მთავარი » დღესასწაულები

მარიამობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.08.2018 ერთი კომენტარი | 18,825 ნახვა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მრავალი დღესასწაულია მიძღვნილი. მათ შორის ხალხში 15/28 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინება, მარიამობა გამოირჩევა. ეს ის დღეა, როდესაც წმინდა მარიამი იერუსალიმში გარდაიცვალა და თავად იესო ქრისტემ მიიღო მისი სული. ცოტა ხანში უფალმა იგი ხორციელადაც გაიყვანა ამ ქვეყნიდან.

როგორ აღინიშნებოდა მარიამობის დღე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში? გვესაუბრება ქალბატონი ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):
“მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარიამობის მარხვა უძღვის. მარხვა მძიმეა. დიდმარხვის მარიამობა მარიამობა მთელ საქართველოში დიდი უქმე იყო.

რაჭაშიც მარიამობა დიდი უქმე იყო. დილით ადრე ყველიან ან ქონიან განატეხს აცხობდნენ და სანთელს ცეცხლში აკმევდნენ. დიასახლისი, რომელსაც ხელში განატეხი და ღვინის ზედაშე ეჭირა, ილოცებდა და მარიამობის ძალასა და მადლს, მშვიდობას და მომავალი მარიამობისთვის კარგად ყოფნას შესთხოვდა. განატეხს ოჯახის ყველა წევრი შეჭამდა. სადილისთვის საკურთხის, მიცვალებულის მოსახსენებელ სუფრას გაამზადებდნენ. საამისოდ 7 ყველიან ან ქონიან სულის პურს გამოაცხობდნენ, მოხარშავდნენ შაშხს, ქათამს, სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო 1-2 კვერცხი, ლავაში და ერთი სანთელი. თუ ოჯახს ახალი მიცვალებული ჰყავდა, უნდა დაეკლათ ცხვარი, მეტი პურიც გამოეცხოთ და სუფრა მღვდელს უნდა ეკურთხებინა.

ლეჩხუმში როგორი ღარიბიც უნდა ყოფილიყო ოჯახი, რაიმეთი მაინც გაიხსნილებდა. დიასახლისი დილით ადრიანად ეზოს ხვეტავდა, 3 სულის პურს აცხობდა, კლავდა ქათამს ან შაშხს ხარშავდა, ლავაშებს აცხობდა, ჩამოქნიდა სანთლებს, რათა მიცვალებულებისთვის სუფრა წაედგა ანუ გაეშალა, რაც ამ დღისთვის აუცილებელი იყო. გაშლილ სუფრაზე დგამდნენ ღვინით სავსე ჭიქებს და დებდნენ ყველაფერ იმას, რაც ახალი შემოსული იყო. დიასახლისი ილოცებდა და “მარიამობის გამჩენ ძალას” მიცვალებულების ცხონებას და მისი შთამომავლობის კარგად ყოფნას შესთხოვდა. ეს დღე განსაკუთრებით სოფელ ლესინდის დღეობა იყო და აქ დიდძალი საქონელი იკვლებოდა. ერთხელ 20 ხარიც კი დაკლულა. ხარებს წვრილ საქონელსაც მიუმატებდნენ. სოფელში ამ დღესაც დიდი სტუმრიანობა სცოდნიათ. მოკეთეებს მაშინ ეპატიჟებოდნენ, თუ მათი სოფლის სალოცავს დღესასწაული არ ჰქონდა. იშლებოდა დიდი სუფრები, რომლებიც სამი დღე არ ლაგდებოდა. ხალხი ერთმანეთთან გადადიოდა სტუმრად, მხოლოდ ღამეს აუცილებლად მთავარი მასპინძლის ოჯახში ათევდნენ.
მარამობისთვის შეთქმულ საკლავს სალოცავში მიიყვანდნენ, მიიტანდნენ ჩამოქნილ სანთელს, ფულს და მღვდელი საჯაროდ აცხადებდა, ვინ რა მიიყვანა თუ მიიტანა.

მარიობას ანუ მარიამობას სამეგრელოში მარაშონას/მარაშინას ეძახდნენ. ეს დღე მიცვალებულთა მოხსენიების დღეც იყო და ახალი მიცვალებულის პატრონი ამ დღემდე ახალ ხილს ეზოშიც კი არ მოწყვეტდა. წინა საღამოს თხემლის ტოტებით დაჯვარვა იცოდნენ, ანუ თხემლის ტოტები მიჰქონდათ ყანაში და სხვაგან. ამ დღეს სამეგრელოში ის წესები სრულდებოდა, რაც დანარჩენ საქართველოში ჭიაკოკონობის დროს. თუ მარიამობა მარხვის დღეს დაემთხვეოდა, სტუმრებს თევზით უმასპინძლდებოდნენ და მეორე სახსნილო დღეს ლხინს ხორცით აგრძელებდნენ. აღდგომიდან მოყოლებული ყოველ კვირას და უქმე დღეეებში ხალხი მინდვრად გადიოდა მოსალხენად, რასაც ჯარობა ეწოდებოდა. მარიამობის ჯარობა იმ წელს ბოლო ჯარობა იყო.

გურიაში ამ დღეს თაგვმარიობას, ყვავმარიობას, ჩიტმარიობასაც უწოდებდნენ.
კახეთში მარიამობას საყოველთაოდ ცნობილი აწყურის წმ. გიორგის დღესასწაული იმართებოდა. მლოცველი თეთრი გიორგის ეკლესიაში წინა დღეს, ზოგიც უფრო ადრე მიდიოდა. მლოცველები აქ მთელი კახეთიდან, თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან, ქართლიდან, ერწო-თიანეთიდან იყრიდნენ თავს. აქ დღესაც ბევრი ხალხი მიდის.

მლოცველები თავდაპირველად ეკლესიას მარჯვნიდან მარცხნივ სამჯერ ან შვიდჯერ შემოუვლიდნენ. წინ მიდიოდნენ ქალები. მათ მამაკაცთა გუნდი მიჰყვებოდა. ორივე გუნდი რიგ-რიგობით გალობდა „დიდებას“: „დიდება და ღმერთსა დიდება, წმიდა გიორგი ცხოველო, შენს სალოცავად მოველო“.
საღამოს, როდესაც ზარს დარეკავდნენ, ხალხი ეკლესიასთან იყრიდა თავს. აქ, ამ სალოცავში, როგორც სხვაგან, თავს იყრიდნენ მონა ქალები. მიაჩნდათ, რომ ამ მონა ქალებს ხატი ირჩევდა და ისინი ხალხს ღმერთის, წმინდანების, სალოცავების ნებას გადასცემდნენ, თან ხალხის ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას შესთხოვდნენ. მონა ქალებს თეთრი თავსაფარი ჰქონდათ თავზე წაკრული, თეთრები ეცვათ, ფეხშიშვლები იყვნენ, ზოგჯერ მათ თეთრი გიორგის ეკლესიის ჯაჭვი ჰქონდათ კისერზე. ისინი ეკლესიას დაჩოქილები უვლიდნენ გარშემო, გალობდნენ და კედლებზე ანთებულ სანთლებს აკრავდნენ. ერთი მონა ქალი კვირისტავით ბამბის ძაფს ართავდა და ეკლესიას გარშემო ახვევდა. რომელიმე მონა ქალი კი ზოგჯერ შესასვლელი კარის წინ დაეცემოდა და მღვდელს, მლოცველს, ვისაც ეკლესიაში შესვლა უნდოდა, მისთვის უნდა გადაებიჯებინა.

ხალხს სალოცავში შესაწირი ცხვრები მიჰყავდა. დაკვლის წინ მიუყვანდნენ მღვდელს, რომელიც საკლავს სანთლით ბალანს შეუტუსავდა, იტყოდა: „წმიდაო გიორგი, შეიწირე საღმრთო მონისა შენისა“ და შემწირველის სახელს წარმოთქვამდა. ისინი, ვისაც შეთქმული, დათქმული ჰქონდა შანას ტარება და ვადა უკვე გასვლოდათ, მიდიოდნენ ეკელსიის დიაკვანთან, რომელიც მათ შესაწირ საკლავს, საღმრთოს, ბალანს შეაჭრიდა და მონებს შანას შეხსნიდა. შანა მავთულის იყო, ჯაჭვის მაგივრობას სწევდა და მონას ყელზე ჰქონდა შემოხვეული.

პირიქით ხევსურეთში მარიამობა მხოლოდ არხოტში აღინიშნებოდა, ხოლო პირაქეთში – სათემო ჯვრებში. ამ დღეს განსაკუთრებული წესები არ სრულდებოდა და მარიამობა პატარა დღეობად მიაჩნდათ. ასევე იყო ფშავშიც.

თუშეთში მარიამობას ზოგან ლუდსაც ადუღებდნენ და საზიარო საკლავსაც ყიდულობდნენ, მაგრამ ძირითადად სუფრა სახლში მზადდებოდა. ეს დღე მიცვალებულთა დღე იყო. ყველა ოჯახი მიცვალებულისთვის სუფრას ამზადებდა, სოფლის საჯარეზე გამოიტანდა და ერთად მოიხსენიებდა გარდაცვლილთა სულებს. ისინი, ვისაც იმ წელს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა გარდაცვლილი, სტომიან პურს აცხობდნენ და სანამ სუფრასთან დასხდებოდნენ, ბავშვებს ურიგებდნენ.

გუდამაყარში მარიამობას ხალხი ადგილობრივ ხატებშიც მიდიოდა და იქ აღნიშნავდა დღესასწაულს, მაგრამ ამ დღეს საერთო საგუდამაყრო სალოცავის, პირიმზე ფუძის ანგელოზის დღეობაა და ამიტომ ხალხი უმთავრესად იქით მიეშურებოდა.

ხალხის გადმოცემით პირიმზე და ფუძის ანგელოზი და-ძმანი არიან. პირიმზე სოფელ ჩოხშია, ფუძის ანგელოზი კი ხევსურეთშიო. თუ პირიმზეს დღეობა შუა კვირაში ექნებოდა, ანუ მარიამობა შუა კვირას დაემთხვეოდა, მლოცველი გუდამაყრიდან ხევსურეთში მომდევნო კვირის პარასკევს მიდიოდა. ახოობაზე, ანუ ფუძის ანგელოზობაზე, საკლავი შაბათს უნდა დაიკლას.

ხალხი პირიმზეს ცის ნაპირამდე მოარულს, უყმო ყმის მშველელს ეძახის. ვინც უნდა თხოვოს, ყველას მშველიაო. თურმე ძველად ხევსურეთში კერპები ხალხს არ უშვებდნენ სალოცავად. ფხიტურზე ყოფილა პირიმზე. ღვთის შვილებიდან მხოლოდ ის შებრძოლებია კერპებს და ბრძოლის შემდეგ ამ ადგილს საგუბია დარქმევიაო. პირიმზეს იახსრისთვის უთხოვია, მე თუ ვერ შევძელი კერპების დმარცხება, შენ დამეხმარეო, მაგრამ თავადაც გამკლავებია.

მლოცველები პრიმზეში ღამისთევით მიდიან და მრავალი საკლავი (ცხვარი, კურატი) მიჰყავთ. დღემდე ხატში მიაქვთ ქადა-სანთელი. ხატში მისულ მლოცველს ქადა-სანთელი დეკანოზთან მიაქვს, რომელიც მიმტანს ლოცავს და სანთელს ანთებს. ქადას ძველად მთლიანად მას უტოვებდნენ, ახლა სახლში მოაქვთ. ქადას სამწყალობნოს ეძახიან. დეკანოზს ზოგჯერ ფულსაც აძლევდნენ. დეკანოზი საკლავზეც ილოცებოდა. ამ დროს ხატის დროშა იყო გამობრძანებული. ყველა საკლავის დაკვლაზე დროშას შეარხევდნენ და ზარი ირეკებოდა. Yყველა იქ მყოფი პირით აღმოსავლეთისაკენ დგებოდა, დეკანოზი საკლავს ანთებული სანთლით ბალანს შეუტუსავდა, დსტურები საკლავს ფეხებს დაუჭერდნენ, დეკანოზი ხანჯლით ყელს გამოჭრიდა, პატრონი კი ატყავებდა.

პირიმზეში გაყავდათ ბავშვები და ხატში მიბარების წესს ასრულებდნენ. ამჯერადაც ოჯახს დეკანოზთან უნდა მიეყვანა საკლავი. დეკანოზი დაილოცებოდა, საკლავს დაკლავდა და თუ ბავშვი ბიჭი იყო, საკლავის სისხლს შუბლზე ჯვარს გამოუსახავდა, ხოლო თუ გოგონა იყო, მარჯვენა ხელის გულზე.
ხატში ფერხისას ასრულებდნენ. ძველად იგი ორსართულიანიც იყო. ფერხისას ამგვარ ტექსტზე
მღეროდნენ:

“ჩვენი პირიმზის კარზედა
ხე ალვა ამოსულაო.
იმას დაუსხამს ყურძენი,
საჭმელად შამოსულაო.
იმის უჭმელი ქალ-ვაჟი
უდროოდ ჩამოშლილაო”.

ამავე ტექსტს სხვა ხატებშიც მღეროდნენ. როდესაც ხატში საკლავის ხორცი გამზადდებოდა, იშლებოდა სუფრა და იწყებოდა ლხინი, ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოები, ერთმანეთის გადაპატიჟება.
ამ ხატობაზე ავადმყოფებსაც მკურნალობდნენ. როდესაც პირველად ხატს ანუ ჩვეულებრივ ჯვარს გამოაბრძანებდნენ, ეკლესიის კარის წინ ავადმყოფები პირქვე იყვნენ გაწოლილები. უხუცესი დეკანოზი (ხატში შეიძლება რამდენიმე დეკანოზი ყოფილიყო) ავადმყოფებს სამჯერ დროშის ტარით ჯვარს გადასახავდა. თავზე, წელზე და ორივე მხარზე ამ ტარს დააჭერდა, ავადმყოფს ცალი ფეხით წელზე შეადგებოდა, ახლა უკვე ფეხს აჭერდა და სამჯერ გადახტებ-გადმოხტებოდა. ამას ხატით გალახვას უწოდებდნენ. ამის შემდეგ დეკანოზი ჯვარს ლუდში ამოავლებდა და ამ ლუდს ავადმყოფს დაალევინებდა.

მთიულეთში მარიამობა საერთო სათემო დღეობა იყო. იკვლებოდა საერთო სათემო საკლავი, საერთო სათემო წესები სრულდებოდა და სუფრაც ერთი იშლებოდა.

ხევში მარიამობა ცნობილი და ამ კუთხის მთავარი სალოცავის, გერგეთის სამების, დღესასწაულია. გერგეთში მარიამობაზე დღემდე მთელი ხევიდან მიდიან. მლოცველები მიდიოდნენ ჩრდილო ოსეთიდან, სტავროპოლიდან. ესენი იყვნენ: რუსები, ბერძნები და სხვეი. წირვა-ლოცვის გარდა იწირებოდა საკლავი (ცხვარი, ხარი), რომლებსაც დეკანოზი კლავდა. იმართებოდა დოღი.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • vaja says:

    ვინატრებდი, რომ “ღირს არს”-ი გამხდარიყოს საქართველოს ჰიმნი. თორემ როგორი წილხვედრები ვართ ღვთისმშობელისა, თუ არც არანაირად არ გამოვხტავთ მისადმი პატივისცემას. თუ არა შინაგანად, გარეგნულად მაინც!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.