საყურადღებო სიტყვა წმიდა მენელსაცხებლე დედა მარიამ მაგდალინელზე
დეკანოზი ლევანი ფიროსმანაშვილი (ახალდაბის წმ. გიორგის ტაძრის მსახური): წმიდა მენელსაცხებლე დედის, მარიამ მაგდალინელის შესახებ საზოგადოებაში სრულიად არამართებული აზრია გავრცელებული, რომელიც მცდარობის გარდა მკრეხელობას წარმოადგენს. მას მიეწერება წარსულში მეტად გარყვნილი ცხოვრების წესი, თითქოს მაცხოვართან მიახლებისას შემდგომ ღებულობს შენდობას. ეს აზრი სრულიად უსაფუძვლო და მცდარია. თუმც, სამწუხაროდ, ასეთი ხედვა აქტიურადაა გაბატონებული. ვფიქრობ, იგი წმიდა წერილის უცოდინრობით ან ზერელედ გაცნობის შედეგადაა წარმოშობილი. ეს შეხედულება ზოგიერთ მწერალთანაც გხვდება. ქართულ მწერლობაში, ნოდარ დუმბაძესთან მოთხრობა „კუკარაჩაში“. ამ აზრიდანვეა წამოსული უფრორე მკრეხელური ამბავი საიდუმლო მეუღლე ქრისტესი. ეს უკანასკნელი კი მავანთაგან მიზანმიმართულად წამოსული ბილწმეტყველებაა. ცნობა, რომელიც ვატიკანის „საიდუმლო საცავებშია დამალული“ სრული ბოდვა ეწოდება. მოკლედ აღვნიშნავ: მიუხედავად იმისა, რომ რომს აღმოსავლეთის ეკლესიათაგან სხვაობით გარეშე მტრისგან რბევა არ განუცდია, არ გააჩნია ნამდვილად მოციქულთაგან შექმნილ წიგნთა ფლობა, იოტის ოდენობითაც მეტი.
დედა მარიამის ვინაობის გასარკვევად თავად წმიდა წერილს მივმართოთ. ცდომილების მიზეზი შემდეგშია. სახარების ოთხივე ავტორს მოთხრობილი აქვს ამბავი იესოსთვის დედაკაცთაგან ნელსაცხებლის ცხების შესახებ. აქედან, იოანეს სახარებაში აღწერილს მარიამი ეწოდება. თუმც, იგი მართას და მკვდრეთით აღდგომილი ლაზარეს დას წარმოადგენს. ეს მარიამიც კი სრულიად უცხოა ბიწიერი წარსულისთვის. მარიამ მაგდალინელის პიროვნება სხვაობს ამ მარიამისგან. თვით მაგდალინელზე ლუკა მახარებელი გვამცნობს: „დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს… „(ლუკა 8.2) ეშმაკთაგან პყრობილნი წმიდა წერილში არაერთია, თუმც ,არცერთმათგანზე არ გაჟღერებულა სიძვის ცოდვა. ამ ვნების საპირისპიროდ შემდეგი დახასიათებანია, როდესაც მათ გამოვლენილი მძვინვარების შიშით ახლოს ვერ ეკარებიან.
უცილობლად დავძენ, არც დანარჩენი სამი მახარებლის თხრობაში სახელდებული მეძავი დედაკაცი იგივდება მარიამ მართა და ლაზარეს დასთან. თვალსაჩინოებისთვის თანმიმდევრულად მოვიყვანოთ ოთხივე ნიმუში.
1. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა. (მათ. 26. 6-13)
2. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა (მრკ. 14, 3-9).
3. ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა. და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ. და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად… (ლუკ.7. 36-40).
4. ხოლო იესუ უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით. და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა. თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი: რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა? ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ. და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. (იოანე. 12. 1-8)
პირველი სამი მახარებელი ერთსა და იმავე ამბავს აღწერს. ვითარება ბეთანიაში, სვიმონ ფარისევლის, კეთროვნად ყოფილის სახლში ხდება. კეთრი არაწმიდებად ითვლებოდა. მისი განკურნების უწყების მცოდნე ხსენებული დედაკაცი შენდობა-განწმედის იმედით მიდის. სინანულის ცრემლებით ალტობს მაცხოვრის ფერხთ. ქრისტე მას შენდობას აძლევს და მის შესახებ თხრობას ერთგვარ ანდერძად ტოვებს, რაც სამივე მახარებელმა აღასრულა. იოანე ღმრთისმეტყველთან კი ვითარება ისევ ბეთანიაში, ოღონდ მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს სახლში ხდება. მარიამისგან ნელსაცხებლის ცხებას არ ახლავს ცრემლებით დალტობა. შესაბამისად, არც რაიმეს მიტევებაზეა საუბარი. მოქმედების ნაწილობრივი მსგავსება გაიგივების მიზეზს ბადებს, თუმც ასე არ არის. წმიდა წერილის განმმარტებელი მამანიც სწორედ ამას გვასწავლიან. თავად მარიამ მაგდალინელი სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად მაცხოვარს ბოლომდე ემსახურა. მოციქულთათვის იგი ხდება აღდგომის მახარებელი, წარმომთქმელი შემდეგი სიტყვებისა; „ქრისტე აღდგა“ (იოანე. 20. 1,11-18). ამ სიტყვებითვე წარდგა იმპერატორ ტიბერიუსის წინაშე. კვერცხი (თეთრი) მიართვა. რაზეც იუპიტერის მოსაყდრემ უპასუხა: უმალ ეგ კვერცხი გაწითლდება ვიდრე ვინმე მკვდრეთით გაცოცხლდებაო. იმავ წამს მარიამის ხელში კვერცხი წითლად შეიფერა. ეს ამბავი საფუძვლად დაედო სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვას. რითაც აღდგომის ჭეშმარიტების რწმენას ვადასტურებთ. ამგვარი ღვაწლის მქონე წმიდა დედას მართებული პატივის მიგება შვენის”.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
სამწუხაროდ წმიდათა ცხოვრების ერთ გამოცემაში იგივე შეცდომაა ასახული. კატეგორიულად ავღნიშნავ, რომ ეშმაკით პყრობილობა მეძავობის სახე არ არის!. ამ მოვლენამ შეიძლება ნებაწართმეულობის ბევრი სახე გამოავლინოს, მაგრამ აუცილებლად სიძვას არ ნიშნავს. ამისთვის სახარებიდან არაერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ. არათუ შვიდი, არამედ ლეგიონი ფლობს… არცერთ ნიმუშში არ არის თქმული ეშმაკით პყრობილი სიძვით დაცემული ყოფილიყო