწინო დღესასწაულს ადარებს. ამიტომ, ამ დროს მარხვა არ ეგებისო. შემდეგ მაცხოვარი ამბობს: ,,არამედ მოვლენან დღენი ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა (მარკ.2:20), ამიტომ, წმიდა ეკლესია ითვალისწინებს რა მის ამ დარიგებას, სიძის ხელმეორედ მოსვლის მოლოდინში მარხვას ინახავს.
ახალ აღთქმაში ვხედავთ, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდგომ ქრისტიანები მარხვებს ინახავენ, თუმცა თავდაპირველად, როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ იუდეური სულისკვეთება ჰქონდათ. უკვე მეორე საუკუნეში ძველ ქრისტიანულ საკანონმდებლო მოძღვრებაში – ,,დიდაქეში”, მარხვასთან დაკავშირებით შემდეგი განჩინება გვხვდება: ,,პირმოთნეთა (ფარისევლები) მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათს და ხუთშაბათს ხვდება. თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკევს”. ხოლო მოციქულთა დადგენილებებში, IV საუკუნეში, აღნიშნულ დღეებთან დაკავშირებით უკვე პირდაპირი განმარტება გვაქვს, რასაც მაცხოვრის გაცემასა და ვნებას უკავშირებენ.
ამავე პერიოდში უკვე ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა უკვე ყველასათვის სავალდებულო გახდა.“
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.