მთავარი » ქრისტიანობა

როგორ მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისათვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.02.2020 | 4,641 ნახვა

გვესაუბრება წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

მამაო, რას ნიშნავს სიცოცხლე სხეულის გარეშე?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა პირველი კაცის შექმნისას მოღებულ თიხას შთაბერა ცოცხალი სული და ამ მომენტიდან სამყაროში შემოდის უნიკალური, უკვდავი არსება- ადამი, რომელიც ატარებს შემოქმედის ხატებას და მსგავსებას. საღვთო განგებულების მიხედვით, მას უნდა ემეფა დედამიწაზე, დამტკბარიყო ედემში არსებული სიკეთეებით და უფალთან ურთიერთობით. თუმცა მცნების დარღვევისა და ცოდვით დაცემის შემდეგ ხდება უდიდესი, კოსმიური ტრაგედია – უკვდავებისათვის შექმნილი ადამი ექვემდებარება ხორციელ სიკვდილს, ედემის განმგებელი ხდება ჯოჯოხეთის ტყვე… აღნიშნული მოვლენის შემდგომ, გადის ათეულობით საუკუნე და ყოველი ჩვენგანი, საკუთარ თავში, მემკვიდრეობითად, ვიღებთ სიკვდილის ბეჭედს. როგორც ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსი ამბობს, ამქვეყნად ერთადერთი და უეჭელი- ეს გარდაცვალებააო. ჩვენი ფსიქო-სომატური აგებულება მოიცავს სამ კომპონენტს. ესენია: სული, სამშვინველი და სხეული. გარდაცვალება კი სწორედ უკვდავი სულის გაყრაა ხორცთან… ამ პროცესს პიროვნება გადაჰყავს ხილული რეალობიდან- უხილავ, მიღმიერ რეალობაში, სადაც მან დროის გარეშე, მარადიულობაში უნდა განაგრძოს ცხოვრება.

რას ნიშნავს მარადიული ცხოვრება და რატომ ავიწყდებათ ადამიანებს მარადიული ცხოვრების შესახებ ფიქრი?

როგორც იცით, მაცხოვრის განკაცების, ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, დახშული სასუფევლის კარი კვლავ გაიხსნა…. თუ მანამდე ძველი აღთქმის მართალი ადამიანებიც კი, მიუხედავათ მათი სათნოებითი მოღვაწეობისა, ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ, ქრისტემ საკუთარი სისხლით გამოისყიდა მთელი კაცობრიობის ცოდვა. ჩვენთვის ჯვარზე მომკვდარი უფალი ჩავიდა ჯოჯოხეთის უფსკრულში და აღდგომისას, ყველა მისი ტყვე, სამოთხის მკვიდრად აქცია. ახალი აღთქმის წიგნები ამოწმობენ ამ დიდ სიხარულზე, შესაბამისად ქრისტიანთა უმთავრეს წმინდა წიგნსაც სახარება ეწოდება. გვიხარია, რადგან ყოველი ნათელღებული ადამიანი პოტენციურად სასუფევლის მოქალაქეა, უკვე გამოხსნილია მადლის მიერ. მას გარდაცვალების შემდგომ გარანტირებული აქვს უფალთან ერთად მყოფობა. მთავარია მანამდე არ დაივიწყოს შემოქმედი, საკუთარი ცხოვრების წესით არ აქციოს ზურგი, არ შეურაცხყოს იგი და არ გალიოს ცხოვრება სიყვარულის, სიკეთის გარეშე…

სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების რეჟიმი ხშირად არ გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ მარადიულ, აღმატებულ ღირებულებებზე…. ჩვენი ამქვეყნიური მოღვაწეობა უმთავრესად ყოფითზე, მიწიერზე ზრუნვით შემოიფარგლება და ამ ორომტრიალში გართულებს ასე გვგონია, თითქოს არასდროს გარდავიცვლებით. დღევანდელ მძიმე დროში ყველა საშუალება, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი ღმერთს მოსწყდეს, ცოდვაში ჩაეფლოს და ამით საკუთარი თავი დაიზიანოს. სწორედ ამიტომ, წმინდა წერილი გამუდმებული სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს. ,,იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და მსხვერპლს დაეძებს“ (1 პეტრ. 5;8). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორცში მხოლოდ გამოცდას ვაბარებთ, რომლის შედეგების მიხედვითაც, მოგვეგება საიქიო ხვედრი. თანამედროვე პიროვნება კი ცდილობს, აქვე მოიწყოს სამოთხე, ეს რათქმაუნდა შეუძლებელია. შეუძლებელია დედამიწა გახდეს სამოთხე, მაგრამ ქრისტიანებმა ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა საკუთარი ცხოვრების წესით,
ხელი შევუშალოთ მის ჯოჯოხეთად ქცევას…. სახარებაში უფალი სასუფევლის მაძიებელს ადარებს ვაჭარს, რომელიც ერთ პატარა საყანე მიწაზე ჩამარხულ განძს აღმოაჩენს, წავა გაყიდის მთელ თავის ქონებას, რათა ეს მიწა შეისყიდოს და ამით აურაცხელი ძვირფასეულობის პატრონი გახდეს. სწორედ ასეთივე უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულებაც….

როგორ უნდა შეიგრძნოს ადამიანმა მარადიულობა? როგორ უნდა მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისათვის?

მარადიულობა ყველაზე უკეთ შეიგრძნობა და შეიმეცნება ეკლესიური ცხოვრებით, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გზით. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი საღმრთო ლიტურგიას… უსისხლო მსხვერპლშეწირვისას, მეტაფიზიკურად დრო ჩერდება. ხილული, მებრძოლი ეკლესია უერთდება ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას. ამ დროს ერთიანდება ცა და ქვეყანა. ყოველი წირვის აღსრულებისას მეორდება და გრძელდება საიდუმლო სერობა, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებთან ერთად აღასრულა სიონის მთაზე. ჩვენ არა მხოლოდ ვიხსენებთ წარსულში მომხდარ სახარებისეულ მოვლენებს, არამედ აწმყოს კეთილად წარმართებისათვის, მომავალი სასუფევლის მოიმედენი ვწირავთ ძღვენს უფალს. ევქარიისტიულ ლოცვაშიც ხომ კითხულობს მღვდელი ,, მომხსენებელნი უკვე საცხოვრებელისა ამის მცნებისა, ჯვრისა, დაფვლისა სამ დღე, აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენით დაჯდომისა და დიდებულისა მის მეორისა კუალად მოსვლისა- შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის“.

შესაბამისად, ლიტურგიაზე მყოფი ადამიანი უხილავად თანამონაწილე ხდება მაცხოვრის განკაცების, ქადაგების, ჯვარცმის, აღდგომისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის დროსაც მის მარჯვენით იქნება მოხსენიებული….. სწორედ ამიტომ, არ უნდა განვეშოროთ ეკლესიას, გამუდმებულად ვეზიარებოდეთ მასში დაულევნელად დამკვიდრებულ სულიწმინდის მადლს, რომელიც აუცილებლად განკურნავს ჩვენს უძლურებებს, აღავსებს ნაკლულოვანებებს და გზას გაგვიხსნის როგორც სულიერი, ასევე ხორციელი წარმატებისაკენ.

თეონა ნოზაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი