მთავარი » ქრისტიანობა

მართლმადიდებლობა, როგორც საცდური

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2020 | 945 ნახვა

გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმანისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი):

როგორც ვიცით, სახარებისეული სულისკვეთების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცოდვად სხვა ადამიანის დაბრკოლება მიიჩნევა: ,,და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაი ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბას ქედსა მისსა წისქვილის ქვაი ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა” (მარკ.9:42). ამასვე მოგვიწოდებს წმინდა პავლე მოციქული: ,,ნუღარამცა ურთიერთარს განვიკითხავთ, არამედ უფროისღა ესე განიკითხეთ, რაითა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცდური ძმისა” (რომ.14:13).

თუმცა ადამიანები, სულიერი სიბრმავის გამო, თავად გახდნენ ქრისტესგან დაბრკოლებულნი, რასაც ებრაელი ხალხისა და წარმართული სამყაროს პირველ სამ საუკუნოვანი ისტორია მიგვანიშნებს. ამიტომ, ადამიანი შეიძლება დაბრკოლების მიზეზის გარეშეც დაბრკოლდეს, უფრო სწორად, დაბრკოლებად ჭეშმარიტება ექცეს: ,,ლოდი რომელ შეურაცჰყვეს მაშენებელთა, ესე იქნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყოს ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა’’ (ფს.117:22-23). ასევეა ქრისტეს ჯვარიც: “ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა’’ (1კორ.1,18). როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე პიროვნება, საგანი ან ქმედება, სიწმინდისა და ჭეშმარიტების მიუხედავად, სხვადასხვაგვარად აღიქმება.

ამიტომ, თანამედროვე ცხოვრებაში, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანი ღმერთთან ურთიერთობისას დაბრკოლების მრავალგვარ მიზეზს ეძიებს. რაოდენ სამწუხაროა, რომ თავად ქრისტე და მისი კაცობრიობისადმი სიყვარულის გამოხატულება _ ჯვარი მრავალთათვის გახდა საცდური. დღესაც არიან ღვთით ცდუნებულნი, რადგან ქრისტიანული ეკლესია დაუღალავად განაგრძობს ქრისტეს სიტყვის ქადაგებას, რაც ხშირად ზემოთ აღნიშნულ განწყობილებებს იწვევს.

ამიტომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა საცდური და დაბრკოლებაა იმ ადამიანთათვის, რომლებიც ნებისმიერ იდეოლოგიას, თუნდაც რელიგიურს, არაჯანსაღი მიზნებისთვის იყენებენ. მათთვის ეკლესია მხოლოდ იდეოლოგიაა. “უდიდესი განსხვავება რელიგიასა და იდეოლოგიას შორის იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია, მხოლოდ და მხოლოდ პირადი და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს უარყოფს. რელიგია რწმენისაკენ მოწოდებაა და ყოველთვის ადამიანისაკენაა მიმართული. იდეოლოგია კი _ ხალხის მასების, კოლექტივის, კლასებისა და კაცობრიობისადმი. რელიგიის არსი და მიზანია, რომ ღმერთის პოვნით ადამიანმა იპოვნოს საკუთარი თავი და გახდეს ნამდვილი ადამიანი. იდეოლოგიის მიზანი და არსი იმაშია, რომ მთლიანად დაიქვემდებაროს ადამიანი და იდეოლოგიის მსახური გახადოს. რელიგია ამბობს: ,,რაი სარგებელ არს კაცისა უკუეთუ სოფელი ესე ყოველი შეიძინოს, ხოლო სული თვისი იზღვიოს?” (მათე 16:26). იდეოლოგია კი ამბობს: იდეოლოგიის განსახორციელებლად მთელი სამყარო უნდა შეიძინო. რელიგია მოგვიწოდებს სხვა ადამიანში ვხედავდეთ მოყვასს. იდეოლოგია კი ყოველთვის შორეულ, უპიროვნო და განყენებული ადამიანებისაკენაა მიმართული. ქრისტემ ადამიანი ყველაფერზე მაღლა დააყენა, მხოლოდ ის გახადა სიყვარულისა და აბსოლუტური ყურადღების საგანი. ქრისტეს მტრები კი რელიგიისაგან ელოდნენ წესრიგს, სამშობლოს გადარჩენას, თვითკმაყოფილებას და ყველაფერ ამისათვის მოითხოვდნენ უპიროვნო კანონებისადმი ბრმა მორჩილებას. სწორედ იმის გამო, რომ ქრისტემ ადამიანი სამყაროში ყველაფერზე მაღლა დააყენა, ის დაგმეს. მაგრამ ამ დაგმობით-დროა ეს შევიგნოთ- თვითონ რელიგია იდეოლოგიიდან ცოცხალ ძალად გარდაიქმნა და მთელ სამყაროზე მარადიულად გამეფდა პიროვნების იდეა”. ა.შმემანი.

ასევე, მართლმადიდებლობა ვიღაცისთვის ტრადიცია და მოძველებული გადმონაშთია. თითქოს დაკარგა თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა, საჭიროებს ისტორიის კუთვნილებად გადაქცევას, ან განახლებას და მოდერნიზაციას. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ეკლესია ღმერთკაცის სხეულია, მასში თავად მისი სიტყვა იქადაგება და სულიწმიდა მოქმედებს. ღმერთი, მისი სიტყვა და სულიწმინდის მოქმედება შემოწმებასა და კრიტიკას როდი საჭიროებს, არამედ ცოცხალ განცდასა და ურთიერთობას.

ზოგიერთთათვის მართლმადიდებლობა მიუღებელია პირადი ვნებიანი სურვილებისა და მისწრაფებების გამო: ,,ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვაი იგი შეიყვაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა” (მათ.6:24).

ასევე, ზოგჯერ იმის გამო ბრკოლდებიან, რომ მართლმადიდებლობას სხვა რელიგიებთან, ყოველგვარი გამოძიების და გააზრების გარეშე, ათანასწორებენ, რითაც რელიგიისადმი უვიცობის გამომჟღავნება ხდება. განა შეიძლება, რომ დედამიწამ, მზის და ვარსკვლავის ნათება ერთმანეთს გაუთანასწოროს. განა შეიძლება მზე და ნათურა ერთმანეთს შევადაროთ?! ამ დროს ავიწყდებათ, რომ საქმე რელიგიასთან კი არ გვაქვს, არამედ ეკლესიასთან _ ღმერთკაცობრივ ერთობასთან, რომელიც ადამიანს რელიგიური ავადმყოფობისაგან ჰკურნავს.
ვერც კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები მოახდენენ მართლმადიდებლობის წარმოჩენას. მათში ბედნიერი ცხოვრებისკენ სწრაფვაა, ხოლო მართლმადიდებლობაში – სულის კურნებისკენ. ისინი მუდმივად მოდერნიზაციას, რეფორმაციას განიცდიან, მართლმადიდებლობაში ასეთი რამ არ ხდება.

მართლმადიდებელი ეკლესია დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც ეკლესია წმინდანთა საზოგადოებად მიაჩნია. ასე ფიქრობდნენ, მაგალითად, მესამე საუკუნეში მონტანის სექტის წევრები. ეკლესია თავისთავში ცოდვილ, სნეულ, მონანულ და გამოსწორების მსურველ ადამიანებს აერთიანებს: ,,არა უხს ცოცხალთა კურნება, არამედ სნეულთა.. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად” (მათ.9:12-13)”. ,,ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიას აქვს ღვთიური და ადამიანური მხარეები. ეკლესიის ცხოვრება ღმერთკაცობრივი ცხოვრებაა, იგი ღვთისა და კაცობრიობის ურთიერთქმედებაა. ეკლესიის ღვთიაური საფუძველი მარადიული და უცდომელია, წმინდაა, მისი შერყვნა შეუძლებელია და ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათ.16:18). ეკლესიის ღვთიური მხარეა თვითონ ქრისტე, როგორც ეკლესიის თავი, სახარების ზნეობრივი სწავლება, ჩვენი რწმენის ძირითადი საფუძვლები და ეკლესიის დოგმატები, საიდუმლოებანი, სულიწმინდის მადლის მოქმედება ეკლესიაში. ეკლესიის ადამიანური მხარე ცდომილი და ცვალებადია, მასში, თავად ეკლესიურ კაცობრიობაში, შეიძლება იყოს დამახინჯებანი, სნეულებანი, დაცემა, ნელთბილობა, ისევე როგორც შეიძლება იყოს შემოქმედებითი მოძრაობა, განვითარება, ურთიერთგამდიდრება, აღორძინება. ეკლესიური კაცობრიობის, საეკლესიო იერარქთა ცოდვები ეკლესიის ღვთიური არსიდან არ გამომდინარეობს და მის სიწმინდეს ოდნავადაც ვერ აკნინებს. ქრისტიანობა ადამიანის ბუნებას უპირისპირდება, მის განწმენდას და ფერისცვალებას მოითხოვს. ადამიანის ბუნებაც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და მის შერყვნას ცდილობს. მუდმივად მიმდინარეობს ღვთიურისა და ადამიანური ურთიერთჭიდილი, რომელშიც ხან ღვთიური განწმენდს ადამიანურს, ხანაც ადამიანური ამახინჯებს ღვთიურს. ქრისტიანობამ აღამაღლა ადამიანი და მას ადგილი სამყაროს ცენტრში მიუჩინა. ძე ღვთისა განკაცდა და ამით ადამიანის ბუნება აკურთხა. ქრისტიანობა ადამიანს ცხოვრების უმაღლეს მიზანს უთითებს, მის უმაღლეს წარმომავლობასა და დანიშნულებაზე უქადაგებს. მაგრამ ქრისტიანობა, მრავალი სხვა მოძღვრებისაგან განსხვავებით, ადამიანის დაცემულ ბუნებას არ ეპირფერება და ადამიანისგან გმირულ თვითდაძლევას მოითხოვს. თუ თქვენ არ ანხორციელებთ და ამახინჯებთ ჭეშმარიტებას, ამაში დამნაშავე თქვენ ხართ და არა ჭეშმარიტება”. ნ. ბერდიაევი.

მართლმადიდებელ ეკლესიას გარკვეული იურიდიული პირის უფლებები, სტატუსი, მმართველობითი სისტემა, იერარქია და გარკვეული შესაძლებლობები გააჩნია. ამის გამო მრავალი ცდუნდება მისადმი ან სიახლოვის, ანაც კონკურენციის რეჟიმში მოქმედებს, მაგრამ იგი ყველასთვის თანასწორია, განურჩევლად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, ადამიანთა ჯგუფისა თუ ადამიანის მიმართ.
ვიღაცისთვის მართლმადიდებლობა ეროვნული ღირებულებების დაცვის გარანტიაა, რის გამოც სხვა ეთნოსებისადმი შეუწყნარებლობა მჟღავნდება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, განურჩევლად ერისა:” არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე’’. (კოლ. 3:11) აქედან გამომდინარე, ეკლესია თავისი ბუნებით უნივერსალურია და მაშასადამე ზეეროვნულიც. ეკლესიაში ,,არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისა’’ (რომ. 10:12). როგორც მზე ყველას ანათებს და ყველასია იგი და ვერვინ მიითვისებს მას, ასევეა ღმერთიც.
ზოგჯერ მათთვისაც საცდურად იქცა აღმსარებლობა, ვისთვისაც ეკლესიური ცხოვრება პატივმოყვარეობისა და ვერცხლისმოყვარეობის ვნებათა დაკმაყოფილების საშუალებად იქცა. ავიწყდებათ, რომ მართლმადიდებლობა თავისმოყვარეობიდან ღვთისა და მოყვასის სიყვარულამდე ამაღლებაა. თავად ქრისტე უპატიო და უპოვარი იყო: ,,ხოლო თქვენს შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქუენდა მსახურ’’. (მათ.20:26) ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე” (მათ.19:21)

ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია გულწრფელ მორწმუნეთათვის ცხოვრებაა, ხოლო თვით დაჯერებულთათვის, ,,რელიგიურთათვის”, ,,წმიდანთათვის”, ,,მართალთათვის”, ანგარებიანთათვის და ასევე მათთვის, ვისაც მართლმადიდებლობის გადაქცევა სოციალურ, მორალურ და პოლიტიკურ სისტემად სურს – დაბრკოლებაა. მიწიერი სახელმწიფო ვერასდროს გახდება აბსოლუტურად ქრისტიანული, მითუმეტეს მართლმადიდებლური. სადაც ეს მოინდომეს, ადამიანებმა დიდი წარუმატებლობა განიცადეს.

ეს არის ეკლესიისგან დაბრკოლების მიზეზები. ხოლო ხალხი, რომელიც არასწორად წარმოაჩენს მართლმადიდებელ ეკლესიას – ან დაბრკოლებულია, ანაც დამაბრკოლებელი. მაგრამ ისინი მისი სიყვარულისა და მზრუნველობის ობიექტად იქცევიან, ვინაიდან ეკლესია – დედაა და არა სწავლება. ასევე სამკურნალოა, ჭრილობებს კურნავს და არ არის სისტემა, რომელიც ურიცხვ იდეოლოგიებს კუთხეში ამწყვდევს და დევნის.

ამრიგად, მართლმადიდებლობას ცდუნებულთა სახით ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ იგი მტრად არავის მიიჩნევს, არამედ ყველას მოუწოდებს: ,,მოვედით ჩემდა ყოველი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქვენ’’ (მათ.11:28), რამეთუ ,,ესრეთ არა არს ნებაი მამისა თქუენისა ზეცათაისა, რაითა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი (მათ.18:14).




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი