მთავარი » ჯანმრთელობა

რა არის ლოგონევროზი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.03.2012 19 კომენტარი | 18,758 ნახვა

ლოგონევროზი არის ენაბლუობა, რომლის დროსაც დარღვეულია მეტყველების სიმწყობრე და რიტმულობა.
რა არის ლოგონევროზი? როგორ ვლინდება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? გვესაუბრება ექიმი ნევროლოგი ნანა ნარიმანიძე:

“ლოგონევროზი შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბგერების ან მარცვლების გამეორებით, ასევე მეტყველების უნებლიე შეწყვეტით. ლოგონევროზი პირველ შემთხვევაში, ენაბლუობის მიზეზი სამეტყველო აპარატის, კუნთების ხანმოკლე, კლინიკური სპაზმია, მეორე შემთხვევაში კი – ტონური, ანუ ძლიერი ხანგრძლივი შეკუმშვა. კლონური სპაზმი შეიძლება ერთი წამი გაგრძელდეს, ტონური კი – რამდენიმე წამი, მძიმე შემთხვევაში – ერთი წუთიც კი. კრუნჩხვები წარმოიშვება მეტყველების სისტემის სხვადასხვა ნაწილში – სასუნთქ ან სამეტყველო აპარატში.

ლოგონევროზის მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. სპეციალისტებს არ აქვთ ერთიანი თვალთახედვა ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე. ენაბლუობა შეიძლება განვითარდეს ფსიქიური ტრავმების, ინფექციით, ან სხვა რომელიმე სომატიური დაავადებით გამოწვეული ინტოქსიკაციის, ფსიქიური პათოლოგიის, ტრავმის, ორგანიზმის დასუსტების, სწრაფი მეტყველების, ნევროლოგიური თავისებურებების გამო.

მნიშვნელოვან როლს განსაზღვრავს დაავადების განვითარებაში გენეტიკური განწყობა. დაავადებული მშობლების შვილები წარმოადგენენ რისკ-ჯგუფებს, რომელთაც ხელსაყრელ პირობებში უვითარდებათ დაავადება. დაავადების განვითარებას იწვევს აგრეთვე დედის ორსულობის მიმდინარეობისას ნაყოფზე სხვადასხვა მავნე ფაქტორის ზემოქმედება.

ლოგონევროზის ორი ტიპი არსებობს. ესენია: ევოლუციური და სიმპტომური.

ევოლუციური ლოგოვროზი ძირითადად ვითარდება მეტყველების ფორმირების პერიოდში – ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ზოგიერთი ნევროზული დარღვევა, როგორიცაა შიშები, ასთენია, ძილის დარღვევა, სხვადასხვა ტიპის აღგზნება, ასევე სიმპტომური დაავადებები. დაავადება შესაძლებელია დაიწყოს როგორც მწვავედ, ასევე თანდათანობით.
სიმპტომური ანუ მეორეული ლოგონევროზი გვხვდება მეტყველების სხვადასხვა პათოლოგიის დროს, როგორიცაა დისლალია, აფაზია, ან სხვა ნევროლოგიური პათოლოგიებისას: ეპილეფსია, ენცეფალიტი, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვა. ასეთ შემთხვევაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების განვითარების მიზეზის დადგენას, შემდეგ კი განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა.

ლოგონევროზი უმეტესად ბავშვთა ასაკის პათოლოგიაა. დადგენილია, რომ ის ვაჟებში 2-4-ჯერ უფრო ხშირად იჩენს თავს, ვიდრე გოგონებში. ანალოგიური მდგომარეობაა ცაციებში.

ლოგონევროზის მკურნალობა უნდა ხდებოდეს ინდივიდუალურად ნევროლოგის კონსულტაციის შედეგად. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში სათანადო ყურადღებას და ექიმის ჩარევას. ამ დროს ენაბლუობის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. ხშირად სპეციალისტები მიმართავენ მკურნალობის კომპლექსურ მეთოდს: მედიკამენტოზური + სუნთქვითი ვარჯიშები + ლოგოპედთან მუშაობა. დაუშვებელია ბავშვის ნერვიულობა, მას უნდა შევუქმნათ მშვიდი გარემო. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მასწავლებლის განსაკუთრებულ მიდგომას. მან არ უნდა გაამახვილოს სკოლაში არსებულ პრობლემაზე თანაკლასელების ყურადღება, რომ ბავშვი არ დაკომპლექსდეს და საქმე არ გართულდეს. ლოგონევროზი ტვინთან დაკავშირებული პრობლემაა. ამ დროს ნევროლოგი ლოგოპედი, მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად.

ექიმის რჩევები:

1. დააკვირდით ბავშვის მეტყველებას. ყურადღება მიაქციეთ მის საუბარში არსებული ცვლილებების პირველივე გამოვლინებებს. ძალიან მნიშნელოვანია, დროულად მოხდეს რეაგირება მეტყველების პრობლემებზე – ბევრად უფრო ეფექტურია მეტყველების გამოსწორება მაშინ, როდესაც ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული ჩვევა როგორც გარემო პირობების შექმნით, ასევე შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებებით, ვიდრე დაგვიანებულ შემთხვევებში.

2. ბავშვს უნდა მოვეპყრათ სამართლიანად და არა ჩვენი განწყობის მიხედვით. ნუ ვაიძულებთ პატარას საზოგადოების წინაშე ილაპარაკოს, წაიკითხოს ლექსი და ა.შ, თუ მას არ აქვს ამის სურვილი. ემოცია და ღელვა აბრკოლებს მის მეტყველებას.

3. სტაბილური, კეთილგანწყობილი და მყუდრო გარემო ოჯახში საიმედო “პროფილაქტიკური ღონისძიებებია” ბავშვის ნორმალური მეტყველებისათვის და მისი შემდგომი ზრდა – განვითარებისათვის.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

19 კომენტარი »

1 Pingbacks »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი