მთავარი » საზოგადოება

“მარტოობა ხანდაზმულებში” – როგორია კვლევის შედეგი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.12.2022 | 218 ნახვა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევის “მარტოობა ხანდაზმულებში” მიხედვით, საქართველოში სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება, ხანდაზმული მოსახლეობის 52% თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს.

კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს – მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ არ ჰყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები. მეორე მხრივ, სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან. ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-ია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ.

„კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტოობა რომელიც უკვე გლობალური პრობლემაა, მარტოობის განცდა ხანდაზმულების ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს საკმაოდ მაღალ რისკ-ფაქტორს. ის სიკვდილიანობის ისეთივე რისკს ქმნის, როგორც მაგალითად: თამბაქოს რეგულარული მოხმარება ან ჭარბწონიანობა. სამწუხაროდ, ეს რისკ-ფაქტორი კარგად გაცნობიერებული არ არის და ძალიან მცირეა ძალისხმევა იქითკეთ მიმართული, რომ ეს რისკ-ფაქტორი შემცირდეს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალია ხანდაზმულებში ეს რისკ-ფაქტორები, ემოციური მარტოობის შეგრძნება 52%-ში აღინიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს აკლიათ გვერდზე ისეთი სოციალური ქსელები და კავშირები, ვისთანაც ისინი ინტერესებს გაიზიარებენ. აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ. მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი პოლიტიკა და სამოქმედო პროგრამა, რომელიც საზოგადოდ ხანდაზმულების უფლებებზე და კეთილდღეობაზე მიმართული იქნება. კვლევის მიხედვით, საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს: სოციალური კავშირების ნაკლებობა,ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე, სოციალური ნდობის ნაკლებობა და დედაქალაქში ცხოვრება ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება.

„ხანდაზმულთა მხარდამჭერთა ქსელი უნდა გაიზარდოს, იმ ადამიანების მექანიკური ზრდა არ უნდა იყოს, რომლებიც უბრალოდ აკითხავენ ხანდაზმულებს ან მათთან ფორმალურ ურთიერთობაში შედიან, არამედ ეს უნდა იყოს ისეთი ქსელის შექმნა, სადაც ადამიანები ხანდაზმულებს უსმენენ და მათ შთაბეჭდილებებს უზიარებენ”, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

შეგახსენებთ, კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიომეცნიერებათა განყოფილების მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ.

კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა, მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იყო ხანდაზმულობის ასაკში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ რისკ-ფაქტორის შესამცირებლად.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი