მთავარი » ქრისტიანობა

“მარიამობის მარხვაში ღვთისმშობელს უნდა მივემსგავსოთ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.08.2018 5 კომენტარი | 20,854 ნახვა

14 აგვისტოს მარიამობის მარხვა იწყება. ეს მარხვა უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

მარიამობის მარხვაწმ. სიმეონ თესალონიკელი ამბობს: “აგვისტოში მარხვა დაწესებულია ღვთის სიტყვის ლოგოსის დედის საპატივსაცემოდ, რომელმაც უწყოდა რა ჟამი თვისი განსვენებისა, იღვწოდა და მარხულობდა ჩვენთვის, თუმცა თავად მყოფი წმიდა და შეუმწიკვლელი, ამას არ საჭიროებდა. ის ლოცულობდა ჩვენთვის, როდესაც აპირებდა წუთისოფლიდან მარადისობაში გადასვლას, და მისი ნეტარი სული უნდა შეერთებულიყო მის ღვთაებრივ ძეს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ და განვადიდებდეთ მას, ვბაძავდეთ მის ცხოვრებას, რათა ამით აღვძრათ ის ჩვენთვის ლოცვისა და მეოხებისათვის”.

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან ნაზარეთში იშვა. ქალაქში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი, იერუსალიმთან კი სამი დღის სავალი აშორებდა.

ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი – იოაკიმე და ანა ცხოვრობდა. იოაკიმე იუდას სამეფოს ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანა – აარონის ტომის ღვთისმსახურის, მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა – მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი იოანე ნათლიმცემლის დედა გახლდათ. იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც წმიდა გულით იცავდნენ. ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ.
ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფლად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. ეს მით უფრო სამწუხარო გახლდათ, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ.

იოაკიმესა და ანას ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა. მათ უშვილობას აყვედრებდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანა და პატივს სცემდა, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით ისინი ერთად უმკლავდებოდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალი შეიწყალებდა მათ.

დიდ დღესასწაულებზე ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა დააყვედრა და უთხრა: “უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა”- ო. სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს: “შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი”.

იოაკიმესათვის ძნელი იყო ამგვარი ყვედრების სახალხოდ მოსმენა და სახლში დაბრუნების ნაცვლად უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

როდესაც ქმრის შეურაცხოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და მაცხოვარს შეევედრა: “უბედური მხოლოდ მე ვარ”, – მოთქვამდა იგი, – “ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!”

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: “ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს.”

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი გახლდათ დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად დამცირებული და ყოველგვარ ბრწყინვალებას მოკლებული იყო. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რაც კი მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას.

ექვსი თვის მარიამი დედამ გამოსაცდელად მიწაზე დააყენა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს არ დაადგმევინებდა.

როცა მარიამი ერთი წლის გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა. მან მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულები.

სამი წლის მარიამი მშობლებმა, აღთქმისამებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე. მღვდელმთავარმა მარიამი მკერდში ჩაიკრა, საკურთხეველში შეიყვანა და დალოცა. უზენაესმა თავისი მადლი დაჰფინა ბავშვს. იგი აღარ გატირებია შინისაკენ გაბრუნებულ მშობლებს.

ცხოვრობდა ტაძარში ქალწული, როგორც მტრედი და ანგელოზის ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით, საპატრონოდ მოხუც ქვრივს არ ჩააბარეს.

მარიამობის მარხვის შესახებ “ამბიონს” კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის დეკანოზი დავით ციცქიშვილი ესაუბრა:

“თავდაპირველად მარიამობის მარხვა დაფიქსირებული არ იყო, როგორც ორკვირიანი, თუმცა შემდეგ საზღვრებში მოექცა.

მარიამობის მარხვაში ფერისცვალების დღესასწაულია, რაც ადამიანს სულიერი ფერისცვალებისკენ უბიძგებს და მარიამობასთან შესახვედრად ამზადებს.

მარიამობის მარხვა აგრეთვე ადამიანს მოუწოდებს, მიემსგავსოს ღვთისმშობელს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ლოცვასა და მარხვაში გაატარა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ღვთისმშობელს ვერ შევედრებით, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს მაგალითი ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ამ მარხვასთან დაკავშირებით სწორედ აღნიშნული ორი შინაარსობრივი მომენტი გამოიყოფა.

მარხვა მეტად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

პირველი მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა. ცნობილი ქრისტიანული დაშვებაა, რომ როდესაც ღმერთმა ადამს აუკრძალა, მიეღო ერთ-ერთი ხიდან ნაყოფი, ყველამ ვიცით, რომ ეშმაკის ზეწოლითა და ევას ზემოქმედებით მან აკრძალული ხილი იგემა და მარხვა დაარღვია.

უნდა ითქვას, რომ მარხვა, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანის ნებისყოფის გამოვლენაა.
სახარებაში წერია: “სასუფეველი ღმრთისაი იიძულების”. ქრისტიანულ ცხოვრებაში ასეთ გამოვლინებებს, ნებისყოფას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ღმერთთან მისვლა რომ მხოლოდ სიამოვნებებით ხდებოდეს, მაშინ ყველა მივიდოდა. ზოგჯერ ადამიანს ლოცვის განწყობა არ აქვს, ეზარება, დაღლილია, მაგრამ მაინც ლოცულობს. ასე რომ, იძულების მომენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მარხვა თითქოს ჩვენი ნებისყოფის წრთობაა და მიუთითებს, რომ თუ საკვების მიღებაზე ადამიანს თავის შეკავება არ შეუძლია, მაშინ სხვა რაში გამოიჩენს ნებისყოფას? ამ შემთხვევაში ადამიანის პიროვნული სიძლიერე დაკნინებულია.

მარხვას, ადამიანის მხრიდან, ნებელობითი აქტის გამოვლინების დატვირთვა აქვს და ორი ასპექტი გააჩნია – ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური მარხვა საზრდელისგან გარკვეულ თავშეკავებას გულისხმობს. პიროვნება თავისი სულიერი განვითარების მიხედვით საზღვრავს მარხვის სიმკაცრეს.

გაცილებით მნიშვნელოვანია მარხვის სულიერი ასპექტი, რაც გულისხმობს თავშეკავებას სანახაობებისგან, ჩხუბისგან, ბილწი ფიქრებისგან.

მართლმადიდებელმა მამებმა შემოსაზღვრეს დრო, რადგან იმ მომენტში უფრო მეტად გაეკონტროლებინათ ადამიანებს თავი, სულიერად მოქცეულიყვნენ და ეცხოვრათ.

როდესაც სწორად იწრთობა ადამიანი, ეს სულიერი მომენტი მარხვის შემდგომ პერიოდშიც გადაჰყვება ხოლმე მას. ნელ-ნელა ვითარდება ადამიანის სულიერი მონაცემი და ჭეშმარიტი მარხვის განწყობა ნარჩუნდება ხსნილშიც.

საინტერესო ფსიქოთერაპიული მომენტია, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ თამბაქოს თავი უნდა დანებოს და შეიძლება შემოუსაზღვრო მხოლოდ ერთი კვირა, სცადოს მისგან თავშეკავება და არა მთელი ცხოვრება. ამ დროს თითქოს უფრო ადვილია რაღაცის დაძლევა…და შემდეგ უკვე ბუნებრივად ვრცელდება უფრო დიდ პერიოდზე.

მარხვა – ეს ხელოვნებაა. ყოველ მარხვაში რაღაცით უნდა წარემატოს ადამიანი. შეიძლება დიდი არა, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას წინ. უფრო ნაკლებად უყუროს ტელევიზორს, მეტად ილოცოს. ამას ზოგჯერ შინაგანი ხმა გეუბნება, თუ როგორ გაამკაცრო მარხვა.

როცა უფალთან საღი ურთიერთობა გაქვს, გაგრძნობინებს, თუ როგორ გააუმჯობესო მარხვა.

მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა, რომელიც მუდმივ ზრდას გულისხმობს. მარხვაში ზრდის მომენტი აუცილებელია”.

მარიამობის მარხვა 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მთავრდება.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ქეთი says:

    ღვთისმშობელო ქალწულო, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის…

  • ნინო says:

    ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ მარიამობის მარხვის დაწყებას,ღირსეულად შევხვდეთ ამ დიდ დღესასწაულს,ალბათ,ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა(ცოდვებს ვგულისხმობ).ბეწვის ხიდზე სიარულს გავს,უნდა შეძლო და მერე ამპარტავნებაში არ უნდა ჩავარდე, რომ შეძელი.დედა ღვთისმშობელი გვფარავდეს ყველა ქრისტიანს და სრულიად საქართველოს.შეგვეწიოს მისი ლოცვის მადლი.ამინ!

  • მარინა კურტანიძე says:

    თეონა თუ შეიძლება დადეთ საიტზე ანჩისხატის საგალობელი.წინასწარ დიდი მადლობა.

  • ნინო says:

    მე მომწონს ტქვენი გვერდი და არც ისე ბევრი ვიცი ჩვენს სარწმუნოებაზე და მინდა რო ვისწავლო შევდზლო შეკამათება და იმ ადამიანების დარწმუნება ვისაც უფლის არ წამთ ხოდა მიხარია აქედან რო რაგაცეებს ვსწავლობ

  • დარეჯან says:

    დალიან მომეწონა თქვენი გვერი,,,,უფრო მეტს გავიგებ ჩვენი სარწმუნოების შესახებ..წინასწარ გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს,,,უფალო შეგვიწყალე,,

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.