მთავარი » ქრისტიანობა

მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვას არ ნიშნავს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.11.2009 4 კომენტარი | 10,623 ნახვა

მზადება შობის მარხვისთვის

შობის ხატიწმიდათა მამათა, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში, წლის განმავლობაში, ოთხი ძირითადი მარხვაა. ესენია: აღდგომის, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის. ხოლო, ხუთი ერთდღიანი მარხვაა: ნათლისღების წინა დღე 5(18) იანვარი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის დღე 29 აგვისტო-11 სექტემბერი, ჯვართამაღლების დღე 14(27) სექტემბერი და ყოველი ოთხშაბათი-პარასკევი.

ოთხშაბათი იმიტომ, რომ ამ დღეს გაყიდა იუდამ მაცხოვარი და ზეთის ხილის მთაზე შეიპყრეს. პარასკევს კი ჯვარზე გააკრეს და ამ მძიმე დღეების აღსანიშნავად, ვმარხულობთ.

თუმცაღა, ადგილობრივი ეკლესიის მიერ, გარკვეული კორექტივებია შეტანილი, ხანგრძლივობის თვალსაზრისით.
თუ რა არის მარხვა და როგორ უნდა მოვემზადოთ შობის მარხვისთვის, ამბიონის კითხვებს პასუხობს, თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის, ზედა ბეთლემის ტაძრის იღუმენი, მამა კირიონი (ზურაბ ზეინკლიშვილი).

– მამაო, რა არის მარხვა?

– მარხვა, ნიშნავს შენახვას. სახარებაში არის ადგილი როცა მწყემსებს მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით, ანგელოზების ხილვა ჰქონდათ. შემდეგ ბეთლემში ის ადგილი მოიძებნეს, სადაც მაცხოვარი იშვა და ყველაფერი ღვთისმშობელს მოახსენეს, მათი ხილვის შესახებ. ნათქვამია, რომ ღვთისმშობელმა “დაიმარხა გულსა შინა თვისსა”. ანუ გულში შეინახა, მწყემსების მიერ მოყოლილი, ანგელოზების ხილვა.

მარხვა ნიშნავს, საკუთარი თავის შენახვას, მარხვა არ ნიშნავს კონკრეტულად, საკვების შეზღუდვას. ნიშნავს საკუთარი თავის დაცვას ცოდვებისგან. საკვები კი ამის გარეგნული გამოხატულებაა. ამის მიხედვით არ დაგვავიწყდება, რომ თავი დიდი დღესასწაულის შესახვედრად უნდა შევინახოთ.

მარხვით მოწიწებას გამოვხატავთ უფლის მიმართ. ზოგიერთი კი ამბობს, მართლმადიდებლები მარხვას იმიტომ ინახავენ რომ გლოვობთო. მარხვა სამგლოვიარო კი არ არის, არამედ იგი არის საკუთარი თავის დაცვა ცოდვებისაგან, მომზადება კონკრეტული წმინდა დღის აღსანიშნავად და მასთან შესახვედრად.

– მამაო, როგორ უნდა მოვემზადოთ შობის მარხვისთვის?

– როგორც სხვა მარხვებისთვის ვემზადებით ისე უნდა მოვემზადოთ ახლაც. უნდა ავიკრძალოთ რაღაცა სანუკვარი რაც გვსიამოვნებს, რაც გვიყვარს. განა იმიტომ რომ ცუდია, პირიქით, იმიტომ რომ კარგია. ამქვეყნიურ სიამოვნებაზე ვამბობთ უარს იმის გამო, რომ ჩვენი გულისთვის მაცხოვარმა ყველაფერზე უარი თქვა, იტანჯა, რათა კაცობრიობა გამოეხსნა. იგი ამბობს: “მე ვარ გზა ცხოვრებისა” რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვცადოთ და როგორმე ოდნავ მაინც მივამსგავსოთ ჩვენი ცხოვრება იმ გზას, რა გზითაც უფალმა იარა. არ უნდა მივეჯაჭვოთ ამქვეყნიურ სიამოვნებას, რადგან ყველაფერი წარმავალია.

შობის მარხვა, ისევე როგორც პეტრე-პავლობის მარხვა, ოთხშაბათი-პარასკევის გარდა, თევზით არის ხსნილი. თუმცა, აქვე ავღნიშნავთ, რომ შობის მარხვა, 25 დეკემბრის ჩათვლით, არის თევზით ხსნილი. აღდგომის და მარიამობის მარხვა, თევზით ხსნილი არ არის.

– მამაო, შობის მარხვის ბოლოს ვზეიმობთ ქრისტეს დაბადებას, თუ შეიძლება გვიამბეთ ამაზე, ორიოდე სიტყვით.

– მაცხოვრის შობით კაცობრიობის ისტორიაში, ახალი სტადია – სამყაროს განახლების პერიოდი დაიწყო. მამები ამბობენ: “მაცხოვრის შობამ, სამჯერ უფრო ბრწყინვალე გახადა მზეო”. შეიძლება ხილულად მზე არ გაკაშკაშდა, მაგრამ კაცობრიობას ნათელი მოუტანა.

– რას ნიშნას ნათელის მოტანა?

– ხალხს გონება გაუნათა. რაც ქრისტემდე ხდებოდა წარმართულ სამყაროში: შვილების მსხვერპლად შეწირვა, თუნდაც საქონლის მსხვერპლად შეწირვა, ეს ყველაფერი უაზრო გახდა. მოციქულების კანონებში წერია: “ვისაც ჰგონია, რომ საკლავის სისხლით წინაპართა ცოდვებს გამოისყიდის, წყეული იყოსო”. ღმერთმა საკლავი იმისთვის გააჩინა, რომ ისე გამოიყენოს, როგორც საჭიროა და არა იმიტომ, რომ ვიღაცას ან რაღაცას შესწიროს მსხვერპლად.

ქრისტეს შობით იწყება ახალი ერა, კაცობრიობის მომზადება წესიერი ცხოვრებისათვის. ქრისტიანობა მარტო რელიგია არ არის. მეორეს მხრივ, ქრისტიანობა არის ამაღლებული მორალი და ჩვენი ცხოვრების წესიც.
ქრისტემ გონებრივი სინათლე შემოიტანა, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ შევინახოთ მარხვა, რათა დავადგეთ ქრისტეს ცხოვრების გზას.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი