მთავარი » ქრისტიანობა

მარხვაში თევზის მიღების ნებადართულობაზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2014 13 კომენტარი | 26,497 ნახვა

“მარხვაში საზრდოსადმი არასწორი დამოკიდებულება ჩვენს არასწორ სულისკვეთებას გამოხატავს, რაც არათუ ღმერთთან გვაახლოებს გარეგნული ასკეტიზმის ხარჯზე, არამედ – განგვაშორებს.”

მარხვის პერიოდში საკვებად თევზის მიღებისთან დაკავშირებით გვესაუბრება დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური):

„ცნობილია რომ ძველი ეკლესია თევზს ჩვეულებრივ სამარხვო საზრდოდ განიხილავდა. ამის გამო ჩდება ამ წესის კვლავ დაბრუნების სურვილი. თევზი შესაბამისად, მას მომხრე და მოწინააღმდეგე მოსაზრებები ხვდება. ვფიქრობ, ეს თემა არ უნდა წარმოადგენდეს საპოლემიკო საკითხს და მარხვას მარტივად უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი სახე.

ერთ–ერთი წყარო ამგვარია: “ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ ზეთი და თევზი“. „დიდმარხვაში, თუ შესაძლებელია, ერისკაცებმა არ მიიღონ თევზი, გარდა შაბათ-კვირიაკისა. მონაზონებმა კი – არც ზეთი, მაგრამ თუ ამას არ ირჩევენ, მაშინ მხოლოდ სამშაბათი და ხუთშაბათი გახსნან: ერისკაცებმა – თევზით, მონაზონებმა – ზეთით, [თევზი კი ამ უკანასკნელებმა ხარების დღესასწაულზე გახსნან]“.

თევზის, როგორც ნებადართული სამარხვო საჭმლის შესახებ საგანგებო აღნიშვნა გვხვდება, ერთი მხრივ, წმ. ექვთიმეს ცნობილ პასუხში მისდამი გაგზავნილ შეკითხვებზე, მეორე მხრივ კი VI მსოფლიო კრების კანონთა საფუძველზე შედგენილ “სჯულისკანონში”, რაც ასევე წმ. ექვთიმეს რედაქციას წარმოადგენს. „და ესეცა გუესმა, თუ ქუეყანასა მას სომხითისასა წუელასა (რძის ნაწარმს) და თევზსა და ღჳნოსა ერთად შეჰრაცხვენ და ესე სრულადი არს სიცოფე და უგუნურებაჲ და წარტყუენვაჲ მტერისაგან. ჭეშმარიტად ყოველი უწესოჲ და განდრეკილი მოძღურებაჲ ეშმაკისა მიერ მოპოვნებულ არს. ხოლო ჩუენ უწყით, ვითარმედ არარაჲ არს ზიარებაჲ, არცა თჳსებაჲ წუელისა და თევზისაჲ და ზეთისა და ღჳნისაჲ. იგინი უკუე, რომელნი ამათ შეაერთებენ, წესისაგან კათოლიკე ეკლესიისა განყოფილ არიან.“

პირველ რიგში, მახსენდება მაცხოვრის სიტყვები: “ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?… ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი,… მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.“(მათე 6.31,32,33).

აღვნიშნავ, დღეს არსებული პრაქტიკა ჩემში არ იწვევს, რაიმე უკმაყოფილებას და ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტის აუცილებლობას. მორჩილებით ვღებულობ მოცემულ მიდგომას. ასევე, შევნიშნავ, რომ მარხვის არასაჭირო დამამძიმებელი გარემოება ადამიანის უძლურ ბუნებაზე მოქმედებს და სასურველია პირვანდელი წესის აღდგენა. ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ ნიშნავს რომ თევზის მიმართ გემოთმოყვარეობით ვარ შეპყრობილი. არამც და არამც. ერთ ფაქტს აღვნიშნავ: საზრდოსადმი (მარხვაში) არასწორი დამოკიდებულება ჩვენ არასწორ სულისკვეთებას გამოხატავს, რაც არათუ ღმერთთან გვაახლოებს გარეგნული ასკეტიზმის ხარჯზე, არამედ – განგვაშორებს. „არაფერი ღმრთისგან დაბადებული, მადლობით მიღებული, არ არის გადასაგდები“(ტიმოთ.4,4). „წმიდათათვის ყოველივე წმიდაა“ (ტიტ. 1:15). დიდი სჯულის კანონი: „თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელი …, ხორცს, ღვინოს განუდგება და უარყოფს არა მოღვაწეობრივი მიზნით, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის მათ და ამით ივიწყებს იმ სიტყვას, რომ ყოველივე კეთილია ფრიად … ცილს სწამებს დამბადებელს, ან გამოსწორდეს, ან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს. ასევე ერისკაციც“ (მოციქულთა 51კან.). „თუ ვინმე სასულიერო პირთაგანი მარხვას შეინახავს კვირას ან შაბათს (თვინიერ მარხვის დღეებისა), განიკვეთოს ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“(მოციქულთა. 64). „თუ ვინმე გაკიცხავს ხორცის მჭამელს, თითქოსდა ხორცის ჭამის გამო არ ექნება სასოება, შეჩვენებულ იყოს“(ღანგრის 2კან.)

ნუთუ კითხვა არასდროს დაგვბადებია: ვართ კი წინამორბედ მამებზე მეტი? მათ დღემდე ეკლესიის მნათობებსა და სვეტებს ვუწოდებთ. ისინი საზრდოში ცუდს ვერას ხედავდნენ. მთავარი შინაგანი სულისკვეთებაა. რაიმეს არჭამა ღმერთთან არ გვაახლოვებს და არც რაიმეს ჭამა ვერ დაგვაშორებს. თუკი ადამიანი გემოთმოყვარეობას შეუპყრია, სურვილებით ძლეული, დაბრაწული პურის ქერქის ნდომითაც განიცდის დაცემას. მარხვით სურვილების მოთოკვას ვსწავლობთ. ღვთისაგან ბოძებული საზრდო არ განირჩევა წმიდა და არაწმიდა საკვებით.

პირველ საუკუნეებში ქრისტიანობის აკვანი ხმელთაშუაზღვისპირეთი იყო. გეოგრაფიულად იგი ზღვითა და მდინარეებით მომცველ გარემოდ ხასიათდება. ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის თევზი პურზე მეტად იოლი, ხელმისაწვდომი და იაფი საკვები იყო. რომის იმპერიაში პური სტრატეგიული მნიშვნელობის საზრდო იყო. ამ იმპერიაში პურის ყველაზე დიდ წყაროს ეგვიპტე წარმოადგენდა. ვინც მას ფლობდა ის იმპერიასაც განაგებდა. მისით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები ეჭირა ხელში.

დაბადების წიგნიდან შეგახსენებთ მართალი იოსების ცხოვრებას, რამდენად რთულდებოდა პურის მოპოვება. პალესტინის მოსახლეობა ეგვიპტეში გაემგზავრა პურის შესაძენად. ამ შემთხვევაში მამამთავარ იაკობის ოჯახი შეძლებული იყო და გაზრდილი საფასურის გადახდა-შესყიდვის საშუალება ჰქონდა. მაგრამ საერთო მოსახლეობისთვის ამგვარი რამ ხელმიუწვდომელი იყო. სწორედ ხორბლის მარაგისა და საყანე ტერიტორიებისთვის ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი ომი გარდახდილა. ამ მოვლენის თვალსაჩინოებისთვის მართალი იოსების ცხოვრების ეპიზოდიც კი საკმარისია. ამიტომ პური დასახელებულ იმპერიაში ყოველთვის და ყველასთვის დროულად ხელმისაწვდომი არ იყო. თევზი კი ინდივიდუალური რეწვის საშუალება გახლდათ და მისი მოპოვების გადასახადი ნარეწავითვე ხდებოდა.

ქრისტეს მოციქულები სოციალური საფეხურის უდაბლეს-უღარიბეს ფენას წარმოადგენდნენ. ისინი თევზის მოპოვებით ირჩენდნენ თავს. მაცხოვარიც დამაშვრალ ხალხს ხუთი პურითა და თევზით უმასპინძლდება. მიწის მხალეული მოსავლიანობაზე იყო დამოკიდებული. ამ რეგიონის კლიმატისთვის კი ძლიერი გვალვა აქტიური მოვლენა იყო. მოსახლეობა მოსავლის გარეშე ხშირად რჩებოდა. ერთადერთი მუდმივი მოპოვების საზრდო თევზი იყო. ეს მათ აუცილებელ რაციონს წარმოადგენდა. მისი იაფობაც მალეფუჭებადობიდან გამომდინარეობდა. როგორი წარმოსადგენია მონათფლობელობისა და ფეოდალიზმის ეპოქაში მისი საკვებად აკრძალვა. ეს შიმშილის ტოლფასი იყო. ესეც რაციონალური განმარტება, თევზის აუცილებლობის შესახებ! ასე რომ მისი შეზღუდვა, მსოფლიო ეკლესიისთვის, 16 საუკუნეზე მეტი სრულიად უცხო იყო. დღეს კი ჩვენ თავი ზემარხულებად მოგვაქვს. აქცენტს მისდამი გემოთმოყვარეობაზე ვაკეთებთ, თანაც იმ დროს როცა თავად უდიდესი სატყუარას წინაშე ვდგავართ. ფარული გემოთმოყვარეობით შეპყრობილნი “მცენარეული რძისა და ხორცის” ნაწარმით ვიკვებებით.

მახსენდება ერთი ქრისტიანის სატელევიზიო სიუჟეტში წარმოთქმული სიტყვები: “მარხვის განსრულებამდე ნუგეშად სამარხვო რძის ნაწარმი გვაქვს და შეგვიძლია მასზე დამზადებული ნამცხვრეულ-ტორტეულით გავიმხნევოთ თავი.” (ეს სიუჟეტი მარხვის დასაწყისში იყო). თურმე ჩვენი სულის ნუგეში, პირის გემოს დამაკმაყოფილებელი-შემცვლელი საშუალება ყოფილა! მაშ, სულიწმიდის მადლი სრულიად ზედმეტია ჩვენთვის და გამოდის რომ მარხვის დროს ღმერთი ქრისტიანებს გასაწვრთელი ძაღლივით აკრძალვის ბრძანებას “fuus” გვეუბნება. ჩვენც დაშინებულ-ენაგადმოგდებულები დროს დადებითი ბრძანების მოლოდინში ვატარებთ.

ღირსი იოანე სინელი თავის სათნოებათა კიბეში, ნაყროვანების თავში შენიშნავს: „მარხვაში დღეებს ითვლის, თუ რამდენი დარჩა აღდგომამდე და მრავალი დღით ადრე იმზადებს სანოვაგეს. მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია, გამდიდრდეს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარხვის მიზანს საერთოდ დავცილებივართ და იუდეური გაგებით ბრმა რიტუალიზმს მივცემივართ. თუკი ვინმეს კვლავ მოუტრიალდება ენა და “სამარხვო რძის” ნაწარმს გამართლებას დაუწყებს, შევახსენებ: ის დანადგარები რომლის საშუალებითაც ადამიანი ცდილობს მცენარიდან ცხიმი გამოიღოს, ღმერთმა ასეთი დანადგარები რამდენიმე ათასწლეულის წინ შექმნა და მას ძროხა, ცხვარი, თხა, კამეჩი და სხვა ბალახისმჭამელი ძუძუმწოვრები ჰქვია. ისინი სწორედ მცენარით საზრდოობის ხარჯზე გამოიმუშავებენ ცხიმს (რძის ნაწარმს). მიუხედავად ამ პროცესით ცხოველურ ცხიმებად გარდაქმნისა, ნუთუ ღმერთის შექმნილი არ შეიძლება ადამიანისთვის და ვიღაცის კუთვნილი საწარმოს პროდუქცია დასაშვებია. ეს ხომ თავის მოტყუებაა. ადამიანი გემოთმოყვარების მსხვერპლი ხდება. ისევ იოანე სინელს მოვიშველიებ: „ვინც ლომს უალერსებს, ხშირად იმორჩილებს მას, ხოლო ვინც სხეულს აამებს, მის გაუმაძღრობას აძლიერებს სიბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე. თუ შენ ქრისტეს აღუთქვი, რომ ვიწრო და ძნელი ბილიკით ივლიდი, მაშინ სტომაქიც შეავიწროვე, რადგან მისი გაფართოება და პატივისცემა აღთქმას დაგარღვევინებს. მაგრამ ყურად იღე და შეისმინე ნათქვამი: – ფართო არს გზა იგი მუცლისა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად სიძვითა და მრავალნი ვლენან მას ზედა. მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსენლი, ლოცვის სიწმინდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინება, ლმობიერების კარი, სინანულის ოხვრა, სასიხარულო შემუსვრილდება. სხეულის სიმრთელე, უვნებლობის მიზეზი, ცოდვათა მიტევება, სამოთხის კარიბჭე და ზეციური სიტკბოება“. ასეთი ცნება “სამარხვო რძის პროდუქტი” არ არსებობს! აღარას ვამბობ ბოლო დროს შემოთავაზებულ „სამარხვო ხორცის ნაწარმზე“.

მთელი აზროვნება გადაგვაქვს: “რა ვჭამოთ და რა ვსვათ”(მათე6.31). აი, ეს კი ნამდვილად შორსაა ცხონებისგან. სამარხვოდ წოდებული პროდუქციით გემოთმოყვარებას ვანაყრებთ და თევზზე კი თავის მოტყუებით ვინაბებით. მარხვის განსრულების შემდგომ კი 2-3 დღის განმავლობაში 40 დღე მიუღებელი-დაკლებული რაციონის შევსებას ვანდომებთ. მერე კი ვიტყვით ეს მარხვაც აღვასრულეთო. უგუნურო თავო, რომელი ცნება შეითავსე? თავშეკავება თუ სიწმიდე. არა! მხოლოდ და მხოლოდ გემოთმოყვარეობა, ნაყროვანება და სასუსნავებზე ფარული ოცნება. როგორებიც ვიყავით ისევ ისეთნივე დავრჩით. დამატებით კი თვითკმაყოფილება და გაბრუებული სინდისი შევიძინეთ. ვერ გამოვიჩენ სიმკაცრეს და ლმობირებით გავითვალისწინებ ადამიანის უძლურ ბუნებას, პირველ რიგში, საკუთარ თავს. აკი, სჯულის კანონიც აფიქსირებს ამ ფაქტს და ამგვარად ადგენს: „დიდმარხვაში, თუ შესაძლებელია, ერისკაცებმა არ მიიღონ თევზი, გარდა შაბათ-კვირიაკისა. მაგრამ თუ ამას არ ირჩევენ, მაშინ მხოლოდ სამშაბათი და ხუთშაბათი გახსნან: ერისკაცებმა – თევზით.“ ასე რომ „წმიდათათვის ყოველივე წმიდაა“ (ტიტ. 1:15). და „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“(მათე.15.11). „მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.“(მათე 6.31,32,33).“


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • giorgi says:

    დამლოცე მამაო,
    ნეტა მარხვაში გონებით და გულით მარხვა შევძლო და თევზს რამენაირად მოვუვლი

  • დათიკო says:

    დიდ მარხვაში თევზის მიღება, ეს ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდგება. პატრიარქმა მკაცრად გააფრთხილა ყველა მღვდელმსახური ვინც თევზის ჭამის კურთხევა გასცა…ნუ ცდილობთ თქვენეული განმარტებებით თავს რაღაც სიახლეები მოგვახვიოთ…

  • mamalevami says:

    ვფიქრობ ყურადრებით უნდა წაიკითხოთ სტატიის ყოველი ფრაზა, სანამ ბრალდებაზე გადახვალთ. გაიაზროთ რას ვამბობ. რაც შეეხება სწავლებას საინტერესოა თვით დიდი სჯულის კანონი რომელ ან ვის სწავლებას ეწინააღმდეგება. დიდი სჯულის კანონი არეგულირებს არათუ იერარქთა, არამედ ეკლესიათა კატეხიზაციას. დილეტანტური მიდგომა არასერიოზულია. ჯერ წერილის შინაარს ყურადღებით გაეცანით და მერე დამაბრალეთ “კურთხევათა გაცემა”. ამის მიზეზი კი ისაა რომ მარხვაში ჭამა-არჭამაზე ფიქრობთ და ტავად მარხვის არსი გვერდზე რჩება

  • Z. says:

    Netav vinmem rame vicodet ra aris scori da ra ara…

  • mamalevami says:

    მე მარტივად გამოვთქვამ დასკვნას: თევზის მიმართ არანაირი გართულება არ მაქვს, მითუმეტეს როცა დღეს ადრინდელთან შედარებით საზრდო ხელმისაწვდომია. არც მოთხოვნა მიჩნდება, არც რაიმე საგანგაშოს ვხედავ ამაში. არა იმიტომ რომ ჩემთვის თევზი ასე ვთქვათ “გემრიელი” არ არის, უბრალოდ არ მივიღებ და მორჩა. ასევე ხსნილის პერიოდშიც შეიძლება რომ წინდაგებულის მიმართ ყურადღება არ გავამახვილო და შეიძლება სულაც არ მივიღო და “ვისარგებლო” არსებული ვიტარებით. საკითხი იმაშია რომ მე არ მესმის ამგვარი ფორმით მარხვის ასე “დამძიმება”. ვიზიარებ იმ აზრს რომ ადამიანები ასეთ დროს ათასგვარი სუნელკაზმულობით და რეცეპტებით გემოთმოყვარებით ირთობენ თავს და თევზი ამაში დიდ შესაძლობლობებს იძლევა, მაგრამ ეს მიზეზად არ მიმაჩნია. მხალეულობაზეც შეიძლება ასე ითქვას. იმდენი სახის სალათი არსებობს ხსნილშიც კი მეტოქეობას უწევენ ხორცეულ კერძებს. აღარას ვამბობ “სამარხო რძეზე დდა ხორცზე”. ბოლო ბოლო ხალხი პურსაც კი ხარისხზე უწინ გემოს მიხედვთ არჩევს . ამიტომ მარხვაში რაიმეს ჭმევაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ : მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსენლი, ლოცვის სიწმინდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინება, ლმობიერების კარი, სინანულის ოხვრა, სასიხარულო შემუსვრილდება. სხეულის სიმრთელე, უვნებლობის მიზეზი, ცოდვათა მიტევება, სამოთხის კარიბჭე და ზეციური სიტკბოება. იმაზე ვიფიქროთ ქრისტეში რითი ავმაღლდეთ და ხალხს ფიზიკური გარემოებებით ნუ დავუმძიმებთ ცხოვრებას, ყურადღებას სუფრაზე ნუ გადავუტანთ. აკი პავლე მოციქული ამბობს ნუ გამოიძიებთ წინადაგებულთა თქვენთა. და პირველად ცათა სასუფეველი ეძიეთ. მარხვის აზრი სწორედ ამაშია და არა რაიმეს თვითაკრძალვა.

  • alexa says:

    “დიდ მარხვაში თევზის მიღება, ეს ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდგება. პატრიარქმა მკაცრად გააფრთხილა ყველა მღვდელმსახური ვინც თევზის ჭამის კურთხევა გასცა”!

    • mamalevami says:

      საინტერესოა რომელ სწავლებას?…. ჰაერზე დაყრდნობით რომ საუბრობთ, ერთი წყარო დაასახელეთ. თუ კი სათანადო ლიტერატურა არ მოგეპოვებათ, თანაც წმ წერილზე დადიდ სჯულის კანონზე აღმატებული, მაშინ პირდაპირ დირექტივას გაძლევ: ჯერ წიგნები იკითხეთ, ისწავლეთ და მერე გახდიტ ზილოტები.

  • ლადო says:

    მამაო დამლოცეთ. ნამდვილად სასურველია, რომ ჩვენი მარხვა არ იყოს მხოლოდ ხორცეულისგან და რძის ნაწარმისგან თავშეკავება, არამედ სულიერადაც ვიმარხულოთ. მე მგონია უმჯობესი იქნება, მთელს ეკლესიაში ერთიანი წესი იყოს მარხვის, როგორც აქამდე იყო. თუ რაიმე უნდა შეიცვალოს, დაინტერესებულმა პირებმა ალბათ ეპისკოპოსებს უნდა მიმართონ და სინოდმა მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისე მოხდება, რომ სხვადასხვა სამრევლოები სხვადასხვა წესებს შემოიღებენ და ამის პოპულარიზაციასაც დაიწყებენ (უკვე რაღაც მსგავსი ფაქტები არსებობს), ამას მოჰყვება განკითხვები, დაპირისპირება და რაღაცნაირად ერთსულოვნებას და საერთო წესებს საფრთხე დაემუქრება. მაგალითად, საბერძნეთში დიდ მარხვაში შაბათ-კვირას რვაფეხებს და მსგავს ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ, ათონის მთაზეც, მაგრამ ძველადაც ალბათ იყო განსხვავებები ადგილობრივი ეკლესიების ტრადიციებს შორის. როგორც ვიცით წმ. ლუარსაბ მეფეს ირანის შაჰი იმ საბაბით დაუპირისპირდა, რომ მარხვაში თევზის ჭამაზე ვერ დაიყოლია.
    ზემოთ სტატიაში წერია ამგვარი რამ: „ერთ–ერთი წყარო ამგვარია: “ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ ზეთი და თევზი“.“ სასურველი იქნებოდა წყაროს მითითება. თუ „მცირე სჯულისკანონი“ იგულისხმება, იქ საუბარია მესამე წესზე „ჭირის მაგიერ“, სავარაუდოდ, როცა საუბარია მძიმე ხორციელ უძლურებაზე ან რაიმე სხვა გამონაკლის მდგომარეობაზე; ჩვეულებრივი მდგომარეობისთვის კი წერია: „ხოლო დიდთა მარხვათა, ერისკაცნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, თევზსა ნუ იხმარენ, ნუცა ღვინოსა სუმენ, გარეშე შაბათ-კვირიაკეთასა, ხოლო მონაზონნი თუ იყუნენ, ნუცა თევზსა, ნუცა ზეთსა, ნუცა ღვინოსამცა მიიღებენ ხუთთა მათ დღეთა შვიდეულისათა, ხოლო შაბათ-კვირიაკეთა ზეთითა ზავებული ჭამონ და მცირედი ღვინოჲ მიიღონ, ხოლო თევზსა ხარებისა დღესასწაულსა განიხსნან“. მოციქულთა 69-ე კანონის განმარტებაში პატრიარქი თეოდორე ბალსამონი, ერთ-ერთი ძველი ავტორიტეტული კომენტატორი, 12-ე საუკუნეში წერდა: „კანონი ამბობს: თუკი რომელიმე მორწმუნე არ მარხულობს აღდგომის წინა წმინდა ორმოცს და ყოველ ოთხშაბათ-პარასკევს (რამეთუ ამ დღეებში მსგავსად წმინდა ორმოცისა ჩვენთვის დადგენილია ხმელი მარხვა), თუ ის კლირიკოსია, უნდა განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცია, უზიარებლობით უნდა დაისაჯოს. გამომირიცხე სნეულები. თუკი ისინი თევზს შეჭამენ, შეწყნარებულნი იქნებიან… გამომირიცხე ოთხშაბათ-პარასკევი ხორციელის კვირიაკის, ყველიერის კვირიაკის და პასექის კვირიაკის“.
    გთხოვთ, თუ რამე არასწორად დავწერე, შემინდოთ და მომიხსენოთ ლოცვაში.

    • mamalevami says:

      საამისოდ მითითებულა მე-6 საეკლესიო კრების სწავლება, რომელიც თავადვე მოგინიშნავთ, კარგი იქნებოდა თუ კი ყურადრებას მიაქცევდით და სამონაზვნო წესს ერისკაცთათვის არ აურევდით.( აქ სახელდებითაა გამიჯნული). ქართული რეალობისთვის თუ ვიმსჯელებთ(ადგილობრივი ეკლესიის თავისებურებიდან გამომდინარე იკონომიის პრინციპით) ექვთიმე მთაწმიდელის კომენტარი მაშინდელ რეალობას წარმოაჩენს, თანაც იმგვარად რომ სხვაგვარად მოაზროვნე პირს მწვალებლობასთან ზიარებაში სახავს. რაც შეეხება ბალსამონის დამოწმებას იგი გარკვეულ იკონომიურ გამკაცრებას წარმოაჩენს. ხმელ მარხვას რაც შეეხება ეს ყოველტვის ცვალებადი იყო. მოციქულები ხშირად ძველაღთქმისეულად მარხულობდნენ(აბსოლიტური განშორება. იხ მოციქულთა ცხოვრება) მაგრამ ამას საყოველტაო წესი არ მიუღია. თუ კი კრებებს გადავხედავთ მარხვის თემას მუდამ იკონომიური ცვალება ეხებოდა. ერთი ფაქტიც არის საყურადღებო: ის რეალობა რომელიც პირველი ქრისტიანების წინაშე იდგა, ყოველდღიური რაციონი. რაც შეეხება თევზის მიღების წესს ორმოცეულში იქ ნათქვამია კონკრეტული დღეები და მიზეზი. საკითხი უბრალოა. რაც ყველაზე მთავარია, მე აქცენთს ორ რამეზე ვაკეთებ: ფიზიკურად დამამძიმებელ ფაქტორზე, რაზეც ეფრემ ასური ასე წერს: ჩვენ ვნებათა მოწყვლას ვსწავლობთ და არა ხორცის მოწყვლას. მეორე თევზზე მეტად(ეს მაშინ როცა თევზს სიმბოლური სახე აქვს მინიჭებული და გამოხსნასთან არის დაკავშირებული) პრობლემური საცდური სამარხოდ წოდებული “რძე და ხორცი”. ამაზე არავინ საუბრობს და სუფრას მისით დამზადებული ტორტეულით ამშვენებენ. კი მაგრამ ღმერთის შექმნილმა საზრდომ რა დააშავა. ნუთუ მხოლოდ ქიმიურ ელემენტებშია განსხვავება(ესეც კი საკითხავია არის თუ არა) ორგანული და არაორგანული.
      დასკვნად კი ვიტყვი ტავად თევზის თუ ხორცის არანაირი ინტერესი არ გამაჩნია და ვინც ყურადღებით წაიკითხა დააფიქსირებდა ჩემს პოზიციას არსებული წესისადმი. ასევე ცეროზიტ ან მუცლისღრუს რაიმე დაავადების მქონეს წამლად საჭირო პროდუქტზე მიღების კურთხევას ვაძლევ(ამავე პროდუქციიდან დამზადებული სასუსნავების გამოკლებით). მარხვა სულის და ხორცის საცხოვრებელია და არა მომაკვდინებლად დანიშული. ამ წერილით რაიმე პროტესტს კი არ გამოვთქვამ, ვაფიქსირებ რომ ეგებ არ დავცილდეთ პირვანდელ წესებს და კიდევ, მარხვა განთავისუფლდეს სუფრული ხედვისგან”რაი ვჭამოთ და რაი ვსვათ”. არამედ სულს განვაშოროთ ვნებები და შევძინოტ სათნოებანი, გონება მიეცეს შემოქმედის ჭვრეტას და საკუთარი თავის შეცნობას.

      ერთსულოვნება უცილობლად საჭიროა. ასევე გასათვალისწინებელია და არაფერია საგანგაშო ადგილობრივ ტრადიციათა სახესხვაობისა თუ კი ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, მოციქულთაგან მოყოლებული ყოველთვის ასე იყო. კრებები არეგულირებდა არსებულ ტრადიციათა შინაარსობრივ სისწორეს და დოგმატურ ერთიან უცვლელობას.

      შევიშნავ რომ თქვენი მომართვის ფორმა ჯანსაღია სხვატაგან განსხვავებით. მახსენდება ივანე მრისხანეს და სალოსის შეხვედრა, სადაც სალოსი მას კაცის ხორცის “ჭამის” გულისთვის აკრიტიკებს, როცა მეფე მარხულობას იჩემებს. ქრისტეს რომელი ცნების დამარხვაზე ვისაუბრებთ, როცა ასეთ სულისკვეთებას წარმოაჩენენ. ” არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა… არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა”.(მათ.15. 11-20)

  • mamalevami says:

    კარგი იქნება თუ კი ყურადრებიტ გაეცნობით ამ სტატიას
    http://library.church.ge/index.php?option=com_content&id=422:2011-09-15-09-31-34&catid=49:2010-12-12-19-59-31&Itemid=69&lang=ka

  • ლადო says:

    დავაზუსტებ პატრიარქ თეოდორე ბალსამონის თარგმანს, მცირე უზუსტობა გამეპარა წინა კომენტარში. უნდა იყოს: „კანონი ამბობს: თუკი რომელიმე მორწმუნე არ მარხულობს აღდგომის წინა წმინდა ორმოცს და ყოველ ოთხშაბათ-პარასკევს (რამეთუ ამ დღეებში მსგავსად წმინდა ორმოცისა ჩვენთვის დადგენილია ხმელი მარხვა), თუ ის კლირიკოსია, უნდა განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცია, უზიარებლობით უნდა დაისაჯოს. გამომირიცხე სნეულები. თუკი ისინი თევზს შეჭამენ, შეწყნარებულნი იქნებიან… გამომირიცხე ოთხშაბათ-პარასკევი, რომლებიც წინ უძღვის ხორციელის შვიდეულს (ანუ იგულისხმება მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულის ოთხშაბათ-პარასკევი – მთარგმნ.შენ.), ყველიერის შვიდეულის და პასექის შვიდეულის[ოთხშაბათ-პარასკევი]“; რამეთუ ამ შვიდეულებში ჩვენ ვახსნილებთ, ვინაიდან ხორციელის წინა შვიდეულში მარხულობენ სომხები ნინეველთა გამო, და ყველიერის შვიდეულში დიდ მარხვას იცავენ მწვალებელი ტეტრაიდები. ხოლო პასექის შვიდეული ითვლება როგორც ყველაზე დიდი დღე უფლისა, ამიტომაც ყოველ დღე იკითხება საცისკრო კვირის სახარება“.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი