მთავარი » ქრისტიანობა

მაცთურნი – წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.10.2018 ერთი კომენტარი | 1,240 ნახვა

ეკლესია “საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომელთაც მისი ზეციერი მამა გამოარჩევს და მასთან მიიყვანს. მაცხოვარმა ამაზე მეტიც გვითხრა, რომ მაცთურნი უბენლიედ გაჩნდებიან და მათი მოსვლა და წინააღდგომა იმისათვის იქნება საჭირო, რომ რჩეული მორწმუნენი ცხადად გამოჩნდნენ და ურწმუნოთ გამოეყონ. კაცის ყოველი ნიჭი და ღონე ჭიდილითა და ბრძოლით იზრდება და მაგრდება. მსგავსადვე, თუ კაცის სარწმუნოებასა და ერთგულებას მოჭიდავე და მტერი არა ჰყავს, რით უნდა გამოჩნდეს და გაილესოს? სწორედ ამ მიზეზით უშვებს ღმერთი ურწმუნო კაცთაგან გმობასა და ურწმუნოების წარმოთხევას. ახლაც, ურწმუნონი კაცნი ქრისტიანთა შორის არა თუ არიან, არამედ საუბედუროდ, სამხილებლად და განსაღვიძებლად ჩვენდა , უმეტესად მრავლდებიან და მათი გმობა და საცთური ყოველ უწინდელ მაცთურსა და წინააღმდეგზე უფრო უმძიმესი და უძვირესია. ახლანდელ მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის, რომ ისინი ლაპარაკის დროს სულიერსა და ხორციელს, ქვეყნიერსა და ზეციურს, სამოქალაქო წყობასა და საღმრთო სჯულს ერთმანეთში ურევენ. ამ განყოფილსა და განსხვავებულ საგნებს ერთად განიხილავენ და გმობენ. განა საღმრთო სჯულსა და სამოქალაქო წყობილებას შორის განსხვავება თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სიტყვის მსმენელნი და დამჯერებელნი სამოქალაქო სჯულისა და მთავრობის წინააღმდეგი გაჰხადონ. მათ იციან, რომ ვინც სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში მცკიცეა, მათ ბოროტ განზრახვას ადვილად არ აჰყვება და სამოქალაქო მთავრობისა და სჯულის წინააღმდეგი ძნელად გახდება; ამისთვის ცდილობენ ისინი, რომ მსმენელის გულში ჯერ ღმრთის სასოება შეარყიონ და მერე თვისი ბოროტი აზრი ადვილად დააჯერონ. მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მცკიცებით საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ჰქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ სწუხან და ზრუნავენ ქვეყნისათვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებათ და მათი აღდგენა და ბედნიერება სურთ; მაგრამ ეს ყოველივე ცბიერება და სიცრუეა. კარგად თუ განიხილავ მათ საქეს, გაგახსენდება, რომ სწორედ ასეთებზე ამბობს წმიდა პავლე მოციქული: რომელ ეგევითარნი არა უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა. მათ უნდათ, რომ ქვეყანაზე ისეთი წყობილება იყოს, რომლის დროსაც მათსავით უქმსა და უსაქმო ადამიანებს უჭირველად და უშრომელად ცხოვრება და განცხრომა შეეძლებათ. მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათალებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდი შრომასა დ მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ. განათლებულ ქვეყნებში მათი მოგზაურობა ერთი შინაური პირუტყვის ამბავს ჰგავს, რომელიც მდიდარი კაცის უკანა ეზოში ნაგავსა და ნეხვში გორავს, იწუმპება და ასე ჰგონია, რომ იმ ეზოში და იმ სახლში იმაზე უკეთესი არფერი აღარ არსებობს. განათლებულ ქვეყნებში მრავალი რამ, დიახ, ღირსია ქებისა, სწავლისა და მიბაძვისა, მაგრამ იქ ნეხვიც მრავალია. ხოლო ჩვენი ზოგიერთი საცოდავი და საბრალო ყმაწვილი კაცი, როდესაც უცხო ქვეყანაში წავა, იმას კი არ უყურებს და სწავლობს, რაც იქ პატიოსანი და სანაქებოა, არამედ, იქაურ ნეხვში გაისვრება და იმასაც აქ ჩამოგვიტანს, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლები იყოს. ბოლოს, ამ საუბარს ერთი სიტყვით დავასრულებ. თუ შემცდარი არა ხარ, თავს მორწმუნედ მიიჩნევ და ისიც გახსოვს, რომ კაცს სარწმუნოებაზე უძვირფასესი არაფერი გაჩნია, მაშინ ისე უნდა იცავდე შენს სარწმუნოებას, როგორც უსაყვარლესსა და უძვირფასეს საუნჯეს,” – წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Zviadi says:

    “ხოლო ჩვენი ზოგიერთი საცოდავი და საბრალო ყმაწვილი კაცი, როდესაც უცხო ქვეყანაში წავა, იმას კი არ უყურებს და სწავლობს, რაც იქ პატიოსანი და სანაქებოა, არამედ, იქაურ ნეხვში გაისვრება და იმასაც აქ ჩამოგვიტანს, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლები იყოს.” – წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი