მთავარი » ქრისტიანობა

“მან ოჯახიც გადაარჩინა, იხსნა ქმარიც და საკუთარი თავისთვისაც დიდი ზეციური სასყიდელი გამოიმუშავა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2018 | 796 ნახვა

პაისი ათონელი “ერთი ერულად მცხოვრები ახალგაზრდა, გარკვეულ გრძნობას განიცდიდა გოგონასადმი, რომელიც სულიერი ცხოვრებით გამოირჩეოდა. მხოლოდ იმისათვის, რომ ამ გოგონას მისთვის დადებითად ეპასუხა, ეს ყმაწვილი შეეცადა, სულიერად ეცხოვრა და ეკლესიაში ევლო. ისინი დაქორწინდნენ. მაგრამ გავიდა წლები და კაცი ძველებურ ერულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მათ უკვე მოზრდილი შვილები ჰყავდათ. უფროსი უნივერსიტეტში სწავლობდა. ერთი ქალიშვილი ლიცეუმში, მეორე კი – გიმნაზიაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ბევრ ფულს შოულობდა, მაგრამ თითქმის მთლიანად თავის უწესო ცხოვრებისათვის ხარჯავდა. უბედური ცოლის მომჭირნეობა იცავდა მხოლოდ მათ საოჯახო მეურნეობას სრული კრახისაგან, თავისი შვილების ჭეშმარიტებაში განმტკიცებას ეს ქალი სწორი რჩევა-დარიგებებით ახერხებდა. ის არასოდეს განიკითხავდა ქმარს, რათა ბავშვებს მამისადმი სიძულვილი არ ეგრძნოთ და სულიერი ტრავმა არ განეცადათ, ასევე იმისათვის, რომ ისინიც იმავე გზას არ დასდგომოდნენ, მათი მამა რომ ადგა. როდესაც ქმარი შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა, ბავშვების წინაშე მის გამართლებას ქალი ადვილად ახერხებდა. ეუბნებოდა, რომ მამას ბევრი სამუშაო ჰქონდა. მაგრამ მაშინ რაღას იტყოდა, როდესაც იგი დღისით, მზისით თავის საყვარელთან ერთად გამოჩნდებოდა ხოლმე?! იცით, როგორ იქცეოდა ეს კაცი, რომელშიც ღვთის შიშის ნასახიც კი არ არსებობდა?! თუმცა მისთვის ადამიანის სახელის წოდებაც არ ღირს, იმიტომ, რომ ადამიანური აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. ის ურეკავდა ცოლს და უკვეთავდა სხვადასხვაგვარ კერძებს, დღისით კი რომელიმე თავის საყვარელთან ერთად სადილად მოდიოდა. საბრალო დედა, იმისათვის, რომ თავისი შვილებისათვის ცუდი ზრახვები აეცილებინა, მათ გულთბილად იღებდა. იგი საქმეს ისე წარმოადგენდა ხოლმე, თითქოსდა მისი ქმრის საყვარელი თავისი მეგობარი ქალი იყო და კაცმა მას მანქანით შეუარა, რომ მათთან სტუმრად მოეყვანა. ის ბავშვებს სხვა ოთახში გაკვეთილების მოსამზადებლად გზავნიდა, რომ რომელიმე უწესო სცენის მომსწრენი არ გამხდარიყვნენ. მისი ქმარი ხომ არად აგდებდა შვილებს და ყოველგვარი გარყვნილი ქმედების ნებას საკუთარ თავს მათ თვალწინაც კი აძლევდა. ეს ძალიან ხშირად მეორდებოდა. ხან ის სულ სხვა საყვარელთან ერთად მოდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბავშვები დედას ეკითხებოდნენ: „დედა, რამდენი მეგობარი ქალი გყავს?“ „ესენი უბრალოდ ძველი ნაცნობები არიან“, – პასუხობდა ის.

ყველაფერთან ერთად ქმარი მას მოსამსახურესავით და კიდევ უფრო უარესად ეპყრობროდა. ის მას უაღრესად მკაცრად და არაადამიანურად ექცეოდა. მარტო იმაზე იფიქრეთ, თუ ეს ქალი ყოველდღიურად როგორ ემსახურებოდა ორ პირუტყვს, რომლებიც მის სახლს უწმინდურებაში სვრიდნენ და ამავე დროს თავის შვილებს კეთილ ზრახვებს ჩააგონებდა! მას ხომ არც იმის გამოთვლა შეეძლო, ოდესმე ეს უბედურება თუ დასრულდებოდა, რომ საკუთარი თავისთვის ამის თქმა მაინც შეძლებოდა: „ცოტას კიდევ მოვითმენ.“ და თავი ამით ენუგეშებინა. ეს კოშმარი რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენადაც ამ წყეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე ეშმაკს ძალიან ბევრის უფლება მისცა, მან საზარელი ეშმაკეული ქმედებები დაიწყო. ის უკვე გიჟივით იქცეოდა, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა, ყველასა და ყველაფერს ბრალს სდებდა. და აი, ერთხელ ნამთვრალევზე, როდესაც ხორციელი ვნების ჟინმა შეიპყრო, ის ავტომანქანით გაიქცა და პირდაპირ უფსკრულში გადაეშვა. ავტომანქანა მთლიანად დაიმტვრა, თვითონ კი ძალიან მძიმედ დაშავდა და დასახიჩრდა. იგი საავადმყოფოში წაიყვანეს, ექიმებმა ყოველგვარი შესაძლო მკურნალობა ჩაუტარეს და სახლში გაუშვეს. ის უკვე ხეიბარი იყო არც ერთ საყვარელს მისთვის აღარ მიუკითხებია, რამდენადაც ბევრი ფული აღარ ჰქონდა, სახე კი მთლიანად დასახიჩრებოდა. მაგრამ კეთილი მეუღლე და მისი შვილების დედა გამუდმებით უვლიდა და მის უწესო ცხოვრებას არც კი ახსენებდა. ამ ამბავმა შეძრა იგი და სულიერად გარდაქმნა. გულწრფელად ნანობდა და ითხოვდა, მოეწვიათ ღვთისმსახური. მან აღსარება თქვა, რამდენიმე წლის განმავლობაში ქრისტიანულად იცხოვრა, შინაგანი მშვიდობა მოიპოვა და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ უფროსმა ვაჟმა ბიზნესში მისი ადგილი დაიკავა და ოჯახს არჩენდა. ამ ადამიანის შვილები ძალიან მეგობრულად ცხოვრობდნენ, რადგანაც მათ დედისაგან საუკეთესო პრინციპები ჰქონდათ მემკვიდრეობით მიღებული. ეს დედა გმირი დედაა. იმისათვის, რომ ოჯახი დანგრევას გადაერჩინა, საკუთარი შვილები კი მწარე დარდისაგან ეხსნა, მათი მწარე სასმისები თავად შესვა. მან ოჯახიც გადაარჩინა, იხსნა ქმარიც და საკუთარი თავისთვისაც დიდი ზეციური სასყიდელი გამოიმუშავა. სამოთხეში ღმერთი ამ ქალს საუკეთესო ადგილას დაუმკვიდრებს.”

წმიდა პაისი მთაწმიდელი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.